2018 წელს, ერთა ლიგაზე გიორგი ჩაკვეტაძემ ყაზახეთს ულამაზესი გოლი გაუტანა და სწორედ ამ გოლის, ამ დღის შემდეგ დავინახეთ გვირაბში ნათელი შუქი. სანამ კვარაცხელია და სხვა ახალგაზრდები გამოჩნდებოდნენ, ჩაკვეტაძე ქართული ფეხბურთის ტოპ ტალანტი იყო და მთელი იმედებს მასზე ამყარებდნენ.
ეროვნულ ლიგაში ჩაკვეტაძემ, დინამო თბილისთან ერთად, მაღალი დონის მატჩები ჩაატარა და წავიდა გენტში, საიდანაც იწყება ისტორია, რომელსაც, თავად ფეხბურთელსაც რომ ვკითხოთ, თავისი კარიერიდან საერთოდ ამოიღებდა.
გენტში გადასული ჩაკვეტაძე გუნდის ლიდერი იყო, შედეგიანი მატჩებიც ჰქონდა, თუმცა მძიმე ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც სრულფასოვნად დაბრუნება წლების განმავლობაში ვერ შეძლო, ამაში მთავარი დამნაშავე კი კლუბია. ჩაკვეტაძის ტრავმას გენტი არასერიოზულად უყურებდა, დიდ ყურადღებას არ აქცევდა და მოედანზე დაბრუნებული ჩაკვე კვლავ ტრავმებს იღებდა.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გენტისგან დამოუკიდებლად, ჩაკვეტაძემ სხვა სამედიცინო შტაბის წევრების დახმარებით ტრავმა მოირჩინა. გენტს არ სჯეროდა, რომ ძველი ჩაკვე დაბრუნდებოდა და მათთვის სასურველი ფეხბურთელი აღარ იყო, რის გამოც ჯერ ჰამბურგში, შემდეგ სლოვანში გაანათხოვრეს. მისი კარიერა უკან-უკან მიდიოდა და დიდი შანსი იყო, რომ ჩაკვეტაძეს, ბევრი ქართველი ფეხბურთელის მსგავსად, ტრავმების გამო დიდი ფეხბურთი ვერ ეთამაშა.
ჰამბურგსა და სლოვანში ჩაკვეტაძის კლასი და სათამაშო დონე იგრძნობოდა, თუმცა ფიზიკურად ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ იყო, შიშით თამაშობდა, რათა ძველ ტრავმებს თავი კვლავ არ ეჩინათ, ეს ყველაფერი კი თამაშის ხარისხზე აისახებოდა..
2023 წელს გამოჩნდა კლუბი, რომელმაც ჩაკვეტაძე ფეხბურთში დააბრუნა. უოტფორდმა ის იჯარით აიყვანა და მალევე გამოისყიდა. კლუბს ჰქონდა სწორად გაწერილი გეგმა, თუ როგორ უნდა გაეცოცხლებინათ ისეთი ტალანტი, როგორიც ჩაკვეტაძეა. ნაბიჯ-ნაბიჯ უოტფორდმა იმდენი ქნა, დღეს თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ძველი ჩაკვე დაბრუნდა!

გასულ სეზონში ის ჯერ შეცვლიდან შედიოდა, შემდეგ ძირითადის ფეხბურთელი გახდა და მიუხედავად იმისა, რომ შედეგიანი მოქმედებები არ ჰქონდა, მოედანზე დიდ სამუშაოს ასრულებდა. წელს ჩაკვეტაძე გუნდის ლიდერად იქცა და პირველ ორ ტურში ჯერ გოლი გაიტანა, შემდეგ საგოლე გადაცემა გააკეთა.
"ჩაკვეტაძის თამაშის ყურება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ის უდიდესი ტალანტია, რომელსაც საოცარი ტექნიკა და მოძრაობები აქვს. ჩაკვე კარგ ფორმაშია და იმედია, ამ ფორმას შეინარჩუნებს", - განაცხადა უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ.
ჩაკვეტაძის სტატისტიკა წინა ორ მატჩში


გვერდს ვერ ავუვლით ევროპის ჩემპიონატს, სადაც ჩაკვეტაძემ უმაღლესი დონის მატჩები ჩაატარა და ართმევებში საუკეთესოთა შორის მოხვდა. იბრძოდა ყველა ბურთზე, იწყებდა შეტევებს და იყო ელეგანტური, როგორც 6 წლის წინ. დღეს, ჩაკვეტაძე ფიზიკურად ისეა მომზადებული, როგორც არასდროს, აღარც ტრავმის შიში აქვს და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებს.
...და რაც ყველაზე მთავარია - ასეთი მხიარული ჩაკვეტაძე არასდროს გვინახავს. მორიდებული, ჩუმი და თავმდაბალი ჩაკვე გადაიქცა ნაკრების ყველაზე მხიარულ ფეხბურთელად, რომელიც გუნდში კარგ განწყობას ქმნის და ბედნიერია. ბედნიერია იმით, რომ ბევრი სირთულის მიუხედავად, ფეხბურთს თამაშობს.

















