არგენტინელი თავდამსხმელი ბევრისთვის ასოცირდება მხოლოდ "ნერაძურის" მიერ მოგებულ ტრებლთან, თუმცა მისი კარიერა აღნიშნული მიღწევის გარეშეც დასამახსოვრებელი მომენტებით მდიდარი არის. მიმოვიხილოთ "გველების" ფორვარდის მიერ განვლილი გზა: რა ხდებოდა ტრიუმფალურ 2009/10 წლების სეზონამდე, რა ხდებოდა უშუალოდ ტრიპლეტის მოგების დროს და შემდეგაც.

ის, რაც ტრებლამდე ხდებოდა
90-იანების ბოლოს აველიანედას რასინგის შემადგენლობაში გამოჩნდა თავდამსხმელი, რომელიც კარგი შედეგიანობის მიუხედავად, თანამემამულე ვარსკვლავური ფორვარდების ჩრდილში იმყოფებოდა. არგენტინის ეროვნული გუნდის რიგებში იმ დროს ბრყინავდნენ გაბრიელ ბატისტუტა, კლაუდიო ლოპესი, ახალგაზრდა ერნან კრესპო და სხვები.
ამის გარდა, "ალბისელესტეს" 2000-იანების დასაწყისში ეზრდებოდა მორიგი "ოქროს თაობა" ხავიერ სავიოლას მეთაურობით, რის გამოც ბუენოს-აირესის გარეუბანში მოთამაშე მილიტოს ყურადღებას არავინ აქცევდა. საინტერესოა, რომ "თეთრ-ლურჯებში" ასპარეზობის დროს, მისი გუნდის ყველაზე პრინციპული მეტოქის, მეზობელი ინდეპენდიენტეს რიგებში ირიცხებოდა არგენტინელი ფორვარდის ძმა, გაბრიელი.
მათი გზები საფეხბურთო მოედანზე მომავალში გადაიკვეთება კიდევ არაერთხელ, თუმცა ამჯერად უკვე ევროპაში. 2001 წელს, დიეგო იგებს აპერტურას, ორი წლის შემდეგ კი სერია ბ-ს ბინადარ ჯენოაში გადადის. იტალიურ კლუბში ჩატარებული ორი ძალიან კარგი სეზონის შემდეგ (62 შეხვედრა, 34 ბურთი), "გრიფონების" ფორვარდი პრიმერაში მოასპარეზე სარაგოსაში გადადის.

ლიგურიელთა ცხრიანი არ ჩქარობდა იტალიიდან წასვლას, თუმცა 2004/2005 წლების სეზონის ბოლოს, მისი გუნდი გაეხვა სკანდალში, რომელიც თამაშების ჩაწყობას უკავშირდებოდა. "როსობლუ" გადაისროლეს კალჩოს ფსკერზე, რის გამოც "ელ პრინჩიპეს" ახალი კლუბის ძებნა მოუწია. როგორც ვთქვით, მილიტოს შემდეგი გაჩერება "ლოს ბლანკილოსი" აღმოჩნდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წლების შემდეგ, არგენტინელი თავდამსხმელი დაბრუნდება ლუიჯი ფერარისზე და ჩაატარებს თავისი კარიერისთვის გარდამტეხ სეზონს, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით. რაც შეეხება არაგონში გატარებულ პერიოდს, დიეგო გადაიკვეთა თავის ძმასთან, გაბრიელთან, რომლისგანაც მან მოგვიანებით კაპიტნის სამკლაურიც გადაიბარა.
ჯენოას ყოფილი თავდამსხმელის თანაგუნდელები იმ დროს ასევე იყვნენ პაბლო აიმარი, ანდრეს დ'ალესანდრო და ჟერარდ პიკეც, რომელიც "თეთრ-ლურჯებში" მანჩესტერ იუნაიტედიდან იჯარით იყო გადასული. რაც შეეხება "ელ პრინჩიპეს" ესპანური კარიერის საუკეთესო მომენტს: პოკერი მადრიდის რეალის კარში, ესპანეთის თასის 1/2 ფინალში, 2005/06 წლების სეზონში.

