ნიუკასლ იუნაიტედისა და ლივერპულის მატჩის მთავარი გმირი გამოდგა არა მოჰამედ სალაჰი ან ფლორიან ვირცი, არამედ 16 წლის რიო ნგუმოა, რომელმაც შეხვედრის მე-100 წუთზე გატანილი ბურთით სტუმრებს 3 ქულა მოუტანა. მიმოვიხილოთ ყველაფერი საინტერესო ინგლისელი ვინგერის გარშემო.
ტალანტი ჩელსის აკადემიიდან
დიახ, ნგუმოა არის ჩელსის აღზრდილი, რომლის აკადემიაში ის რვა წლის განმავლობაში ირიცხებოდა (2016 - 2024). გასულ ზაფხულს ინგლისელმა ვინგერმა მიიღო ლონდონის დატოვების გადაწყვეტილება და ეს ყველაფერი მან ახსნა იმით, რომ ლივერპულის გეგმები მასთან მიმართებაში უფრო ნათელი და კონკრეტული იყო.
მერსისაიდელებმა რიოს დაანახეს პრემიერ ლიგაში თამაშის რეალური პერსპექტივა, რასაც ვერ ვიტყვით "არისტოკრატებზე", რომელთა შემადგენლობაში მისი მომავალი ბუნდოვანი იყო. სტემფორდის ბინადრების ლეგენდარული კაპიტანი, ჯონ ტერი აღნიშნავდა, მისი ყოფილი კლუბი აკადემიის მორიგი აღზრდილის გაშვებით უკვე შემდგარ ტოპ მოთამაშეზე ამბობდა უარს.
რეკორდი, სახელი ისტორიაში
ჯერჯერობით ადრეა იმის შესახებ საუბარი, თუ როგორი ძლიერი ფეხბურთელია ნგუმოა, თუმცა ფაქტია, ამის საფუძველი მან რეალურად მოგვცა. ნიუკასლის კარში ბურთის გატანით ინგლისელი ვინგერი შევიდა როგორც ლივერპულის, ისე ზოგადად ჩემპიონატის ისტორიაში. დიახ, რიოს სახელზე ერთი დიდი რეკორდი უკვე არის.
"კაჭკაჭების" კარის აღების მომენტისთვის მერსისაიდელთა გარემარბი იყო 16 წლის, 11 თვისა და 27 დღის, რითაც ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი თავისი კლუბის ისტორიაში. "წითლების" 73-ე ნომერმა ჩამოიტოვა ისეთი გამორჩეული ვარსკვლავები, როგორებიც არიან რობი ფაულერი, მაიკლ ოუენი, რაჰიმ სტერლინგი, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი და სხვები.
ამის გარდა, ზოგადად პრემიერ ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეებს შორის 16 წლის გარემარბი მეოთხე ადგილზე არის. მასზე წინ არიან უეინ რუნი, ჯეიმს მილნერი, ბენ ვუდბორნი და მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, ჯეიმს ვონი, 16 წლის, 8 თვისა და 27 დღის. ვნახოთ, კიდევ რა მიღწევებით დაგვამახსოვრებს თავს ნგუმოა.
სანაკრებო საკითხი
რიო არის ნიუჰემში დაბადებული ეთნიკურად ნიგერიელი, რომელმაც უკვე მოასწრო ინგლისის 15, 16 და 17 წლამდელთა ნაკრებში თამაში. ნგუმოამ სხვადასხვა დროს მოასწრო იტალიის, ნიდერლანდების, ბელგიისა და შვედეთის იუნიორთა ეროვნული გუნდების კარის აღება. ლივერპულის ვინგერის მიზანი ინგლისის მთავარ ეროვნულ გუნდამდე მიღწევა არის.















