ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მამარდაშვილის დაპირისპირების წინ, გავიხსენოთ სხვა ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევები ჩემპიონთა ლიგაზე, როცა ეროვნულ ნაკრებთა ლიდერები ერთმანეთის პირისპირ აღმოჩენილან. მომენტი, როდესაც კარის აღებაში შენივე თანამემამულე გიშლის ხელს.
ალისონ ბეკერი V ვინისიუს ჟუნიორი
თუ ნაკრებში ალისონისა და ვინისიუსის მისია არის ერთობლივი ძალებით ბრაზილიისთვის ძველი დიდების დაბრუნება, საკლუბო ასპარეზზე დროთა განმავლობაში ისინი ნამდვილ მტრებად იქცნენ. მათი ურთიერთშეხვედრების ისტორია მოიცავს 5 თამაშს: 4-ჯერ მოიგო ჟუნიორმა, 1 დუელიც ფრედ დასრულდა.
დიახ, ბეკერს მადრიდის რეალის თავდამსხმელი მოედანზე არასდროს დაუმარცხებია. ამის გარდა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბრაზილიელმა ფორვარდმა ლივერპულის გოლკიპერის კარი 5-ჯერ აიღო. მათი დუელის კულმინაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2021/22-ის ფინალი, რომელშიც ერთმანეთს სწორედ "სამეფო კლუბი" და მერსისაიდელები დაუპირისპირდნენ.
კარლო ანჩელოტის გუნდმა იმარჯვა მინიმალური ანგარიშით, სწორედ "სელესაოს" ამჟამინდელი ათიანის ერთადერთი გოლით. "წითლებმა" შექმნეს არაერთი სახიფათო მომენტი, მაგრამ გადამწყვეტ ეპიზოდად დარჩა ბრაზილიელი გოლკიპერის მიერ გაშვებული ბურთი 25 წლის თანამემამულე ფორვარდისგან.
ფაბიენ ბარტეზი V ზინედინ ზიდანი
საფრანგეთის ოქროს თაობის წარმომადგენლები, ვინც ნაკრებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა მოუტანეს. აღსანიშნავია, რომ ზიდანი და ბარტეზი "მამლებში" მოხვდნენ ერთ დროს, 1994-ში, წასვლაც მოხდა ანალოგიური, გერმანიაში გამართული მუნდიალის შემდეგ. ამ ყველაფრის პარალელურად, ზინედინი და ფაბიენი საკლუბო ასპარეზზე ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრილან.
ლიგა 1-ში ერთმანეთის წინააღმდეგ გამართულ რამდენიმე მატჩს დაემატა ჩემპიონთა ლიგის 1997/1998 წლების სეზონის ნახევარფინალი, რომელშიც ტურინის იუვენტუსი მონაკოს შეხვდა. პირველი თამაშში კალჩოს წარმომადგენლებმა მოწინააღმდეგე გაანადგურეს 4:1, მათმა ფლეიმეიქერმა კი ჯერ 11-მეტრიანი მოიპოვა, შემდეგ კი "თეთრ-წითლებს" თავადაც შეუგდო.
"ბიანკონერიმ" "თავადებისგან" სერიოზული წინააღმდეგობა ვერც განმეორებით მატჩში იგრძნო (2:3). გავიდა ხუთი წელი და ფრანგი ფლეიმეიქერი კვლავ შეხვდა თავისი ეროვნული გუნდის გოლკიპერს, ამჯერად ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 1/4 ფინალში, 2002/03-ის სეზონში.
საფრანგეთის ნაკრების ათიანი იცავდა რეალის ღირსებას, მისი თანამემამულე მეკარე კი მანჩესტერ იუნაიტედის. პირველ მატჩში საფეხბურთო სამყარომ იხილა 2 ასისტი "ზიზუსგან" და რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, შოუ მოიპარა რონალდო ნაზარიომ, რომელმაც "წითელ ეშმაკთა" 1 ნომერს 3 ბურთი შეუგდო.
ჯანლუიჯი ბუფონი V ფილიპო ინძაგი
მსოფლიო ჩემპიონი იტალიელი ლეგენდები, ვინც ერთმანეთის წინააღმდეგ სერია ა-ში არაერთხელ აღმოჩენილან. ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბრებთ არა კალჩოში მომხდარ მოვლენებზე, არამედ ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2002/03 სეზონის ფინალზე, მილანისა და იუვენტუსის მონაწილეობით.
