სამხრეთამერიკული ფეხბურთის სიყვარული გარკვეულ ,,მსხვერპლს“ მოითხოვს, ის გულის გონებაზე უპირატესობის - ანუ პროცესით ტკბობის მნიშვნელობის აღიარებას გულისხმობს. დღევანდელი გლობალური სამყაროს მზარდი ინტეგრაციული პროცესების პირობებში, სადაც საფეხბურთო გუნდის/ფეხბურთელის წარმატებას საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნების კვალდაკავალ, ბუღალტრული სკრუპულოზურობით დათვლილი შედეგი განსაზღვრავს, სამხრეთამერიკული ირაციონალური საფეხბურთო მიდგომაც ოდნავ გაუფერულდა, თუმცა, ის არსებობს და ვიმედოვნებ, რომ ავთენტურობას სამყაროს დასასრულამდე შეინარჩუნებს. ზემოთ აღნიშნული სამხრეთული პარადიგმის კლასიკურ წარმომადგენლად, შესაძლო უკანასკნელ „კონსერვატორ" წარმომადგენლადაც კი წარმოგვიდგება ხუან რომან რიკელმე, საფუხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის მიერ ერთი შეხედვით ნაკლებად დაფასებული, თუმცა ბუმბერაზი წარმომადგენელი.
ხუან რომანი ბუენოს აირესის ღარიბ უბანში, საეჭვო კრიმინალური წარსულის მქონე ოჯახში გაიზარდა და იქვე ეზიარა ფეხბურთის სიყვარულს. ნათელია, რომ ასეთი წარსულის მქონე ბიჭს, ბოკა ხუნიორსის საფეხბურთო გუნდში უნდა აედგა ფეხი, თუნდაც არგენტინოს ხუნიორსის გავლით. ბოკა ხუნიორსი ხომ იტალიელი ემიგრანტების, სხვადასხვა ხელობის მუშებისა და კრიმინალური წარსულის მქონე ხალხის უბნის გუნდია, მათ გულშემატკივრებს დაცინვით, სხვა კლუბების წარმომადგნელები „სასუქის დამმუშავებლებს" უწოდებდნენ. როგორც საფეხბურთო მიმომხილველი კრის ჰოუვი 2020 წელს წერდა, ამ უბნის მცხოვრებლებს 4 რამ უყვართ: ბოკა ხუნიორსი, პაპი ფრანცისკე, დიეგო არმანდო მარადონა და ხუან რომან რიკელმე. რაც შეეხება ცნობილ სტადიონ ლა ბონბონერას, ის აგურის ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზეა აშენებული, ეს კი ხაზს კლუბის პროლეტარულ ფესვებს უსვამს. ბოკა ხუნიორსის გულშემატკივართა რადიკალური დაჯგუფება La doce ხომ საერთოდ, მძლავრი კრიმინალური გაერთიანებაა, რომელიც საფეხბურთო კლუბის მაღალჩინოსანი ფუნქციონერების დაშანტაჟებით დაწყებული, გატაცებითა და მკვლელობებით დამთავრებული - ბუენოს აირესის სუბკულტურის განუყოფელი ნაწილია. ასეთ კლუბში მოხვედრილი ხუან რომან რიკელმე გულშემატკივართა კერპად და „ახალ მარადონად" მალევე იქცა. ესეც არგენტინული საფეხბურთო კულტურის მახასიათებელია და არც არის გასაკვირი: არგენტინაში და მით უმეტეს, მშობლიურ კლუბში, ნიჭიერების მთავარი საზომი ყოველთვის დიეგო იქნება. ამიტომ, ამ მანტიით შემოსილი რიკელმე, პასუხისმგებლობის სიმძიმის მიუხედავად, წლიდან წლამდე საფეხბურთო უნარების დახვეწას და ნამდვილ ფლეიმეიქერად ჩამოყალიბებას ახერხებდა.

