1987 წელს 21 წლის ასაკში ის გადაბარგდა ამერიკაში, მაგრამ მისი უპირველესი სურვილი არა ფარში ბურთის ჩატენვა, არამედ ექიმობა იყო. კალათბურთის მოყვარულები კოლეჯის მწვრთნელ ჯონ ტომპსონს უნდა უმადლოდნენ, რადგან რომ არა ჯონი მუტომბოს პრიორიტეტად სამედიცინო კარიერა დარჩებოდა - და არა კალათბურთი. მოწადინებული დიკემბე სტიპენდიას-სტიპენდიაზე იღებდა. მედიცინის პარალელურად მუტომბომ სწავლა გააგრძელა ლინგვისტიკისა და დიპლომატიის მიმართულებითაც, ორივე სფეროში კონგოელმა ხარისხია 1991 წელს მოიპოვა. აკადემიურ წარმატებასთან ერთად მუტომბო საკალათბურთო კორტზეც შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის გუნდთან ერთად კარგი გამოსვლა, მისი შთამბეჭდავი ბლოკები და დაცვითი უნარები NBA-ში უყურადღებოდ არ დარჩენიათ. 1991 წელს დენვერ ნაგეტსმა დრაფტზე კონგოელი ცენტრი მე-4 ნომრად აირჩია და აქედან დაიწყო გოლიათი კაცის დიდი მოგზაურობა.

„მთა მუტომბოს“ დაცვითმა უნარებმა კოლეჯის შემდეგ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაშიც დიდი აღფრთოვანება დაიმსახურა, ყველაფერთან ერთად მას ჰქონდა განსაკუთრებული ხელწერა - ბლოკის შემდეგ, ის მარჯვენა საჩვენებელ თითს უქნევდა მოწინააღმდეგეს.
1993-94 წლებში, მუტომბოს ლიდერობით დენვერი პლეი-ოფის ზონაში შეძვრა, დაიკავა რა მე-8 ადგილი. პირველ რაუნდში კოლორადოელებს კონფერენციის გამარჯვებული - სიეტლ სუპერსონიქსი შეხვდათ, რომელმაც სერიაში ანგარიში 2-0 წაიყვანა. თითქოს მარცხი გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ კონგოელი ცენტრის ლიდერობით დენვერმა სერია მოატრიალა და 3-2 იმარჯვა. გახდა პირველი მერვე ადგილზე განთესილი გუნდი, რომელმაც NBA-ის პლეი-ოფის სერიაში კონფერენციის გამარჯვებული დაამარცხა. მუტომბოს დაცვა გამარჯვების მთავარი გასაღები გახდა, მის მიერ შესრულებული 31 ბლოკი, რეკორდულია ხუთმატჩიანი სერიისთვის.
დენვერი პლეი-ოფის მეორე რაუნდში იმ დროს ბობოქარ იუტა ჯაზთან დამარცხდა. დიკემბე მომდევნო წელს All-Star-ის უიქენდზე მიიწვიეს, ამასთან - სტაბილურად დაიწყო საუკეთესო დამცველთა გუნდში მოხვედრა. მან ოთხჯერ მიიღო NBA-ის წლის საუკეთესო დამცველის ჯილდო, ბენ უოლასთან და რუდი გობერტთან ერთად ეს NBA-ის რეკორდია.

დენვერის შემდეგ იყო გამორჩეული სეზონები ატლანტაში. 2001 წლის თებერვალში კონგოელი ჯორჯიიდან პენსილვანიაში გადაბარგდა. ფილადელფიაში გატარებული მცირე პერიოდი მისთვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, მოიგო წლის საუკეთესო მცველის ტიტული და გუნდთან ერთად სუპერფინალი ითამაშა, სადაც შაკისა და კობის ლეიკერსთან დამარცხდა. პენსილვანიის შემდეგ იყო ნიქსსა და ნეტსში გატარებული თითო სეზონი, სიბერის ნავსაყუდელი კი ჰიუსტონში იპოვა, სადაც ხუთი წელი გაატარა და კარიერაც ტექსასში დაასრულა. დენვერმა და ატალანტამ მისი სახელის უკვდავსაყოფად 55 ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოიღეს. 2015 წელს მუტომბო გახდა კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი.
„მთა მუტომბოს“ კალათბურთის პარალელურად ცდილობდა საზოგადოებას დახმარებასა და სამყაროს გაკეთილშობილებას, შექმნა - Dikembe Mutombo Foundation, რათა გაეუმჯობესებინა საცხოვრებელი პირობები მშობლიურ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მუტომბო ხელს უწყობდა კლინიკების მშენებლობას, NBA-ის ვარსკვლავებთან ერთად დაიწყო პროგრამა - კალათბურთი საზღვრებს გარეთ, რომლის მიზანიც აფრიკაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელშეწყობა გახდა. Mutombo Foundation-მა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ააგო და გაარემონტა არაერთი სკოლა, ასევე დააარსა მეცნიერებისა და მეწარმეობის ინსტიტუტი, რომელიც მისი გარდაცვლილი მამის სახელს ატარებს. 2021 წელს მან შექმნა თავისი სახელობის ყავის კომპანია, რომელიც თავდაპირველად კონგოზე იყო ორიენტირებული, რათა საერთაშორისო ვაჭრობაში ქალი მწარმოებლებისთვის ხელი შეეწყო. მუტომბოს არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ადამიანების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.

2022 წელს, ლეგენდარულმა კალათბურთელმა საჯაროდ განაცხადა, რომ იტანჯებოდა უკურნებელი სენით. დიდმა კეთილმა გოლიათმა, ბავშვობაში დასახული მიზანი და ოცნება - გადაერჩინა ადამიანთა სიცოცხლე და შეეცვალა სამყარო უკეთესობისკენ პირნათლად შეასრულა, მაგრამ თვითონ ვერას გახდა ტვინის სიმსივნესთან. კეთილი გოლიათებისა და მზრუნველი ადამიანების ხვედრიც ხომ ასეთია, ყველას ეხმარებიან და თავისი თავისთვის ნაკლებად იცლიან, მუტომბოც ასეთი იყო - „კეთილი ბიჭი სპორტში“, რომელიც პარკეტს მიღმაც ყველას ემახსოვრება. ამიერიდან ცუდისა და ბოროტის მქმნელს დიკემბე მუტომბო თითს ზეციდან დაუქნევს.
ავტორი: ბაკურ ხუბულავა