რა მოხდება ზაფხულში?
ალონსო ყველას უნდა, ლევერკუზენში კი ნელ-ნელა ეგუებიან იმ ფაქტს, რომ ესპანელი სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. ლივერპული, ბაიერნი, ბარსელონა... ყველა საქმეშია. ჩაბის მუშაობას ყველა აფასებს, მისი შედეგები ლევერკუზენში კი ყველაფერზე მეტყველებს.
"ფარმაცევტებს" ამ სეზონში წაგება არ აქვთ. 4 მარტის მონაცემებით, 30 გამარჯვება და 4 ფრე - პირველი ადგილი ბუნდესლიგაში, გერმანიის თასის ნახევარფინალი და ევროპა ლიგის 1/8 ფინალი. მინი ტრიპლეტი ლევერკუზენისგან? გუნდს ბუნდესლიგა არასდროს მოუგია, ბოლო ტიტული კი 31 წლის წინ მოიგეს. ლევერკუზენი ასეთი შემართული არასდროს ყოფილა, გუნდში ტიტულების მოგება მოენატრათ.
გამოცდილება:
ჩაბის ტოპ მწვრთნელებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. პეპ გვარდიოლა, კარლო ანჩელოტი, ჟოზე მოურინიო, ვისენტე დელ ბოსკე, რაფა ბენიტესი, ეს სია ნამდვილად კარგად გამოიყურება. ჩაბი ფეხბურთის თამაშის დროსაც "მწვრთნელი" იყო, მოედნის ცენტრიდან ის მთელ გუნდს ათამაშებდა, ის იწყებდა ყველა შეტევას და მითითებებს აძლევდა შემტევებს. ასეთ მწვრთნელებთან მუშაობის შემდეგ, ალონსოს დიდი ცოდნა დაუგროვდა, ის მუდმივად სწავლობდა და ისმენდა, გუნდებშიც და ნაკრებშიც. ახლა კი ალონსო საკუთარ გზას მიუყვება, ახალ და ინოვაციურ გზას, რომელიც ყველას მოსწონს.

თამაშის სტილი:
ჩაბის სათამაშო სტილში მისი ყოფილი მწვრთნელების ხელწერას ვხედავთ: გვარდიოლას შემტევი, მოურინიოს დაცვითი და ანჩელოტის გუნდური ფეხბურთი, ეს ყველაფერი კი ლევერკუზენის სათამაშო სტილში ერთიანდება. ალონსოს ბურთის ფლობა უყვარს, მოქნილი დაცვისა და ნახევარდაცვის ხაზით, რასაც შემტევი ვინგბექები ემატება, რომლებიც თავდამსხმელებივით ბევრ გოლს იტანენ. ხშირად, თამაშის მიმდინარეობის დროს, ორი ცენტრალური ნახევარმცველი უკან იხევს, რაც ფლანგის მცველებს მეტ თავისუფლებას აძლევს. გრიმალდო - ფრიმპონგის დუეტი ალონსოს გუნდის ერთ-ერთი მთავარი იარაღია. ორი ფლანგის მცველი, რომლის სტატისტიკაც გასაოცარია: ალეხანდრო გრიმალდო - 33 თამაში, 11 გოლი და 11 საგოლე გადაცემა; ჟერემი ფრიმპონგი - 30 თამაში, 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა.

ალონსოს ფლორიან ვირცის სახით გუნდში ტოპ ტალანტიც ჰყავს, რომელიც ჯამალ მუსიალასთან ერთად საუკეთესო ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელია. ორივე მათგანი გერმანული ფეხბურთის მომავალია. ჩაბის პლიუსი ისაა, რომ ყველა ფეხბურთელს ერთნაირად იყენებს და მისთვის თითოეული მათგანი მნიშვნელოვანია. ალონსოს მთავარი სათამაშო სქემა 3-4-2-1 არის, თუმცა ესპანელს აქვს გეგმა B-ც, კერძოდ 4-2-3-1, რაც ბაიერნთან ბოლო შეხვედრაშიც გამოიყენა. ტუხელი ლევერკუზენისგან ჩვეულ თამაშს ელოდა, თუმცა ესპანელმა გერმანელს სიურპრიზი შესთავაზა. შედეგი, რა თქმა უნდა, ამასაც მოჰყვა, გუნდმა 3 ქულა მოიპოვა.
დეტალები:
ჩაბის მოთხოვნით, ბაიარენაზე ყოველი მატჩის დროს, აუტის ხაზთან 29 ბურთი უნდა განთავსდეს, მიზეზი მარტივია: როდესაც ბურთი მოედნის გარეთ გავა, გუნდმა სწრაფად უნდა მოახერხოს თამაშში დაბრუნება, რაც შეტევის ტემპს არ დააგდებს.
24 მატჩში გაშვებული 16 გოლი და 11-ჯერ კარის მშრალად შენახვა. ალონსომ მოახერხა კარგი ტალანტებითა და საშუალო დონის ფეხბურთელებით ისეთ შედეგზე გავიდა, რასაც ბევრი ვერ გააკეთებდა. ამას ემატება გუნდის გასახდელში ჯანსაღი სიტუაცია, რაც შემდგომ მოედანზეც ისახება. გამარჯვებას ის სტაფის თითოეულ წევრთან ერთად აღნიშნავს. ყოველი მოპოვებული 3 ქულის შემდეგ, ფანებთან ყველას უხმობს, მისი აზრით გუნდი ერთად იგებს და ერთად აღწევს წარმატებას. ალონსომ გუნდში საჩემპიონო მენტალიტეტი შექმნა. მართალია მას უკვე დიდ კლუბებში ელოდებიან, მაგრამ ჩაბის ჯერ ლევერკუზენში აქვს საქმე ბოლომდე მისაყვანი.

Pierfrancesco Archetti © RCS MEDIAGROUP
















