მაიკლ კერიკი მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხმაურიანად დაბრუნდა - დამაჯერებელი გამარჯვება დერბიში მანჩესტერ სიტისთან. დიახ, დაბრუნდა და არა მოვიდა, რადგან როგორც გვახსოვს, 2021 წლის ბოლოს ინგლისელი თავკაცი "წითელ ეშმაკებში" 3 შეხვედრით დამრიგებლის მოვალეობას ერთხელ უკვე ასრულებდა.
რაც შეეხება ოლდ ტრაფორდის ბინადრების მწვრთნელის ამჟამინდელ მდგომარეობას, დრო მას სეზონის ბოლომდე ექნება. ვნახოთ, რას იზამს 44 წლის თავკაცი ამჯერად, იქამდე კი გავიხსენოთ მისი წინამორბედები, ალექს ფერგიუსონის წასვლიდან - დღემდე. საუბარია მხოლოდ რეგულარულ დამრიგებლებზე და არა რამდენიმე შეხვედრისთვის განკუთვნილ მოვალეობის შემსრულებლებზე.
დევიდ მოიესი
| პერიოდი | 2013 წლის ივლისი - 2014 წლის აპრილი |
| შედეგი | 51 მატჩი - 27 მოგება, 9 ფრე, 15 წაგება |
| ადგილი პრემიერ ლიგაში | მე-7 |
| ტიტულების რაოდენობა | 1 |
| სატრანსფერო ხარჯები | 77.1 მილიონი ევრო |
| გამორჩეული ტრანსფერები | ხუან მატა, მარუან ფელაინი |
პირველი მწვრთნელი, რომელმაც გადაიბარა ფერგიუსონის მემკვიდრეობა იყო მოიესი და ამ ყველაფერში ერთგვარი რომანტიზმი ნამდვილად შეინიშნებოდა. ალექსის მსგავსად შოტლანდიელი და მისნაირად ერთ კლუბში დიდხანს გაჩერების მოყვარული. იუნაიტედამდე, დევიდი 11 წლის მანძილზე ევერტონში მუშაობდა.
სამწუხაროდ, მხოლოდ სკოტური სიმბოლიზმი საკმარისი არ გამოდგა - პრემიერ ლიგის იმ დროს მოქმედი ჩემპიონი მანჩესტერული გუნდი მეშვიდე პოზიციამდე დაეშვა. "წითელი ეშმაკების" თავკაცს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდნენ მთელი სეზონის მანძილზე, ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი თვით ადრე კი ის საბოლოოდ გაუშვეს.
ლუი ვან გაალი
| პერიოდი | 2014 წლის ივლისი - 2016 წლის მაისი |
| შედეგი | 103 მატჩი - 54 მოგება, 25 ფრე, 24 წაგება |
| ადგილი პრემიერ ლიგაში | მე-4, მე-5 |
| ტიტულების რაოდენობა | 1 |
| სატრანსფერო ხარჯები | 276.1 მილიონი ევრო |
| გამორჩეული ტრანსფერები | ბასტიან შვაინშტაიგერი, ანხელ დი მარია, რადამელ ფალკაო, მემფის დეპაი, ანტონი მარსიალი |
მოიესის მიმართებაში განცდილი ფიასკოს შემდეგ, მან იუნაიტედში აქცენტი ავტორიტეტსა და გამოცდილებაზე შეაჩერეს. იდეალურ კანდიდატად ამ მხრივ მოიაზრებოდა ვან გაალი, რომელსაც საკმაოდ ნაყოფიერი კარიერა უმაგრებდა ზურგს. ამასთან ერთად, მანჩესტერში ვარსკვლავების ახალმა ნაკადმა მოიყარა თავი.
შვაინშტაიგერი, დი მარია, ფალკაო, ასევე იმ დროისთვის სუპერპერსპექტიულები, დეპაი და მარსიალი - ეს არის ლუის მწვრთნელობის დროს განხორციელებული ტრანსფერების არასრული ჩამონათვალი. ნიდერლანდელმა დამრიგებელმა ჯამში დახარჯა 280 მილიონამდე, მაგრამ სულ ტყუილად: "წითელი ეშმაკები" მე-4 პოზიციაზე მაღლა ვერ აღზევდნენ.
ჟოზე მოურინიო
| პერიოდი | 2016 წლის მაისი - 2018 წლის დეკემბერი |
| შედეგი | 144 მატჩი - 84 მოგება, 32 ფრე, 28 წაგება |
| ადგილი პრემიერ ლიგაში | მე-6, მე-2 |
| ტიტულების რაოდენობა | 3 |
| სატრანსფერო ხარჯები | 424.1 მილიონი ევრო |
| გამორჩეული ტრანსფერები | ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი, ალექსის სანჩესი, რომელუ ლუკაკუ, პოლ პოგბა |
არსებობს მოსაზრება, რომ მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდი მან იუნაიტედის პოსტ-ფერგიუსონის ეპოქაში საუკეთესო მოვლენა არის. ჟოზესთან ერთად მანჩესტერელებმა ინგლისის ჩემპიონატში სეზონი დაასრულეს მე-2 პოზიციაზე და ასევე, ევროპის რანგით მე-2 საკლუბო ტურნირი მოიგეს.
