საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის წინ, გავიხსენოთ აღნიშნული ქვეყნების წარმომადგენლების დაპირისპირებები ევროპულ ფეხბურთში. საუბარია ქართველ და თურქ ლეგიონერებზე, რომლებიც სხვადასხვა ჩემპიონატებსა თუ ტურნირებზე ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ.
შოთა არველაძე V ჰაკან შუკური
ქართული და თურქული ფეხბურთის მთავარი თავდამსხმელები 1990-იანებსა და 2000-იანი წლების დასაწყისში. ისინი თავიანთი ნაკრებების ყველა დროის საუკეთესო გოლეადორებიც არიან. რაც შეეხება მათ დუელს, არველაძე შუკურს ტრაბზონში თამაშის დროს უპირისპირდებოდა. ასევე გამოსარჩევია ერთი სანაკრებო შეხვედრა, რომელიც დასრულდა ფრედ, 1:1.
ურთიერთმატჩების ზოგადი სტატისტიკა კი ასეთია - სამჯერ იმარჯვა შოთამ, ორჯერ - ჰაკანმა, ოთხი თამაში ფრედ დასრულდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველმა ფორვარდმა გალას წინააღმდეგ იმ დროს შეაგდო 2 ბურთი და გააკეთა 3 ასისტი, ასევე 2 ბურთი კი მისი თურქი მეტოქის ანგარიშზე არის.
საბა გოგლიჩიძე V ქენან ილდიზი
ახალი თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთს სერია ა-სა და კოპა იტალიაზე დაუპირისპირდნენ. სამი მატჩი - ერთხელ იმარჯვა გოგლიჩიძემ, ერთხელ - ილდიზმა და ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. ტურინის იუვენტუსის ემპოლისთან მოგება არავის გაუკვირდა კალჩოში, მაგრამ სათასო შეხვედრაში ნამდვილი სენსაცია დაფიქსირდა.
კოპა იტალიას მეოთხედფინალი - "ბიანკონერი" საკუთარ კედლებში ტოსკანელებთან თამაშობს ფრეს, რის შემდეგაც პენალტების სერიაში მოგება სტუმრებს მიაქვთ. ქენანი და საბა თამაშში ჩაერთვნენ მე-2 ნახევარში და ცნობისთვის, პირველმა მათგანმა 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. ალიანსზე მოგებით, "აძური" გავიდა იტალიის თასის 1/2 ფინალში, პირველად თავის ისტორიაში.
ალექსანდრე იაშვილი V ილდირაი ბაშთურქი
იაშვილი ფეხბურთელის წინააღმდეგ, რომელიც 2002 წელს გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, წლის ბოლოს კი ოქროს ბურთის გამოკითხვაში ბაშთურქი მე-9 პოზიციაზე აღმოჩნდა. მათ აერთიანებთ 9 შეხვედრა, რომელშიც 5 მოგება არის ილდირაის ანგარიშზე, 2 - ალექსანდრეს, 2 თამაშიც ფრედ დასრულდა.
საინტერესოა, რომ მათი პირველი სამი დაპირისპირებიდან ორი დასრულდა სწორედ ქართველი თავდამსხმელის გამარჯვებით, თუმცა დროთა განმავლობაში უპირატესობა თურქი ფლეიმეიქერის მხარეს გადავიდა. ცნობისთვის, ლევერკუზენის ბაიერში თამაშის დროს, მისი დამრიგებელი ქართველებისთვის კარგად ნაცნობი კლაუს ტოპმიოლერი იყო.
კახა კალაძე V ემრე ბელოზოღლუ
2002/2003 წლების სეზონი - დერბი დელა მადონინა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. ორივე მატჩში დაფიქსირდა ფრე (0:0, 1:1) თუმცა სტუმრად გატანილი ბურთის ხარჯზე წინ მილანი გავიდა. ისტორიულ დაპირისპირებაში სრულად ითამაშა როგორც კალაძემ, ისე ბელოზოღლუმაც.
საკლუბო ასპარეზზე კახამ თავის მოწინააღმდეგეს აჯობა, თუმცა სანაკრებო დაპირისპირებებში უპირატესობა უკვე ემრეს მხარეს არის. თურქეთმა იმ დროს საქართველოს 3-დან მოუგო 2 შეხვედრა, ერთიც ფრედ დასრულდა. საინტერესოა ისიც, რომ უშუალოდ იტალიის ჩემპიონატში მათ ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ.
ზურაბ ხიზანიშვილი V თუგაი ქერიმოღლუ
მომენტი, როცა მოწინააღმდეგეები მოგვიანებით თანაგუნდელები გახდნენ. თუგაიმ გლაზგო რეინჯერსში ასპარეზობის დროს ხიზანიშვილს დანდის მოთამაშის რანგში ერთხელ მოუგო. იმის შემდეგ, ზურაბი თავად გადავიდა "ლურჯებში", მოგვიანებით კი ბლექბერნ როვერსშიც, სადაც მას სწორედ ქერიმოღლუ დახვდა.
ქართველმა ცენტრალურმა მცველმა "ვარდების" შემადგენლობაში თურქი ნახევარმცველის გვერდით 65 მატჩი ჩაატარა. ყოფილ მოწინააღმდეგეებს ერთად მოუგიათ მანჩესტერ იუნაიტედთან, ჩელსისთან, არსენალთან, მანჩესტერ სიტისთან, ნიუკასლთან და კიდევ არაერთ კლუბთან.
