კობიაშვილი-იაშვილი V როსიცკი-კოლერი
როსიცკის ბუნდესლიგური კარიერა დაიწყო 2001 წელს, როდესაც ის "შვარცგელბენში" პრაღის სპარტადან გადავიდა. კობიაშვილი კი გერმანიაში გადაბარგდა 3 წლით ადრე და "მაღაროელებში" ტრანსფერამდე, "შავ-ყვითლების" წინააღმდეგ თამაში მან ფრაიბურგის მაისურითაც მოასწრო. როგორც ვიცით, ლევანი "არწივთა" რიგებში ერთადერთი ქართველი არ ყოფილა.
ბრაისგაუელების მარცხენა ნახევარმცველი წლების განმავლობაში ალექსანდრე იაშვილისა და ლევან ცქიტიშვილის გვერდით თამაშობდა. სხვადასხვა დროს, "შავ-წითლებში" დამკვიდრების მცდელობა ასევე ჰქონდათ გიორგი კიკნაძეს, ზაზა ზამთარაძეს, ოთარ ხიზანეიშვილს, დავით თარგამაძესა და ლუკას ჰუფნაგელს.

ყველაზე დიდი ქართული კვალი კი დრაისამშტადიონზე დატოვა ზემოაღნიშნულმა სამეულმა, რომელმაც საერთო ჯამში 600-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ცნობისთვის, გასული დეკადის შუა პერიოდში დასახელდა ფრაიბურგის ყველა დროის საუკეთესო XI, რომელშიც ადგილი კობიაშვილისთვის და იაშვილისთვისაც მოიძებნა.
მარტოსულად თავს მატიას ზამერის გუნდში არც ჩეხი შემტევი ნახევარმცველი გრძნობდა. მასთან ერთად, კლუბში მივიდა თანამემამულე იან კოლერი, რომლის გვერდით ტომაშმა 195 მატჩი ჩაატარა. აღნიშნულმა დუეტმა თავის სადებიუტო სეზონში ვესტფალიელებს ვერცხლის სინიც კი მოაგებინა. ეს იყო დორტმუნდის ბოლო ჩემპიონობა იურგენ კლოპის მოსვლამდე.

რაც შეეხება ქართველებთან დუელს, პირველი შეხვედრა შედგა 2001 წლის ზაფხულში, გერმანიის ლიგის თასის სტარტზე. ბორუსიასა და "არწივებს" შორის გამართული მატჩი მორჩა 1:1, რის შემდეგაც 11-მეტრიანების სერია დაინიშნა. საფეხბურთო ლატარეაში არ გაუმართლათ ჩვენებს: ბრაისგაუელთა ტრიოდან პენალტი ზუსტად მხოლოდ ცქიტიშვილმა შეასრულა.
საბოლოო შედეგი - 3:1, "შვარცგელბენის" სასარგებლოდ. ქართველი მარცხენა ნახევარმცველისა და ჩეხეთის ნაკრების გამთამაშებლის შემდეგი შეხვედრა 2002 წლის გაზაფხულზე შედგა. "შავ-წითლებისთვის" ყველაფერი იწყებოდა ოპტიმისტურად - 1:0 მე-9 წუთზე, თანაც ლევანის გატანილი ბურთით, მაგრამ მოგვიანებით, ზამერის გუნდმა 5 გოლი გაიტანა.
ვესტფალიაშტადიონის ბინადრების მეცხრე და მეათე ნომრების დუეტი იმ შეხვედრაში უბრალოდ შეუჩერებელი იყო. სეზონის ბოლოსთვის გვქონდა ასეთი მოცემულობა: ფოლკერ ფინკეს გუნდმა 30 ქულით დაიკავა მე-16 ადგილი და ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო. რაც შეეხება დორტმუნდს, როგორც აღვნიშნეთ, ჩემპიონობა!

რურის დერბი
დრაისამშტადიონის ბინადრების მარცხენა ნახევარმცველმა ერთი სეზონი გაატარა მეორე ბუნდესლიგაში, 2003 წლის ზაფხულში კი შეიცვალა გუნდი და ბორუსიას უკვე ლურჯი მაისურით შეუტია. სანამ მიმოვიხილავთ საქართველოს ეროვნული გუნდის მე-10 ნომრისა და "პატარა მოცარტის" სხვა მატჩებს, გავიხსენოთ, თუ რით არის გამორჩეული რურის დერბი.
ეს არის აღნიშნული რეგიონის ორი მთავარი გუნდის დაპირისპირება, რომელშიც უამრავი გამორჩეული, დასამახსოვრებელი და სკანდალური მომენტი გვხვდება. დერბიში თავდაპირველად დომინირებდნენ გლიუკაუფ-კამფბანის სტადიონის ბინადრები, რომლებიც გასული საუკუნის 30-40-იან წლებში გერმანიაში პრაქტიკულად უკონკურენტოები იყვნენ.
თავად განსაჯეთ - პირველი რურის დერბი გაიმართა 1925 წელს, "შვარცგელბენმა" კი სადებიუტო გამარჯვება მხოლოდ 1943 წელს მოიპოვა. 1940 წელს, ოტო ფაისტის გუნდმა მეზობლები გაანადგურა 10:0 - ეს არის შედეგი, რომლის გადაფარვა "შავ-ყვითლებმა" დღემდე ვერ შეძლეს. დერბის ყველაზე სკანდალურ მოთამაშედ ითვლება იენს ლემანი, რომელმაც სხვადასხვა დროს ორივე კლუბის მაისური მოირგო.

