დღეს დერბი გვაქვს, დერბი დელა კაპიტალე. მემარჯვენე ლაციო, მემარცხენე რომას უმასპინძლებს. ეს მასპინძლობაც პირობითია, სტადიონი ერთი აქვთ, დიდი ხანია რომა აბარგებას აპირებს, მაკეტიც თითქოს გაამზადეს, ახალი სტადიონი კოლოსეუმს უნდა ჰგავდეს, მაგრამ ვერა და ვერ გადაიდგა პირველი ნაბიჯი, მხოლოდ ოცნებად რჩება ახალი სტადიონი, ბიუროკრატია გვაბრკოლებსო - ასე ამბობენ რომაელები.
ქართველებისთვისაც ცნობილია რომას ქომაგების საყვარელი ხუმრობა - ლაციო რომამდე დიდი ხნით ადრე დააარსეს, მათ შეეძლოთ კლუბისთვის დედაქალაქის სახელი დაერქმიათ და ლაციო დაარქვესო. - ამას მოჰყვება მძლავრი სიცილი და ხელის დამცინავად გაშვერა ლაციოს ქომაგებისკენ, მერე „არწივები” იწყებენ თავის მართლებას, რომ დამაარსებლებმა დედაქალაქის სახელზე უარი თქვეს, რადგან იმ დროს „რომი” უკვე ერქვა ტანმოვარჯიშეთა გუნდს, ამ არგუმენტს კიდევ უფრო დიდი სიცილი მოჰყვება ხოლმე და შეიძლება ითქვას, რომ ლაციოს ქომაგებმა ეს კომპლექსი ვერ მოიცილეს, დერბის წინ თუ კითხვას სვამ - ვინ მოიგებს ბრძოლას რომისთვის?! - რომას ქომაგები ამაზეც სიცილით პასუხობენ - ეგ ბრძოლა მაშინ მოვიგეთ კლუბს რომ რომა დავარქვითო.
რომისთვის ბრძოლა კიდევ მეტად მნიშვნელოვანი ამბავია კლუბებისთვის, რადგან სხვა არაფერი აქვთ მოსაპოვებელი, საერთო ჯამში მათზე სულ რაღაც ხუთი სკუდეტო მოდის, რაც დედაქალაქისთვის ძალიან ცოტაა. სწორედ ამ მოტივით, თავის დროზე, ბენიტო მუსოლინიმ ბრძანა, რომ რომში არსებული ყველა კლუბი გაერთიანებულიყო, ესე იგი - 1900 წლის 9 იანვარს დაარსებული ლაციო, 1901 წელს დაარსებული რომაელი, 1907 წელს დაარსებული ალბა და 1908 წელს დაარსებული ფორტიტუდო რომა. ასე ერთიანი სახე უნდა ჰქონოდა დედაქალაქს და ერთიანი სახით უნდა ებრძოლა ჩრდილოეთის კლუბებთან, მაგრამ, გენერალმა ჯორჯო ვაკარომ სხვაგვარად გადაწყვიტა, მან შეძლო და ლაციო, რომის ლეგიონის არწივით ლოგოზე, ცალკე დატოვა. ქომაგები ამისათვის დღემდე მადლიერნი არიან და გენერლის სახელმაც დროთა განმავლობაში სულ სხვა წონა შეიძინა.
დარჩენილი სამი კლუბი 1927 წლის 7 ივნისს გაერთიანდა და რომა ეწოდა. ლაციო რომის ჩრდილოეთს წარმოადგენდა, სადაც მეტწილად ბურჟუაზიული კლასი ცხოვრობდა, თუმცა, დრომ ბევრი რამ შეცვალა. ახლა ასე ხელაღებით ვერავინ იტყვის, რომ ეს ბურჟუებისა და მუშათა კლასის დაპირისპირებაა, დერბი დე ლა კაპიტალეში სოციალურ ფონს გადამწყვეტი მნიშვნელობა არასდროს არ ჰქონია. ეს უფრო პოლიტიკური ჯახია. დედაქალაქში რომას ქომაგები ჭარბობენ, უფრო დიდი ტერიტორია აქვთ მოცული, სამაგიეროდ, ლაციო უფრო ადრე დაიბადა, უფრო ადრე დაიწყო ოლიმპიკოზე თამაში და რომას ქომაგებს დღემდე მდგმურებს უწოდებენ.