ტაქტიკურად გადატვირთული 120-წუთიანი უგოლო ფრის შემდეგ, დაინიშნა პენალტების სერია, სადაც გამარჯვებული "როსონერი" აღმოჩნდა. ბუფონმა ტურინელთა მოგებისთვის გააკეთა ყველაფერი, მაგრამ თასი მაინც "დიავოლომ" აღმართა. აუცილებლად სახსენებელია ინძაგის თავური და ჯიჯის უბრალოდ წარმოუდგენელი სეივი.
"ბიანკონერის" მეკარის რეაქციით შოკირებული თავად ფილიპოც დარჩა. რაც შეეხება კულმინაციას, ანუ პენალტების სერიას, ლეგენდარულმა იტალიელმა გოლკიპერმა მოიგერია კლარენს ზეედორფისა და კახა კალაძის დარტყმები, მაგრამ საპირისპირო მხარეს მეფობდა ნელსონ დიდა, რომელმაც 3 პენალტის აღებით, ანჩელოტის გუნდს ჩემპიონობა მოუტანა.
სანტიაგო კანისარესი V რაულ გონსალესი
რეალის აღზრილი ფეხბურთელები, ვინც პარტნიორების რანგში აღმოჩენილან ესპანეთის ნაკრებში, თუმცა საკლუბო ასპარეზზე მათი პაექრობა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალამდეც კი მივიდა. 1999/00 სეზონის მთავარი მატჩი: მადრიდში ბრწყინავდა რაული, ვალენსიას კი კანისარესის სახით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი ჰყავდა.
ფინალი დასრულდა "სამეფო კლუბის" დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0. "ღამურების" განადგურებაში საბოლოო წერტილი სწორედ გონსალესმა დასვა. აღსანიშნავია, რომ 1 სეზონის შემდეგ, სანტიაგო წააგებს კიდევ ერთ ფინალს, ამჯერად მიუნხენის ბაიერნთან 11-მეტრიანების სერიაში.
"ლოს ჩესის" მეკარე დამაჯერებელი იქნება მთელი 120 წუთის განმავლობაში და პატრიკ ანდერსონის პენალტსაც მოიგერიებს, თუმცა საპირისპირო მხარეს მდგომი ოლივერ კანი 3 დარტყმას აიღებს. რაც შეეხება ბერნაბეუს ბინადრების ფორვარდს, ფორტუნა მას გაუღიმებს კიდევ ერთხელ და 2002-ში მორიგ ჩემპიონობას აჩუქებს.
იკერ კასილასი V ფერნანდო ტორესი
მადრიდული კლუბების, რეალისა და ატლეტიკოს აკადემიების ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლები, ვინც ესპანური ფეხბურთის აღმავლობაში უდიდესი როლი ითამაშეს. ევრო 2008-ის მოგებიდან რამდენიმე თვეში, კასილასი და ტორესი ერთმანეთს მთავარი საკლუბო ტურნირის 1/8 ფინალში შეხვდნენ.
ფერნანდო იმ მომენტში ითვლებოდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად და არსებობს ასეთი მოსაზრება - ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ რომ არა, ბალონ დ'ორს 2008-ში მოიგებდა სწორედ ლივერპულის ფორვარდი, რომელმაც თავისი კლასი "სამეფო კლუბთან" შეხვედრებშიც დაამტკიცა.
მერსისაიდულმა გუნდმა პირველ მატჩში "ლოს ბლანკოსი" დაამარცხა გასვლაზე, განმეორებით დაპირისპირებაში კი უკვე სახლში, ანგარიშით 4:0. ბერნაბეუს ბინადრების დარბევა დაიწყო სწორედ ესპანელმა ფორვარდმა, რომელიც აღმოჩნდა შეუჩერებელი, როგორც იკერისთვის, ისე, დანარჩენი გუნდისთვისაც.
ტიბო კურტუა V კევინ დე ბრუინი
ახალი ათწლეულის დაწყებით, ჩემპიონთა ლიგამ გვაჩუქა მორიგი ევროპული დერბი, რეალისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირების სახით. ეს კლუბები ერთმანეთს ხვდებიან პრაქტიკულად ყოველ სეზონში, მთავარ როლებში ხშირად სწორედ დე ბრუინი და კურტუა აღმოჩენილან. კევინი შედეგიანი ქმედებებით, ტიბო კი სეივებით.
