შემადგენლობა
იტალიის ნაკრების ძლიერი მხარე უკანახაზია, სადაც კარში უცვლელი ადგილი უჭირავს წინა ევროპის ჩემპიონატის მთავარ გმირს - ჯანლუიჯი დონარუმას. მის წინ განლაგებულები იქნებიან ერთმანეთში კარგად შეთამაშებული ფედე დიმარკო, ალესანდრო ბასტონი და მატეო დარმიანი. "სკუადრა აძურას" ჰყავდა კიდევ ერთი უკანახაზელი მილანის ინტერიდან, ფრანჩესკო აჩერბი, მაგრამ ის ტრავმის გამო გუნდს გამოაკლდა.
მარჯვენა ფლანგს გაამაგრებს ნაპოლის კაპიტანი, ჯოვანი დი ლორენცო. ასევე, უნდა გამოვარჩიოთ ცენტრალური მცველები, რომლებმაც გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, ალესანდრო ბონჯორნო და რიკარდო კალაფიორი. "ლურჯების" განკარგულებაში იქნება რომას ერთ-ერთი ლიდერიც, ჯანლუკა მანჩინი.
ნახევარდაცვაში ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი არის ჟორჟინიო ფრელო, თუმცა ის, დიდი ალბათობით, სათადარიგოთა სკამზე დარჩება. აპენინელთა შუახაზი ნიკოლო ბარელასა და ლორენცო პელეგრინის გარშემო იტრიალებს, მათ კი დაეხმარებიან ბრაიან კრისტანტე, დავიდე ფრატეზი, ნიკოლო ფაჯოლი და მაიკლ ფოლორუნშო.

რობერტო მანჩინის ევროპის ჩემპიონი გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო ფედერიკო კიეზა, რომელმაც წინა კონტინენტის პირველობის შემდეგ, ბევრი უსიამოვნება გამოიარა. იტალიელი ვინგერი გააწამა ტრავმებმა, მაგრამ საბედნიეროდ, ევრო 2024-ს ის სრულ მზადყოფნაში ხვდება.
ტურინის იუვენტუსის გარემარბის გვერდით იქნება ძველი დუეტი სასუოლოდან - ჯანლუკა სკამაკა და ჯაკომო რასპადორი. ლუჩანო სპალეტის გუნდში განსაკუთრებით დიდი იმედები მყარდება პირველ მათგანზე, რომელმაც წარმატებით შეძლო კარიერის რეანიმირება ბერგამოს ატალანტაში. სხვა შემტევები: სტეფან ელ შაარავი, მატია ძაკანი და მატეო რეტეგი.

მწვრთნელის ფაქტორი
იტალიის ნაკრებში გასული წლის სექტემბრიდან სპალეტი მუშაობს, რომელიც "პარტენოპეიში" ჩადენილი გმირობის შემდეგ, საერთაშორისო ასპარეზზე გადაერთო. ლუჩანოს ხელმძღვანელობით "სკუადრა აძურამ" ჩაატარა 10 მატჩი, აქედან 6 მოიგო, 3 ითამაშე ფრედ, 1 კი წააგო. ის არის ძალიან მომთხოვნი სპეციალისტი, რაც "ლურჯების" მომზადებაზეც აისახა.
იტალიელმა მწვრთნელმა თავის შეგირდებს სანაკრებო შეკრების დროს აუკრძალა Playstation-ის თამაში იმისთვის, რომ ფეხბურთელებს კონცენტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონოდათ. აპენინელთა სპეციალისტი ჯერ კიდევ იდეალური ფორმულის ძიებაშია და მხოლოდ შესარჩევებზე დაფიქსირებული შედეგებით მისი მუშაობის შეფასება რთულია.
ის, თუ რას წარმოადგენს 65 წლის მწვრთნელის მიერ გაწვრთნილი იტალიის ნაკრები ყველაზე კარგად სწორედ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე გამოჩნდება. სპალეტის ტიტულის მოსაგებად სულაც არ სჭირდება ვარსკვლავებით დახუნძლული შემადგენლობა, ეს მან ნაპოლიში მუშაობის დროსაც დაამტკიცა.

ძლიერი და სუსტი მხარეები
როგორც აღვნიშნეთ, იტალიის ნაკრების ძლიერი მხარე, შემადგენლობის თვალსაზრისით, არის უკანახაზი, სადაც ძირითად ბირთვს "ნერაძურის" ფეხბურთელები წარმოადგენენ. გამოსარჩევია "შავ-ლურჯების" კიდევ ერთი ლიდერი, ამჯერად შუახაზიდან, ბარელა. რაც შეეხებათ ევრო 2020-ის გმირებს, რომლებიც ეროვნულ გუნდში დღემდე არიან: დონარუმა და კიეზა.
მართალია, ჯანლუიჯის პარის სენ-ჟერმენში სირთულეები ჰქონდა პარის სენ-ჟერმენში, თუმცა "სკუადრა აძურაში" ის ყოველთვის ამტკიცებდა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კარის დარაჯის სტატუსს. ფედეს შესახებ კი უკვე ვისაუბრეთ, თუ ის ფორმაშია, მისი გაჩერება ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის ურთულესი ამოცანა იქნება.
რა არის "ლურჯების" სუსტი მხარე? - ის ფაქტი, რომ ფეხბურთელების კლასის გათვალისწინებით, მათი შემადგენლობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება კონკურენტების დონეს. ობიექტურად თუ ვიტყვით, თუნდაც საფრანგეთის, ინგლისისა და პორტუგალიის ეროვნული გუნდების განაცხადებში ბევრად უფრო მაღალი კლასის მოთამაშეებს შევხვდებით, ვიდრე იტალიის განაცხადში.

გასავლელი გზა
იტალიის ნაკრები მოხვდა ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში", ესპანეთთან, ხორვატიასა და ალბანეთთან. მოსალოდნელია ყველაფერი, როგორც პირველი პოზიციით პლეიოფში გასვლა, ისე ტურნირის ნაადრევად დასრულებაც. "სკუადრა აძურას" ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე "ფურია როხა" იქნება, რომელთანაც ურთიერთმატჩებში უარყოფითი ბალანსი აქვს.
40 შეხვედრაში "ლურჯებმა" იმარჯვეს 12-ჯერ, ფრედ დასრულდა 13 თამაში, 15 შემთხვევაში კი "წითლებმა" მოიგეს. როგორც მოწინააღმდეგე, პრობლემური არის ხორვატიაც, რომელსაც აპენინელებმა 9 მატჩიდან მხოლოდ 1 მოუგეს. 5 თამაში დასრულდა ფრედ, დანარჩენი 3 შეხვედრაში კი ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა წააგეს.
ალბანეთთან კი ყველაფერი წესრიგშია, იტალიელების ანგარიშზე ოთხიდან ოთხი გამარჯვებაა. მართალია, აპენინელები ფავორიტებად მიიჩნევიან, თუმცა მათი გზა სირთულეებით არის სავსე. სპალეტის გუნდისგან გასაკვირი არ იქნება როგორც მაქსიმალურად შორს გასვლა, ისე ტურნირის ნაადრევად დასრულებაც. ერთი სიტყვით, ნებისმიერი შედეგი მოსალოდნელია.


















