ჩვენს ნაკრებზე მეტი გამარჯვება "შავ-წითლებთან" აქვს მხოლოდ ოთხ ეროვნულ გუნდს, ესენი არიან - გერმანია (13), რუმინეთი (11), პოლონეთი (10) და ესპანეთი (9). ცალკე გამოსარჩევია ბურთების შეფარდება - 23:13, "თეთრ-წითლების" სასარგებლოდ. ამ 23 გოლიდან 6 კი გაიტანა მხოლოდ ერთმა მოთამაშემ, შოთა არველაძემ.

ალბანელი მცველების ღამის კოშმარი
ქართველ თავდამსხმელზე ხშირად ალბანეთის კარი არცერთ ფეხბურთელს არ აუღია. ლეგენდარულმა შემტევმა საქართველოს ნაკრებში საერთო ჯამში გაიტანა 26 ბურთი და ის ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო გოლეადორია. ამსტერდამის აიაქსის ყოფილმა ფორვარდმა თავისი სანაკრებო გოლების თითქმის 1/4 სწორედ "არწივებს" გაუტანა.
"ჯვაროსნების" მე-11 ნომერი ბალკანელებს პირველად შეხვდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, რომელზეც ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მეტოქეს ორივე მატჩი მოუგო. 1994 წლის 14 დეკემბერს გამართულ თამაშში ერთადერთი ბურთი გაიტანა სწორედ არველაძემ, 4 თვის შემდეგ, "თეთრ-წითლებმა" მისი და ასევე თემურ ქეცბაიას გოლებით იმარჯვეს.

ქართველმა თავდამსხმელმა "შავ-წითლებს" თავისი მესამე გოლი გაუტანა ამჯერად უკვე 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, 1999 წლის 9 ოქტომბერს, მაგრამ ის მატჩი იან ბოსკამპის გუნდმა წააგო. იმის შემდეგ, შოთა ალბანელებს 4 წლის მანძილზე არ შეხვედრია.
საქართველოსა და "არწივების" გზები ამჯერად გადაიკვეთა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, რომელზეც აიაქსის ყოფილმა ფორვარდმა მეტოქეს საერთო ჯამში 3 ბურთი გაუტანა. 2003 წლის 6 სექტემბერს "ჯვაროსნებმა" მოწინააღმდეგე თბილისში გაანადგურეს 3:0, ალბათ სწორედ ეს არის ყველაზე შთამბეჭდავი მოგება ბალკანელებთან.
ჩვენი ნაკრების მე-11 ნომერმა შეასრულა დუბლი, ერთი გოლიც მიხეილ აშვეთიამ გაიტანა. ოთხი დღის შემდეგ, გამარჯვება მოიპოვეს უკვე "შავ-წითლებმა", არველაძემ იმ მატჩშიც გაიტანა. ვეტერანმა ფორვარდმა ალბანეთის წინააღმდეგ საერთო ჯამში ჩაატარა 6 თამაში, რომელშიც 6 ბურთი გაიტანა. მასზე მეტი გოლი "არწივების" კარში არავის გაუტანია.

ვის უსწრებს არველაძე?
არველაძის შემდეგ, ბალკანელების "ღამის კოშმარების" სიაში მოდიან გერდ მიულერი და კარლ-ჰაინც რუმენიგე, რომლებსაც 5-5 გოლი აქვთ გატანილი. 1967 წელს გერმანიამ "შავ-წითლები" გაანადგურა 6:0, პოკერი მიულერმა შეასრულა. 1981 წელს კი ამ ეროვნულ გუნდებს შორის უკვე 8:0 დაფიქსირდა, ჰეთ-თრიკი რუმენიგეს ანგარიშზე იყო.
ლეგენდარული გერმანელი თავდამსხმელების შემდეგ, ოთხი გოლით მოდიან ფერენც პუშკაში, ჰარი კეინი, ემილიო ბუტრაგენიო, ხოსე მარი ბაკერო, ულფ კირსტენი, ლასლო ბუდაი და ვალტერ შაჰნერი. მოქმედი მოთამაშე აქედან არის მხოლოდ ინგლისელი ფორვარდი, რომელმაც ალბანეთს 4 ბურთი მხოლოდ 2 მატჩში გაუტანა.


















