დერიკის ისტორიის ყველაზე ლამაზი ნაწილი ქალაქ ჩიკაგოს უკავშირდება, ამიტომ დავიწყოთ დასაბამიდან, რათა ამ ქალაქში მაქსიმალურად დიდხანს დავრჩეთ. როუზს სამი უფროსი ძმა ჰყავს. სწორედ ისინი იყვნენ მისი პირველი მასწავლებლები, ისინიც საკმაოდ ნიჭიერ და იმედისმომცემ მოთამაშეებად მიიჩნეოდნენ, თუმცა მათი ოცნების ასრულება უმცროს ძმას - დერიკს ეწერა. სკოლის დამამთავრებელ კლასებში, კერძოდ კი 2003 წლიდან როუზი Simeon Career Academy-ის გუნდს შეუერთდა. მისი პროფესიონალური საკალათბურთო კარიერა კი, არა 1-იანით, არამედ 25-ნომრიანი მაისურით იწყება. აღნიშნული ნომერი მას, ახალგაზრდა და პერსპექტიული კალათბურთელის - ბენჯი უილსონის პატივსაცემად ეცვა, რომელიც 1984 წელს ტრაგიკულად მოკლეს. აღნიშნულ აკადემიაში ერთი დაუწერელი წესი მოქმედებდა, ძირითად გუნდში არასდროს თამაშობდა ის მოსწავლე, რომელიც სკოლის ახალწვეული - "ფრეშმენი" იყო. მაგრამ, როუზის ნიჭიერებამ ეს წესიც უგულებელყო და ის გახდა პირველი მოთამაშე, რომელიც გუნდში მაშინვე აიყვანეს. მან პირველივე სეზონში შესანიშნავი შედეგები დააფიქსირა - ერთ შეხვედრაში საშუალოდ 18.5 ქულა, 6.6 გადაცემა, 4.7 მოხსნა და 2.1 ჩაჭრა. გუნდმაც ბრწყინვალე შედეგები აჩვენა და 25 შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

საბოლოო ჯამში, სიმეონში გატარებულ პერიოდში, როუზმა 132 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც გუნდმა 120-ში იმარჯვა. სიმეონის აკადემია კი გახდა პირველი გუნდი ქალაქ ჩიკაგოდან, რომელმაც შტატის ჩემპიონობა ზედიზედ ორ სეზონში მოიპოვა. რაც შეეხება ინდივიდუალურ მიღწევებს, 2007 წელს სტატიის მთავარი გმირი ილინოისის შტატის სკოლების საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა, ხოლო 2009 წელს, ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა ამერიკული სკოლების დეკადის საუკეთესო გამთამაშებლების სია გამოაქვეყნა, სადაც დერიკი მესამე ადგილზე გავიდა, ჩამორჩა რა მხოლოდ კრის პოლსა და თი ჯეი ფორდს.
ამის შემდეგ კი იყო კოლეჯი. რასაკვირველია, უნიჭიერეს გამთამაშებელს შეთავაზება უამრავი უნივერსიტეტიდან ჰქონდა, თუმცა მან საბოლოო არჩევანი მემფისის უნივერსიტეტზე შეაჩერა და მემფის ტაიგერსს შეუერთდა. როუზის არჩევანი იმით აიხსნებოდა, რომ წარსულიდან გამომდინარე, მემფისიდან NBA-ში მოხვედრა უფრო მარტივი გახლდათ, თანაც, მას მენტორობას NBA-ის ყოფილი მოთამაშე - როდ სტრიკლენდი გაუწევდა. კოლეჯში თამაშისას როუზმა 23-ნომრიანი მაისური აირჩია, რადგან No.25 მემფისში პენი ჰარდეუეის პატივსაცემად გაუქმებული გახლდათ. როუზმა კოლეჯში სულ რაღაც ერთი წელი გაატარა, თუმცა ეს პერიოდი სრულიად საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ საკუთარი ნიჭი უფრო მაღალ დონეზეც გამოევლინა. აღნიშნულ სეზონში, მემფის ტაიგერსს 38 გამარჯვების წილ სულ რაღაც 2 მარცხი ჰქონდა. დერიკს კი რეგულარულ სეზონში, საშუალოდ, შემდეგი მაჩვენებელი უფიქსირდებოდა - 14.9 ქულა, 4.7 გადაცემა და 4.5 მოხსნა.