"ქალაქელების" ყოფილმა კაპიტანმა მადრიდული გუნდის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩებში ჩაიწერა ოთხი გოლი და ოთხი ასისტი, რაც ნამდვილად დიდებული შედეგია. გამოსარჩევია ისიც, რომ როცა მოგებულები გამოდიოდნენ "სამეფო კლუბის" მოთამაშეები, ეს დიდწილად მათი გოლკიპერის დამსახურება იყო.
ბელგიელი ფეხბურთელების დაპირისპირებას დაძაბულობის გრადუსს მეგობარი გოგონას ფაქტორიც მატებდა. საუბარია კაროლინა ლიინენის შესახებ, რომელმაც წარსულში ნაპოლის ამჟამინდელ მე-11 ნომერს სწორედ 33 წლის გოლკიპერთან უღალატა. თავად ქალბატონის მტკიცებით, მან ეს გააკეთა შურისძიების მიზნით, რადგან "ქეიდიბი" თავადაც ღალატობდა მას.
ნელსონ დიდა V რონალდინიო გაუჩო
ბრაზილიაში დაწყებული დაპირისპირება, რომელმაც გადაინაცვლა ჩემპიონთა ლიგაზეც, ბარსელონასა და მილანის ორწლიან დუელში. ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 2004/05 სეზონის ჯგუფური ეტაპი: რონალდინიო თავისი კარიერის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ბურთს სწორედ დიდას უტანს.
საუბარია მატჩის შესახებ, რომელშიც კატალონიურმა გუნდმა "როსონერი" დაამარცხა ანგარიშით 2:1, გაუჩოს მიერ 89-ე წუთზე გატანილი ბურთით. "ბლაუგრანასა" და "დიავოლოს" დუელი გაგრძელდა შემდეგ სეზონშიც, ამჯერად 1/2 ფინალში, რომელშიც 2 შეხვედრის ჯამში გავიდა 1 გოლი: კამპ ნოუს ბინადრების ლიდერის ასისტი ლუდოვიკ ჟიულიზე და ანჩელოტის გუნდი ტურნირს ეთიშება.
მოგვიანებით, ბრაზილიელი შემტევი სან სიროზე თავადაც აღმოჩნდა. რაც შეეხება ლეგენდარული შემსრულებლის კარიერის დასკვნით ეტაპს, ის დაბრუნდა სამშობლოში და ნელსონს კიდევ 4-ჯერ შეხვდა. საუბარია პერიოდზე, როცა ბარსას ყოფილი მე-10 ნომერი თამაშობდა მინეიროში, მილანის ექს-გოლკიპერი კი გრემიოსა და პორტუგეზაში.
ედერსონ მორაესი V როდრიგო გოესი
კიდევ ერთი წყვილი რეალისა და მან სიტის დაპირისპირებებიდან. მათი დუელი მოიცავს რვა მატჩს, სამჯერ იმარჯვა ედერსონმა, ოთხჯერ - როდრიგომ, ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა. პირველ რიგში სახსენებელია ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ცვლილება ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში.
საუბარია 2021/2022 წლების სეზონის ნახევარფინალის შესახებ, სადაც მადრიდული გუნდი მანჩესტერელებთან მარცხდებოდა 90-ე წუთამდე, რითაც ფინალის საგზურის გარეშე რჩებოდა. "სამეფო კლუბს" გადამრჩენელად მოევლინა სწორედ გოესი, რომელმაც 2 წუთის შუალედში (90, 90+1) მორაესის კარი 2-ჯერ აიღო.
ანჩელოტის გუნდის ლეგენდად ქცეულ ქამბექში საბოლოო წერტილი ქარიმ ბენზემამ დასვა. როგორც აღვნიშნეთ, ბრაზილიელი თავდამსხმელი მოედანზე შემოვიდა ცვლილებიდან, 68-ე წუთზე და სულ რაღაც 22 წუთში მან "ქალაქელთა" ფინალში გასვლის გეგმები თავდაყირა დააყენა. 1 სეზონის შემდეგ, პეპ გუარდიოლას გუნდი ბერნაბეუს ბინადრებს გაანადგურებს 4:0-ს, რითაც რევანშს აიღებს.