2002 წლამდე რიკელმე ბოკა ხუნიორსის ლიდერად იქცა და ამომავალი ვარსკვლავის ყველა პრივილეგია მიიღო. მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის ყურადღების ცენტრში მოხვედრა მაინც 2000 წელს ტოკიოში გამართულმა საკონტინენტთაშორისო თასის ფინალმა განაპირობა, როდესაც ბოკა ხუნიორსმა დაძაბულ ბრძოლაში ვარსკვლავურ მადრიდის რეალს 2-1 სძლია. ბოკა ხუნიორსიდან ორივე გოლი მარტინ პალერმომ შეაგდო, თუმცა ამ ტრიუმფის ნამდვილი შემოქმედი რიკელმე იყო. დღემდე დაუვიწყარია შთაბეჭდილება, თუ როგორ გააბითურა „ელ ტორერომ“ მაღალი კლასის ჯიუტი ფრანგი ნახევარმცველი, კლოდ მაკელელე. შემდეგ იყო მოლოდინებით აღსავსე, თუმცა წარუმატებელი სეზონი ბარსელონაში, ამას მოჰყვა არაფრით გამორჩეული ვილიარეალის აღზევება ჩემპიონთა ლიგასა და პრიმერა-დივიზიონში რიკელმესა და ფორლანის ლიდერობით და ბოლოს, ისევ მშობლიურ ბოკა ხუნიორსში დაბრუნება, 2015 წელს კი ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდება. აღსანიშნავია, რომ რიკელმეს მოღვაწეობა ნაკრებში შედარებით ნაყოფიერი გამოდგა: ახალგაზრდულ, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონობას, 2008 წლის ოლიმპიური ოქრო დაემატა. შუალედში იყო ერთ-ერთი გამორჩეული მსოფლიო ჩემპიონატი 2006 წელს, სადაც 1/4 ფინალში პენალტების სერიით გერმანიასთან დამარცხებულმა არგენტინამ მანამდე, ჯგუფურ ეტაპსა და 1/8 ფინალში, ხოსე პაკერმანის მწრთვნელობითა და რიკელმეს დირიჟირობით ბრწყინვალე მატჩები ჩაატარა.

ერთი შეხედვით, არცთუ ბევრი ჯილდოთი განებივრებული ხუან რომან რიკელმე მარადონას შემდეგ დღემდე ჩემს საყვარელ არგენტინელ ფეხბურთელად რჩება. უნდა ითქვას ისიც, რომ მესის საოცარი კარიერის ფონზე, რიკელმეს მემკვიდრეობა ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა მან ,,სხვანაირად“ ღრმად დაიმკვიდრა სახელი საფეხბურთო მითოლოგიაში, ვიდრე მესიმ. ბევრი სუბიექტურობას დამწამებს, მაგრამ მსგავსი ბრალდება თავიდანვე მცდარი იქნება, ფეხბურთს ხომ სწორედ სუბიექტური მიდგომა ახასიათებს, რადგან ფეხბურთი უფრო მეტად ხელოვნებაა ვიდრე ობიექტური ჭეშმარიტების მაძიებელი მეცნიერება. მაინც რაში მდგომარეობდა ხუან რომან რიკელმეს ხიბლი, რომლის ერთგული თაყვანისმცემელი მილიონობით ადამიანი აღმოჩნდა? პასუხის გაცემა რთულია, თუმცა შესაძლებელი. „ელ ტორეროს“ მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ის ჩვეულებრივ საფეხბურთო მატჩს ხელოვნებად აქცევდა, ის არ იყო ფეხბურთელი, რომელსაც საკუთარი ბრწყინვალების წარმოსაჩენად კულმინაციური მომენტი სჭირდებოდა. ის მოედანზე მისდევდა არა ობიექტურ სამატჩო რითმს, არამედ ჰქონდა საკუთარი რიტმი, რისი მეშვეობითაც მეორადი ფაქტორების უკვდაყოფას ახდენდა, ფაქტორებისა რომელიც სულაც არ ასახავდა შედეგზე გავლენას, მაგრამ ღრმა კვალს ტოვებდა მაყურებლებში. ცხოვრების ორომტრიალში, ნებისმიერი ხელობისა თუ სოციალური კუთვნილების ადამიანს საკუთარ ყოველდღიურობასთან გამკლავება სჭირდება, თორემ ამ ბრძოლის გარეშე რუტინა გკლავს და ცხოვრების მექანიკურ სათამაშოდ გაქცევს. რიკელმე კი ის კაცი არ იყო, ვინც დაუშვებდა, რომ საფეხბურთო რუტინა მასზე გაბატონებულიყო. მოედანზე არაფრით გამორჩეულ მომენტებს ნამდვილ სანახაობად აქცევდა. აჩენდა განცდას, რომ ფეხბურთი, ისევე როგორც ცხოვრება, მარტო შედეგებით არ იზომება. წარმატება-წარუმატებლობის ტოქსიკურ ნარატივს ის ბოლოს უღებდა მოედანზე. საფეხბურთო წარმატება ხომ გოლთან, საგოლე პასთან ან სხვა დათვლად სასარგებლო აქტივობებთან ასოცირდება, მაგრამ რიკელმე არ თამაშობდა ციფრებისთვის; მისთვის მთავარი იყო პროცესი, რომელშიც ცხოვრობდა და იხარშებოდა. მის დამოკიდებულებას ფეხბურთთან, ერთ-ერთ ინტერვიუში მისივე ნათქვამი ადასტურებს: ,,ყოველთვის ვამბობ: ორშაბათიდან შაბათამდე ფეხბურთი ჩემთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაა, კვირას კი, როდესაც მატჩის დღეა, ის უბრალოდ არა სამსახური, არამედ ყველაზე დიდებული რამაა ფეხბურთელისთვის.“