ამის შემდეგ კი იყო კოლეჯი. რასაკვირველია, უნიჭიერეს გამთამაშებელს შეთავაზება უამრავი უნივერსიტეტიდან ჰქონდა, თუმცა მან საბოლოო არჩევანი მემფისის უნივერსიტეტზე შეაჩერა და მემფის ტაიგერსს შეუერთდა. როუზის არჩევანი იმით აიხსნებოდა, რომ წარსულიდან გამომდინარე, მემფისიდან NBA-ში მოხვედრა უფრო მარტივი გახლდათ, თანაც, მას მენტორობას NBA-ის ყოფილი მოთამაშე - როდ სტრიკლენდი გაუწევდა. კოლეჯში თამაშისას როუზმა 23-ნომრიანი მაისური აირჩია, რადგან No.25 მემფისში პენი ჰარდეუეის პატივსაცემად გაუქმებული გახლდათ. როუზმა კოლეჯში სულ რაღაც ერთი წელი გაატარა, თუმცა ეს პერიოდი სრულიად საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ საკუთარი ნიჭი უფრო მაღალ დონეზეც გამოევლინა. აღნიშნულ სეზონში, მემფის ტაიგერსს 38 გამარჯვების წილ სულ რაღაც 2 მარცხი ჰქონდა. დერიკს კი რეგულარულ სეზონში, საშუალოდ, შემდეგი მაჩვენებელი უფიქსირდებოდა - 14.9 ქულა, 4.7 გადაცემა და 4.5 მოხსნა.

2008 წლის 15 აპრილს, 19 წლის დერიკ როუზმა განაცხადა, რომ 2008 წლის დრაფტზე მონაწილეობას მიიღებდა. დრაფტზე, სადაც უამრავი ნიჭიერი მოთამაშე ელოდა NBA-ში მოხვედრას - რასელ უესტბრუკი, მაიკლ ბისლი, ო ჯეი მეიო, კევინ ლავი, ტყუპი ძმები - ბრუკ და რობინ ლოპესები და ა.შ. სწორედ ასეთ კონკურენციაში უწევდა დერიკ როუზს დრაფტზე დადგომა და თანაც როდის?! მაშინ, როცა დრაფტის პირველი არჩევანი მისი მშობლიური ქალაქის გუნდს - ჩიკაგო ბულსს ჰქონდა. „ხარებმა" ეს შანსი ხელიდან არ გაუშვეს და ერთწლიანი განშორების შემდეგ „პუჰი“ საკუთარ ქალაქს დაუბრუნდა. 2008 წლის დრაფტის პირველი ნომერი „ხარების“ No.1 გახდა, რაც მოგვიანებით იმით ახსნა, რომ ამის განმაპირობებელი მიზეზი მისივე ალტერ ეგო გახლდათ. მისი თქმით, როცა იგი პირველნომრიანი მაისურით ასპარეზობდა (სკოლაში, დაწყებით კლასებში), პარკეტზე ბევრად აგრესიული გახლდათ, ხოლო 25-ნომრიანი მაისურით თამაშისას კი ბევრად პასიური იყო (ცნობილი და მარტივი მიზეზის გამო 23-ნომრიან მაისურს ის ჩიკაგოში ვერ აირჩევდა). 23 ნომრის მფლობელი ლეგენდარული მაიკლ ჯორდანის შემდეგ დერიკ როუზი გახდა პირველი ახალწვეული ბულსისთვის, რომელმაც პირველ ათ კარიერულ შეხვედრაში სულ მცირე 10 ქულა მაინც ჩააგდო. ის ნოემბერსა და დეკემბერში აღმოსავლეთ კონფერენციის საუკეთესო ახალწვეულადაც დაასახელეს. არც ის ფაქტი გახლავთ გასაკვირი, რომ მან ახალწვეულთა ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღო მონაწილეობა. ხოლო ის ფაქტი, რომ მან Skills Challenge მოიგო, ყველასთვის დიდ სენსაციაც იქცა, რადგან ის გახდა პირველი ახალწვეული, რომელმაც All-Star-ის კვირეულში ამის გაკეთება შეძლო. ფაქტია, როუზის კარიერა ისე დაიწყო, როგორც ნამდვილ პირველ ნომერს ეკადრებოდა. რასაკვირველია, მან არავის დაუთმო ROY-ის, წლის საუკეთესო ახალწვეულის ჯილდო და მაიკლ ჯორდანისა და ელტონ ბრანდის შემდეგ გახდა პირველი „ხარი“, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო. დერიკის დიდებული თამაშის წყალობით, ჩიკაგოელები პლეი-ოფშიც გავიდნენ, სადაც პირველივე წრეში მოქმედი ჩემპიონი - ბოსტონ სელტიქსი დაუპირისპირდათ. პირველივე შეხვედრაში როუზმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ რატომ იყო წლის საუკეთესო ახალგაზრდა და „კელტებს" 36 ქულა ჩაუგდო, რაც პლეი-ოფის სადებიუტო შეხვედრის რეკორდი გახლდათ, რომელიც ჯერ კიდევ 1970 წელს ლუის ფერდინანდ ალსინდორმა, შემდეგში კარიმ აბდულ-ჯაბარის სახელით ცნობილმა ლეგენდამ დაამყარა. საბოლოო ჯამში, სერია მე-7 მატჩამდეც მივიდა, თუმცა ამჯერად გამარჯვება ბოსტონელებს დარჩათ.

