საქართველოს ნაკრები
საქართველოს ნაკრებმა, როგორც ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა გერმანიაში გამართულ ტურნირზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. საინტერესოა, რომ "ჯვაროსნების" 6 მოთამაშე ერთი წლის წინ გამართულ ახალგაზრდულ ტურნირზეც იყო. ესენი არიან: გიორგი მამარდაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი და გაბრიელ სიგუა.
ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების მოწინააღმდეგეები პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია იყვნენ. აუტსაიდერებად შერაცხულმა მასპინძლებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულეს წაუგებლად და 5 ქულით პირველი პოზიციაც დაიკავეს. "თეთრ-წითლებმა" პირველ მატჩში ანგარიშით 2:0 მოუგეს ფავორიტ პირენეელებს, ისე როგორც "უფროსებმა" ევრო 2024-ზე.

რამაზ სვანაძის გუნდის მხრიდან გოლები გიორგი გაგუამ და საბა საზონოვმა გაიტანეს. შემდეგ იყო უხვგოლიანი ფრე "ეშმაკებთან" (2:2) და კიდევ ერთი ყაიმი "მფრინავ ჰოლანდიელებთანაც" (1:1). პირველ შემთხვევაში საქართველომ თამაშში დაბრუნება შეძლო 0:2-ის შემდეგ, დიახ, 51-ე წუთამდე "ბენილუქსელები" 2-ბურთიანი უპირატესობით იგებდნენ.
წიტაიშვილისა და გულიაშვილის დამსახურებით კი 87-ე წუთისთვის უკვე 2:2 იყო. რაც შეეხება "ნარინჯისფერებთან" შეხვედრას, დავითაშვილის ულამაზეს გოლს რამდენიმე წუთში უპასუხა ტეილორმა, შედეგად კი 1:1. 1/4 ფინალში "ჯვაროსნებს" ელოდა ისრაელის ეროვნული გუნდი, რომელთანაც 120-წუთიანი უგოლო მატჩის შემდეგ, მოგებული ვერ გამოვლინდა.
დაინიშნა პენალტების სერია, რომელშიც ჩვენს ნაკრებს იღბალმა ზურგი აქცია. გაგუასა და ხვადაგიანის არაზუსტი დარტყმების შემდეგ, მასპინძლები ბრძოლას გამოეთიშნენ. "თეთრ-წითლების" შემადგენლობაში ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იყო მამარდაშვილი, რომელმაც პირველი მატჩის გარდა, ყველა თამაშში შეუცვლელად ითამაშა.

ფინალისტების განვლილი გზა
როგორც აღვნიშნეთ, ფინალში ერთმანეთს "ფურია როხა" და "სამი ლომი" დაუპირისპირდა. ვიცე-ჩემპიონმა ჯგუფში დაამარცა რუმინეთი და ხორვატია, უკრაინასთან კი ფრე ითამაშა. 7 ქულა, პირველი პოზიცია და 1/4 ფინალის ოვერტაიმში შვეიცარიასთან მოგება. რაც შეეხება 1/2 ფინალს, პირენეელები კვლავ შეხვდნენ "ლურჯ-ყვითლებს", რომლებიც ამჯერად 5:1 გაანადგურეს.
ბრიტანელებმა თავის მხრივ ჯგუფური ეტაპი გაიარეს ერთი ამოსუნთქვით და სამიდან სამი გამარჯვება მოიპოვეს. ანგარიშით 2:0 დამარცხებული იქნა ჩეხეთი, ისრაელი და გერმანია. 1/4 ფინალში ფეხბურთის დამაარსებლებმა მინიმალური ანგარიშით მოუგეს პორტუგალიას, 1/2 ფინალში კი კიდევ ერთხელ ისრაელს.
ცნობისთვის, ლი კარსლის გუნდში თამაშობდნენ კოულ პალმერი და ენტონი გორდონი, რომლებიც წლევანდელ ტურნირზე გარეტ საუთგეიტის განკარგულებაშიც არიან. რაც შეეხება ბათუმში გამართულ ფინალს, კიორტის ჯონსის ბურთით, ინგლისმა 1:0 მოიგო. საინტერესოა, რა შედეგით დასრულდება წლევანდელი დაპირისპირება.


