პრობლემას მხოლოდ "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრების მაღალი მოლოდინი წარმოადგენდა. ფანებს სურდათ ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაზე და არა რანგით მე-2 ტურნირზე, ასევე პირველი პოზიცია ინგლისში. მოკლედ, ყველაფერი ისე, როგორც ალექსის მოღვაწეობის დროს იყო.
ეს მოთხოვნა ლეგიტიმური იყო იმის გათვალისწინებით, რომ პორტუგალიელ მწვრთნელს ტრანსფერებზე 400 მილიონ ევროზე მეტი ჰქონდა დახარჯული. დრომ აჩვენა, მადრიდის რეალის ექს-დამრიგებელმა ოლდ ტრაფორდის ბინადრები ვერ დააბრუნა მწვერვალზე, მაგრამ ის დღემდე რჩება ყველაზე ტიტულოვან სპეციალისტად შოტლანდიელი ლეგენდის საქმის გამგრძელებლებს შორის.
ოლე-გუნარ სოლსკიაერი
| პერიოდი | 2018 წლის დეკემბერი - 2021 წლის ნოემბერი |
| შედეგი | 168 მატჩი - 91 მოგება, 37 ფრე, 40 წაგება |
| ადგილი პრემიერ ლიგაში | მე-6, მე-3, მე-2 |
| ტიტულების რაოდენობა | 0 |
| სატრანსფერო ხარჯები | 462.7 მილიონი ევრო |
| გამორჩეული ტრანსფრები | კრიშტიანუ რონალდუ, ედინსონ კავანი, რაფაელ ვარანი, ბრუნო ფერნანდეში, ჰარი მაგუაიერი |
მას შემდეგ, რაც მან იუნაიტედი დაიღალა მოურინიოს უარყოფითი ენერგიით, კლუბმა შანსი მისცა ღიმილიან ერთგულ ჯარისკაცს - სოლსკიაერს. თავიდან ის განიხილებოდა მხოლოდ დროებით თავკაცად, რომლის მიზანი იყო სეზონის გადარჩენა, მაგრამ მისი მუშაობის სტარტზე გამომცხვარმა მოგებათა სერიამ ოლეს სრულფასოვანი კონტრაქტი მიაღებინა.
იქმნებოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მანჩესტერულ გუნდში როგორც იქნა მივიდა ის მწვრთნელი, ვინც იქაურობას ასე სჭირდებოდა. გადიოდა თვეები, იზრდებოდა სატრანსფერო ხარჯები, რომლებმაც გადააჭარბეს 450 მილიონს, მაგრამ "წითელი ეშმაკები" ტიტულებისგან კვლავ შორს იყვნენ.
ოლდ ტრაფორდის ბინადრებს ჰქონდათ მოჩვენებითი გამონათებები, რეალობა კი იყო ის, რომ მათი გუნდი პეპ გუარდიოლას მან სიტისა და იურგენ კლოპის ლივერპულს სისტემატურ კონკურენციას ვერ უწევდა. ნორვეგიელ თავკაცს ვერ უშველა რონალდუმაც, რომელიც მის გუნდში თავისი ბოლო ევროპული ცეკვისთვის დაბრუნდა.
რალფ რანგნიკი
| პერიოდი | 2021 წლის დეკემბერი - 2022 წლის მაისი |
| შედეგი | 29 მატჩი - 11 მოგება, 10 ფრე, 8 წაგება |
| ადგილი პრემიერ ლიგაში | მე-6 |
| ტიტულების რაოდენობა | 0 |
| სატრანსფერო ხარჯები | 0 |
| გამორჩეული ტრანსფერები | / |
თუ მოურინიოს მოღვაწეობა მან იუნაიტედის პოსტ-ფერგიუსონის ეპოქაში ითვლება საუკეთესო მოვლენად, ყველაზე ცუდი, ულაპარაკოდ, რანგნიკის დანიშნვა არის. ჩვენ ვსაუბრობთ თავკაცზე, რომელსაც ზურგს უმაგრებდა აბსურდული ფაქტებისგან შემდგარი რეზიუმე, რეალური მიღწევები კი რალფის სახელზე ძალიან ცოტა არის.
დილეტანტის თვალით დანახული გერმანელი მწვრთნელი არის გეგენპრესინგის ფუძემდებელი, ვისი კონსპექტებითაც კლოპი და ტუხელიც კი ხელმძღვანელობდნენ. ეს არის უბრალოდ შელამაზებული მითი, სინამდვილეში კი მანჩესტერში ერთი საშუალოზე დაბალი დონის თავკაცი მივიდა.