ლაციოსთვის ლოგოზე დატანილი არწივი, ალბათ, ყველაზე რომაული მოვლენაა ამ კლუბისთვის. სახელი რეგიონისა ერგოთ და არა ქალაქის, ფერები კიდევ ელინურია, ბერძნული კულტურისა და ოლიმპიური თამაშების გავლენის საპატივცემულოდ. მხოლოდ არწივია თბილისელი ხოხობივით ამაყი, პირწმინდად რომაელი. ლეგიონის ნიშა. მეტსახელებიც აქედან გაჩნდა - ბიანკოჩელესტი (თეთრი და ცისფერი) ან, უბრალოდ, „არწივები”. ანტიკური რომის ლეგიონის სალამსაც ხშირად მოკრავთ თვალს ლაციოს მატჩებზე, რის მერეც მთელი დასავლეთი სახეს იკაწრავს, ფაშისტური გამოვლინება სტადიონზე დაუშვებელიაო, მაგრამ ლაციოს ქომაგები მაშინვე იმართლებენ თავს - რაში გვაინტერესებს ვინ და როდის ისესხა ეს ჟესტი, ჩვენ რომაელები ვართ და ლეგიონის ნიშანი გვაქვს შენახულიო. ასევე გაიმართლა თავი ილონ მასკმა, მაგრამ რომელი რომაელი ეგ მყავს?!
რომას ფერები კი ოდითგანვე წითელი და ოქროსფერი იყო, ბოშების ფერი, მაშინდელი მუშათა კლასის ფერი. მეტსახელიც აქედან მოდის - ჯალოროსი, „ყვითელ-წითლები”. მათი ემბლემაც წმინდა რომაულია - ანტიკური რომის მითიური მგელი კვებავს რემუსსა და რომულუსს.
ბანერების ომი
რამდენად მემარცხენე კლუბია რომა ამის თქმა რთულია, რომას მემარცხენეობას მეტწილად ლაციოს მემარჯვენეობა განაპირობებს. რომა არასდროს ყოფილა იდეოლოგიურად მყარი გუნდი, არც მიაჩნდათ, რომ სტადიონზე რაიმე სახით უნდა გამოეხატათ მემარცხენე პოლიტიკა, უბრალოდ, დაპირისპირებულნი არიან ლაციოსთან, ამიტომ, ამბობენ რომ მემარცხენე კლუბია. ლაციოს კი მემარჯვენეობის დიდი ისტორია აქვს და 2019 წელს, მილანთან მატჩში, ბენიტო მუსოლინისაც კი მიაგეს პატივი.
სკანდალური გამოდგა დერბიში კიდევ ერთი გამოხტომა, როცა ანა ფრანკი ლაციოს ქომაგებმა რომას ფორმაში გამოაწყვეს. სასაცილოა ვითომ?! - ამის გამო მთელ კლუბს ბოდიშების მოხდა დასჭირდა. ბრაზილიელი ფალკაო, რომელმაც 1982/83 წლების სეზონში რომას მეორე სკუდეტო მოაგებინა, თავის დროზე ვერც ხვდებოდა, რა ხდებოდა მის თავს, გავიდა მოედანზე დერბის სათამაშოდ და ლაციოს ქომაგები უმღეროდნენ - არავის ჰგავს ფალკაო ისე, როგორც მაო ძედუნსო. ბრაზილიელმა ვერაფერი გაიგო. ან მაო ვინ არის, ან რანაირად ჰგავს ეს ქერა კაცი ჩინელს?!
გაგეცინება ადამიანს, მაგრამ ამ სიძულვილს ტრაგედიებიც მოჰყოლია. ყველაზე გახმაურებული ამბავი კი 1979 წელს დატრიალდა, როცა ლაციოს ქომაგ ვინჩენცო პაპარელის რომას ქომაგმა, 18 წლის ჯოვანი ფროლიმომ, პირდაპირ სახეში გაარტყა პეტარდა, პაპარელი გარდაიცვალა. ლაციოს ქომაგები მოედანზე შეჭრას ცდილობდნენ, მატჩი კი გრძელდებოდა. პაპარელის დაკრძალვას ლაციოს მთელი გუნდი დაესწრო. ფლორილოს შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
2004 წელს დერბი შეჩერდა, რადგან ჭორი გავრცელდა ბიჭი დაიღუპა პოლიციელის ხელითო, თითქოს მეორდებოდა ისტორია, კურვა სუდმა კაპიტანს უხმო, ტოტის ერთი-ორი სიტყვა უთხრეს და ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს. საბოლოოდ, აღმოჩნდა, რომ არავინ დაღუპულა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, რადგან ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ და 200-მდე სამართალდამცავი დაშავდა. თითქოს წინასწარ მოწყობილი ფანდი იყო, ამის მიღმა რომის ჩახლართული პოლიტიკა იმალება, შორიდან კი ძალიან რთულია მტყუან-მართალის გარჩევა.