ისევე როგორც ცხოვრებაში, ფეხბურთშიც მრავლად აქვს ადგილი ირაციონალურ ქმედებებს, მომენტებს, რომელიც შედეგზე შესაძლოა არ იყოს გათვლილი და თუნდაც, მხოლოდ ემოციურ აფეთქებას მოსდევდეს ან უძღოდეს წინ. ხუან რომანი სერიოზული კაცი იყო მოედანზეც და მის მიღმაც, მაგრამ ბურთით - ნამდვილი ამფეთქებელი ხდებოდა. ასეთი ნამდვილ და ,,ხალხურ“ კაცს, ნიჭთან ერთად რთული ხასიათიც დაჰყოლოდა. მას შედეგებზე ორიენტირებული წესების გარეშე უყვარდა ცხოვრება. მის საფეხბურთო გემოვნებასა და ფილოსოფიას შესანიშნავად აღწერს კიდევ ერთი დიდი არგენტინელი ფეხბურთელი ხორხე ვალდანო: ,,თუ ჩვენ გვიწევს A წერტილიდან B წერტილამდე გამგზავრება, უმეტესობა ჩვენგანი აირჩევს ექვსზოლიან გზატკეცილს, დანიშნულების ადგილამდე სწრაფად მისასვლელად. რიკელმე კი აირჩევს მიხვეულ-მოხვეულ სერპანტინებს მთების გადავლით, რთულ, მაგრამ თვალწარმტაც მარშრუტს, რომლისთვისაც მას დასჭირდება ორის ნაცვლად ექვსი საათი.“ ვალდანოს შეფასება ერთი მხრივ, წარმოაჩენს რიკელმეს რომანტიკულ საფეხბურთო ბუნებას, მეორე მხრივ მის შენელებულ ტემპს, რომელსაც რიგი მიმომხილველები დიდ ნაკლად უთვლიდნენ, თუმცა სწორედ ეს სძენდა მას გარკვეულ მომხიბვლელობას და უპირატესობასაც კი ისეთი საფეხბურთო ტექნიკის გამოყენებისას, როგორიც არის La Pausa. აღნიშნული ტექნიკით ფეხბურთელს შეუძლია, შეანელოს თამაში, დააგდოს მისი ინტენსივობა, მაქსიმალურად აკონტროლოს ბურთი და ვითარების სრულყოფილად შეფასების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, შექმნილი სივრცეების ეფექტურად გამოყენების მიზნით. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხსენებული ტექნიკის შემქნელად, ასევე ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი რიკარდო ბოჩინი ითვლება, თუმცა სპეციალისტთა შეფასებით La Pausa-მ სრულყოფილებას ესპანური ფეხბურთის გავლით მიაღწია. უნარები, როგორიცაა მოედნის ხედვა, კრეატიულობა, ბურთისა და ტემპის კონტროლი რიკელმეს სრულყოფილად ჰქონდა მიმადლებული, თუმცა აკლდა ალბათ ის, რაც შედეგიანობაზე ასახვას ჰპოვებდა - მკვლელის ინსტიქტი.

შესაძლოა, ფეხბურთის შედარებით ახალგაზრდა გულშემატკივართა ნაწილისთვის ასეთი საფეხბურთო ფილოსოფია გაუგებარი იყოს, მაგრამ ის არსებობს და მშვენიერია. ერთი შეხედევით აბსურდულია - მართლაც რა აზრი აქვს დრიბლინგს, როდესაც გოლით, ან საგოლე პასით მატჩის დაგვირგვინება შეგიძლია და შენ ამას არ აკეთებ? რადგან კიდევ ერთხელ გინდა მოწინააღმდეგე ლამაზად გააბითურო და ამით მიღებული სიამოვნება გულშემატკივარს გაუზიარო? თითქოს ლეგიტიმური კითხვებია, მაგრამ არა ყველასთვის. „სხვანაირად“ ტემპერამენტიანი სამხრეთამერიკელი ქომაგი არათუ პატიობს, არამედ აღმერთებს კიდეც აღნიშნული ტიპის ცალკეულ მაგალითებს. ხოდა ალბათ, ამიტომაც ვერ გაუგეს ამ კაცს ბოლომდე ევროპაში. მარადონამაც ხომ არაერთხელ აღნიშნა რიკელმეზე საუბრისას - ეს კაცი ზუსტად იმ ფეხბურთს თამაშობს, რაზეც ვგიჟდებით სამხრეთ ამერიკაშიო. ხუან რომანი იყო მოთამაშე, ვინც საფეხბურთო სანახაობის ბრწყინვალე შედევრებს, განსხვავებით სხვა მოთამაშეებისაგან, ქმნიდა არა მარტო საჯარიმოს სიახლოვეს, არამედ მოედნის ცენტრშიც, ან საკუთარ ნახევარში აუტის ხაზთან, სადაც შეიძლება არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარიყო... ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ურთიერთობა ბურთთან - უსათუთესი და ხავერდოვანი შეხებები ბურთის გაჩერებისა და პასის გაკეთების დროს, უემოციოდ არ გტოვებდა და აღფრთოვანებას, ან აღშფოთებას აღძრავდა მაყურებელში. აღშფოთებას უფრო იმიტომ რომ ირაციონალური გაგრძელება განიავებულ შანსს ნიშნავდა. ბურთთან ის ურთიერთობდა დიდი ვნებითა და პასუხისმგებლობით აღსავსე, რაც გარკვეულ ალეგორიულ განცდებსაც კი აჩენდა. ბურთზე ფეხის ტერფის რბილი შეხებით, მოწინააღმდეგის დაცვის, ხშირად დაცვისა და ნახევარდაცვის გაჭრილი ხაზი რიკელმეს სავიზიტო ბარათად იქცა.
