თურქეთი - საქართველო, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და დრამატული შეხვედრა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა. დაძაბულობა, ბოლო წუთამდე ბრძოლა, ლამაზი გოლები, კომბინაციები, სახიფათო მომენტები, იღბლიანი და უიღბლო ეპიზოდები, მეტი ეპიკურობისთვის კი კოკისპირული წვიმა, ყველაფერი ეს გუშინდელ მატჩის თანმდევი იყო.
ბოსფორელთა დომინირებით დაწყებული დაპირისპირება, რომელშიც "ჯვაროსნებმა" მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც საბოლოო ანგარიში მატჩის მიმდინარეობას სულაც არ ასახავს. ჩვენს ნაკრებს შეეძლო თამაშის, მინიმუმ, ფრედ დასრულება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ მოხდა.
"მთვარის ვარსკვლავების" წარმატებაში უდიდესი როლი არდა გულერისა და კენან ილდიზის დუეტმა ითამაშა, მათ ბრწყინვალედ მოახერხეს მოწინააღმდეგის უკანახაზში არსებული თავისუფალი ზონების გამოყენება. ცალკე გამოსარჩევი იყო "წითლების" მიერ ბურთის შეგდებები და საჯარიმოში დატრიალებული შემდგომი არეულობები.

ვინჩენცო მონტელას გუნდის პირველი გოლიც სწორედ ამ ყველაფრის შედეგია - "თეთრ-წითლები" უმარტივესად უშვებდნენ მოწინააღმდეგეს საჯარიმოში, ბურთის წართმევის შემდეგ კი აშკარა იყო ბურთის ამოტანის, ან თუნდაც მოშორების პრობლემა. პირველი ბურთის შემდეგ, თურქეთმა მიაყოლა მეორეც, მაგრამ 2:0 ტაბლოზე თამაშგარეს გამო არ აციმციმდა.
გოლის გაუქმებამ ვილი სანიოლის შეგირდებს თითქოს მუხტი და ფსიქოლოგიური უპირატესობა მისცა, რის შედეგადაც პირველი ტაიმის მეორე ნახევარი უკვე ევრო 2024-ის დებიუტანტების კარნახით წარიმართა. საქართველოს ეროვნული გუნდის თამაშისთვის რიტმის მიმცემად მოგვევლინა გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც წარმატებით ახერხებდა როგორც ბურთის ართმევასა და მეტოქის შეტევის ჩაშლას, ისე - თამაშის გამწვავებასაც.
სწორედ ლევანტეს ნახევარმცველმა შექმნა "ჯვაროსნების" მთავარი მომენტები, მათ შორის გოლიც - შეტევის სიღრმიდან წამოწყების შემდეგ, ისე მოხდა რომ გიორგი მიქაუტაძეზე ასისტი მან გააკეთა. ქართველი შუახაზელი თავადაც ძალიან ახლოს იყო ბურთის შეგდებასთან, მაგრამ მას არ გაუმართლა, ბოსფორელთა კარი ხარიხამ იხსნა.

ჩვენმა ნაკრებმა თანამედროვე ფეხბურთი ითამაშა - ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანა, ნახევარმცველების მიერ ერთმანეთში პოზიციების ცვლა, პრესინგი და ბურთის ფლობა. დიახ, ბოლო კომპონენტში "წითლები" უფრო დამაჯერებლები იყვნენ (56% - 44%), მაგრამ მათვის ძალიან რთული იყო სანიოლის შეგირდებისთვის ბურთის წართმევა.
საქართველოს შეეძლო ერთზე მეტი გოლის გატანა, თანაც სხვადასხვა სტილში. საფეხბურთო ევროპამ გუშინდელი შეხვედრა მიმდინარე ტურნირის ჯერჯერობით საუკეთესო დაპირისპირებად მონათლა და ამ ყველაფერში ლოგიკა ნამდვილად არის. ეს იყო ემოციურად დატვირთული მატჩი, არაერთი დასამახსოვრებელი მომენტითა და ულამაზესი გოლებით.

ორივე ნაკრებმა, საერთო ჯამში, კარში 36-ჯერ დაარტყა, რაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია. გუშინდელმა შეხვედრამ აჩვენა, რომ "ჯვაროსნები" არ არიან დამოკიდებულები ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე, მათ შორის არც ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც ობიექტურად, საუკეთესო მატჩი ნამდვილად არ ჩაუტარებია.
იყო დრო, როდესაც სხვაობა ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებებსა და ჩვენებს შორის უდიდესი იყო, თუმცა ახლა სულ სხვა სიტუაციაა. კონტინენტის პირველობაზე გასვლით "თეთრ-წითლებმა" დაწერეს ისტორია და ახალი თავის წერას ისინი უშუალოდ ტურნირზე აგრძელებენ. ველით ჩეხეთთან მატჩს, წარმატების მიღწევის იმედი ნამდვილად არის.


