2009/10 წლების სეზონი როუზისთვის იდეალურად ნამდვილად არ დაწყებულა. მან წინასაზესონო პერიოდის პირველივე მატჩში კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც მთელი ამ პერიოდის გამოტოვება მოუწია. მას ტრავმებმა თავი წლის ბოლომდე არ ანებეს და ფორმის აკრეფა მხოლოდ 2010 წლის იანვრიდან დაიწყო, რაც საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ თვის ბოლოს All-Star-ის მატჩში პირველად აერჩიათ. 21-ე საუკუნეში დერიკი გახდა პირველი მოთამაშე ბულსიდან, რომელსაც ოლ-სტარის მატჩში მონაწილეობა ექნებოდა მიღებული. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა კი ისევ მაიკლ ჯორდანს უკავშირდებოდა, აწ უკვე შორეულ 1998 წელს. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი არც ისე ძლიერი შემადგენლობით იყო დაკომპლექტებული, მათ პლეი-ოფის ეტაპს მაინც უწიეს, თუმცა იქ ლებრონ ჯეიმსის კლივლენდ კავალიერსთან ვერაფერი გააწყვეს და ანგარიშით 4-1 დამარცხდნენ.
ამის შემდეგ კი იყო სეზონი, რომელიც ჩიკაგო ბულსის არცერთ გულშემატკივარს არასდროს დაავიწყდება, სეზონი, რომელშიც მათი გუნდის პირველი ნომერი ლიგის N1-იც გახდა, თანაც ყველაზე პატარა ასაკში - როცა დერიკ როუზმა NBA-ის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მიიღო, ის მხოლოდ 22 წლის და 6 თვის გახლდათ. ეს მიღწევა იმ ლიგაში, სადაც მაიკლ ჯორდანს, ლებრონ ჯეიმსს, ლარი ბირდს, ტიმ დანკანს, მეჯიქ ჯონსონსა და სხვა მრავალ ლეგენდას უთამაშია, წარმოუდგენლად მოსჩანს, თუმცა იყო დრო, როცა დერიკ როუზისთვის შეუძლებელი არცერთი საკალათბურთო მიღწევა არ გახლდათ. სწორედ ამ სეზონში დააფიქსირა როუზმა პირველი სამმაგი დუბლი. 2011 წლის 17 იანვარს, მემფის გრიზლისთან გამართულ შეხვედრაში, სადაც 22 ქულას, 10 მოხსნა და 12 გადაცემაც დაუმატა. ზუსტად 1 თვეში, 17 თებერვალს კი სან ანტონიო სპერსს 42 ქულა ჩაუგდო, რითაც კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი (რომელსაც მოგვიანებით კვლავ გააუმჯობესებს) დააფიქსირა. „ხარებმა“ რეგულარული სეზონი 62 მოგებითა და 20 მარცხით დაასრულეს, პლეი-ოფში კი ასპარეზობას ჯერ ინდიანა პეისერსი, შემდეგ კი ატლანტა ჰოუქსი გამოთიშეს. აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ლებრონ ჯეიმსის, დუეინ უეიდისა და კრის ბოშის მაიამი ჰიტთან ვერაფერს გახდნენ და ხუთ მატჩში დამარცხდნენ. მიუხედავად ამისა, ჩიკაგოს მკვიდრთათვის ეს შედეგიც კი დიდი ხნის განმავლობაში სანატრელი გახლდათ.
თითქოს ყველაფერი ლოგიკური შედეგებისკენ მიდიოდა - ბულსი და მისი ლიდერი სეზონიდან სეზონამდე უმატებდნენ და სანატრელ ტიტულსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებოდნენ. მოლოდინების შესაბამისად, 2011/12 წლების სეზონშიც ხარები პლეი-ოფში მარტივად გავიდნენ, სადაც ფილადელფია 76ერსს დაუწყვილდნენ.
