„ჩივა მოდის!” - გაისმა ჩურჩულით და გავჩუმდით ყველა. პირველად ასე სამი წლის წინათ შევხვდი, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მინახავს მისი თამაში. სხვა თაობა ვარ, ჩივაძე სკამზე მახსოვს - მწვრთნელის რანგში. მოვიდა, თვალი შეგვავლო და ხუმრობაც დაიწყო, ჩივაძე თუ ხუმრობს ყველა იცინის. თავადაც იცინის, თან, გადამდები სიცილი აქვს. დავიწყეთ ინტერვიუ, ბევრი საინტერესო ამბავი მოყვა, ბოლომდე გულახდილი არ ყოფილა, მისი თაობა ასეთია, ყველაფერს არ ჰყვებიან, რაღაცებს თავისთვის იტოვებენ. წიგნიც, ალბათ, ამიტომ არ დაუწერია, თორემ, როგორ შეიძლება ალექსანდრე ჩივაძეს სათქმელი და მოსაყოლი არ ჰქონდეს?!
საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო, ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ქართველი, დღეს 70 წლის გახდა. მხოლოდ ჩანაწერებით ვიცნობ, მაგრამ მაინც ასე მგონია, რომ მასზე უკეთესი არავინ გვყოლია. კაცმა არ იცის სად ითამაშებდა საზღვრები რომ გახსნილი ყოფილიყო, მე მილანში წარმომიდგენია, დიდი მცველების სამჭედლოში, მაგრამ თავად ინტერვიუში აღნიშნა, რომ ინგლისში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა. კარგად ახსოვს ლონდონიცა და ლივერპულიც, ეგ კი არა, ლონდონსაც ახსოვს ჩივაძე.

ერთხელ, ონლაინ ჭადრაკის ჩემპიონატზე, სადაც ჩემს პროფილს საქართველოს დროშა ამშვენებდა, ინგლისელმა მოწინააღმდეგემ უესტ ჰემი-დინამო ახსენა, იმ თამაშს ვუყურე და ულვაშიანი კაპიტანიც კარგად მახსოვს არწივის თვალებითო, ეგ კაცი ბიძაჩემია მეთქი, ვუთხარი, გადაამოწმებდა თუ რა?!
ლონდონის გარდა, ლივერპულსაც კარგად ახსოვს. დალგლიშს რა დაავიწყებს, ფეხი არ გაანძრევინა და აქეთ გაუტანა: „დალგლიშთან პერსონალურად დამაყენეს, ორ შეხვედრაში იმას გოლი არ შეუგდია. მე კიდევ ორი შევაგდე - ენფილდზეც და დინამოზეც.” - სიამაყით იხსენებს ჩივაძე.
მისი და დინამოს ისტორია ერთი ზარით იწყება, 1973 წელს დინამოს მთავარი მწვრთნელი ალიოშა კოტრიკაძე მოისურვებს ძირითადი გუნდი დუბლებთან ათამაშოს, დუბლების მწვრთნელ ანდრო ზაზროევს ორი კაცი დააკლდება და ვოვა ელოშვილს დაურეკავს - ვინმე ნიჭიერო ხომ არ გყავსო? - ჰყავდა. ალექსანდრე ჩივაძე ჰყავდა. დიდი კაპიტანი და თემურ ჩხეიძე დაემატნენ დინამოს დუბლებს და დაიწყო...
„დინამოს ბაზაზე ვითამაშეთ, რა თავხედი უნდა ყოფილიყავი ადამიანი რომ ეს წარმოგედგინა... ახლაც მახსოვს მათი შემადგენლობა, კარში - გოგია, მცველები - ძოძუაშვილი, ხურცილავა, ჭელიძე, ხინჩაგაშვილი, ნახევარმცველები - ასათიანი, ებრალიძე, მაჩაიძე, თავდამსხმელები - ყიფიანი, გუცაევი, ნოდია. მე დუბლებში ვიყავი. დარტყმის მომენტში მეკარე ყოველთვის წინ აკეთებს ნაბიჯს... გოგიას ისეთი გოლი შევუგდე 30 მეტრიდან, როგორიც ქინქლაძემ შეაგდო უელსთან, წინ იყო გამოსული და თავზე გადავუგდე. კახი ასათიანმა დამიძახა, ბიჭი, რა გვარი ხარო? - მოვიდა და ჩამეხუტა. მივხვდი, რომ ჩემი და დინამოს ისტორია დაიწყო.”
‘73-ში დუბლებში ჩაირიცხა, ‘74-ში გივი ჩოხელმა ძირითად გუნდში ათამაშა. სულ მცირე ხანში გუნდი ნოდარ ახალკაცმა ჩაიბარა და საბჭოთა-ქართული ფეხბურთის რენესანსიც დაიწყო. დინამომ ყველაფერი მოიგო - 1976 წელს საბჭოთა თასს მეექვსე მცდელობით დაეუფლნენ, თასი მოიგეს 1979 წელსაც, საბჭოთა ჩემპიონატი მოიგეს 1978 წელს. და, რაც მთავარია, 1981 წელს მოიგეს თასების მფლობელთა თასი.

