ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ფინალი მიუნხენში გაიმართება. აქამდე, აღნიშნულ ქალაქში ჩატარდა ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის 4 ფინალი და ყველა შემთხვევაში ტრიუმფატორი ხდებოდა ის კლუბი, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი იმ მომენტისთვის მოგებული ჯერ არ ჰქონდა.
რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ჩემპიონთა ლიგას ამ დროისთვის შემორჩა ორი გუნდი, რომელიც აღნიშნული ტურნირის გამარჯვებული აქამდე არასდროს ყოფილა. საუბარია პარის სენ-ჟერმენისა და ლონდონის არსენალის შესახებ, რომლებიც 1/2 ფინალში ერთმანეთის მეტოქეები არიან.
სანამ გავიგებთ იმას, თუ რომელი მათგანი გავა ფინალში, გავიხსენოთ ჩემპიონთა ლიგის სხვა მიუნხენური ფინალები, რომლებშიც როგორც აღვნიშნეთ, ტრიუმფატორი ხდებოდა ის გუნდი, რომელსაც ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი მოგებული იმ მომენტისთვის ჯერ არ ჰქონდა.
1978/79 - ნოტინგემი 1:0 მალმიო
ნოტინგემის ორწლიანი ჰეგემონია ევროპაში დაიწყო სწორედ მიუნხენში, როდესაც ფინალში ამ გუნდმა მალმიო დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პლეიოფის პირველ რაუნდში ფორესტმა მოუგო ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის მოქმედ ტრიუმფატორს, ლივერპულს. შემდეგ კი "მეტყვეებმა" გადალახეს აეკის, გრასჰოპერისა და კიოლნის ბარიერი.
რაც შეეხება ფინალს, ბრაიან კლაფის შეგირდებმა სკონელები ტრევორ ფრენსისის ერთადერთი გოლით დაამარცხეს. საინტერესოა, ის, რომ სიტი გრაუნდის ბინადრები ჩემპიონთა თასზე არიან ერთადერთები, რომლებმაც ქვეყნის ჩემპიონატი მოიგეს ერთხელ, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირი კი 2-ჯერ.
1992/93 - მარსელი 1:0 მილანი
ერთადერთი ფრანგული გუნდი ჩემპიონთა ლიგის თასით თავის კოლექციაში არის მარსელი, რომელმაც ფინალში იმ ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე მრისხანე მეტოქეს, მილანს მოუგო. ნოტინგემის მსგავსად, მიუნხენურ საღამომდე, ოლიმპიკი ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ტრიუმფატორი იმ დრომდე არასდროს ყოფილა.
"თეთრ-ლურჯებმა" "როსონერი" დაამარცხეს ბაზილ ბოლის ერთადერთი გოლით, რითაც ფრანგული ფეხბურთის ისტორია დაწერეს. 32 წლის შემდეგ, ველოდრომის ბინადრების მდგომარეობაში შესაძლოა აღმოჩნდეს პარის სენ-ჟერმენიც: ფრანგული კლუბი, რომელსაც აქამდე არასდროს უჩემპიონია, მიუნხენური ფინალი და მეტოქე კალჩოდან, მილანის ინტერნაციონალე.
1996/97 - დორტმუნდი 3:1 იუვენტუსი
მარსელის ჩემპიონობიდან ოთხი წლის შემდეგ, ფინალი გაიმართა კვლავ მიუნხენში და გამარჯვებული ამჯერად დორტმუნდი გამოვიდა. ბორუსიამ გადამწყვეტ ბრძოლაში მოუგო მოქმედ ტრიუმფატორს, იუვენტუსს, რომელიც ფავორიტად თავის ზედიზედ მე-2 ფინალშიც ითვლებოდა.
მოლოდინი არ გამართლდა - "შვარცგელბენმა" მოწინააღმდეგე ყველა კომპონენტში დაჯაბნა, მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თავისი პირველი და ჯერჯერობით ბოლო თასი. ოტმარ ჰიცფელდის გუნდის ტრიუმფში უდიდესი როლი ითამაშა კარლ-ჰაინც რიდლემ, რომელმაც "ბიანკონერის" პირველ ნახევარში შეუგდო 2 ბურთი, საბოლოო წერტილი კი ლარს რიკენმა დასვა.
2011/12 - ჩელსი 1:1 (პენალტებით 4:3) ბაიერნი
ამ დროისთვის უკანასკნელი მიუნხენური ფინალი, რომელიც ასევე დასრულდა იმ გუნდის გამარჯვებით, რომელიც იქამდე ჩემპიონი არასდროს ყოფილა. საუბარია ლონდონის ჩელსის შესახებ, რომლის მეტოქე იყო კლუბი, რომელიც იმ ფინალში საკუთარ კედლებში თამაშობდა.
ძირითად დროში დაფიქსირდა ფრე - ტომას მიულერის გოლს დიდიე დროგბამ უპასუხა. რაც შეეხება პენალტების სერიას, "არისტოკრატებს" გადამრჩენელად მოევლინა პეტრ ჩეხი, რომელმაც ივიცა ოლიჩის დარტყმული მოიგერია. ამის გარდა, უშუალოდ თამაშის დროს მან არიენ რობენის 11-მეტრიანიც აიღო.
ბოლოს იყო ბასტიან შვაინშტაიგერის ძელს მოხვედრილი დარტყმა და ივუარელი თავდამსხმელის ზუსტი შესრულება, რასაც სტემფორდ ბრიჯის ბინადრების ჩემპიონობა მოყვა. როგორც ვხედავთ, მიუნხენში მოხდა 4 უნიკალური ჩემპიონობა, ვნახოთ, რა იქნება წლევანდელ ფინალში.