მანუელ ნოიერი V ტონი კროოსი
ნოიერმა და კროოსმა გერმანიის ნაკრებს მოუტანეს მსოფლიო ჩემპიონობა, ბაიერნს კი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება. კონკურენტები, თანაც ევროპის მასშტაბით, ისინი გახდნენ მას შემდეგ, რაც ტონი რეალში გადავიდა. თავად ფლეიმეიქერს მთავარ საკლუბო ტურნირზე არ აუღია მანუს კარი, მაგრამ ის აკეთებდა ყველაფერს, იმისთვის, რომ ეს მადრიდელთა სხვა მოთამაშეებს შეძლებოდათ.
მაგალითად ვინისიუსს, ვინც ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონის ნახევარფინალის პირველ მატჩში ანგარიში სწორედ მიუნხენელების ექს-ფლეიმეიქერის ასისტით გახსნა. საინტერესოა ისიც, რომ მას არასდროს წაუგია "ბუნდესთიმის" გოლკიპერთან ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე.
დიახ, გერმანელი მეკარის ანგარიშზე თანამემამულე ნახევარმცველის წინააღმდეგ არის სამი გამარჯვება, თუმცა ბუნდესლიგასა და თასზე, ჯერ კიდევ გელზენკირხენის შალკეში თამაშის დროს. "რეკორდმაისტერის" 1 ნომერი მიმდინარე სეზონში კვლავ შეხვდება "სამეფო კლუბს", მაგრამ ამჯერად "სნაიპერის" გარეშე.
ედვინ ვან დერ სარი V კლარენს ზეედორფი
ლეგენდარული ფეხბურთელები, ვისაც ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებთ. ამსტერდამის აიაქსში დაწყებული გზა, რომელიც დაგვირგვინდა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოგებით, ასევე, საფრანგეთში გამართული მუნდიალის 1/2 ფინალი და სენსაცია, შემდეგ მსოფლიო თასზე ვერმოხვედრის სახით.
ზეედორფმა და ვან დერ სარმა ერთმანეთის გვერდიგვერდ 149 მატჩი ჩაატარეს. რაც შეეხება მათ მეტოქეობას, პირველად ეს მოხდა სერია ა-ში, როცა კლარენსი თამაშობდა ინტერნაციონალეში, ედვინი კი იუვენტუსში. იტალიური დერბის ერთ-ერთ შეხვედრაში ლიგის 4-გზის ჩემპიონმა ფლეიმეიქერმა ტურინელთა გოლკიპერის კარიც აიღო.
რაც შეეხება უშუალოდ ჩემპიონთა ლიგას, 2006/2007 წლების სეზონის ნახევარფინალში გამარჯვებული გამოვიდა მილანის ნახევარმცველი - გოლს+ასისტი 2-რაუნდიან დუელში. 3 წლის შემდეგ, ნიდერლანდელმა გოლკიპერმა შეძლო რევანშის აღება, მაგრამ თანამემამულე ფლეიმეიქერისგან 1 ბურთი კვლავ გაუშვა.
გიორგი მამარდაშვილი V ხვიჩა კვარაცხელია
მსგავსი სტილის დაპირისპირებებში ამიერიდან შეგვხვდება ქართულიც - კვარაცხელია და მამარდაშვილი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვის იბრძოლებენ. ხვიჩა, პარის სენ-ჟერმენთან ერთად არის მოქმედი ჩემპიონი და მას ლივერპულთან მოგების გამოცდილებაც უკვე აქვს.
როგორც გვახსოვს, ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის მერვედფინალში მერსისაიდული გუნდი პსჟ-სთან პენალტების სერიაში დამარცხდა. გიორგი იმ დროს უკვე იყო "წითლების" საკუთრებაში, მაგრამ განათხოვრების წესით თამაშობდა ვალენსიაში, წელს კი ის ინგლისური კლუბის სრულფასოვანი წევრია.
ვნახოთ, როგორ გამოიყენებს ქართველი მეკარე ალისონის ტრავმით განპირობებულ შესაძლებლობას. მეტოქე მართლაც სოლიდურია - გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე ზედიზედ მე-2 ჩემპიონობას უმიზნებს. ეს ყველაფერი საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტნის ლიდერობით, რომელმაც 1/8 ფინალში ლონდონის ჩელსი უბრალოდ გაანადგურა.