რომის გმირები
ომამდე ლაციოს საუკეთესო მაჩვენებელი ჩემპიონატში 1937 წელს ფიქსირდება, ჩემპიონობამდე მცირე დააკლდათ, მეორე ადგილზე გავიდნენ, მათი პირველი დიდი ვარსკვლავიც ამ დროს თამაშობდა - სილვიო პიოლა. მომდევნო წლებშიც ჰყოლიათ საკულტო გმირები, მაგალითად, ჯორჯო კინალია, რომელიც ვატიკანში მისულ ივანკა ტრამპს წმინდანი ეგონა, იკითხა კიდეც ეს რომელი წმინდანიაო, და ლაციოს ქომაგებისგან პასუხიც მიიღო - ეგ წმინდანი არ არის, ეგ ღმერთიაო. ღმერთი კიდევ მაშინ გახდა, როცა 1974 წელს ჯუზეპე უილსონთან ერთად ლაციოს პირველი სკუდეტო მოაგებინა. 60-იანებში მძიმე პერიოდი განვლეს, 70-იანების დასაწყისშიც გავარდნენ სერია A-დან, მაგრამ დაბრუნება და გაჩემპიონება შეძლეს. თანაც, პირველ სკუდეტოს, ალბათ, სულ სხვა გემო აქვს.
ლაციოს ქომაგებს განსაკუთრებით უყვართ დი კანიო, რომელიც სკუდეტოსთან არ ასოცირდება. ეს სიყვარული მხოლოდ მისი კაი ფეხბურთელობის ამბავი არ არის, ლაციოში მასზე მაგარ ბიჭებსაც უთამაშიათ. გნებავთ იტალიელები აიღეთ, გნებავთ - ლეგიონერები. პაოლო უყვართ იმის გამო, რომ ის „შინაურია”, 1989 წელს 20 წლის ასაკში შეაგდო გამარჯვების გოლი რომას კარში, წლების შემდეგ ლაციოში დაბრუნდა, 2004 წელს დერბის წინ ტოტი გამოლანძღა, თითქოს ზღვარსაც გადავიდა, ფრანჩესკომაც გასცა პასუხი - დი კანიო ვინ არის?! ამ გვარის მხოლოდ მწვრთნელი ვიციო. საბოლოოდ პაოლომ მოიგო ის დერბი, ლამაზი გოლიც შეაგდო, რომის მთავარი გლადიატორი დააგდო და გოლის მერე ფაშისტური (რომაული) სალამიც ვნახეთ - აღმართა მარჯვენა ლურჯი ცისკენ და გადაირია კიდეც ლაციოს ქომაგი.
იყო სკანდალი, როგორც ყოველთვის, მაგრამ სერიოზული არაფერი მოჰყოლია, მინისტრმა მაურიციო გასპარიმ დი კანიოსა და მთელ ლაციოს საწყლები ეძახა. ეს იყო და ეს. საპასუხოდ რა ეძახეს ამის დაწერა, ალბათ, არც შეიძლება. გასპარი ხომ რომას ცნობილი ქომაგია. რომას ქომაგებს კიდევ წიხლის დაჭერა არ ეშლებათ, არც იუმორის გრძნობას უჩივიან, თავის დროზე ლაციომ დიდის ამბით შეიძინა პოლ გასკოინი, 1992 წელს ლაციოში სერჯიო კრანიოტი მივიდა, დიდი ინვესტიცია ჩადო და ლაციოს გმირებიც ამ ინვესტიციის შედეგად მომრავლდნენ, ეს საუკეთესო ათწლეული იყო ლაციოს ისტორიაში, განსაკუთრებით კი სვენ გორან ერიქსონის ერა, როცა ლაციომ მეორე სკუდეტო, თასების მფლობელთა თასი და უეფას სუპერ თასი მოიგო. 2002 წელს კრანიოტიმ ფინანსური სკანდალის გამო ლაციო დატოვა და მას მერე კლუბს სკუდეტოსთვის აღარც უბრძოლია.
მისი პირველი დიდი ტრანსფერი გასკოინი იყო, ინგლისელი უნდა გამხდარიყო ლაციოსთვის ის, რაც იუვენტუსისთვის პლატინი, ნაპოლისთვის კი მარადონა იყო, მაგრამ არ გამოვიდა. მძიმე ტრავმა მიიღო, რომას ქომაგებმა დიდი ბანერი გამოფინეს, სადაც შშმ პირებისათვის განკუთვნილი „კალიასკა” ეხატა. ამასობაში გაზამ წონაში მოიმატა და მოედანზე დაბრუნებულს რომას ქომაგებმა შოკოლადები ესროლეს, ინგლისელმა აიღო და შეჭამა, ეს ხომ ფეხბურთელების ყველაზე სწორი პასუხია ამგვარ გამოხტომებზე?!
