შემადგენლობა
ნაკრები, რომელსაც აქვს იმის ფუფუნება, რომ ერთ შემადგენლობაში ჰყავდეს ჰარი კეინი, ჯუდ ბელინგემი, ფილ ფოდენი, ბუკაიო საკა, კოულ პალმერი, დეკლან რაისი და სხვები. ეროვნული გუნდი, რომლის განაცხადში ადგილი ფიზიკურად ვერ მოიძებნა მარკუს რაშფორდისთვის, ჯეკ გრილიშისთვისა და ჯეიმს მედისონისთვის.
რომელი ნაკრები იტყოდა მათზე უარს? ინგლისს კი მათი ევროპის ჩემპიონატზე წაყვანის საჭიროება უბრალოდ არ აქვს. რაც შეეხებათ გამოცდილ მოთამაშეებს, პირველ რიგში, გამოსარჩევია ზემოთ ხსენებული კეინი და ასევე, კაილ უოკერიც, რომელიც, სოლიდური ასაკის მიუხედავად (34 წელი), თავისი ადგილის დათმობას არ აპირებს.
შეიძლება ითქვას, რომ განვლილმა საკლუბო სეზონმა ძირითადად "სამი ლომის" ფეხბურთელების გარშემო იტრიალა. ბელინგემმა მადრიდის რეალის შემადგენლობაში საუცხოო სადებიუტო სეზონი ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. ჯუდი, ასევე, გახდა ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირისა და პრიმერას საუკეთესო მოთამაშე.

"სამეფო კლუბის" შემტევი ნახევარმცველი ოქროს ბურთის მოპოვების უმთავრესი კანდიდატია, ისევე როგორც ფოდენი, რომელმაც მანჩესტერ სიტის პრემიერ ლიგის მორიგი ტიტული მოაგებინა. ფილი, ასევე, გახდა ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე. ერთი სიტყვით, ბრიტანელთა განკარგულებაში არის ეპლ-ისა და პრიმერას ორი საუკეთესო მოთამაშე.
არ შეიძლება კეინის გამოტოვებაც, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენის ბაიერნის შემადგენლობაშიც ვერაფერი მოიგო, 45 შეხვედრაში მან გაიტანა 44 ბურთი, რითაც ოქროს ბუცი დაიბევა. ბოლოს კი პალმერი, რომელმაც "ქალაქელებიდან" წასვლის შემდეგ, წარმატებით მოახდინა კარიერის რეანიმირება ლონდონის ჩელსიში.
"არისტოკრატების" კრიზისი გრძელდება, თუმცა ეს ყველაფერი თითქოს არ ეხება კოულს, რომელმაც სეზონი 25 გატანილი გოლით დაასრულა. როგორც ვხედავთ, ფეხბურთის დამაარსებელთა შემტევი პოტენციალი მართლაც უსაზღვროა. ვნახოთ, როგორ ითამაშებენ ეს სუპერ შემსრულებლები ერთად თავიანთი ქვეყნის ეროვნული გუნდისთვის.

მწვრთნელის ფაქტორი
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კვლავინდებურად გარეტ საუთგეიტია - დამრიგებელი, რომლის მიმასამართით პრეტენზიები ყოველთვის არის. დიახ, "სამი ლომის" თავკაცმა თავისი გუნდი გაიყვანა ევრო 2020-ის ფინალსა და 2018 წლის მუნდიალის 1/2 ფინალში, მაგრამ მას ყოველთვის ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ბრიტანელთა უძლიერესი შემადგენლობით ჩემპიონობაც შესაძლებელი იყო.
ცალკე გამოსარჩევია ტაქტიკა და თამაშის ხარისხი. გულშემატკივრებს ფეხბურთის დამაარსებელთა თამაში წარმოდგენილი აქვთ, როგორც თანამედროვე, სუპერ შემტევი და სწრაფი, მაგრამ ამის ნაცვლად, ინგლისელი თავკაცის მიდგომაში ხშირად იკვეთება პრაგმატიზმი და გადამატებული სიფრთხილე. ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდებით.