"წითელი ეშმაკების" მწვრთნელს შედეგებიც შესაბამისი ჰქონდა და სეზონის მიმდინარეობისას ის თითქმის ყოველ მესამე მატჩში მარცხდებოდა. 67 წლის თავკაცის დაცვის მიზნით შესაძლებელია მხოლოდ ერთი არგუმენტის მოყვანა: ოლდ ტრაფორდზე მას არ ჰქონია ტრანსფერების განხორციელებისა და გუნდის თავის გემოზე გადაწყობის საშუალება.
ერიკ ტენ ჰაგი
| პერიოდი | 2022 წლის მაისი - 2024 წლის ოქტომბერი |
| შედეგი | 128 მატჩი - 70 მოგება, 23 ფრე, 35 წაგება |
| ადგილი პრემიერ ლიგაში | მე-3, მე-8 |
| ტიტულების რაოდენობა | 2 |
| სატრანსფერო ხარჯები | 653.3 მილიონი ევრო |
| გამორჩეული ტრანსფერები | კარლოს კაზემირო, კრისტიან ერიქსენი, ანდრე ონანა, მატის დე ლიხტი, ანტონი დოს სანტოსი |
კინემატოგრაფიაში ხშირად გვხვდება მოვლენა, როდესაც წარმატებულ ევროპულ თუ აზიურ ფილმს ამერიკაში ჰოლივუდურ ადაპტაციას უკეთებენ. მსგავსი რიმეიქები ხშირ შემთხვევაში წარუმატებელია და ასე იყო ტენ ჰაგის შემთხვევაშიც, როცა ის იუნაიტედისგან 2018-2022 წლების ამსტერდამის აიაქსის გამოძერწვას ცდილობდა.
ერიკმა მანჩესტერულ გუნდში გადმოიყვანა იმ ფეხბურთელთა უმეტესობა, ვისთანაც ის წლების განმავლობაში "ებრაელებში" მუშაობდა. ნიდერლანდელი თავკაცის სადებიუტო სეზონს "წითელ ეშმაკებში" თუ შევაფასებთ მეტ-ნაკლებად დადებითად, მე-2 წლის შემთხვევაში ამის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია.
ერთი სრული სტატია არ გვეყოფა იმ ანტირეკორდების ჩამოსათვლელად, რომელიც ოლდ ტრაფორდის ბინადრებმა 2023/2024 წლების სეზონში დაამყარეს. იგივე გაგრძელდა შემდეგ წელსაც, რითაც ნათელი გახდა, იუნაიტედი და მისი ერედივიზიის სტანდარტებს მიჩვეული თავკაცი ერთმანეთთან ვერ მუშაობენ.
რუბენ ამორიმი
| პერიოდი | 2024 წლის ნოემბერი - 2026 წლის იანვარი |
| შედეგი | 63 მატჩი - 24 მოგება, 18 ფრე, 21 წაგება |
| ადგილი პრემიერ ლიგაში | მე-15 |
| ტიტულების რაოდენობა | 0 |
| სატრანსფერო ხარჯები | 282.5 მილიონი ევრო |
| გამორჩეული ტრანსფერები | მათეუს კუნია, ბრაიან მბიუმო, ბენჟამინ შეშკო |
ტენ ჰაგის გათავისუფლების შემდეგ, მან იუნაიტედის სეზონის გადარჩენა დაევალა ამორიმს, ვინც ლისაბონის სპორტინგში მუშაობის დროს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული დამრიგებლის სტატუსი მოიპოვა. რაც შეეხება რუბენის მოღვაწეობას მანჩესტერში, სეზონი გამოდგა კატასტროფული: მე-15 პოზიცია ინგლისის ჩემპიონატში.
პორტუგალიელი მწვრთნელის გამართლება შეიძლებოდა იმით, რომ მან ჩაიბარა გუნდი, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო აწყობილი ერიკის სისტემაზე, თანაც გაუმართავად. "წითელი ეშმაკების" თავკაცმა მე-2 სეზონის წინ განახორციელა რამდენიმე ცვლილება და სატრანსფერო ბაზარზე დახარჯა 280 მილიონზე მეტი, მაგრამ შედეგი იგივე გამოდგა.
ოლდ ტრაფორდზე შეკრებილი პუბლიკის წინაშე კვლავ იყო ის არასტაბილური გუნდი, რომელიც ყოველ მესამე მატჩში მარცხდებოდა. შედეგად, 2026 წელი იუნაიტედმა ამორიმის გაშვებით დაიწყო. როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, პრობლემური კლუბის ძველ რელსებზე დაბრუნებას ამიერიდან კერიკი ეცდება.















