შემადგენლობა
დავიწყოთ უკანახაზით - ესპანეთის ნაკრების კარში რიკარდო ზამორას ჯილდოს ახალი მფლობელი, უნაი სიმონი იქნება, რომელიც ასევე, 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზეც თამაშობდა. ბილბაოს ატლეტიკის კარის დარაჯის წინ, მადრიდის რეალთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის მომგები დუეტი, დანი კარვახალი და ნაჩო ფერნანდესი იქნებიან.
ასევე, გამოსარჩევია ლევერკუზენის ბაიერის ერთ-ერთი ლიდერი, ალექს გრიმალდო და "ფურია როხას" იმედისმომცემი ახალწვეული, დანიელ ვივიანი. სხვა უკანახაზელები: უბერებელი ხესუს ნავასი, ემერიკ ლაპორტი, მარკ კუკურელია და რობინ ლე ნორმანი. "წითლებში" ასევე ელოდებოდნენ ბარსელონელ ტალანტებს, ალეხანდრო ბალდესა და პაუ კუბარსის, მაგრამ როგორც ვხედავთ, ევრო 2024 მათ გარეშე ჩაივლის.
ნახევარდაცვა - ფეხბურთელი, რომლის მაღალი კლასი ერთი გუნდის მთლიან შუახაზს - როდრი ერნანდესი. პირენეელთა მთავარი ვარსკვლავი სწორედ მანჩესტერ სიტის ჩამშლელი იქნება. ლუის დე ლაფუენტეს განკარგულებაში ასევე არის პედრი გონსალესი, რომელსაც ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა.

საბედნიეროდ, ესპანელი ნახევარმცველი ნელ-ნელა თავის ოპტიმალურ ფორმას უბრუნდება. კატალონიური გუნდიდან წარმოდგენილი აგრეთვე არის ფერმინ ლოპესი, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ასევე გამოსარჩევია დუეტი სან სებასტიანის სოსიედადიან: მარტინ ზუბიმენდი და მიკელ მერინო.
თავდასხმაში ვხვდებით ესპანეთის ნაკრების უცვლელ წევრს, ალვარო მორატას, რომელიც ეროვნული გუნდის კაპიტნობამდეც მომწიფდა. ფლანგებიდან მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდს დაეხმარებიან მიკელ ოიარსაბალი, დანი ოლმო, ფერან ტორესი, ნიკო უილიამსი და უნიჭიერესი ლამინ იამალი, რომელიც ევრო 2024-ის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე იქნება.

მწვრთნელის ფაქტორი
ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი დე ლა ფუენტე არის, რომელიც უკვე 10 წელიწადზე მეტია, რაც ეროვნული გუნდის სისტემაშია. 2013-2021 წლებში, ლუისი მუშაობდა "ფურია როხას" სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში, 2022 წლიდან კი ის მთავარი ნაკრების დამრიგებელია. მისი ხელმძღვანელობით "წითლებმა" ჩაატარეს 14 მატჩი, აქედან 10 მოიგეს, 2 ითამაშეს ფრედ, 2 კი წააგეს.
ესპანელ მწვრთნელს მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი, თანაც ორჯერ - 2015 წელს, 19-წლამდელებთან ერთად, ოთხი წლის შემდეგ კი 21-წლამდელებთან ერთადაც. პირენეელთა დამრიგებელმა ერთა ლიგის 2022-23 წლების სეზონიც მოიგო. მის ასაკობრივ გუნდებში ყოველთვის იყვნენ ოიარსაბალი და მერინო, რომლებიც ევრო 2024-ზეც იქნებიან.
62 წლის მწვრთნელი დიდ დროს უთმობს ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარებას. რაც შეეხება მის სათამაშო სტილს, ესპანეთის ნაკრებისთვის დამახასიათებელი დომინირება ბურთის ფლობით, პასები და შეტევები. ერთი სიტყვით, დე ლა ფუენტე თავისი წინამორბედების ტრადიციების გაგრძელებას ცდილობს.