ლა რომარედას ბინადრებმა წარმატებით გადალახეს "სამეფო კლუბის" ბარიერი, თუმცა ფინალში ისინი ესპანიოლთან დამარცხდნენ. მილიტომ იმ სეზონში შეაგდო 21 ბურთი და ცნობისთვის, მასზე მეტი პრიმერა დივიზიონში გაიტანა მხოლოდ სამმა მოთამაშემ: სამუელ ეტო'ომ, დავიდ ვილამ და რონალდინიო გაუჩომ.
თავად არგენტინელმა თავდამსხმელმა კი რონალდო ნაზარიოსა და ფერნანდო ტორესს აჯობა. ერთი სეზონის შემდეგ, ვიქტორ ფერნანდესის გუნდი და პერსონალურად დიეგო ავიდნენ ახალ საფეხურზე: მე-6 პოზიცია პრიმერა დივიზიონში და 23 ბურთი სამხრეთ ამერიკელი ფორვარდისგან. მასზე მეტი იმ სეზონში ამჯერად მხოლოდ რუდ ვან ნისტელროიმ შეაგდო.
აშკარა იყო, რომ რეალ სარაგოსას თავდამსხმელს თავის იმდროინდელ გუნდში არავინ გააჩერებდა დიდი ხნით და 2008/2009 წლების სეზონის წინ, მან კლუბი კიდევ ერთხელ შეიცვალა. "ელ პრინჩიპეს" ჰყავდა არაერთი მსურველი, მაგრამ მან არჩია "გრიფონებში" დაბრუნება, რომლებიც იმ დროს კალჩოს ელიტამდე აღზევდნენ.

"ლოს ბლანკილოსის" 22-ე ნომერს ლიგურიაში ჰქონდა დაუმთავრებელი მისია - 2000-იანების დასაწყისში ისინი ხომ ერთად მიემართებოდნენ სერია ა-სკენ, მაგრამ "როსობლუს" გარშემო მომხდარმა სკანდალმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამჯერად ყველაფერმა ჩაიარა მშვიდობიანად: მილიტომ 32 შეხვედრაში შეაგდო 26 ბურთი და სეზონის ბოლოს, Guerin Sportivo-მ ის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.
არგენტინელ თავდამსხმელზე მეტი 2008/2009 წლების სეზონში მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. საინტერესოა, რომ მისი მწვრთნელი ლუიჯი ფერარისზე იყო ჯან პიერო გასპერინი, რომელთანაც ის წლების შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიკვეთება. ასეთი იყო დიეგოს დაბრუნება კალჩოში და რა მოხდა შემდეგ, ეს უკვე ისტორიაა.

როდესაც იგებ ყველაფერს და ხდები საუკეთესო
მილიტო სრულიად დამსახურებულად ითვლებოდა სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად, თუმცა მის გაფორმებასთან მიმართებაში ტოპ გუნდებს აფრთხობდათ ერთი ფაქტორი: ასაკი. 2009 წლის ზაფხულისთვის არგენტინელი ფორვარდი უკვე იყო 30 წლის და აქედან გამომდინარე, მას მსურველები პრაქტიკულად არ ჰყავდა.
გარისკა მხოლოდ ინტერნაციონალემ - გუნდმა, რომლისთვისაც ფეხბურთელის ტრანსფერის მიმართებაში ასაკი გადამწყვეტი ფაქტორი არასდროს ყოფილა. ამის გარდა, მილანური კლუბი ყოველთვის იყო არგენტინელი მოთამაშეების მეორე სახლი და შინაური ლომბარდიაში გახდა დიეგოც, თანაც სამუდამოდ. 2009 წლის 1 ივლისს, €28 მილიონის სანაცვლოდ, ჯენოას ფორვარდი "ნერაძურის" შეუერთდა.
"ელ პრინჩიპესთან" ერთად, "გველებმა" ლიგურიიდან ტიაგო მოტაც წამოიყვანეს. იტალიურ გრანდს იმ დროს წვრთნიდა ჟოზე მოურინიო, რომელმაც მასიმო მორატისთან ერთად, მეაცაზე კარდინალური ცვლილებები განახორციელა. როგორც აღვნიშნეთ, მოქმედმა ჩემპიონებმა "გრიფონებიდან" გადმოიბირეს ორი წამყვანი მოთამაშე: მილიტო და მოტა, მაგრამ ამით, პორტუგალიელი ტაქტიკოსის გუნდს სატრანსფერო ბაზარზე ნადირობა დასრულებული არ ჰქონდა.

