ტონი კროოსი მთელი განვლილი სეზონის განმავლობაში, მადრიდის რეალის შემადგენლობაში ბრწყინავდა. ის ევროპის ჩემპიონატის გახსნით მატჩშიც გამოირჩეოდა. გერმანელმა გამთამაშებელმა გააკეთა 102 პასი, აქედან ზუსტი 101 იყო. მასპინძელთა მე-2 ბურთის გატანის მომენტი სწორედ მისი დიაგონალური გადაცემის შემდეგ დაიწყო.
"სამეფო კლუბის" ყოფილი ნახევარმცველი იყო დირიჟორისა და მენტორის ამპლუაში, განსაკუთრებით ეს მაქსიმილიან მიტელშტედტის მიმართებით იგრძნობოდა. გერმანელი განაპირა მცველი თავისი გუნდის მე-8 ნომრის მითითებების შემდეგ ერთვებოდა შეტევაში და იხევდა უკან, როდესაც ბურთის დაბრუნება საჭირო ხდებოდა.
34 წლის ნახევარმცველმა მოედანზე 80 წუთი გაატარა, საკმარისი დრო შოტლანდიის ნაკრების გასანადგურებლად. სწორედ მისმა დიაგონალურმა გადაცემამ არია ბრიტანელთა 5-მცველიანი უკანახაზი და ყველაფერი გატანილი ბურთით დაგვირგვინდა. პირველ ნახევარში კროოსს საოცარი სტატისტიკა ჰქონდა: 50 პასი, 100%-იანი სიზუსტით.

ის ერთადერთი, არაზუსტი გადაცემა მეორე ტაიმის 50-ე წუთზე დაფიქსირდა, როდესაც გერმანელი ნახევარმცველის პასი ჩაჭრა ჯონ მაკგინმა, თუმცა ამით, მასპინძლებს დიდად არაფერი დაუკარგავთ. გერმანიის ეროვნულმა გუნდმა მოიგო ანგარიშით 5:1, გახსნით მატჩში 4-ბურთიანი სხვაობით აქამდე არავის მოუგია.
წინა რეკორდი ეკუთვნოდა იტალიის ნაკრებს, რომელმაც 2021 წელს გამართული ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში თურქეთის ეროვნული გუნდი გაანადგურა ანგარიშით 0:3, მაგრამ "ბუნდესნაკრების" პერფომანსი უფრო შთამბეჭდავი იყო. გუშინდელი მოგების შემდეგ, დასრულდა წარუმატებელი სერია, რომელიც ტურნირის წაგებით დაწყებას გულისხმობს.

"მანშაფტი" მარცხდებოდა 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების პირველ შეხვედრებში და ასევე 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზეც. როგორც ვხედავთ, ალემანთა ისტორიაში მართლაც ახალი ეპოქა დაიწყო. გუნდის განკარგულებაში არიან ჯამალ მუსიალასა და ფლორიან ვირტცის მსგავსი მომავლის მოთამაშეები, მაგრამ იულიან ნაგელსმანის კოლექტივის აწმყო წარმოუდგენელია ვეტერანი ტონის გარეშე.
ეს არის "ბლანკოსის" ყოფილი ნახევარმცველის ბოლო ცეკვა - ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ის კარიერას დაასრულებს. ლამაზად წასვლა მას ბერნაბეუზე, ორი მთავარი ტიტულის მოგებით გამოუვიდა და ცხადია, გერმანელთა მე-8 ნომერი იმავეს გაკეთებას თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდშიც ეცდება.


















