მიუნხენი, ალიანს არენა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის ინტერი პარი სენ ჟერმენს დაუპირისპირდება. იტალიელები მეოთხედ შეეცდებიან ტიტულის მოგებას, პარიზელებისთვის კი პირველი იქნება. ინტერს პირველი ორი ტიტული ელენიო ერერას დროს აქვს მოგებული, როცა მათ გუნდში ჯიაჩინტო ფაკეტი, ჟაირი, ლუის სუარესი და სანდრო მაცოლა თამაშობდნენ. მესამე ჟოზე მოურუნიუმ მოაგებინა, ახლა კი სიმონე ინძაგი ეცდება თავისი სახელის უკვდავყოფას.
პარიზელებს ერთი ფინალი აქვთ ნათამაშები, პანდემიის ჟამს მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდნენ და ახლა მათივე მოედანზე შეეცდებიან ისტორიაში პირველად მოიგონ ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული.
ქართველებისთვის დიდი ამბავია, ხვიჩა კვარაცხელია გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მოგების შემთხვევაში მეორე ქართველი გახდება ჩემპიონთა ლიგის ტიტულით. განვლილი გზის გათვალისწინებით კვარაცხელია ამ ტიტულს იმსახურებს და მიუხედავად სტატისტიკისა, (დემბელეს უკეთესი აქვს) არა მგონია, პარიზელებს მასზე სახიფათო მოთამაშე ჰყავდეს.
ჯერ კიდევ დარასელიას თასზე
ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, ის მეოცნებე ბავშვი მუდმივად ცოცხლობს ჩვენში, მერე კიდევ ყველა თავისივე გზას ემსგავსება, თავისივე არჩევანს, მაგრამ არის რაღაც რაც რჩება, იგივე მარად. კვარას ვუყურებ და მის შემთხვევაში ეს თავმდაბლობაა. სულ მასიმილიანო გალოს პასუხი მახსენდება, ნეაპოლელი ჟურნალისტის, ეს კაცი დღემდე კვარას დიდი ქომაგია, ნაპოლიში გადასვლის მერე გავესაუბრე და მიუხედავად კვარას უამრავი კარგი თვისებისა, პირველ რიგში, მითხრა რა კეთილშობილი სახე აქვსო.
კვარასა და ინტერის ისტორია ჯერ კიდევ 2017 წელს იწყება დარასელიას თასზე, აჭრელდა ამ ფოტოებით სოციალური ქსელები, იქ გადადგა პირველი ნაბიჯი და ახლა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო. თუ რამე აკლდათ მოზარდ ქართველებს საერთაშორისო გამოცდილება იყო, მახსოვს მშვენიერი გუნდი გვყავდა 92-იანებს, ყველა შეხვედრას დიდი ანგარიშით ვიგებდით და გვეგონა, რომ ჩვენი მჯობნი არავინ იყო, მაგრამ ჩვენი მწვრთნელი გიორგი დევდარიანი მაინც უკმაყოფილო რჩებოდა, ჩვენ კიდევ არ გვესმოდა, როგორ შეიძლება მატჩი 8:0 მოიგო და მწვრთნელი უკმაყოფილო იყოს, ის ხედავდა, რომ მეტოქე არ იყო კარგი საზომი, მოზარდს კი ძალიან უჭირს ამის გააზრება და გაცნობიერება, თუ თავად არ ნახა, თავად არ გამოცადა ისე რას გაიგებს, საერთაშორისო მატჩები კი მაშინ საერთოდ არ ტარდებოდა.
*დარასელიას თასი, 2017 წელი (c) დინამო თბილისი
ასე რომ, უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირმა, ყოველ წელს გეძლევა შესაძლებლობა გაიგო რაში და რამდენად ჩამორჩები მეტოქეს, ეგ გაძლევს იმის ცოდნას რა უნდა გააუმჯობესო და როგორ. ითამაშა ხვიჩამ ინტერის წინააღმდეგ და ნახა, რომ ყველასთან თამაში შესაძლებელია. ნაკლიც გამოჩნდა, გამოჩნდა კი არა, გავიგონე კიდეც, გადახედავთ იუთუბზე იმ მატჩის ფრაგმენტებს და იმჟამინდელი მწვრთნელის ყვირილსაც გაიგონებთ - კვარაცხელია პაასიიიი!! ამ მომენტში ბურთს კარგავს ხვიჩა და ინტერის შეტევა იწყება. ესეც საჭირო გამოცდილება, წავიდა ვიტამინებივით. უკვე ნაპოლიში ზუსტად იცოდა როდის უნდა წასულიყო დრიბლინგზე და როდის უნდა ეთამაშა პასით.
ჯერ კიდევ მოსკოვის ლოკომოტივში გადასვლამდე, როცა 17-წლამდელთა ნაკრებში ითამაშა, რუსეთს რომ სასწაული გოლი შეუგდო, The Guardian-მა 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის სიაში შეიყვანა, ისიც და ზურიკოც. მისი ტალანტის შესახებ უკვე ბევრმა შეიტყო და გაჩნდა კიდეც ინტერესი, თუმცა, მაინც რუსეთისკენ აიღო გეზი. ეგ კიდევ მონეტის აგდებას ჰგავს, ან გაგიმართლებს ან არა. ან გადარჩები, ან ვერა. თუ ვინმეზე კეთილი სიტყვა გვეთქმის იური სიომინია, ქართველების მიმართ ყოველთვის კარგად იყო განწყობილი, კვარასაც კარგად ექცეოდა და ხვიჩა არ ივიწყებს ამას, მაგრამ აბა შეხედეთ რა გამოიარა, ნორმალური კონტრაქტიც არ დაუდეს, საშინლად მოექცნენ, სიომინის ცრემლებზე ბევრი დაწერილა, კლუბის ხელმძღვანელებმა კიდევ დიდი ტალანტი დაკარგეს.
