პსჟ V ლივერპული - კვარაცხელია ნაცნობი მეტოქის წინააღმდეგ
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბრუნდება და მოწინააღმდეგედ მას კარგად ნაცნობი გუნდი ჰყავს. როგორც გვახსოვს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ქართველი ვინგერის დებიუტი სწორედ ლივერპულთან იყო. ნაპოლიმ იმ მატჩში ინგლისური გრანდი გაანადგურა 4:1, ხვიჩამ კი ასისტი მიითვალა.
"პარტენოპეის" ყოფილმა ლიდერმა იმ შეხვედრაში უბრალოდ გააწამა "წითლების" ვარსკვლავური მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი. სამი წლის შემდეგ, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ საქართველოს ეროვნული გუნდის მე-7 ნომერი ამჯერად პარის სენ-ჟერმენის მაისურით იქნება.
24 წლის შემტევმა უკვე მოასწრო ისტორიაში შესვლა - ის გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში გოლის გატანა შეძლო. რაც შეეხებათ მერსისაიდელებს, ისინი ითვლებიან ტურნირის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად, რაც ნიშნავს იმას, რომ პსჟ-ს მართლაც ურთულესი გამოცდა ელის.

ატლეტიკო V რეალი - მადრიდული კლასიკა ევროსარბიელზე
ატლეტიკოსა და რეალს ერთმანეთთან აკავშირებთ ძალიან ბევრი რამ, როგორც ლა ლიგაში, ისე უკვე ჩემპიონთა ლიგაზეც. მადრიდელმა მეზობლებმა ითამაშეს ორი ფინალი და ერთი 1/2 ფინალი, ყოველ ჯერზე მოგებული "სამეფო კლუბი" გამოდიოდა. იმ დროს "როხიბლანკოს" ამწარებდნენ კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსი, მაგრამ დღეს ისინი "თეთრებში" აღარ არიან.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, ორივე გუნდი ლა ლიგაში ჩემპიონობისთვის იბრძვის. დიეგო სიმეონეს შეეძლო ყოფილიყო ბევრად უფრო ტიტულოვანი სპეციალისტი, რომ არა "ბლანკოსი", რომელმაც პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზე შეუქმნა "ინდიელებს" პრობლემები. ვნახოთ, შეძლებს თუ არა არგენტინელი ტაქტიკოსი სანატრელი რევანშის აღებას.

სხვა მატჩები
ჩემპიონთა ლიგის ფაზაში ვიხილეთ ბარსელონასა და ლისაბონის ბენფიკას ცეცხლოვანი დაპირისპირება, რომელიც 5:4 დასრულდა. ეს იყო შეხვედრა, რომელსაც აუცილებლად სჭირდებოდა გაგრძელება და საბედნიეროდ, ეს გაგრძელება მივიღეთ კიდეც. არ უნდა დაგვავიწყდეს გერმანული დერბი: მიუნხენის ბაიერნი - ლევერკუზენის ბაიერი.
ჰარი კეინი "რეკორდმაისტერში" გადავიდა ტიტულების მოსაპოვებლად, თუმცა ბუნდესლიგაში გზაზე მას სწორედ "ფარმაცევტები" გადაეღობნენ. ასევე გამოსარჩევია მილანის ინტერისა და როტერდამის ფეიენოორდის დუელი. როგორც გვახსოვს, პლეიოფში ნიდერლანდურმა კლუბმა აჯობა მილანს, ახლა კი ვნახოთ რას იზამენ "ფერმერები" "ნერაძურისთან".
ჩემპიონთა ლიგის დანარჩენ შეხვედრებში ლონდონის არსენალი დაუპირისპირდება სენსაციის კიდევ ერთ ავტორს, პსვ ეინდჰოვენს. დორტმუნდის ბორუსიას მოუწევს ლილთან შეხვედრა, ბირმინგემის ასტონ ვილას კი ბრიუგესთან.


















