ალბათ, ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ ყველა ბავშვს ჰყავს საკუთარი კერპი. შესაძლოა ეს იყოს - ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, რონალდინიო, ზინედინ ზიდანი ან/და სხვა ვარსკვლავი. ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ კლუბებში თამაშობდნენ, გაჰქონდათ უამრავი გოლი, იგებდნენ უამრავ ტიტულს და მსოფლიო საფეხბურთო საზოგადოების დიდ ნაწილს სამუდამოდ ამახსოვრებდნენ თავს. რასაკვირველია, მათი ცხოვრება, წარმატება და მიღწევები საინტერესოა, თუმცა ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი ყოველთვის უცნობი გმირების ისტორიები იყო. ფეხბურთის სილამაზე ხომ ისაა - შეუძლებელი დაგაჯეროს, გაგაკვირვოს და კიდევ ერთხელ აღტაცებით გათქმევინოს, რომ ბურთი მრგვალია და შეიძლება ყველაფერი მოხდეს.
ფეხბურთის ყურებისას, ხშირად მგონია, რომ აუტსაიდერ გუნდს ერთი მარტივი მოცემულობა ავიწყდება - თამაში 0:0-დან იწყება და პროცენტულად მოგების ზუსტად ისეთივე შანსი აქვს, როგორიც მის მეტოქეს. ყოფილა შემთხვევები, როცა ეს მოცემულობა კლუბებმა თუ ნაკრებებმა არ დაივიწყეს და, შესაბამისად, წარმატებასაც მიაღწიეს. სწორედ ასეთ ამბავზე მსურს გიამბოთ ამ სტატიაში და კიდევ ერთხელ გაგახსენოთ პერიოდი 2015 წლის 8 აგვისტოდან 2016 წლის 2 მაისამდე, პერიოდი - რომლის განმავლობაშიც ჩვენ თვალწინ დაუჯერებელი რამ თამაშდებოდა. პერიოდი, როცა მრისხანე გუნდებით გადატვირთულ პრემიერ ლიგას "მელიები" ლიდერობდნენ, ჩემპიონობის გაოფიციალურებამდე კი მათი თითქმის არავის სჯეროდა. თუმცა, იქამდე მისასვლელად, ისევე როგორც ლესტერს და მის ჯერ კიდევ უცნობ გმირს, დიდი გზა გვაქვს გასავლელი.
2015 წლის 4 აპრილი - პრემიერ ლიგის რიგითი, 31-ე ტური. კრიზისში მყოფი ლესტერ სიტი სახლში "ჩაქუჩებს" მასპინძლობს. გუნდი თითქმის გავარდნილია. 30 ტურის შემდეგ მათ მხოლოდ 19 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს იკავებენ. ხსნა, ფაქტობრივად, არსაიდან ჩანს. გუნდმა უესტ ჰემი დაამარცხა, შესაძლოა მათ ფანებს დარჩენის იმედი ჩაესახათ, თუმცა მე-17 ადგილამდე, რომელიც მათ ინგლისის უმაღლეს ლიგაში ადგილს შეუნარჩუნებს, ჯერ კიდევ ძალიან შორია. შემდეგ კი იწყება ნამდვილი სასწაული, გუნდი ჯერ გასვლაზე უესტ ბრომვიჩ ალბიონს ამარცხებს, შემდეგ კი მიჯრით კიდევ 6 თამაშს არ აგებს, მათ შორის იმ სეზონში ბრწყინვალე ფორმაში მყოფ სუონსისთან და საუთჰემპტონთან. 8 მატჩი 22 ქულა და ცხრილში მე-14 ადგილი. ნუთუ ეს მაქსიმუმია, რაც ლესტერშირელებს შეუძლიათ? მათ ხომ წარმოუდგენელი რამ შეძლეს და განწირული სიტუაციიდან პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს. მეტი რა უნდა მოვთხოვოთ გუნდს, რომლის ლიდერი იმ დროისთვის უკვე ასაკში შესული ესტებან კამბიასოა? ნუთუ პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება იქამდე, ვიდრე ამას ლივერპული შეძლებს? ამის თქმისას 2015 წლის 24 მაისს თითოეულ ჩვენგანს გაეცინებოდა, თუმცა 2016 წლის 2 მაისს ვხედავთ კადრებს, რომელშიც ჩვენი უცნობი გმირის - ჯეიმი ვარდის - სახლში მის თანაგუნდელებს დიდი წვეულება მოუწყვიათ. უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ფეხბურთში ნაკლებად ჩახედული ადამიანი იფიქრებდა, რომ ლესტერშირული კლუბი ისევ უმაღლეს დივიზიონში დარჩენას ზეიმობდა. თუმცა, არა! გუნდი პრემიერ ლიგის ჩემპიონი იყო! რა საოცარი რამეა ფეხბურთი, არა?!