ქართული ფეხბურთის ისტორიაში იშვიათად, მაგრამ მომხდარა - ნიჭიერ თაობას სათავეში დიდი მწვრთნელი უდგება. ჩივაძის თქმით ეს ორჯერ მოხდა, „ოქროს ბიჭები” გავრილ კაჩალინმა ჩაიბარა, ჩივაძის თაობა კი ნოდარ ახალკაცმა. გარდა ამ მიღწევებისა, უფროს თაობას ახსოვს და შედარებით უმცროსებმა ვიცით ინტერის, ლივერპულის, უესტ ჰემისა და ფეიენოორდის მატჩების შესახებ. მთელი ბავშვობა მიყვებოდნენ ნიდერლანდებში რაც მოხდა, ყოველთვის გადამეტებული მეგონა, ხდება ხოლმე ასე, დროთა განმავლობაში ლეგენდები იქმნება და მერე ვეღარავინ ახერხებს ამის დესაკრალიზებას, მაგრამ, როცა დინამო და ფეიენოორდი უკვე 2019 წელს საკვალიფიკაციოზე გადაეყარნენ ერთმანეთს, ვიღაც ღვთისნიერმა გაავრცელა ‘81 წლის ვიდეომასალა და არათუ მართალი აღმოჩნდა მონათხრობი, არამედ, შერბილებულიც კი მომეჩვენა იმასთან შედარებით რაც იქ ვნახე - არჩათვლილი გოლები, დანიშნული პენალტი, არდანიშნული პენალტები მათ კარში, სადავო მომენტების მეტოქისთვის დათმობა. დაუჯერებელია ასეთ შეხვედრაში მაინც შენი გაიტანო და ფინალში გახვიდე.

უცნაური ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი. ჩივაძის მონათხრობის მერე კიდევ უფრო უცნაურად მომეჩვენა - „მსოფლიო ჩემპიონატის წინ ლენინის მავზოლეუმთან წაგვიყვანეს და დაგვაფიცეს რომ წარმატებით გამოვიდოდით ჩემპიონატზე." ამ დროს სიცილი დაიწყო და ვისაც ამ კაცთან უსაუბრია იცის, რომ თუ გაიცინა, შენც აუცილებლად გაგეცინება, დაიწყო სიცილი და ვეღარ გაჩერდა, ვერც ის გაჩერდა, ვერც მე ვჩერდებოდი. ლენინი... მავზოლეუმი... ვაჰ, რა მავზოლეუმი... ძლივს მოვითქვით სული.
არ ვიცი, კმაყოფილი დარჩა თუ არა ლენინის მოხეტიალე სული, მაგრამ ის, რაც საბჭოთა მამებმა გააკეთეს გვარიანად შეაფერხა მზადების პროცესი. ‘82-ში სამი მწვრთნელი დანიშნეს - კონსტანტინ ბესკოვი, ნოდარ ახალკაცი და ვალერი ლობანოვსკი. აი, ცისფერი მთები.
-ნოდარი არ არის?
-თვის ბოლომდე არ იქნება, დაბრძანდით, დაელოდეთ.
-სამი წელია სიცარიელეში ვარ ვალერი ვასილევიჩ.
-რაში ვარო, რაო?
-სიცარიელეში!
-ძალიან კარგიიი...
ამაზე ზუსტი აღწერა რა უნდა ყოფილიყო საბჭოთა სისტემისა. ერთი დიდი აბდაუბდა. დილით სხვა ვარჯიშები იყო, საღამოს სხვა. დილით ერთი მონახაზით ვარჯიშობდნენ, საღამოს მეორით. რა ეგონათ ნეტავ რა მოხდებოდა?! - ერთ ტაიმს ასე ითამაშებდნენ, მეორეს სხვაგვარად?! - ბოლოს და ბოლოს გამაგებინეთ კაცო, მე აქა ვარ თუ იქ?!