თუმცა, ლაციოს არასდროს ჰყოლია ისეთი საკულტო გმირი როგორიც რომას, შესაძლოა, აღმერთებდნენ კიდეც ვინმეს - მიხაილოვიჩს (რომელსაც რომაშიც უთამაშია), ნესტას, სტამს, კრესპოს, ვერონს, სალასს, ნედვედს, ვიერის, მაგრამ იყო ვინმე ტოტის მსგავსი?! - უერთგულათ რომელიმე სუპერვარსკვლავმა ისე, როგორც რომას ტოტიმ?! - არა. არავინ. მოდიოდნენ და მიდიოდნენ. ნესტაც კი არ გაჩერდა ლაციოში. ეს კიდევ მწარე ამბავია მათთვის, ამიტომ სძულდათ ტოტი, მაგრამ ეს სიძულვილი დროთა განმავლობაში პატივისცემაში გადაიზარდა, მხოლოდ რამდენიმე წუთით, როცა მან კარიერა დაასრულა, მაგრამ მაინც, ამგვარ ერთგულებას ყველა აფასებს.
რომს ერთი იმპერატორი ჰყავს
რომი ტოტის ეკუთვნის. დი კანიო კარგი იყო, მაგრამ იმპერატორობამდე ვინ მიუშვებდა?! - ალბათ, მხოლოდ ნესტას შეეძლო ტოტისთან კონკურენცია, ლაციოში რომ დარჩენილიყო, მაგრამ ვერ დარჩა. ტოტის 44 დერბი აქვს ნათამაშები, 11 გოლი აქვს შეგდებული, ამ გოლებს ყოველთვის განსაკუთრებულად აღნიშნავდა. მისი საუკეთესო გოლი ლაციოს კარში, ალბათ, 2002 წელს გავიდა, როცა საჯარიმოს მისადგომებიდან პერუცის ბურთი თავზე გადაუგდო. რომამ ლაციო 5:1 გაანადგურა, მონტელამ პოკერი შეასრულა, მაგრამ ტოტიმ ისეთი წერტილი დასვა ამ შეხვედრაში, რომ ლაციოს დღემდე ზემოდან უყურებენ. მისი საუკეთესო და ყველაზე დასამახსოვრებელი აღნიშვნა, ალბათ, მაინც 2015 წელს შედგა, როცა გოლის მერე კურვა სუდთან სელფი გადაიღო. ყველაზე პოპულარული სელფი ფეხბურთის ისტორიაში.
იმპერატორს კი ოქრო სჭირდება, ამის გარეშე კორონაცია ვერ შედგება. ტოტის კიდევ აქვს კუთვნილი ოქრო, მან მესამე და ჯერჯერობით ბოლო სკუდეტო მოუტანა რომას. თანაც, ზუსტად იმ დროს, როცა ლაციოც ძალიან ძლიერი იყო და სწორედ ისინი ელოდნენ დაწინაურებას, ესე იგი, მესამე სკუდეტოს მოგებას. კაპელოს მართლაც კარგი რომა ჰყავდა, თუმცა, რაღაც აკლდათ ჩემპიონობამდე, ფაბიომ კი თქვა, რომ ეს რაღაც გაბრიელ ბატისტუტა იყო. მოვიდა არგენტინელი და პირველივე სეზონში რომამ სკუდეტო მოიგო. განსაკუთრებით ტკბილი გამოდგა, რადგან სულ რაღაც წინა სეზონში ლაციო რომას გაუთანაბრდა, მომდევნო სეზონში კი ისევ უკან მოიტოვეს.
მას მერე ბრძოლა მხოლოდ დედაქალაქისთვის მიმდინარეობს, სკუდეტომდე შორია. კვირასაც ასეთი მატჩი იქნება, ურბანული, ქალაქური, დაძაბული და ვნებით სავსე, მაგრამ მაინც გაგეფიქრება ადამიანს - ემბლემაზე რემუსიც რომას ჰყავს და რომელუსიც, მაგრამ ლაციო ამბობს პირველები ჩვენ ვიყავით და ელინური კულტურაც დავაფასეთ, ესე იგი, ენეასი ჩვენიაო.