ზოგადად, ფეხბურთიც და ცხოვრებაც საკმაოდ სიმბოლურია. სიმბოლურია ისიც, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება - მომეხდინა ისეთი სენსაცია, რომელზეც მთელი საფეხბურთო სამყარო ისაუბრებდა, იმ ადამიანმა აასრულა, რომელთანაც რამდენიმეწლიანი დაშორებით დაბადების დღეს ვიყოფ. ჯეიმი რიჩარდ ვარდი 1987 წლის 11 იანვარს, ინგლისის ქალაქ შეფილდში დაიბადა. მისი საფეხბურთო ცხოვრება ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ ყოფილა და გამორჩეულ ტალანტად არც არასდროს მიუჩნევიათ. თუმცა, ახალგაზრდა ჯეიმის ეს არ აშინებდა და საკუთარი მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. 24 წლის ასაკში ჯეიმი ჯერ კიდევ ინგლისის რანგით მეხუთე, ნახევრად პროფესიონალურ ლიგაში ასპარეზობდა. გავიდა წლები და ჯეიმი ვარდი ხდება პრემიერ ლიგის გამარჯვებული, ბომბარდირი და იმ იშვიათ ფეხბურთელთა ჯგუფის წევრი, რომელთაც მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში 100+ გოლი გაიტანეს.

2015 წლის 8 აგვისტო. პრემიერ ლიგის 24-ე სეზონის პირველი ტური. ჯეიმი ვარდი და კამპანია ქინგ ფაუერზე სანდერლენდს, მართლაც, მეფურად დაუხვდა და შინ 2-4 ანგარიშითა და 0 ქულით გაუშვა. ჯეიმიმ სეზონის პირველი გოლი მიითვალა. ამ ფაქტს დიდი აურზაური ინგლისურ მედიაში ნამდვილად არ გამოუწვევია. თუმცა, ვარდი ამ შედეგზე გაჩერებას, ცხადია, არ აპირებდა. მომდევნო ორ მატჩში ვარდიმ თითო-თითო საგოლე გადაცემა შეასრულა. შემდეგ კი დაიწყო, დაიწყო და 11 მატჩის განმავლობაში აღარც გაჩერებულა. 11 შეხვედრა და 13 გოლი. შთამბეჭდავად ჟღერს. თანაც, ეს უბრალო სტატისტიკა არ გეგონოთ, ეს რეკორდი გახლავთ. არასდროს, არცერთ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერ ლიგაში ზედიზედ 11 მატჩში გოლი არ გაუტანია, გარდა ჯეიმი ვარდისა. ინგლისელამდე რეკორდი ლეგენდარულ ნიდერლანდელ თავდამსხმელს, რუუდ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა (10 მატჩი). სიმბოლიზმის მოყვარულმა ვარდიმ კი ეს რეკორდი სწორედ რუუდის ყოფილ კლუბთან, მანჩესტერ იუნაიტედთან, გატანილი გოლით დაამხო. პირველ 17 ტურში ლესტერის 9-იანს მინდორი საგოლე მოქმედების გარეშე არ დაუტოვებია. მან ამ პერიოდში 15 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. პირველად მისი შეჩერება ლივერპულმა შეძლო, ჩემპიონატის მე-18 ტურში, ენფილდზე. საბოლოო ჯამში, ვარდიმ იმ სეზონში 24 გოლი გაიტანა, რასაც 7 საგოლე გადაცემაც დაუმატა, თუმცა ბომბარდირი ამჯერად ვერ გახდა, მას მხოლოდ 1 ბურთით მისმა თანამემამულე ჰარი კეინმა აჯობა.
