პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების კარში გოლები სხვადასხვა დროს გაუტანიათ გრიგოლ ცაავას, სოსო ჭედიას, გიორგი მოისწრაფიშვილს, საბა საზონოვსა და გიორგი გაგუას. იყო კიდევ ერთი, თანაც, დუბლით. მართალია, მას არ უთამაშია საქართველოს ეროვნულ გუნდში და არც გვარი აქვს ქართული, მაგრამ ამ შემტევის კავშირი ჩვენს ფეხბურთთან საკმარისზე მეტად მჭიდროა.
საუბარია ალმა-ათის ქაირათის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, ევსტაფი ფეხლევანიდის შესახებ, რომლის საფეხბურთო ფესვები მამის დამსახურებით საქართველოდან მოდის. გავიხსენოთ საბჭოეთის ლეგენდარული ფორვარდი, რომელსაც პირენეელთა U21-ის კარში გატანილი 2 ბურთის გარდა, კარიერაში სხვა არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი ჰქონდა.
ბათუმში დაწყებული გზა, დინამო, ყაზახეთში გადასახლება
როგორც აღვნიშნეთ, ევსტაფის მსგავსად, საფეხბურთო კარიერა ჰქონდა მის მამას, ალკივიად ფეხლევანიდის. 1936-1939 წლებში ის თამაშობდა ბათუმის დინამოში, 1940-1946 წლებში კი უკვე თბილისის დინამოში. საინტერესოა საბჭოელი უკანახაზელის გვარის წარმომავლობაც, რომელიც სათავეს თურქეთიდან იღებს.
"ლურჯ-თეთრების" ყოფილი მცველი იყო თურქეთში მცხოვრები ეთნიკურად ბერძენი მოჭიდავის შთამომავალი და მისი ოჯახის თავდაპირველი გვარი ლაზარიდი გახლდათ. თურქეთში ალკივიადის ბაბუას შეარქვეს ფეხლევან-ოღლი (ფეხლევანი, ანუ მოჭიდავე თურქულ ენაზე), მოგვიანებით კი ფეხბურთელის მამამ ახალ გვარს მისცა ბერძნული ჟღერადობა: ფეხლევანიდი.
საბჭოელი მცველი ბათუმში 1917 წელს მოხვდა. ის თავდაპირველად მამასთან ერთად მუშაობდა საცხობში, შემდეგ კი მის ცხოვრებაში ფეხბურთი შემოვიდა. 30-იანების მიწურულს აჭარულ გუნდში თამაშის შემდეგ, ფეხლევანიდი ამჯერად უკვე დადაქალაქურ დინამოში გადავიდა.
ალკივიადის თანაგუნდელები თბილისში იყვნენ ბორის პაიჭაძე, ავთანდილ ღოღობერიძე, გაიოზ ჯეჯელავა და სხვები. ქართული ფეხბურთის მთავარ გუნდში საბჭოელმა უკანახაზელმა საერთო ჯამში ჩაატარა 65 შეხვედრა, მის ანგარიშზე არის სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონობა და ქვეყნის თასის ფინალში გასვლა.
"ლურჯ-თეთრების" მცველის კარიერა შესაძლოა ყოფილიყო კიდევ უფრო ნაყოფიერი, რომ არა ყაზახეთში გადასახლება 1940-იანი წლების მიწურულს. ფეხლევანიდის ოჯახის წევრების გადასახლება იყო გარდაუვალი, თავად მას კი მისცეს საქართველოში დარჩენის უფლება, მაგრამ მან ოჯახთან ერთად წასვლა აირჩია.
მამის საქმის გამგრძელებელი - დუბლი პორტუგალიასთან, აკრძალული ტრანსფერი ოლიმპიაკოსში
ალკივიადს ჰყავდა ხუთი შვილი და თითოეული მათგანი მამის მსგავსად ფეხბურთს თამაშობდა. ყველაზე ცნობილი მათ შორის იყო ევსტაფი, რომელიც ყაზახური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება. საბჭოელმა ფორვარდმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა ქაირათში, რომლის რიგებში 1980-1989 წლებში მან 294 შეხვედრაში 101 ბურთი შეაგდო.
ფეხლევანიდი დღემდე რჩება ალმა-ათური გუნდის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირად და მას ასევე ეკუთვნის საბჭოური რეკორდი ყველაზე სწრაფი გოლის გატანაში. 1986 წლის 3 სექტემბერს გამართულ შეხვედრაში "შავ-ყვითლების" ფორვარდმა კიევის დინამოს კარი მე-10 წამზე აიღო.