გერმანელმა მეკარემ კარიერა დაიწყო სწორედ შალკეში (1987-1998), შემდეგ იყო წარუმატებელი ტრანსფერი მილანში, მოგვიანებით კი დაბრუნება სამშობლოში, მაგრამ ამჯერად უკვე ვესტფალიაშტადიონზე (1999-2003). აღსანიშნავია ისიც, რომ 1997 წელს, გელზენკირხენელთა იმდროინდელმა კარის დარაჯმა დორტმუნდს გაუტანა გოლი, თანაც 90-ე წუთზე.
"მაღაროელები" მარცხდებოდნენ 1:2, მათმა პირველმა ნომერმა კი ქულის გადარჩენა მოახერხა. ასევე რურის დერბიში 2005 წლის მაისში ბორუსიამ შეწყვიტა "ლურჯების" 12-მატჩიანი წაუგებელი სერია, 2 წლის შემდეგ კი მეზობლების საჩემპიონო შანსებიც დაასამარა. იყო დრო, როდესაც "შვარცგელბენი" აქამბექებდა 0:3-ის შემდეგ, თანაც თამაშის დასრულებამდე 21 წუთით ადრე.
2017 წლის ნოემბერში კი ფელტინს არენას ბინადრებმა უფრო შორს შეაბიჯეს და შეხვედრის გადარჩენა 0:4-ის შემდეგ მოახერხეს. ეს ყველაფერი ხდებოდა რურის დერბიში და კობიაშვილი ამ საფეხბურთო დღესასწაულის მონაწილე 2003-2010 წლებში იყო. უშუალოდ როსიცკის წინააღმდეგ მან ითამაშა 2006-მდე, ოპონენტის ლონდონის არსენალში ტრანსფერამდე.

აღნიშნულმა დუეტმა ერთმანეთის პირისპირ რურის დერბიში ჩაატარა ექვსი შეხვედრა - სამჯერ იმარჯვა ქართველმა მარცხენა ნახევარმცველმა, ერთხელ ჩეხმა გამთამაშებელმა, ორი მატჩიც ფრედ დასრულდა. 2004 წლის 5 დეკემბერს ლევანმა ჩაატარა თავისი კარიერის მთავარი თამაში "შავ-ყვითლების" წინააღმდეგ, რომელშიც რალფ რანგნიკის გუნდმა მეზობლებს სტუმრად მოუგო.
შალკემ იმარჯვა აილტონ და სილვას ერთადერთი გოლით, რომელიც სწორედ საქართველოს ნაკრების მარცხენა ნახევარმცველის გადაცემას მოჰყვა. გელზენკირხენელთა მე-3 ნომერს ასისტი გაუკეთებია 2007 წლის 18 აგვისტოს დაფიქსირებულ 4:1-შიც, მაგრამ იმ დროს, ტომაში უკვე "მეთოფეთა" რიგებში თამაშობდა.
შალკემ იმარჯვა აილტონ და სილვას ერთადერთი გოლით, რომელიც სწორედ საქართველოს ნაკრების მარცხენა ნახევარმცველის გადაცემას მოჰყვა. გელზენკირხენელთა მე-3 ნომერს ასისტი გაუკეთებია 2007 წლის 18 აგვისტოს დაფიქსირებულ 4:1-შიც, მაგრამ იმ დროს, ტომაში უკვე "მეთოფეთა" რიგებში თამაშობდა.

რურის დერბის შემდეგ
როგორც აღვნიშნეთ, 2006 წელს, ვესტფალიაშტადიონის ბინადრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი გადავიდა "კანონირებში", სადაც შემდეგი 10 წელიც გაატარა. კობიაშვილი კი "მაღაროელებში" დარჩა 2010-მდე, მოგვიანებით კი შეუერთდა ბერლინის ჰერტას, სადაც 2014 წელს მან კარიერა დაასრულა. საინტერესო ფაქტი: ქართველმა ფლანგელმა თავისი კარიერის ბოლო მატჩი დორტმუნდის წინააღმდეგ კაპიტნის რანგში ჩაატარა.
ლევანი და ბორუსიას ყოფილი ათიანი საერთაშორისო ასპარეზზე ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან. საქართველოსა და ჩეხეთის პირველი შეხვედრა შედგა ევრო 2024-ზე, რომელიც როგორც გვახსოვს, ფრედ (1:1) დასრულდა. 3 თვის შემდეგ, "ჯვაროსნებმა" "წითლები" ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში თბილისში 4:1 გაანადგურეს.
19 ნოემბერს, ოლომოუცში გაიმართება განმეორებითი შეხვედრა, რომელშიც ჩვენს ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად მხოლოდ მოგება სჭირდება. "ლურჯების" ყოფილი ფლანგელი ამ ყველაფერს თვალს ადევნებს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ამპლუაში, "პატარა მოცარტი" კი მშობლიური სპარტას სპორტული დირექტორის რანგში.


