პირველი მატჩი სრულდება, ჩიკაგოელები მატჩს კომფორტულად - 12 ქულის სხვაობით იგებენ, შეხვედრის დასრულებამდე კი სულ რაღაც 82 წამი რჩება. ამ დროს კი მოხდა ის, რასაც დარწმუნებული ვარ, კალათბურთის არცერთი ქომაგი ისურვებდა - დერიკ როუზმა დაცემისას ფეხი უხერხულად დადგა და მარცხენა ფეხზე ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა. რასაკვირველია, 2008 წლის დრაფტის პირველი ნომრისთვის სეზონი დასრულებული გახლდათ, საუბარი სულ მცირე 8-თვიან ტრავმაზე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ დერიკ როუზმა არამარტო ფლეი-ოფი, არამედ მთელი მომდევნო სეზონიც გამოტოვა, რის საპასუხოდაც ფანებისგან დიდი კრიტიკაც ხვდა წილად, თუმცა მისი განცხადებით პარკეტს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდებოდა, როცა 100%-ით მზად იქნებოდა.

დერიკის დაბრუნება 2013 წლის 29 ოქტომბერს მოხერხდა, როდესაც ილინოისელები მაიამი ჰიტს უპირისპირდებოდნენ. გუნდის ლიდერმა 34 წუთი მიიღო, რა დროშიც 12 ქულას 4 შედეგიანი გადაცემაც მიამატა. სამწუხაროდ, 22 ნოემბერს მან ამჯერად მენისკი დაიზიანა და კალათბურთს კიდევ 1 სეზონით დაემშვიდობა. ამის შემდეგ დერიკის კარიერა უკან და უკან მიდიოდა, იყო მცირე გამონათებებიც, თუმცა მის კარიერაში მთავარ გამოწვევად არა ჩემპიონობა, არამედ ტრავმების დამარცხება იქცა. მისი და „ხარების“ ისტორია ოფიციალურად 2016 წელს დასრულდა. ამის შემდეგ კი იყო მრავალი გუნდი - ნიუ იორკ ნიქსი, კლივლენდ კავალიერსი, მინესოტა ტიმბერვულვსი, დეტროიტ პისტონსი და მემფის გრიზლისი. სიმბოლურია, რომ მისი კარიერა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასრულდა სწორედ იქ, საიდანაც მისი დიდი კალათბურთისკენ სვლა დაიწყო - მემფისში.
რა თქმა უნდა, აღნიშნულ გუნდებშიც იყო მატჩები, სადაც დერიკ როუზმა კვლავ შეგვახსენა საკუთარი თავი, როგორც უნიჭიერსმა გამთამაშებელმა და კალათბურთელმა. მათგან კი ახლა ერთს გამოვყოფ. მატჩს, რომელიც 2018 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა მინესოტა ტიმბერვულვზსა და იუტა ჯაზს შორის. მიუხედავად იმისა, რომ თავად მეც „ჯაზმენი“ ვარ, ეს იყო მეორე მატჩი, რომელშიც მეტოქის მოთამაშის სასწაული თამაში ოდნავადაც არ მწყენია. (პირველი - კობის უკანასკნელი მატჩი 2016 წლის 13 აპრილს). სპორტში არის მომენტები, როცა ინდივიდუალურ გრძნობებს ზოგადი კანონზომიერების გრძნობა ჯაბნის და სწორედ ასეთი შემთხვევა იყო მოცემულ მომენტშიც. დერიკ როუზს თითქოს ამდენწლიანი სირთულე და ტრავმიანობა დაავიწყდა და შემოგვთავაზა ის პერფორმანსი, რითაც ბევრ ქომაგს თავი შეაყვარა. 50 ქულა, 6 გადაცემა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა - ამ სტატისტიკაზე, ალბათ ნებისმიერი კალათბურთელი მოაწერდა ხელს.

დი როუზი გვტოვებს. გვტოვებს და ალბათ გასაკვირია სტატიის სათაურიც, თუმცა ამაზე ისევ მისი თამაშის გახსენებით შევეცდები, რომ გიპასუხოთ. არიან მოთამაშეები, რომლებიც თუნდაც სულ ერთი სეზონით ითამაშებენ უმაღლეს დონეზე, მაგრამ იმდენად გასაოცრად თუ განსხვავებულად, რომ თავს სამუდამოდ დაგამახსოვრებენ. სწორედ ასეთი მოთამაშე იყო დერიკ როუზი, მას პარკეტზე ვეღარ ვიხილავთ, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული - კალათბურთის მოყვარულთა გულსა და გონებაში მას საკუთარი ადგილი ყოველთვის ექნება. ადგილი, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ წითელი ვარდი ჩიკაგოდან, მარად უჭკნობი და სამუდამოდ საუკეთესო ფორმაში მყოფი დარჩება.
ავტორი: ლაშა საცერაძე















