დარჩენილია სამი ვაკანური ადგილი, რომელსაც ერთმანეთში ექვსი ნაკრები გაათამაშებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატები არიან "ჯვაროსნებიც", რომლებიც პლეი-ოფში ხორვატიის ეროვნულ გუნდს ეთამაშებიან. გავიცნოთ და განვიხილოთ, თუ რას წარმოადგენს მეტოქე.

განვლილი გზა პლეი-ოფამდე
ხორვატიის მოწინააღმდეგეები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე იყვნენ პორტუგალია, საბერძნეთი, ბელარუსი, ფარერები და ანდორა. აღნიშნული ჯგუფიდან პირველ პოზიციაზე გავიდნენ "ევროპელი ბრაზილიელები", რომლებსაც ბალკანელები 5 ქულით ჩამორჩნენ. გამოსარჩევია ისიც, რომ პირენეელებმა ორი მატჩის ჯამში 7:1 მოიგეს.
პირველი შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 5:1, მეორე კი 2:0. აღნიშნული ჯგუფის მშვენება კი იყო "მოჭადრაკეებისა" და საბერძნეთის თამაში, რომელიც 3:2 დასრულდა. პირველი ტაიმის ბოლოსთვის "თეთრ-წითლები" იგებდნენ 2:0-ს, მაგრამ შესვენებაზე გასვლამდე ტაბლოზე უკვე 2:2 იყო. საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ლუკა ვუშკოვიჩმა გამარჯვების მომტანი ბურთი გაიტანა.

შემადგენლობა
პირველ რიგში გამოსარჩევია ზემოთხსენებული ვუშკოვიჩი, რომელიც მომავალ ზაფხულს ტოტენჰემს შეუერთდება. მის სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო არის გადახდილი. ასევე უნდა ვახსენოთ მარინ ლიუბიჩიჩი, რომელმაც შესარჩევზე 6 ბურთის გატანა მოასწრო. მასზე შედეგიანი მოთამაშე ჯგუფში 8 გოლით მხოლოდ ფაბიუ სილვა იყო.
ხორვატების ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე, ჰოთსპურის მომავალი ცენტრალური მცველის გარდა, არის ანტე ცრნაცი, ასევე 11-მილიონიანი ღირებულებით. ხორვატი ფორვარდი ნორვიჩმა გაიფორმა. კიდევ ერთი საინტერესო მოთამაშე არის ლოვრო ზვორანეკი, რომელიც შტურმ გრაცში ოთარ კიტეიშვილის თანაგუნდელია.
ხორვატ შემტევ ნახევარმცველი არის მიუნხენის ბაიერნის საკუთრება და ავსტრიაში ის განათხოვრების წესით თამაშობს. ბალკანელების მთავარ გუნდში ასევე არის რამდენიმე მოთამაშე, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია U21-ში თამაში. ესენი არიან: მარტინ ბატურინა, პეტარ სუშიჩი, იგორ მატანოვიჩი, დომინიკ პრპიჩი და ფრანიო ივანოვიჩი.

მწვრთნელი
ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი არის ბევრისთვის კარგად ნაცნობი ივიცა ოლიჩი, რომელიც თავისი ნაკრების იუნიორებს 2024 წელს შეუერთდა. ხორვატი დამრიგებელი იქამდე მუშაობდა ბალკანელთა მთავარ გუნდში, მწვრთნელის ასისტენტად, ასევე მოსკოვის ცსკა-ში სულ რაღაც 3 თვით.
"მოჭადრაკეების" მწვრთნელი ხშირ შემთხვევაში იყენებს 4-4-2-ს, ორი თავდამსხმელით, ვინგერითა და ნახევარმცველით. მის არსენალში ასევე არის 4-3-3, მაგრამ ბოლო დროს ის მაინც უფრო 4-4-2-ს ემხრობა. 45 წლის მწვრთნელის ხელმძღვანელობით "თეთრ-წითლებმა" ჩაატარეს 4 მატჩი, 3 მოიგეს და 1 წააგეს.

საქართველოს ნაკრებთან ურთიერთშეხვედრები
21-წლამდელებს ერთმანეთში ჩატარებული აქვთ ოთხი შეხვედრა - ერთხელ იმარჯვა საქართველომ, ერთხელ ხორვატიან, ორი თამაში კი ფრედ დასრულდა. ურთიერთმატჩების საინტერესო ისტორია აქვთ 19-წლამდელებსაც: 2-ჯერ მოიგეს "ჯვაროსნებმა", 4-ჯერ კი ბალკანელებმა. მთავარი მატჩი შედგა 2019 წლის, 15 ოქტომბერს, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 2:0 იმარჯვა.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რამაზ სვანაძის გუნდიდან გოლები გაიტანეს მთავარი ნაკრების ამჟამინდელმა წევრებმა - ზურიკო დავითაშვილმა და გიორგი გულიაშვილმა. მოედანზე ასევე თამაშობდნენ ირაკლი აზაროვი, ანზორ მექვაბიშვილი, ალექსანდრე კალანდაძე და სხვები. "მოჭადრაკეების" მხარეს იმ მატჩში იოშკო გვარდიოლი თამაშობდა.

იხილეთ ჩვენი პოდკასტის მორიგი ეპიზოდი

