ჩემი ბავშვობის კუმირის - ცივსისხლიანი შემსრულებლის, გაბრიელ ბატისტუტას შემდეგ, რიკელმე ნამდვილი ჯადოქარი იყო, უფრო სხვა წონის და ბედისწერისა, მარადონას ლოცვა-კურთხევა რომ სდევდა თან. მიუხედავად ლიონელ მესის გრანდიოზულობისა (მან ხომ არგენტინელი ერის საფეხბურთო ოცნებას ხორცი შეასხა და მესამე მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა) რომელიც თამაშობდა იმდენად ლამაზ ფეხბურთს, რამდენადაც შედეგიანს, მაინც, ხუან რომანი რჩება მითიურ მოთამაშედ, რომანტიკული საფეხბურთო ეპოქის გადმონაშთად, იმ კაცად, რომელმაც თანამედროვე ფეხბურთის ულმობელი კანონები არაფრად ჩააგდო და საფეხბურთო იდეალისტად დარჩა. რიკელმეს მსოფლმხედველობა თითქოს, გარკვეულ საერთოს პოულობს ლათინურ-ამერიკული განთავისუფლების თეოლოგიის (Teologia Della Liberazione) პრინციპებთან, რომლის მიხედვითაც ,,იესო განმათავისუფლებელი“ გლახაკებისა და უპოვრების მახარებლად იქცა, და როცა ღვთაებრივმა მდიდრული ტაძრებიდან და სასახლეებიდან უპოვართა სიღატაკეში შეაღწია. რიკელმეს მიერ მინიჭებული სიხარულის მუდმივ მიმღებად კი, უპირველესყოვლისა იქცნენ ბუენოს აირესის ღარიბი უბნების მკვიდრნი, ბოკა ხუნიორსის ერთგული ქომაგნი. იყო ხალხთან და მათ გვერდში, ნიშნავს, რომ პირადს ამჯობინო სახალხო, ითამაშო მოყვასისთვის, გაათავისუფლო თანამოქალაქეები ყოველდღიური რუტინის მომაკვდინებელი მიზანსწრაფულობისგან. რიკელმეს ფეხბურთი კულმინაციური მომენტების მიღმა მყოფი ჩვეულებრივი და ღარიბი (მოსაწყენი) საფეხბურთო პროცესის გამშვენიერების ხელოვნებად ჩამოისხა, რომელზედაც დამსწრე საზოგადოება ერთგვარ კათარზისს აღწევდა.

ფეხბურთის ,,დონ კიხოტი“, ბურთითა და საკუთარი თამაშის სტილით ,,ბუღალტრული ფეხბურთის" ნამდვილ წისქვილებს შეებრძოლა. ვერ მიაღწია თვალსაჩინო პირად გამარჯვებებს, მაგრამ მილიონობით გულშემატკივრის გული მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მოინადირა. რიკელმე ალბათ რომანტიკული ფეხბურთის უკანასკნელი ათიანია (სხვათაშორის ამ მოსაზრების ფართოდ გავრცელებაზე მეტყველებს მისი ერთ-ერთი სახალხო მეტსახელი El Ultimo 10 - უკანასკნელი ათიანი), ხოლო მის კარიერაზე თვალის გადავლება კიდევ ერთხელ გვახსენებს, ფეხბურთიდან ცხოვრებაში ტრანსფორმირებულ მნიშვნელოვან უნივერსალურ პრინციპებს: იცხოვრე თითოეული წამით, ეძიე სილამაზე ყველგან და დატკბი თვით უმნიშვნელო მოვლენებით თუ საგნებით, წარმატება-წარუმატებლობის კონტექსტის გარეშე.
ავტორი: გიორგი აბდუშელიშვილი















