შემადგენლობა
საფრანგეთის ნაკრების მთავარი ვარსკვლავი უდავოდ არის კილიან მბაპე, რომლისთვისაც მოახლოებული ევროპის ჩემპიონატი პირველი ტურნირი იქნება მადრიდის რეალის მოთამაშის რანგში. ცხადია, ფრანგი ფორვარდი პარის სენ-ჟერმენის დატოვების შემდეგ სულ სხვა მოტივაციით იქნება. მის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება.
"სამეფო კლუბის" თავდამსხმელის გვერდით იქნება ანტუან გრიზმანი, რომელიც, ასევე, "მამლების" მამოძრავებელი ძალა არის. არ შეიძლება ოლივიე ჟირუს გამოტოვებაც, რომელიც სოლიდური ასაკისა და მლს-ში ტრანსფერის მიუხედავად, ფეხბურთისგან დაღლას ნამდვილად არ უჩივის. ფრანგი ფორვარდისთვის ეს იქნება ბოლო დიდი სანაკრებო ტურნირი და ცხადია, ის ლამაზად წასვლას გეგმავს.
"ლურჯების" თავდასხმაში იმდენად დიდი კონკურენციაა, რომ სათადარიგოთა სკამზე შესაძლოა დარჩეს სერია ა-ს ახალგამომცხვარი ჩემპიონი, მარკუს ტურამი, რომელსაც მილანის ინტერში სადებიუტო სუპერ სეზონი ჰქონდა. სხვები: ტრიო პსჟ-დან ოსმან დემბელე, რანდალ კოლო მუანი და ბრედლი ბარკოლა.

ერთმა წარმატებით მოახდინა კარიერის რეანიმირება პსჟ-ში, მეორე კი დღემდე ასოცირდება ემილიანო მარტინესის სეივთან, რაც ნიშნავს იმას, რომ გალების ქომაგთა თვალში მას ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. რაც შეეხება მესამეს, ის დიდიე დეშამის გუნდისა და პარიზული გრანდის ერთ-ერთი მთავარი ამომავალი ვარსკლავია.
საფრანგეთის ნაკრების თავდასხმაში ასევე, არის კინგსლი კომანიც, რომელიც ტიტულების მოსაპოვებელ გზაზე ნამდვილი თილისმაა. ასეთია ევროპის ჩემპიონატის ფავორიტების შეტევა. რაც შეეხება შუახაზს: ევროსეზონის ახალგაზრდა ტრიუმფატორები "ბლანკოსიდან": ედუარდო კამავინგა და ორელიან ჩუამენი.
ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ფრანგმა ნახევარმცველებმა უკვე დაამტკიცეს, რომ დიდ მატჩებში მონაწილეობის ზეწოლა მათ სულაც არ აწუხებთ. გამოცდილების მხრივ "მამლებს" ნ'გოლო კანტე და ადრიენ რაბიო გაამაგრებენ. ასევე, გამოსარჩევია 18 წლის ვარენ ზაირ-ემერი, რომელიც ევრო 2024-ის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად მოიაზრება.

დაცვა - 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბენჟამინ პავარი მიემგზავრებოდა, როგორც ის იშვიათი, ნაკლებად ცნობილი, ფეხბურთელი ვარსკვლავური "ლურჯებიდან", მაგრამ ახლა ის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა. რა თქმა უნდა, გამოსარჩევია ტეო ერნანდესიც, რომელიც მილანში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველად ჩამოყალიბდა.
"როსონერის" მარცხენა მცველის კონკურენტი იქნება ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ტრიუმფატორი, ფერლან მენდი. არ შეიძლება ვილიამ სალიბას გამოტოვებაც, ის მიიჩნევა პრემიერ ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელად და უნდა ითქვას, რომ სრულიად დამსახურებულადაც. სხვები: ჟიულ კუნდე და დაიო უპამეკანო, დუეტი, რომლის გარშემო ბევრი კითხვა დაგროვდა.
ფრანგი მცველები თავიანთ გუნდებში, რბილად რომ ვთქვათ, ვერ ბრწყინავენ, ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაში კი კრიტიკოსების დადუმების ყველაზე კარგი საშუალებაა. ბოლოს კი კარის დარაჯი, მაიკ მენიო, რომელმაც წარმატებით ჩაანაცვლა უგო ლორისი. როგორც ვხედავთ, გალთა შემადგენლობა წესრიგშია.

