არსებობს მომენტები, როდესაც რაციონალიზმის სამყაროდან ემოციურში გადაბიჯებას ვერც იაზრებ. თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ უმთავრეს დრამატურგიულ ხაზს დიონისესა და აპოლონის დაპირისპირება რომ წარმოადგენს საფეხბურთო მიონდორზეც შეგვიძლია გავავრცელოთ. ზევსის ვაჟებისგან ერთი გონების მეგობარია მეორე კი ემოციის.
ლივერპულის მეოცე ჩემპიონობაზე საუბრისას ორივე საჭიროა, მაგრამ ბოლოსართისთვის, სტატისტიკას, მოსალოდნელი გოლების თეორიას, ოპტას ვარაუდებსა და პასების პროცენტს, ემოციური შეჯამება აჯობებს, მაგრამ არც აპოლონი გავანაწყენოთ.
ლივერპული - ვულვზი (კლოპის გამოსამშვიდობებელი მატჩი)
მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მეტიც, მესიამოვნება ამას ერთად თუ გავაკეთებთ და ააარნე სლოოოტ... კლოპო ის კაცია სამართალმემკვიდრეს რომ ჩენთით შეეგება, მაგრამ ცრემლნარევი აუდიტორია მას მაინც აჰყვა, მაგრამ გულის სიღრმეში დასმული შეკითხვა ეკრანებზეც კი იგრძნობოდა - რა გველის იურგენის გარეშე? ემოციათა ჭიდილის ბოლოს, კლოპმა ისიც თქვა, რომ გუნდს ძალიან, ძალიან სანდო ხელში ტოვებდა და ლივერპულიდან თავაწეული მიდიოდა, მაგრამ ჩემპიონობის შემთხვევაში დაბრუნებისა და აღლუმში მონაწილეობის პირობაც დადო, თუმცა სჯეროდა კი ვინმეს?!
სეზონის სტარტი - ექსპერტ-პროგნოზისტთა ფიასკო
როგორ, მათ არავინ დაიმატეს და ამ კაცს წარმატების იმედი აქვს? ეს ხომ კლოპის გუნდია, ამ შემადგენლობით კლოპმა 82 ქულას მოუყარა თავი და არნე სლოტს რისი იმედი აქვს? მხოლოდ კიეზა და მამარდაშვილი? მგონი, სლოტს დეკემბერში გაათავისუფლებენ...
ბრჭყალების და ციტატის ავტორთა აღნუსხვის გარეშე, ეს იმ ვარაუდთა მცირე შეჯამებაა, რომელიც სეზონის დაწყებამდე მოვისმინეთ. ოპტას ჭკვიანმა კომპიუტერმა ლვიერპულს 5% იანი შანსი უბოძა, მაგრამ ზედმეტი ჩაშლის გარეშე, თქვენს წინაშეა ბბს-ს ექსპერტთა ვარაუდი:
ბიბისის ექსპერტობა დიდებული რეგალიაა, მაგრამ სქაის მხარეს გარი ნევილი და ჯეიმი კარაგერი არიან, ჰოდა, მათი აზრები ამგვარი გახლდათ:
„მთელი სეზონის განმავლობაში, არნე სლოტის სამწვრთნელო პერფორმანსი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც კი პრემიერ ლიგაში გვიხილავს“ - ეს გარი ნევილის სიტყვებია.
ბუნებრივია, სკეპტიციზმს ლოგიკურ მიზეზთა მთლიანი ჯაჭვი ერთვოდა, მათ შორის: ტრანსფერები, კონტრაქტის საკითხები და ფართო სცენისათვის, მაინც, ჯერ კიდევ უცნობი მესაჭე, მაგრამ აქ კლოპის სიტყვები გამართლდა.
სეზონის შუაპირი - კონტრაქტების დილემა, ჩემპიონთა ლიგა და ბრწყინვალე სათამაშო ფორმა
არსენალის ქომაგები ამბობენ, ტრავმებმა ხელი შეგვიშალა და ამიტომ ვერ გიჩვენეთ სათანადო ძალაო, არადა, ბუკაიო საკას ტრავმის მომენტში, ლივერპული 7 ქულიანი სხვაობით უსწრებდა არსენალს. კიბატონო, წინა სეზონებთან შედარებით, მერსისაიდელებს ტრავმიანობა არ სტანჯავდათ, მაგრამ ამის ამხსენლად მწვრთნელის ცვლილება მოვიშველიოთ. იურგენ კლოპი ევროპაში ყველაზე ინტენსიური ფეხბურთის მქადაგებელი იყო, მისი გუნდი ყველაზე მეტს დარბოდა და ბურთსაც ყველაზე ხშირად იბრუნებდა, მაგრამ პრესინგის მონსტრობას მედლის მეორე მხრიდან ხშირი ტრავმიანობა ახასიათებდა. ჰოდა, მოვიდა სლოტი და ტრივიალურად აგვიხსნა: როცა ბურთი გვაქვს მეტოქე ვერ გვავნებსო. მერსისაიდელებმა გაცილებით ცოტა ირბინეს, ვარჯიშებიც სახალისო და ლაღი გახდა, შესაბამისად, ტრავმებისგან თავისუფალი ლივერპული ოთხ ფრონტზე იბრძოდა.
ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე მოპოვებული პირველი ადგილი ხომ შემთხვევითობა არ არის? 7 მოგება და მარცხი პსვ ეინდჰოვენის წინააღმდეგ, სადაც არაფერი წყდებოდა, თუმცა თებერვლიდან მონასტერი აირია და ისეთი შეგრძნება ჩნდებოდა, პატროკლე რომ უტევდა ჰექტორს აქილევსის მანტიით. რამადანის პერიოდში სალაჰი და კონატე მზის ჩასვლამდე არ იკვებებოდნენ, ჰოდა, ასეთი თეორიაც გაჩნდა, რომ მოს სათამაშო ფორმა ამიტომაც დაიჩრდილაო, პსჟ-მ ენფილდზე დაატრიალა და ახლა ფინალის სათამაშოდ ემზადება, მაგრამ გავიხსენოთ ლუის ენრიკეს სიტყვები: ჩვენ მონაწილე ყველა გუნდი გავაანალიზეთ და ლივერპულზე ძლიერს ვერსად მივავკლიეთო.
ქულა ქულას მოსდევდა, ოპტას საჩემპიონო პროგნოზშიც ლივერპულს 97% იანი შანსი ებოძა და მალევე გაცხადდა, რომ არსენალი სხვაობის დამქაჩავი არ იყო. პროცესში მერსისაიდელებმა ლიგის თასის ფინალი დათმეს და ასოციაციის თასს პლიმუთ არგაილთან დაემშვიოდბნენ, მაგრამ საკითხი ასე შევაბრუნოთ: ეპოქალური მწვრთნელის შემცვლელმა არნე სლოტმა, სადებიუტო სეზონში პრემიერ ლიგა მოიგო, ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულდა და ლიგის თასის ფინალში გააღწია. მგონი, ურიგო არაა.
კონტრაქტებს ვერსად წავუვალთ. მთელი სეზონის განმალობაში, წითლებს აძახებდნენ, რომ სალაჰის, ვან დაიკისა და ტრენტის კონტრაქტები იწურებოდა, რომ მათ ვერავინ შეცვლიდა და ისედაც გამძაფრებულ წნეხს ჟურნალისტები აათკეცებდნენ, მაგრამ სქაუზერები ამასაც გაუმკლავდნენ, სლოტი ისე ოსტატურად ისხლეტდა ჟურნალისტთა დასმულ შეკითხვებს, თითქოს გამოცდილი პოლიტიკოსი ყოფილიყო. ნიდერლანდელმა ყველაფერი გაიღო და მოთამაშეებს ფარად წამოეშალა!
ჩემპიონობა 4 ტურით ადრე და ცის კაბადონი მანჩესტერული ნოტებით
27 აპრილს ქალაქ ლივერპულში დიდი ორომტრიალი შეინიშნებოდა. წითლები ტოტენჰემს ელოდნენ და ფრის შემთხვევაშიც კი ჩემპიონები ხდებოდნენ. როგორი ამბავია, ინგლისის ოცგზის ჩემპიონობა და მანჩესტერ იუნაიტედთან გათანაბრება? ბოლო ოცდაათ წელიწადში მერსისაიდელები მეორე ჩემპიონობისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ 5 წლისწინანდელისგან განსხვავებით, ენფილდი პირთამდე შეივსო, მაშინ პანდემიამ დააცარიელა ტრიბუნები.
მატჩი დაიწყო და სპურზიც წინ გავიდა, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ ეს ლივერპულური დღე იყო! ალან ჰანსენი, კენი დალგლიში, იან რაში, ჯონ ბარნსი, რობი ფაულერი და სხვა ლეგენდები საუკეთესო ადგილას მოკალათდნენ და მატჩიც 5:1 დასრულდა, ლივერპული ინგლისის ოცგზის ჩემპიონია და საჩემპიონო თასების რაოდენობით წითელ ეშმაკებს გაუთანაბრდნენ.
კურიოზის გარეშე როგორ იქნებოდა? ლივერპულის მეორე კლუბის, ევერტონის ქომაგებმა წინა დღეს ლურჯი პეტარდები შეიძინეს, წითლად შეღებეს და მეზობლებს მიჰყიდეს. ჰოდა, ენფილდი ლურჯ კვამლში გაეხვა.
მშვიდობით იარაღო!
ტრენტი მიდის, არსენალთან მატჩში სტვენაც მიიღო და საფეხბურთო პალიტრაში აზრი ორად გაიყო, ოღონდ ეს თემა სამომავლოდ შემოვინახოთ, თუმცა მერსისაიდელებს უდიდესი ხვრელი აქვთ ამოსავსები. ნაპრალი, რომელიც პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ასისტენტის წასვლას ნიშნავს. ფაბრიციო რომანომ გვაუწყა, რომ წითლები ჟერემი ფრიმპონგის გაფორმებასთან ახლოს არიან, რაც ჩინებული ამბავია, მაგრამ როგორც დევიდ ბექჰემი ამბობს, მისნაირად პასების დარიგება, მხოლოდ ტრენტის ფეხებს შეუძლიათ.
სულ ცოტაც და ტრენტ ალექსანდერ არნოლდის ისტორია ამით დასრულდება.
სულ ცოტაც და პრემიერლიგური სეზონი ანტრაქტზე გავა.
სულ ცოტაც და სქაუზერთათვის ძალიან ცხელი ზაფხული დაიწყება, რადგან კლუბი აურაცხელი თანხის დახარჯვას აპირებს.
სულ ცოტაც და პრემიერ ლიგის ჩემპიონს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.
ენფილდი კი ის სტადიონია, რომლის თავზეც ქარი ჯერ ისევ დააქროლებს გამარჯვებით აღტაცებული მაყურებლის შეძახილს.