ინტერნაციონალემ ბარსელონას იბრაჰიმოვიჩში გაუცვალა ეტო'ო და ამის გარდა, დამატებითი 70 მილიონი ევროც მიიღო. სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონის ახალი შემტევი დუეტი შედგებოდა არგენტინელი და კამერუნელი ფორვარდებისგან, მათ უკან კი გამწესდა უესლი სნეიდერი, რომელიც მილანელებმა რეალიდან გაიფორმეს.
სიახლეები იყო "ნერაძურის" დაცვის ხაზშიც - ბაიერნიდან ლუსიო ფერეირა იქნა დამატებული. იტალიური გუნდის 2009/2010 წლების სეზონის სატრანსფერო კამპანია დღემდე ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდ და ამის მტკიცებულება არის ის, თუ რას მიაღწიეს "გველებმა" სეზონის ბოლოს.
მოურინიოს გუნდმა მოიგო ყველაფერი - ჩემპიონთა ლიგა, სერია ა და კოპა იტალია. ეს წარმატება წარმოუდგენელი იქნებოდა დიეგოს გარეშე, რომელმაც 52 შეხვედრაში 30 ბურთი შეაგდო. მეაცას ბინადრების ფორვარდმა ითამაშა უდიდესი როლი თავისი გუნდის ჯერ ჯგუფიდან გასვლაში, შემდეგ კი ფინალამდე მისვლაში.

ინტერნაციონალეს პლეიოფში მოწინააღმდეგედ ჰყავდა ლონდონის ჩელსი, მოსკოვის ცსკა და კატალონიური გრანდი - "ელ პრინჩიპემ" თითოეულ მათგანს შეუგდო. რაც შეეხება ფინალს, ის სწორედ მილანელთა 22-ე ნომრის ბენეფისად იქცა: დუბლი მიუნხენელთა კარში და მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ლომბარდიელთათვის პირველი, 1965 წლის შემდეგ.
მილიტო დასახელდა ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად, უეფას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და თავდამსხმელად, ასევე სერია ა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად და სერია ა-ს წლის საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელადაც. ყველაფერი ჰგავდა ზღაპარს: უფლისწულად წოდებული არგენტინელი ფორვარდი ნამდვილი მეფე გახდა.

ტრებლის შემდეგ
2009/2010 წლების ტრიუმფალური სეზონის შემდეგ, ინტერნაციონალემ მწვერვალზე ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხა. გუნდიდან წავიდა მოურინიო, რაც დასასრულის დასაწყისის მომასწავებელი გამოდგა. პორტუგალიელი ტაქტიკოსი შეცვალა რაფა ბენიტესმა, მაგრამ სეზონის შუაში მილანელებს უკვე სხვა სპეციალისტი დასჭირდათ.
მორატის არ უფიქრია დიდხანს და სეზონის გადარჩენის მიზნით სწრაფ ტემპში მან ლეონარდო არაუჟო მოიყვანა. მისია ვერ შესრულდა: "ნერაძურიმ" სკუდეტო გადაულოცა მეზობელ მილანს, ჩემპიონთა ლიგაზე კი მოქმედი ტრიუმფატორი 1/4 ფინალიდან გამოვარდა. აღსანიშნავია, რომ ერთი სტადიით ადრე, "გველებმა" ბაიერნს კიდევ ერთხელ მოუგეს.
ამ ყველაფერმა ჩაიარა მილიტოს გარეშე, რომელმაც სეზონის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა. ვეტერანმა თავდამსხმელმა სულ რაღაც რვა გოლის შეგდება შეძლო. 2011/12 წლების სეზონი: კიდევ უფრო დიდი ქაოსი, რომელშიც როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, არგენტინელმა ფორვარდმა წარმატებით მოახდინა კარიერის რეანიმირება მეაცაზე.

მორატიმ სეზონის დაწყების წინ თავის გუნდში მოიყვანა დიეგოსთვის კარგად ნაცნობი გასპერინი, თუმცა ხუთ მატჩში ოთხი მარცხის შემდეგ, მას კვლავ ახალი სპეციალისტის ძებნა მოუწია. ინტერის გადარჩენა ჯერ დაევალა კლაუდიო რანიერის, შემდეგ კი ანდრეა სტრამაჩიონის, მაგრამ უშედეგოდ... ტრიპლეტის მომგები გუნდისგან მხოლოდ აჩრდილიღა იყო დარჩენილი.
მილანური კლუბი ჩავარდა ღრმა კრიზისში, თუმცა ეს ყველაფერი თითქოს არ ეხებოდა მის ვეტერან თავდამსხმელს, რომელმაც იმ სეზონში მეორე ახალგაზრდობა განიცადა: 41 შეხვედრაში შეგდებული 26 ბურთი, ჰეთ-თრიქი "როსონერისთან" და მე-2 პოზიცია კალჩოს საუკეთესო გოლეადორთა რბოლაში.
"ელ პრინჩიპეზე" მეტი გაიტანა მხოლოდ იბრაჰიმოვიჩმა, ისე, როგორც ეს სამი წლით ადრე მოხდა. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ვეტერანი ფორვარდი იმ მომენტისთვის უკვე 33 წლის იყო. საინტერესოა ისიც, რომ კალჩოს ერთ კალენდარულ წელიწადში, 2012 წელს, "ნერაძურის" 22-ე ნომერმა შეაგდო 28 ბურთი, რაც საუკეთესო შედეგი იყო.