გიორგი ქინქლაძე V მაზი იზეთი
გამორჩეული მოწინააღმდეგე ქინქლაძისთვის მის გვიანდელ კარიერაში, როდესაც ის მან სიტისა და ამსტერდამის აიაქსის შემდეგ, დერბი ქაუნთიში გადავიდა. ჩელსის აღზრდილმა იზეთმა ვერ შეძლო მშობლიურ კლუბში დამკვიდრება და კარიერის საუკეთესო პერიოდი მან ლესტერში გაატარა.
სწორედ "მელიებისა" და "ვერძების" დაპირისპირების დროს ხდებოდა გიორგისა და მაზის დუელი. მათი ურთიერთმატჩების ისტორია ექვს შეხვედრას მოიცავს. 2-ჯერ მოიგო ქართველმა ფლეიმეიქერმა, 3-ჯერ - თურქმა შუახაზელმა და 1 თამაში ფრედ დასრულდა. ცნობისთვის, 4-ჯერ მათი დუელი უშუალოდ პრემიერ ლიგაში მოხდა.
ლევან კობიაშვილი V ჰამიტ ალტინტოპი
კობიაშვილი და ალტინტოპი გელზენკირხენის შალკეში წლების განმავლობაში თანაგუნდელები იყვნენ. მათი პარტნიორობა მოიცავს 137 შეხვედრას და ცნობისთვის, ლევანზე ხშირად ჰამიტი თამაშობდა მხოლოდ თავის ტყუპისცალთან, ჰალილთან (138 შეხვედრა). 2007 წელს, თურქი შუახაზელი გადავიდა მიუნხენის ბაიერნში და ქართველ ექს-თანაგუნდელთან დაპირისპირება სწორედ აქედან დაიწყო.
სამ შემთხვევაში იმარჯვა "რეკორდმაისტერის" ნახევარმცველმა, ერთხელ კი "მაღაროელების" ლეგიონერმა. საინტერესოა, რომ ერთმანეთს ისინი შეხვდნენ გერმანიის ლიგის თასის ფინალში, სადაც მინიმალური ანგარიშით ალიანც არენას ბინადრებმა მოიგეს. კობიც და ალტინტოპიც იმ თამაშში მოედანზე იყვნენ.
ხვიჩა კვარაცხელია V ჰაკან ჩალჰანოღლუ
ფეხბურთელები, რომლებიც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ევროპის ჩემპიონატზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალში და სასკუდეტო დეულშიც. მართალია, კვარამ ჩალჰანოღლუს მოუგო 7-დან მხოლოდ 1 შეხვედრა, მაგრამ როგორ მოუგო თან? მთავარი საკლუბო ტურნირის დასკვნით დუელში, 5:0.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ხვიჩამ იმ მატჩში გოლიც გაიტანა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმა გუნდმა მეორეს 5-ბურთიანი უპირატესობით მოუგო. ქართველმა ვინგერმა პარის სენ-ჟერმენთან ერთად ისტორია დაწერა.
საბა ლობჟანიძე V არდა თურანი
თურანმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა ბარსელონასა და ატლეტიკოში, თუმცა ლობჟანიძეს ის დაუპირისპირდა უკვე ბოლოს, როდესაც მშობლიურ გალაში დაბრუნდა. 1 შეხვედრა მოიგო არდამ, 1 კი საბამ, ანკარაგუჯუს მოთამაშის რანგში. ხსენებულ თამაშში გატანილი ბურთით სწორედ ქართველი ვინგერი გამოირჩა.
"ლურჯ-ყვითლები" იმარჯვებდნენ 1:0-ს, როდესაც მათმა გარემარბმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ვეტერანმა თურქმა გამთამაშებელმა სტამბოლელთა გადარჩენა ვერ შეძლო. რა ხდება დღეს? "ბლაუგრანას" ექს-ფლეიმეიქერი არის ირაკლი აზაროვის დამრიგებელი დონეცკის შახტარში, საქართველოს ნაკრების ვინგერი კი ატლანტაში თამაშობს.
გიორგი მამარდაშვილი V არდა გიულერი
მათი პირველი დაპირისპირება შედგა ევროპის ჩემპიონატზე, სადაც თურქეთმა საქართველო დაამარცხა 3:1 და ერთ-ერთი გოლი სწორედ გიულერმა შეაგდო. რამდენიმე თვის შემდეგ, მათი გზები გადაიყარა უკვე პრიმერა დივიზიონში, სადაც ვალენსიამ მოახდინა სენსაცია და მადრიდის რეალს სტუმრად მოუგო.
ის მატჩი იყო მამარდაშვილის ბენეფისი და ვინისიუს ჟუნიორისთვის აღებული პენალტი ამის ყველაზე კარგი ილუსტრაციაა. რა მოცემულობა გვაქვს დღეს? გიორგი ლივერპულშია, სადაც მისი ერთ-ერთი მეტოქე ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფაზაში "სამეფო კლუბი" და არდა იქნებიან.