მწვრთნელის ფაქტორი
2012 წლიდან - დღემდე, საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი დეშამი არის. მასთან ერთად ამ ნაკრებმა წარმატებით გაიარა თაობათა ცვლის პროცესი და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ეროვნულ გუნდად ჩამოყალიბდა. ფრანგ სპეციალისტთან ერთად, "მამლები" ხდებოდნენ მუნდიალის ჩემპიონები და ვიცეჩემპიონებიც.
ასევე, "ლურჯების" ანგარიშზე არის ერთა ლიგის ტიტული და 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალისტობაც. უკვე ზედიზედ მესამე ტურნირია, რაც გალები ფავორიტებად მიიჩნევიან, მაგრამ მათი მაქსიმუმი აქამდე ვიცეჩემპიონობა იყო. ევროზე ტრიუმფი არის ერთგვარი მიუწვდომელი პაზლი დიდიეს სამწვრთნელო კარიერაში.
დეშამის გუნდმა 2012 წლიდან ჩაატარა 152 შეხვედრა, რომელშიც 99-ჯერ იმარჯვა, 29-ჯერ ითამაშე ფრე, 24-ჯერ კი დამარცხდა. ის მთელი ძალებით ცდილობს მაქსიმუმის მიღებას საფრანგეთის ეროვნული გუნდის სუპერ თაობისგან. ვნახოთ, შეძლებს თუ არა ფრანგი სპეციალისტი მესამე ცდაზე ევროტურნირის მოგებას.

ძლიერი და სუსტი მხარეები
პირველ რიგში, საფრანგეთის ნაკრების ძლიერი მხარე არის ვარსკვლავური შემადგენლობა. თანამედროვე ევროპული ტოპ ფეხბურთი ამ ქვეყნის ბინადრების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია. ამის გარდა, "მამლები" არ არიან უბრალოდ ძვირადღირებული მოთამაშეების ჯამი, მათ ზურგს უმაგრებთ ერთმანეთთან შეთამაშებულობა, ტიტულების მოგების გამოცდილება და მოტივაცია.
დიახ, "ლურჯების" ეს თაობა ევროპის ჩემპიონი აქამდე ჯერ არ ყოფილა. ისინი მთელი ძალებით ეცდებიან კონტინენტის მთავარი ნაკრების სტატუსის მოპოვებას. როგორც აღვნიშნეთ, დიდიე გალებთან სპეციალისტის რანგში მუშაობს 2012 წლიდან, რაც ასევე შეიძლება ჩაითვალოს უპირატესობად. საფრანგეთის ეროვნული გუნდის დამრიგებელმა ძალიან კარგად იცის თავისი მოთამაშეების შესაძლებლობები.
ერთი სიტყვით, "მამლების" შემადგენლობა პრაქტიკულად უნაკლოა, თუმცა ჩემპიონობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები მაინც შეინიშნება. პირველ რიგში, ეს არის ზედმეტი თავდაჯერებულობა და ღრუბლებში ყოფნა, რაც ხშირ შემთხვევაში, დამღუპველია. გალები მთავარი ფავორიტები იყვნენ ევრო 2020-ზეც, მაგრამ იმ ტურნირზე მოდუნება მათ შვეიცარიამ არ აპატია.