ძლიერი და სუსტი მხარეები
ინგლისის ნაკრების ძლიერი მხარე იმალება იმ სუპერ თაობასა და შემადგენლობაში, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი. ინდივიდუალურ კომპონენტებში, "სამი ლომის" წევრები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან და ამის გარდა, მათ მხარეს თამაშობს მოტივაციის ფაქტორიც, ისტორიის მანძილზე მხოლოდ ერთი ჩემპიონობა, 1966 წელს, შინაურ მუნდიალზე. ახლა კი ახალი მწვერვალების დაპყრობის დროა!
მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი იქნება ფეხბურთის "სახლში დაბრუნების" იდეალური მომენტი, საუთგეიტი თუ ამას ვერ დააორგანიზებს, ის უნდა წავიდეს, სხვა ვარიანტი უბრალოდ აღარ არსებობს. მივადექით ბრიტანელთა სუსტ მხარეებს და ამ შემთხვევაში თვალშისაცემია 3 ხელისშემშლელი ფაქტორი.
პირველი - ისმის კითხვა: ფეხბურთის დამაარსებელთა შემადგენლობა გარეტისთვის ზედმეტად ვარსკვლავური ხომ არ არის? მწვრთნელისთვის, რომელმაც იცის, თუ რას ნიშნავს ვარსკვლავებთან მუშაობა, ეს არ იქნებოდა პრობლემა, მაგრამ ობიექტურად, ინგლისის ეროვნული გუნდის ამჟამინდელი თავკაცი ასეთი არ არის.

53 წლის მწვრთნელი დგას სერიოზული გამოცდის წინაშე - "სამი ლომის" ყველა ტოპ ფეხბურთელს შემადგენლობაში მოუნახოს ადგილი და მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოს ისინი. რამდენად გამოუვა ეს საუთგეიტს, რთული სათქმელია, რადგან იგივე ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი რომ ავიღოთ, ლივერპულსა და ბრიტანელთა ეროვნულ გუნდში, ის სხვადასხვა მოთამაშეა.
გარეტი ვერ იყენებს მერსისაიდელთა მარჯვენა მცველის პოტენციალს სრულად, ის მის ტაქტიკაშიც კი არ ჯდება. ახალგაზრდა ფლანგელს ხშირად შუახაზშიც უწევს თამაში.
ფეხბურთის დამაარსებელთა მე-2 ხელისშემშლელი ფაქტორი: ფსიქოლოგიური ზეწოლა, მოლოდინი და ფავორიტობის მუდმივი სტატუსი.

უკვე სტერეოტიპად ჩამოყალიბდა, რომ ინგლისის ნაკრები აბსოლუტურად ყველა ტურნირზე ჩადის ფავორიტის რანგში, თუმცა ბოლოს მაინც მარცხდება. ვნახოთ, რამდენად მოხდება გარდატეხა ამჯერად.
ბოლოს კი მე-3 ხელისშემშლელი ფაქტორი, რომელიც საკადრო პრობლემებს ეხება: ჯონ სტოუნსს არ ჰყავს მისი დონის შესაფერისი მეწყვილეები უკანახაზში.
უოკერის მიმართ პრეტენზიები არ არის, თუმცა ცენტრალურ ზონაში და მარცხენა ფლანგზე, ობიექტურად თუ შევაფასებთ, სიცარიელეა. ეს ფაქტი არის "სამი ლომის" თავკაცის კიდევ ერთი თავსატეხი. პრობლემური ზონების წარმატებით ამოვსების შემთხვევაში, ინგლისელი დამრიგებელი მინიმუმ, სირთულეების ნახევარს მოაგვარებს.

გასავლელი გზა
ინგლისის ნაკრების მოწინააღმდეგეები ჯგუფურ ეტაპზე იქნებიან დანია, სერბეთი და სლოვენია. თუ მიზანი არის ჩემპიონობა, ულაპარაკოდ, აღნიშნული ჯგუფი პირველი პოზიციით უნდა იქნას გადალახული. დანიის წინააღმდეგ "სამ ლომს" ჩატარებული აქვს 22 მატჩი: 13 მოგება, 5 ფრე და 4 წაგება. ეს გუნდები ერთმანეთს ევრო 2020-ის 1/2 ფინალშიც შეხვდნენ.
სერბეთთან ბრიტანელებს 2003 წელს ჩატარებული აქვთ ერთი ამხანაგური შეხვედრა, რომელიც მათი გამარჯვებით დასრულდა. სლოვენიასთან 6 შეხვედრაში 5 მოგება და 1 ფრე. როგორც ვხედავთ, ფეხბურთის დამაარსებლები თავის მეტოქეებს ყოველთვის აღემატებოდნენ. ვნახოთ, რა იქნება ევრო 2024-ზე.


