2016 წლის 1 მაისი. "მელიები" "ოცნებების თეატრს" ეწვივნენ. ნუთუ ახდებოდა მათი ოცნება და ისინი ნანატრ (იქნებ სეზონის წინ ვერც კი ნატრობდნენ) ტიტულს დაისაკუთებდნენ? მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა. მათი ჩემპიონობა დროებით გადაიდო, რის შემდეგაც ყველას თვალები ლონდონისკენ იყო მიმართული, სადაც მომდევნო დღეს მათი მდევარი ტოტენჰემი თანაქალაქელ ჩელსის სტუმრობდა. მოცემულობა მარტივი გახლდათ, გამარჯვების შემეთხვევაში სპურსი ტიტულისთვის ბრძოლაში რჩებოდა, ყველა სხვა შემთხვევაში კი ჩემპიონი ოფიციალურად ლესტერი ხდებოდა. ჯეიმი ვარდიმ ყველა თანაგუნდელი საკუთარ სახლში შეკრიბა, რათა შესაძლო ტრიუმფი ერთად ეზეიმათ (ან იქნებ დარწმუნებულიც იყო იმაში, რომ ჩემპიონები იმ ღამესვე გახდებოდნენ) მატჩი "თეთრების" დომინაციით დაიწყო და ანგარიშიც მალე გახდა 0-2. თუმცა მარტივად დანებებას, მიუხედავად რთული სეზონისა, "ლურჯებიც" არ აპირებდნენ. 58-ე წუთზე გარი კეჰილმა ერთი ბურთი გაქვითა, ხოლო მე-80 წუთზე ედენ აზარიმ ანგარიში გაათანაბრა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ მარკ კლატენბურგის სასტვენის ხმაც გაისმა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ დაუჯერებელი ფაქტად და ისტორიის ნაწილად იქცა. ჯეიმი ვარდი და ლესტერი ინგლისის ჩემპიონები გახდნენ! აი ამ წამიდან დაიწყო ნამდვილი Vardy Party.
ჯეიმი ვარდი, დამსახურებულად, ინგლისის უმაღლესი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად იქნა დასახელებული, თუმცა, სამწუხაროდ, ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მომდევნო 2016/2017 წლების სეზონში გუნდი დატოვეს მთავარმა მწვრთნელმა - კლაუდიო რანიერიმ და გუნდის საყრდენმა - ნ'გოლო კანტემ. აქტიურად იწერებოდა ჯეიმი ვარდის არსენალში ტრანსფერზე, თუმცა ჯეიმიმ ნამდვილი ინგლისური ჯენტლმენობა გამოავლინა და გუნდი არ მიატოვა. აღსანიშნავია, რომ ლესტერმა ვარდის თაოსანობით ღირსეულად იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც 1/4 ფინალს უწია და მძიმე ბრძოლაში მადრიდის ატლეტიკოსთან დამარცხდა (1-1, 0-1).

ამის შემდეგ გუნდი უკვე შედარებით სტანდარტულ შედეგებზე ჩამოდის, რასაც ვერ ვიტყვით ჯეიმი ვარდიზე. 2018/19 წლების სეზონში ჯეიმიმ 23 გოლი შეაგდო და პრემიერ ლიგის ოქროს ბუციც დაისაკუთრა. ამას მოჰყვა წარმატებული პერიოდი კლუბისთვისაც. ლესტერშირულმა კლუბმა 2020/21 წლების სეზონში ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო, ხოლო 2021 წელს კი - ინგლისის სუპერ თასი.
ამის შემდეგ კი იწყება სრული კოშმარი, კერძოდ კი 2022/23 წლების სეზონი, სადაც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით დაკომპლექტებული ლესტერი უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას ვერ ახერხებს და ინგლისის რანგით მეორე ლიგაში - ჩემპიონშიფში ქვეითდება. ძველი გვარდიიდან ვარდის აღარავინ ჰყავს, არც კლაუდიო რანიერი, არც კასპერ შმეიხელი, არც უეს მორგანი, არც მარკ ოლბრაიტონი, არც რიად მაჰრეზი თუ შინჯი ოკაზაკი. ის მარტოა, თუმცა გუნდის დატოვებას ერთი წამითაც არ ფიქრობს, მისი მიზანი ერთია - გუნდის დაბრუნება იქ, სადაც მათ ყველაზე დიდი ისტორია დაწერეს - ინგლისის უმაღლეს ლიგაში. ჯეიმიმ მიზანი დაისახა და აასრულა კიდეც - პირველივე სეზონში "მელიებმა" უკან დასაბრუნებელი ბილეთები მოიპოვეს და ჯეიმი ვარდის კაპიტნობით პრემიერ ლიგას დაუბრუნდნენ.
ლეგენდამ - სახელად ჯეიმი ვარდი - თავი გუშინაც გაგვახსენა. ბიჭი, რომელიც 24 წლის ასაკში ჯერ კიდევ ინგლისის რანგით მეხუთე ლიგაში თამაშობდა, 37 წლის ასაკში პრემიერ ლიგას გოლით უბრუნდება. ვეტერანი ინგლისელი ფორვარდისგან ფანები წელსაც აღმაფრენით თამაშსა და დაუვიწყარ ეპიზოდებს ელიან. ვნახოთ, ყველაფერი შესაძლებელია. მით უმეტეს მაშინ, როცა საუბარი ჯეიმი ვარდისა და მის ლესტერ სიტიზეა. მათთვის ხომ ხშირად შეუძლებელიც შესაძლებელია.