"სიკვდილის ჯგუფის" პირველი ადგილით გადალახვის შემდეგ, დეშამის გუნდის მოწინააღმდეგე მერვედფინალში იყო აუტსაიდერად შერაცხული შვეიცარია, რომლის წინააღმდეგ ტურნირის მთავარი ფავორიტები 81-ე წუთამდე 3:1-ს იგებდნენ. რა მოხდა შემდეგ? ფრანგები დროზე ადრე მოდუნდნენ და დარჩენილ დროში მათ კარში 2 ბურთი გავიდა.
საქმე მივიდა თერთმეტმეტრიანების სერიამდე, სადაც ფსიქოლოგიური უპირატესობა "მესაათეების" მხარეს იყო. "მამლები" დააღალატა მბაპემ, რომელსაც იან ზომერმა გადამწყვეტი 11-მეტრიანი აუღო. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ "ლურჯები" აღარ გაიმეორებენ იმავე შეცდომას და საქმის ბოლომდე მიყვანის საკითხში 75-ე წუთზე ამჯერად არ გაჩერდებიან.

გასავლელი გზა
საფრანგეთის ნაკრების მოწინააღმდეგეები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდები, პოლონეთი და ავსტრია იქნებიან. ჯგუფის ფავორიტებად სრულიად დამსახურებულად ითვლებიან "მამლები", რომლებსაც პლეიოფში პირველი პოზიციით გასვლას უწინასწარმეტყველებენ. მე-2 და მე-3, მით უმეტეს ბოლო ადგილზე გასვლა, არც განიხილება.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეებთან ურთიერთშეხვედრების ისტორიას, ნიდერლანდები: 30 შეხვედრა, 16 გამარჯვება, 3 ფრე და 11 მარცხი. როგორც ვხედავთ, "მფრინავ ჰოლანდიელებს" გალებთან მოგების გამოცდილება აქვთ. პოლონეთი: 17 მატჩი, 9 გამარჯვება, 5 ფრე და 3 წაგება. ავსტრია: 25 თამაში, 13 მოგება, 3 ფრე, 9 წაგება.
აღნიშნული ჯგუფის პირველი ადგილით გადალახვის შემთხვევაში, "ლურჯები" შეხვდებიან F ჯგუფის მეორეადგილოსანს, რომლის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ პორტუგალია, ჩეხეთი, თურქეთი და საქართველო. აქედან გამომდინარე, გალთა გარშემო დატრიალებული მოვლენები ჩვენი ინტერესების სფეროშიც იქნება.
საფრანგეთის ნაკრების მოწინააღმდეგეები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდები, პოლონეთი და ავსტრია იქნებიან. ჯგუფის ფავორიტებად სრულიად დამსახურებულად ითვლებიან "მამლები", რომლებსაც პლეიოფში პირველი პოზიციით გასვლას უწინასწარმეტყველებენ. მე-2 და მე-3, მით უმეტეს ბოლო ადგილზე გასვლა, არც განიხილება.
რაც შეეხება მოწინააღმდეგეებთან ურთიერთშეხვედრების ისტორიას, ნიდერლანდები: 30 შეხვედრა, 16 გამარჯვება, 3 ფრე და 11 მარცხი. როგორც ვხედავთ, "მფრინავ ჰოლანდიელებს" გალებთან მოგების გამოცდილება აქვთ. პოლონეთი: 17 მატჩი, 9 გამარჯვება, 5 ფრე და 3 წაგება. ავსტრია: 25 თამაში, 13 მოგება, 3 ფრე, 9 წაგება.
აღნიშნული ჯგუფის პირველი ადგილით გადალახვის შემთხვევაში, "ლურჯები" შეხვდებიან F ჯგუფის მეორეადგილოსანს, რომლის ვინაობას ერთმანეთში გაარკვევენ პორტუგალია, ჩეხეთი, თურქეთი და საქართველო. აქედან გამომდინარე, გალთა გარშემო დატრიალებული მოვლენები ჩვენი ინტერესების სფეროშიც იქნება.


