რაც შეეხება მილიტოს გვიანდელ კარიერას, 2013 წელს მან გაიწყვიტა ჯვარედინი მყესები, რითაც თავისი ევროპული თავგადასავალი პრაქტიკულად დაასრულა. უმძიმეს ტრავმამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა არგენტინელი ფორვარდის ბოლო გაელვება: "გველებმა" დაასრულეს ტურინის იუვენტუსის 49-თამაშიანი წაუგებელი სერია, თანაც სტუმრად, ალიანცზე.
ჯუზეპე მეაცას ბინადრებმა "ბებერი ქალბატონი" დაამარცხეს 3:1 და სერია ა-ს იმდროინდელი დომინანტის კარში დუბლი სწორედ დიეგომ გაიფორმა. ბოლოსთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ინტერის ფორვარდის კიდევ ერთი დუბლი, ამჯერად სასუოლოსთან, 2013 წლის სექტემბერში. ამის შემდეგ, თავისი ადგილი მილანური გუნდის ძირითადში "ელ პრინჩიპემ" მაურო იკარდის დაუთმო.

სახლში დაბრუნება და მემკვიდრე ინტერისთვის
ინტერნაციონალეს დატოვების შემდეგ, მილიტო დაბრუნდა მშობლიურ რასინგში, რომლის შემადგენლობაშიც 2014 წელს ის არგენტინის ჩემპიონი გახდა. დიეგომ აველიანედურ კლუბში ითამაშა კიდევ 2 წელი, რის შემდეგაც დაასრულა კარიერა და სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ფეხბურთიდან წასვლის მიუხედავად, კავშირი მილანურ კლუბსა და არგენტინელ ექს-ფორვარდს შორის დღემდე არ გამწყდარა.
"ნერაძურის" ყოფილი თავდამსხმელის ახალ თანამდებობაზე გადასვლის პერიოდში ბუენოს-აირესის გარეუბანში გამოჩნდა ახალი ამომავალი ვარსკვლავი, ლაუტარო მარტინესი, რომელიც ევროპულმა ტოპ კლუბებმა შენიშნეს ოპერატიულად, მათ შორის "გველებმაც". საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ფორვარდი თავდაპირველად ახლოს იყო მადრიდის ატლეტიკოში გადასვლასთან, მაგრამ ბოლოს მეაცაზე აღმოჩნდა.
არგენტინელი თავდამსხმელის ინტერნაციონალეში ტრანსფერის საკითხში უდიდესი როლი ითამაშა სწორედ "ელ პრინჩიპემ", რომელმაც აუხსნა ახალგაზრდა ფორვარდს, თუ რა ელოდებოდა მას მილანურ კლუბში. რას ვხედავთ დღეს? "ლურჯ-თეთრების" აღზრდილი შემტევი არის ლომბარდიული გუნდის კაპიტანი და ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი.

"ნერაძურის" ათიანის ანგარიშზეა 147 გოლი და მასზე მეტი ბურთი შავ-ლურჯი მაისურით მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს აქვს გატანილი. ამის გარდა, მან "გველებში" მოასწრო 7 ტიტულის მოგება და ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში. სამწუხაროდ, "ელ ტორომ" ვერ შეძლო ლომბარდიული კლუბისთვის ლეგენდარული 22-ე ნომრის წარმატების გამეორება: მეაცას ბინადრებმა დასკვნით მატჩში მანჩესტერ სიტისთან წააგეს.
სიმონე ინძაგის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებას ეცდება მიმდინარე სეზონშიც და დღეს, 2023 წლის ვიცე-ჩემპიონებს ელით ურთულესი გამოცდა ბაიერნთან: სწორედ იმ კლუბთან, რომელთანაც მილიტომ 15 წლის წინანდელ ფინალში დუბლი გაიფორმა. ვნახოთ, რას იზამს გერმანულ გრანდთან ამჯერად მისი მემკვიდრე.

#კვარას ჩემპიონობა, მამარდას სუპერმატჩი რეალთან - რა გველის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებში?

















