შემადგენლობა
გერმანიის ნაკრების შემადგენლობა დაკომპლექტებულია გამოცდილი, უკვე ლეგენდად ქცეული ფეხბურთელებითა და იმედისმომცემი შემსრულებლებით. მანუელ ნოიერი, ტომას მიულერი, ტონი კროოსი, ილქაი გუნდოგანი, ამ მოთამაშეებს ზედმეტი ჭარდგენა ნამდვილად არ სჭირდებათ. ახალი თაობა: კაი ჰავერცი, ჯამალ მუსიალა, ფლორიან ვირცი, ალექსანდარ პავლოვიჩი.
"ბუნდესნაკრებზე" საუბრისას არ შეიძლება ისეთი ფეხბურთელების გამოტოვებაც, როგორებიც არიან ანტონიო რუდიგერი, იოზუა კიმიხი და ლეროი სანე - მათზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. მადრიდის რეალის ვარსკვლავები (კროოსი, რუდიგერი) ევრო 2024-ზე გამოდიან როგორც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ტრიუმფატორები, მათზე შეგვიძლია გამოვიყენოთ გამოთქმა: "მადა დაგემოვნების დროს მოდის".

განსაკუთრებით ეს ითქმის ტონიზე, რომელიც მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საფეხბურთო კარიერას დაასრულებს. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ გერმანელი გამთამაშებელი ლამაზად წასვლას ეცდება. დიახ, მისი "მანშაფტში" ყოფნა ნამდვილად არ იქნება ფორმალობა, სხვა შემთხვევაში ის უბრალოდ არ დაბრუნდებოდა.
ცალკე გამოსარჩევია მუსიალასა და ვირტცის ერთ გუნდში ყოფნა. მართალია, ისინი თამაშობენ ერთ პოზიციაზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ორივე მათგანს ფლანგზე თამაშიც შეუძლია. საინტერესო იქნება, თუ როგორ გამოიყენებენ ალემანები ახალგაზრდა გამთამაშებლების უსაზღვრო შემტევ პოტენციალს.
განვლილ სეზონში ფლორიანმა მოახდინა ნამდვილი ფურორი - ლევერკუზენის ბაიერის 51-თამაშიანი დაუმარცხებელი სერია, ბუნდესლიგის ჩემპიონობა, ევროპა ლიგის ფინალი და გერმანიის თასი, ეს ყველაფერი გერმანელი გამთამაშებლის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელი იყო. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა მისი წარმატებული სერია ეროვნულ გუნდშიც.

მწვრთნელის ფაქტორი
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი არის იულიან ნაგელსმანი, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე გასული წლის სექტემბრის შემდეგ მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით "ბუნდესნაკრებმა" გამართა 7 მატჩი: 3 მოგება, 2 ფრე და 2 წაგება. გერმანელი დამრიგებელი იმდენად მოტივირებულია თავის საქმეში, რომ მან მიუნხენის ბაიერნში დაბრუნებაზეც კი უარი თქვა.
"მანშაფტის" მწვრთნელი მთელი ძალებით ცდილობს თავისი გუნდის გადაწყობასა და ახალი იდეების შემოტანას. ჯერჯერობით ბოლომდე არც არის დადგენილი, თუ კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ 36 წლის დამრიგებლისგან, რომელსაც საკუთარ გუნდში ასაკით მასზე უფროსი მოთამაშეებიც კი ჰყავს.
ევროპის ჩემპიონატი იქნება ერთგვარი გამოცდა, თუ რას წარმოადგენენ რეალურად ნაგელსმანის მიერ გაწვრთნილი ალემანები. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი გათვლილია 2026 წლამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ დამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, იულიანი თავის გუნდში მომავალ მუნდიალზეც იქნება.

ძლიერი და სუსტი მხარეები
გერმანიის ნაკრების ძლიერ მხარეს წარმოადგენს გამოცდილი ფეხბურთელების ფაქტორი. ეროვნული გუნდის ვეტერანები დღემდე თამაშობენ უმაღლეს დონეზე და მოტივაციის ნაკლებობას არცერთი მათგანი არ განიცდის. კროოსის გარდა, გამოსარჩევები არიან ნოიერი, მიულერი და გუნდოგანი, რომლებისთვისაც ევრო 2024 დიდი ალბათობით ბოლო სანაკრებო ტურნირი იქნება.
ამის გარდა, როგორც აღვნიშნეთ, "ბუნდესნაკრების" მხარეს იქნება სახლში თამაშის ფაქტორი. რომელიმე სხვა გუნდისთვის შესაძლოა ეს ყოფილიყო დამატებითი ზეწოლა, მაგრამ არა "მანშაფტისთვის", რომელიც წნეხს არასდროს გაურბოდა. გავიხსენოთ თუნდაც ასევე გერმანიაში ჩატარებული 2006 წლის მუნდიალი, რომელზეც ალემანები გავიდნენ 1/2 ფინალში, სადაც მომავალ ჩემპიონთან, იტალიასთან წააგეს.
სუსტ მხარედ შეგვიძლია მივიჩნიოთ ნაგელსმანის გუნდის დაცვა, სადაც რუდიგერისა და კიმიხის გარდა, დიდი ფეხბურთელები არ ფიგურირებენ. ობიექტურად, გერმანიის ეროვნულ გუნდს პრობლემები აქვს უკანახაზის მარცხენა ფლანგზე და ამის გარდა, ფორვარდის პოზიციაზეც. ვნახოთ, როგორ შეძლებს იულიანი პრობლემური ზონების ამოვსებას.

გასავლელი გზა
გერმანიის ნაკრების მოწინააღმდეგეები ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან შვეიცარია, უნგრეთი და შოტლანდია. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები არიან ფავორიტები, თანაც გამოკვეთილად. ამ ჯგუფში პირველ პოზიციაზე გასული გუნდი შეხვდება C ჯგუფის მე-2 ადგილოსანს (ინგლისი, დანია, სერბეთი, სლოვენია).
"ბუნდესნაკრების" მესამე ადგილზე გასვლა არც განიხილება. საინტერესო ფაქტი - ამ ნაკრებს თავისი ისტორიის მანძილზე ყველაზე მეტი შეხვედრა ჩატარებული აქვს შვეიცარიასთან, რომელსაც 53 მატჩიდან 36 მოუგო. 8 თამაში დასრულდა ფრედ, 9 კი წაგებით. შოტლანდიასთან ასევე დადებითი ბალანსია: 17 მატჩი, 8 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება.
რაც შეეხება უნგრეთს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნაკრები არის "მანშაფტის" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მოწინააღმდეგე - 37 შეხვედრა, 13 გამარჯვება, 12 ფრე და 12 წაგება. დიახ, შემადგენლობის სიძლიერითა და გამოცდილებით ნაგელსმანის გუნდი დომინანტია, მაგრამ "მადიარებებს" ყოველთვის შეუძლიათ სიურპრიზის შემოთავაზება.


