წავიდა რუბინში და აქ უკვე ურთულესი იყო ისევ იმ ლიანდაგზე დარჩენილიყო, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავობამდე მიიყვანდა. შარონოვის ხელში ბევრი იწვალა, რადგან მეტწილად მარჯვენა ფლანგზე ათამაშებდა, ჩვენ კიდევ ვიცით, რომ ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ ავლენს, ფიზიკურადაც ეტაპობრივად უმატებდა. მერე როგორც იქნა ეს კაცი წავიდა და სლუცკის მოსვლიდან იწყება ხვიჩას ძალიან სწრაფი პროგრესი. რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრა და იმედგაცრუება - არავინ მასში 20 მილიონი არ გადაიხადა. შოთა არველაძისგან ვიცით, რომ ეს თანხა ატლეტიკომ არ გადაიხადა, აქაოდა, ჟოაუ გვყავს მაგის პოზიციაზე 120 მილიონად ნაყიდი და აბა რად გვინდაო, არ გადაიხადა არც აიაქსმა, ოვერმარსს უთქვამს კონტრშეტევების ფეხბურთელია და მაქსიმუმ 13 მილიონი ღირდესო, ვილი სანიოლმა გაგვანდო ლიგა ერთის გუნდებს შევთავაზე კვარაცხელია, მაგრამ ვერავინ გარისკა 20 მილიონის გადახდაო, ჰოდა, არ შედგა კვარას ტრანსფერი ზამთარში და მაგარი მოწყენილიც ჩანდა ზამთრის პაუზის მერე, ამ დროს ყველა ღელავდა, როგორ გაგრძელდება ამ ნიჭიერი ბიჭის კარიერაო და როგორც იქნა ვიღაც ღვთისნიერი მიხვდა დასავლეთში რომ რუსეთი უნდა დაასანქცირონ.
არა სწორი ნათქვამია - ომმა გვიშველა, ზოგი ჭირი მარგებელიაო.
სწორია - სანქციებმა გვიშველეს, თორემ, ომი ადრეც ყოფილა, 2008-ში რუსეთმა საქართველო დაბომბა, 2014-ში უკრაინაში შეიჭრა. უბრალოდ, მაშინ არავინ ადამიანად არ ჩააგდეს და შერჩა რუსეთს ყველაფერი. ახლა კიდევ სანქციებმა ბორკილები მოხსნა კვარაცხელიას, კონტრაქტისგან გათავისუფლდა და საითაც მოუნდა იქეთ გაფრინდა. რომ არა ეს სანქციები, მინიმუმ ორი წელი კიდევ რუბინში გაჩერდებოდა, მე კიდევ უკვე ვეღარ წარმომიდგენია ბოლო 2-3 წელი კვარაცხელიას დასავლური თავგადასავლის გარეშე, ჩემი კი არა, ქვეყნის ცხოვრებაც ვერ წარმომიდგენია ამის გარეშე.
ინტერის კარში
ქართველებს შეუგდიათ ინტერთან, აშვეთიას, მჭედლიძეს, კალაძეს, მაგრამ ყველაზე გამორჩეული, რა თქმა უნდა, დავით ყიფიანის გოლი იყო, უკვე მაგრად მობერებულ ფაქეტის ბურთი მოჰპარა და ლამაზი გოლიც შეაგდო, 1977 წლის უეფას თასის პირველ რაუნდში. ფაკეტი უკვე ასრულებდა თავის ლეგენდარულ კარიერას, ეს მისი ბოლო სეზონი იყო, ყიფიანი კიდევ ნელ-ნელა უახლოვდებოდა თავისი და თბილისის დინამოს, ასევე, მთელი საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ დაგროვდა ეს გამოცდილება და მერე მოხდა ის, რაც მოხდა.
*ფოტო: Guerin Sportivo | ინტერი 0-1 დინამო თბილისი (გოლი დავით ყიფიანი 78') | 14.09.1977
ინტერის კარში ჯერ არ შეუგდია გოლი ხვიჩა კვარაცხელიას, მილანის კარში თავისი ბოლო გოლი შეაგდო ნაპოლის მაისურით, მაგრამ ინტერთან გოლი არ ყოფილა. ერთი კია, ის ძველი მატჩები სერია ა-ში მაგრად წაადგება, მჭიდრო მეურვეობა და ხისტი თამაში უცხო არ იქნება. ჩვენ კიდევ ვხედავთ, რომ ხვიჩა დიდი პროფესიონალია, ამას ჩვენ კი არა, უკვე მთელი მსოფლიოც ხედავს, თავისი “მე” უკანა პლანზე ჰყავს გადაწეული და ირჯება ისე, როგორც რიგითი ფეხბურთელი, შეიძლება ითქვას, რომ საოცნებო ფეხბურთელია ნებისმიერი მწვრთნელისთვის, გყავს ვარსკვლავი, რომელიც რიგითივით შრომობს, აბა სხვა რა უნდა ინატროს კაცმა?!
ფაქტობრივად ეგო მოკლა ამ სეზონში, მასზე მეტად არავის უყვარს არც დრიბლინგი და არც კაცის მოტყუება, მაგრამ გუნდს რაც სჭირდება იმას აკეთებს, ამ ყაიდის, ასეთი ნიჭით გამორჩეული ქართველისგან ასეთი თავმდაბლობა მე პირადად არ მახსენდება, რომელი სპორტის სახეობაც გინდათ ის აიღეთ, არაფერი მსგავსი არ მინახავს.
ჰოდა, ვნახოთ მიუნხენი.















