2009 წლის მაისში ანდრეს ინიესტამ აღმართა ჩემპიონთა ლიგის თასი, შემდეგ ზაფხულს კი უკვე მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულიც. ორი ჯადოსნური მოვლენა თითქმის ერთი წლის შუალედში, ნებისმიერი მოთამაშის ოცნება, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ამ მოვლენების შუალედში ესპანელმა გამთამაშებელმა ნამდვილი კოშმარი გადაიტანა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედის დამარცხების შემდეგ, ბარსელონაში სუფევდა ზეიმი, თუმცა ჩვენი სტატიის გმირი ამაღლებულ განწყობაზე სულაც არ ყოფილა. გაუარესდა კატალონიელთა გამთამაშებლის როგორც ჯანმრთელობა, ისე ფსიქოლოგიური მდგომარეობაც. გამოკვლევის შედეგების თანახმად, "ელ ილუსიონისტას" ჰქონდა ყველაფერი წესრიგში, მაგრამ მისი გონება და სხეული საპირისპიროს ამტკიცებდა.
"ბლაუგრანას" მერვე ნომერმა შემდეგი ორი კვირა გაატარა ფიზიოთერაპევტთან და როდესაც მდგომარეობა შეიცვალა უკეთესობისკენ, მან უმძიმესი ამბავი შეიტყო. 2009 წლის 8 აგვისტოს გულის შეტევისგან გარდაიცვალა ესპანიოლის კაპიტანი და ინიესტას ახლო მეგობარი, დანიელ ხარკე. ამ ფაქტმა ის უბრალოდ გაანადგურა.

ესპანელი ნახევარმცველი დაიკარგა და ის თავისი ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არ საუბრობდა. არაფერი იცოდნენ ოჯახის წევრებმა და მეგობრებმაც კი, მაგრამ ბოლოს, როდესაც სიტუაცია გახდა კრიტიკული, ანდრესმა დუმილი დაარღვია. მან მიმართა ექიმს, რის შედეგადაც მის ცხოვრებაში მკურნალობის პროცესი დაიწყო.
ამ ყველაფრის პარალელურად, "ლურჯ-ბროწეულისფრების" ნახევარმცველი გამოდიოდა მოედანზე და აკეთებდა თავის საქმეს, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ 2 საქმის შეთავსებას ის ვერ ახერხებდა. "ელ ილუსიონისტამ" 2009/10 წლების სეზონში ჩააგდო არაერთი მატჩი და ის მუნდიალის გამოტოვებასაც კი ფიქრობდა.
კამპ ნოუს ბინადართა მერვე ნომერს გვერდში დაუდგა აბსოლიტურად ყველა, მათ შორის პეპ გუარდიოლაც, რომელმაც მას განუცხადა, რომ ფორმა აუცილებლად დაბრუნდებოდა და ის მოითმენდა, რამდენიც საჭირო იქნებოდა, იმდენს. ინიესტასთან მუშაობდნენ საუკეთესო ფსიქოლოგები, მაგრამ მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა.

აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი, რომლის გამოტოვებას გეგმავდა ესპანელი ნახევარმცველი, მისი მენტალური მდგომარეობისთვის აუცილებელი გამოდგა. როგორც გვახსოვს, ნიდერლანდების ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ფინალში ის ერთადერთი და ესპანეთისთვის ჩემპიონობის მომტანი ბურთი სწორედ ანდრესმა გაიტანა.
ბარსელონას ნახევარმცველმა გოლის აღნიშნვის მომენტში აიწია მაისური და საფეხბურთო სამყაროს აჩვენა წარწერა - "დანი ხარკე ყოველთვის ჩვენთან არის". ეპოქალური გოლი, არანაკლებ ეპოქალური აღნიშნვა და "ფურია როხას" 1-ელი ჩემპიონობა, "ელ ილუსიონისტამ" ეს ყველაფერი გარდაცვლილ მეგობარს მიუძღვნა.

ერთი წლის შემდეგ, კატალონიელთა მერვე ნომერი აღმართავს ჩემპიონთა ლიგის თასს მესამედ თავის კარიერაში, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი მეორედ ევროსაც მოიგებს. ინიესტა უკრაინასა და პოლონეთში გამართული ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდება. 2015 წელს, იქნება მისი კარიერის ბოლო დიდი წარმატება: ტრებლი "ბლაუგრანასთან" ერთად.
ესპანელი ნახევარმცველი არის ფეხბურთელი, რომელიც პირდაპირ კავშირში არის "ლურჯ-ბროწეულისფრებისა" და პირენეელების წარმატებასთან თანამედროვე ისტორიაში. 1000-მეტი მატჩი, 100-ზე მეტი გატანილი ბურთი, 160-ზე მეტი ასისტი, 30-ზე მეტი ტიტული და არცერთი წითელი ბარათი, ეს ყველაფერი ანდრესის განვლილი გზა არის.
"ლურჯ-ბროწეულისფრების" ლეგენდარულ ნახევარმცველს გამოუვიდა იდეალური კარიერა, თუმცა ბევრის აზრით, მისი ტიტულების კოლექციას 2010 წლის ოქროს ბურთი აკლია. თავად კამპ ნოუს ბინადართა მე-8 ნომრისთვის ინდივიდუალური ჯილდოები არასდროს ყოფილა პრიორიტეტი, მისთვის მთავარი გუნდი იყო.


