ქაირათის მე-11 ნომერს არასდროს უთამაშია სსრკ-ს მთავარ ნაკრებში, ის შემოფარგლული იყო მხოლოდ 21-წლამდელების გუნდში ასპარეზობით, სადაც მან 1981 წლის 5 ივნისს გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში პორტუგალიის U21-ს 2 ბურთი შეუგდო. "წითლებმა" ის თამაში მოიგეს 4:0 და პირენეელთა დარბევა მე-3 წუთიდან სწორედ ფეხლევანიდიმ დაიწყო.
ცნობისთვის, ევსტაფისთან ერთად, იმ მატჩში მონაწილეობას ვაჟა ჟვანიაც იღებდა. მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და სკანდალური მომენტი ოლიმპიაკოსში ჩაშლილ ტრანსფერს უკავშირდება. 1983 წელს, საბჭოელ ფორვარდს ჰქონდა წინასწარი შეთანხმება პირეოსელებთან, მაგრამ ერთი პირობით: ბერძნულ მხარეს ეს ფაქტი არ უნდა გაეჟღერებინა.
ალმა-ათელების თავდამსხმელმა "თეთრ-წითლებს" სთხოვა დალოდება იმ დრომდე, სანამ ის საბუთებს მოაწესრიგებდა. ფეხბურთელის თხოვნის მიუხედავად, ბერძნულ პრესაში მალევე გაჟონა ინფორმაციამ, რომ კარაისკასის ბინადრები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავს იმატებდნენ.
ეს ყველაფერი გაიგეს სსრკ-ს საელჩოში, იქამდე, სანამ "შავ-ყვითლების" მე-11 ნომერი საბერძნეთში გაფრენას მოასწრებდა. ოლიმპიაკოსში ტრანსფერი დაიბლოკა, თავად ფეხლევანიდის კი ქვეყნიდან 1 წლით გასვლა აეკრძალა. იყო საუბარი პატიმრობაზეც კი. როგორც ვიცით, წითელი კედლის იქით, საქმიანობის სხვა ქვეყანაში გაგრძელება იმ დროს აკრძალული იყო.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ევსტაფიმ ისტორიულ სამშობლომდე მაინც ჩააღწია. მას ჰქონდა მოლაპარაკებები პანათინაიკოსთან, რომელიც პირეოსელების მსგავსად, საბჭოელი ფორვარდის ხელში ჩაგდებას ჯერ კიდევ 80-იანების დასაწყისში ცდილობდა. ტრანსფერი ამჯერად ქაირათის შემტევის ცუდი ფიზიკური ფორმის გამო ჩაიშალა.
ამის მიუხედავად, ალმა-ათელების მე-11 ნომერმა მაინც მოახერხა საბერძნეთში თამაში - 1990-1993 წლებში ლევადიაკოსში, შემდეგ კი 1996 წლამდე ფოკიკოსში. ფეხლევანიდი ყაზახეთში ახსოვთ დღემდე: "შავ-ყვითლების" ბავშვთა აკადემია ატარებს სწორედ მის სახელს და ამის გარდა, ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორის ჯილდო ასევე ევსტაფის სახელობის არის.
საუბარი დავით ყიფიანთან
ფეხლევანიდის საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებებში სხვადასხვა დროს უთამაშია ვლადიმერ გუცაევთან, ვაჟა ჟვანიასა და გურამ აჯოევთან. ამის გარდა, სსრკ-ს ლიგაში ევსტაფის ჩაუტარებია არაერთი შეხვედრა ქართული კლუბებისა და ქართველი მოთამაშეების წინააღმდეგ.
ერთ-ერთი ასეთი მატჩის შემდეგ, საბჭოელ თავდამსხმელს მამის მსგავსად დინამოში გადმოსვლა დავით ყიფიანმა შესთავაზა. ეს მოხდა 1984 წლის 1 ივლისს, როდესაც თბილისელებმა ქაირათთან 0:4 წააგეს. ოლიმპიაკოსში ვერგადასულმა ფორვარდმა იმ შეხვედრაში გაიტანა მე-4 ბურთი, ლეგენდარული ქართველი ფლეიმეიქერი კი იმ დროს უკვე "ლურჯ-თეთრების" დამრიგებლად მუშაობდა.
"მატჩის დასრულების შემდეგ, ყიფიანი დინამოში გადმოსვლის თაობაზე ჩემს დარწმუნებას ცდილობდა. მან მითხრა - "ამ გუნდში თამაშობდა მამაშენი, იგივეს გაკეთებაში შენ რა გიშლის ხელს?". ეს ყველაფერი იყო ძალიან სასიამოვნო, მაგრამ მერჩივნა ქაირათში ვყოფილიყავი პირველი და არა თუნდაც მეორე სადმე სხვაგან. "















