24 წლის შემტევმა იმ შეხვედრაში უბრალოდ გააწამა "წითლების" ვარსკვლავური მარჯვენა მცველი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი. სამი წლის შემდეგ, ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ საქართველოს ეროვნული გუნდის მე-7 ნომერი ამჯერად პარის სენ-ჟერმენის მაისურით იქნება. ინგლისელი განაპირა მცველი კი ჯერჯერობით კვლავ მერსისაიდშია.

კვარაცხელიამ უკვე მოასწრო ისტორიაში შესვლა - ის გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგაც შეძლო ბურთის გატანა. რაც შეეხებათ "სქაუზერებს", ისინი ტურნირის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მიიჩნევიან, რაც ნიშნავს იმას, რომ პარის სენ-ჟერმენს მართლაც ურთულესი გამოცდა ელის.
დავუბრუნდეთ სამი წლის წინ გამართულ დაპირისპირებას, როდესაც ხვიჩამ აღაფრთოვანა ენფილდის ბინადრების იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი:
"კვარაცხელია შესანიშნავი ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ თამაში რთულია. ვიცი, რომ იმ მომენტებზე ისაუბრებენ, სადაც ალექსანდერ-არნოლდი ცდილობდა ბურთზე დასწრებას. ხვიჩა ძალიან კარგი ბიჭია, სწრაფია და როცა იწყებს პირველ მოძრაობას, მაშინვე უნდა იყო მასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანახაზელის დაზღვევა არის საჭირო.
ქართველ შემტევს შეუძლია ცენტრში შესვლა და ფლანგზე გაქცევა, სწორედ ამიტომაა მის წინააღმდეგ თამაში ასეთი რთული", - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პსჟ-ში გადასვლამდე, ქართველი შემტევის სახელს ლივერპულსაც უკავშირებდნენ. ერთ-ერთმა ინგლისურმა გამოცემამ აღნიშნული არშემდგარი ტრანსფერის შესახებ დაწერა:
"კვარას მიმართ ლივერპულის ინტერესის შესახებ თავდაპირველად ორნშტეინმა ისაუბრა. ზამთარში ხშირად ვრცელდება უსაფუძვლო სატრანსფერო ჭორები და გუნდებიც იანვარში ხმაურიანი გარიგებებისგან იკავებენ თავს, თუმცა ეს სხვა შემთხვევა იყო. "წითლები" ხვიჩას ტრანსფერით მართლაც ინტერესდებოდნენ.
საქმე ისაა, რომ პარის სენ-ჟერმენმა იმოქმედა უფრო ოპერატიულად და ნაპოლისთანაც დეტალები შეათანხმა. მერსისაიდულმა გუნდმა კი ფრანგებთან ფინანსურ კონკურენციაზე უარი თქვა. "სქაუზერთა" ხელმძღვანელობას მოსწონს ქართველი ვინგერის თამაში, მაგრამ აღნიშნული პოზიციის გაძლიერება პრიორიტეტი არ ყოფილა", - წერდა ბრიტანული პრესა "პარტენოპეის" ექს-ლიდერის შესახებ.

პარიზული გუნდის შვიდიანზე ისაუბრა ენფილდის ბინადრების ამჟამინდელმა მწვრთნელმაც, არნე სლოტმა:
"კვარაცხელია ლივერპულში? - ინგლისში რომ იკითხოთ, ყველა მოთამაშე ყველა გუნდს უნდა. ის დიდებული ფეხბურთელია. სპალეტის დროს, ნაპოლიში ხვიჩას თამაშის ყურება ერთი დიდი სიამოვნება იყო. ის ბრწყინვალე ფორმაშია და პარის სენ-ჟერმენს მისნაირი კარგი შემსრულებლები კიდევ ჰყავს", - განაცხადა ნიდერლანდელმა დამრიგებელმა ქართველი ვინგერის შესახებ.
დღეს, ლივერპულის მწვრთნელი საკუთარი თვალებით იხილავს პსჟ-ს შემტევის რეალურ პოტენციალს. შეხვედრა ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ იმასაც, რომ "წითლებისა" და პარიზელების წყვილში მოგებული ბირმინგემის ასტონ ვილასა და ბრიუგეს შორის ერთ-ერთს შეხვდება.


