ხოლო ის, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე შოტლანდიასთან მატჩში მოხდა ჩივაძისგან არასდროს მომისმენია და აღნიშნული ინტერვიუს დროს მოგვითხრო, ესეც მეტად უცნაური ამბავი ყოფილა. არადა, ხალხი მხოლოდ გოლებზე ჰყვებოდა. პირველი მატჩი ბრაზილიასთან 2:1 წააგეს, თუმცა, მოგვიანებით თავად ბრაზილიელებიც ჰყვებოდნენ, რომ მსაჯმა რამაზ შენგელიას გოლი უსამართლოდ არ ჩათვალა. მეორე მატჩში ახალი ზელანდია 3:0 დაამარცხეს და გადამწყვეტი შეხვედრაც ჩაინიშნა შოტლანდიასთან: „შოტლანდიასთან მატჩის წინ რაღაც დაგვალევინეს, დღემდე არ ვიცი რა იყო, მოედანზე რომ გავედი წონასწორობა დამაკარგვინა, ამიტომ დავუშვი შეცდომა, პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ყველა თავდახრილი იყო, ვერაფერი მითხრეს, მხოლოდ გამხნევებას ცდილობდნენ, ავტორიტეტი ვიყავი მათთვის, ამიტომ მე ვთქვი სათქმელი, წამოვდექი და ვუთხარი, ეს დარჩენილი 45 წუთი ჩემთვის ითამაშეთ-მეთქი. გავედით მოედანზე და ორი გოლი შევაგდეთ ქართველებმა - ერთი მე და ერთიც შენგელიამ. ასე გავედით შემდეგ ეტაპზე.”
უფრო წინაც შეიძლებოდა წასვლა, მაგრამ როგორც ჩივაძე იხსენებს საბჭოელებს მოთხოვნა ჰქონიათ - არაფრით პოლონელებთან არ უნდა წავაგოთო, პოლიტიკურად მწვავე დრო იყო, ლეხ ვალენსა დააპატიმრეს. მოსკოვიდან მოთხოვნა ჩავიდა - რაც გინდათ ის ქენით, ოღონდ გოლი არ გაუშვათო. საბჭოთა ნაკრები ექვსი მცველით გავიდა მოედანზე, იმის ნაცვლად რომ მოგებაზე ეთამაშათ. პოლონელებთან წაგების უფრო ეშინოდათ, ვიდრე ჩემპიონატის დატოვებისა. ჰოდა, მორჩა მატჩი 0:0.

პატარა ერის კომპლექსს, რომელიც მუდმივად თან მდევს, ჩრდილში დარჩენილი რუსთველისა და ფშაველის გამო, საფეხბურთო გმირებიც ამწვავებენ. მაინც მგონია, რომ მსოფლიო მასშტაბით არ აქვს ჩივაძეს ის აღიარება, რაც ეკუთვნის, რკინის ფარდისა და საბჭოთა საზღვრების გამო. „ის დინამო რომ საქართველოს ნაკრები ყოფილიყო, ძალიან მაღალ დონეზე გამოვიდოდით ფინალურ ეტაპებზე. - ამბობს ჩივა და ეჭვიც არ მეპარება რომ ასე იქნებოდა.
ნოდარ ახალკაცი მას მიიჩნევდა თავის მემკვიდრედ, მწვრთნელად ხედავდა, და რადგან ასე იყო, ესე იგი, ჰქონდა ამის უნარი. ახალკაცს ასეთი ამბები არ ეშლებოდა. მაგრამ, ჩივაძეს ნაკრები ყველაზე რთულ დროს ერგო გასაწვრთნელად. კრიტიკა მწარე იყო, ძალიან მკაცრი, ფედერაციის ნდობის მიუხედავად, პრესა გადადგომისკენ მოუწოდებდა, საბოლოოდ კი თავად წავიდა. ალბათ, დაწყდა გული, მაგრამ ეგ ყველაფერი გაივლის და მხოლოდ დიდი სახელი დარჩება. ულვაში დარჩება. ის გაშვერილი ხელი დარჩება. ის გოლებიც დარჩება ალბიონზე, ეს გადამდები სიცილიც დარჩება.
ბედნიერია ხალხი, რომელსაც ჩივაძე ჰყავს, დანარჩენი იმათ თქვან, ვისაც მეტი უნახავს და უკეთ იცნობს. ჩვენ კი ვულოცავთ ალექსანდრე ჩივაძეს 70 წლის იუბილეს.