ძლიერი და სუსტი მხარეები
მართალია, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა არ არის ისეთი ვარსკვლავური, როგორიც 2000-იანი წლების მეორე ნახევარსა და 2010-იანების დასაწყისში იყო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის 3-გზის ტრიუმფატორის ჩამოწერას ვერავინ გაბედავს. "ფურია როხა" კვლავ გააკეთებს აქცენტს იმაზე, რაშიც საუკეთესოა: ბურთის კონტროლი.
"წითლებში" თამაშობენ როგორც გამოცდილი შემსრულებლები (კარვახალი, მორატა, ნაჩო, როდრი), ისე იმედისმომცემი ახალგაზრდებიც (პედრი, უილიამსი, ფერმინი, იამალი), რაც გუნდის მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს. რაც შეეხება დამრიგებელს, მის გარშემო აზრი ორად იყოფა: დე ლა ფუენტეს მიიჩნევენ პირენეელთა როგორც ძლიერ, ისე სუსტ წერტილადა.

ესპანელი მწვრთნელის დადებითი მხარე ის არის, რომ მას ძალიან კარგად შეუძლია ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. ამის გარდა, ის დიდი ხანია ესპანეთის ეროვნული გუნდის სისტემაში მუშაობს, თანაც ლუისის ანგარიშზე ერთა ლიგის ტიტულიც არის. უარყოფითი მხარე: მას არ აქვს დიდ ფორუმზე მუშაობის გამოცდილება.
დიახ, "ფურია როხას" მწვრთნელი იგებდა ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატებსა და ხდებოდა ოლიმპიური თამაშების ფინალისტი, თუმცა კონტინენტის პირველობა, სადაც თავმოყრილნი არიან მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები, მაინც სხვა განზომილებაა. შეიძლება ითქვას, რომ 62 წლის დამრიგებელს კარიერის მთავარი გამოცდა წინ ელის.

გასავლელი გზა
"სიკვდილის ჯგუფი", იტალიასთან, ხორვატიასა და ალბანეთთან ერთად. ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამივე გუნდთან მას დადებითი ბალანსი აქვს. "ფურია როხამ" "სკუადრა აძურას" მოუგო 40-დან 15 მატჩი, 12-ჯერ დაფიქსირდა საპირისპირო შედეგი, 13-ჯერ კი - ფრე. ბოლო 4 ევროპის ჩემპიონატზე ეს გუნდები ერთმანეთს რეგულარულად ხვდებოდნენ.
რაც შეეხება ხორვატიას, 10 შეხვედრა - ექვსჯერ იმარჯვეს "წითლებმა", ერთ თამაშში დაფიქსირდა ფრე, სამი მოგება კი 2018 წლის მსოფლიო ვიცეჩემპიონების ანგარიშზეა. ალბანეთთან მიმართებით ყველაფერი მარტივად არის: 8/8 მოგება. სწორედ დადებითი ბალანსის გათვალისწინებით, "სიკვდილის ჯგუფში" ფავორიტად პირენეელები მოიაზრებიან.

აღნიშნული ჯგუფის გამარჯვებული პლეიოფში შეხვდება ერთ-ერთ მესამეადგილოსანს და ცნობისთვის, კანდიდატებს შორის F ჯგუფის წევრიც არის. დიახ, ეს არ არის ლუის არაგონესისა და ვისენტე დელ ბოსკეს 2008-2012 წლების გუნდი, მაგრამ თავისი კვალის დატოვება დე ლა ფუენტეს კოლექტივსაც შეუძლია.
ესპანეთის ნაკრები ლუისის ხელმძღვანელობით ხდებოდა ერთა ლიგის ჩემპიონი, კონტინენტის პირველობაზე თამაში კი ამ გუნდისთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა. "ფურია როხას" შეუძლია ჩემპიონობა და ის ფაქტი, რომ ამ გუნდის შემადგენლობა არ არის ვარსკვლავური, მნიშვნელოვნად არაფერს წყვეტს.


















