კი - გზა გალიდან დაიწყო. გალური ქუჩა-ეზოებიდან - იქ ბურთის გორება დიდი რიტუალი იყო. მოყვა ამას თბილისური ,,დინამო’’ და მერე კვიპროსი. ,,აქედან დევნილი იქაც დევნილებს გადავეყარეო’’ - თქვა ერთხელ თემურმა.

მერე იყო საბერძნეთი.
მერე იყო ინგლისი და ის იყო მერე, გოლის აღნიშვნისას რომ მოუქნია და მოუქნია ,,ბოლტონის’’ წინააღმდეგ. ერთი ფეხის ამოსმა ,,მაკდონალდს", მერე ორი ,,ადიდასს". განა საქები ამბავია, მაგრამ განა ყველა ამბავი საქები უნდა იყოს, ამბად რომ იქცეს? ეს იქცა. და კაცმა რომ თქვას, მაგ რეკლამებს თვალი ასე უფრო მისწვდა, თორემ ისე, როგორც წესი, ეგენი თან არიან და თან არა - თუ ვინმე რამე ფეტიშის მქონე არ იქნა, ძნელად შეხედავს. ამას შეხედეს. და მას მერე სულ ქეცბაიას აჩრდილი ადგას, ვინც ასეთ საზეიმო ილეთს მოინდომებს - გოლის გამტანმა კი არა, აგერ ლი კლარკმა, როგორც ფეხბურთის მენეჯერმა ,,ბირმინგემში’’, სარეკლამო ფირნიშს ფეხი რომ ურტყა, სადაც ამ საქმის ვიდეო დაიდო, სულ Ketsabia celebration დააწერეს. რადგან ეგ არის, როგორც იქაურები იტყვიან - Iconic.
მაგრამ იმ ხალხმა, ვინც ახლა ალბიონზე ამ მომენტს იხსნებს, ცოტა თუ იცის, რომ ეგ ბრაზიანი მოქნევები მარტო მაგ გოლის როდი იყო - ეგ იყო საკუთარი სახლიდან დევნილი კაცის ნაწვალები, დაძაბული სიხარული, ნაომარი და გაჭირვებული ქვეყნის შვილის ზეიმი. ძნელია ამის მიხვედრა და არასავალდებულო.
თუ სხვა ინგლისურ გოლებზე მიდგა საქმე - ,,კრისტალ პალასთან’’ გვახსენდება - ტაატით წასვლა და იუველური ჩასმა.
ზაგრების ,,კროაციას’’ რომ შეუგდო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოზე გადამწყვეტი, ეგ გოლიც დიდად სამახსოვროა.
გოლი საუთჰემპტონთან, 35 იარდიანი დრიბლინგით - 30 ოქტომბერს ხშირად ამ ეპიზოდით იხსენებს პრემიერ-ლიგა.
და გოლი, რომელიც მე მაშინდელ ქართულ სატელევიზიო სპორტულ მიმოხილვაში ვნახე, შუქის მოსვლას შემთხვევით რომ დაემთხვა. საოცარი გასროლა ტოტენჰემის წინააღმდეგ. ვნახე. მერე შუქი წავიდა. ოღონდ ტელევიზორი ჩართული დარჩა. ხდება ხოლმე ასეთი სასწაულებიც. ეგეთი ძალა აქვს ფეხბურთს და მერე ეს კადრი აღარც გამორთულა.
,,ვულვზიდან’’ ,,შეფილდ უენსდის’’ რომ გაუტანა, ეგეც მოსანიშნია მეხსიერების კალენდარზე.
ეს ინგლისურებიდან, თორემ კვიპროსში და საბერძნეთში დიდი საქმეები მოჩანს.
ნაკრებში კიდევ, როცა ქეცბაია იყო, იცოდი, დუნე დინება ვერ იქნებოდა. ქეცბაია დიდწილად იყო. და ნაკრები, კი აგებდა, მაგრამ ძალიან დიდებთან აგებდა და დღევანდელი ფორმატი რომ ყოფილიყო, მე ასე მჯერა, ცალი ფეხით გაირბენდნენ მაშინდელი ბიჭები.

ქეცბაია რომ ბურთს მიიღებდა, იცოდი - ბრძოლა იქნებოდა - დაუთმობელი. დაუნდობელი. თუ პათეტიკაში არ ჩამომართმევთ და ან თუ გინდა ჩამომართვით, ხან არის ამბები - უხდება კიდეც პათეტიკა - თემურს როცა ბურთი ეჭირა, თუკი თანამოსასმენს ისურვებდი რამეს, ეგ იყო ხორუმი. ხორუმის მუსიკა.
საქართველოს ნაკრებში მწვრთნელად მუშაობისას, სულ მის სატელევიზიო ლაპარაკს დასდევდნენ და იყო ერთი ალიაქოთი.
არადა, რაც ილაპარაკა, სულ მართალი ილაპარაკა და მაშინ ამ ლაპარაკს თუ ცოტა ძალა აკლდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლოსკენ შედეგები ვერ იყო საამაყო. მაგრამ შედეგი რომ ვერ იყო, მაგას რომ ის ლაპარაკი ხსნიდა, რატომ ვერ იყო - ეგ გვიან მივხვდით. მოკლედ, ეგ სხვა სიმღერაა. სხვა დროის და სულ სხვა სცენის.
მერე, როცა ჩვენი ნაკრები ევროპაზე გავიდა და პირველი თამაში ითამაშა, შოთი არველაძე და თემურ ქეცბაია გვერდი-გვერდ იდგნენ, როგორც მაყურებლები. და დიდი ქეცბი პატარა ბავშვივით ტიროდა. ეს ტირილი, იმ ბანერებზე ფეხის მოქნევის რანგისა გახლდათ - იმ ფეხბურთელის ცრემლი იყო, წესით ნაკრებთან ერთად აქ რომ უნდა ეთამაშა და იმ მწვრთნელისაც, ვისაც ალბათ არანაკლებ ესურვილებოდა ეს საქმე. ოღონდ არა შურის ან დანანების, არამედ სიხარულის. იმ მოქნევისა არ იყოს, ძნელია ამის გაგება. ძნელი და არასაველდებულო.

და ხომ გითხარით. საერთოდაც, ეს ყველაფერი ფილმს ჰგავს. ფილმია დიდი ქეცბი.















