
ჯიბეში 5 დოლარით დაწყებული თავგადასავალი
"ბრაზილიიდან რომ ჩამოვედი, მხოლოდ ხუთი დოლარი მქონდა. უნდა მეჭამა ან დედასთან დამერეკა და მეთქვა, რომ მშვიდად ჩავედი. ორივეს ვერ გასწვდებოდა ეს თანხა, დედას დავურეკე. ლისაბონში ღამე ჩავფრინდი. მადეირაში კი 11 საათზე უნდა წავსულიყავი. აეროპორტში შევედი და მრცხვენოდა, მაგრამ Pans & Company-ს ბიჭს ვკითხე, შეიძლებოდა თუ არა ჩემთვის რამე საჭმელი მოეცათ. მითხრა, შეჭამეთ რაც გინდათო", - იხსენებს მადრიდის რეალის ყოფილი უკანახაზელი.

პორტუგალიის ნაკრები - უცხო შინაურებს შორის და შინაური უცხოებს შორის
როგორც ვიცით, ლეგენდარული სამიანი წარმოშობით ბრაზილიელია, თუმცა თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრებიდან მას მოწვევა არ მიუღია. ის 24 წლამდე ელოდებოდა ზარს "სელესაოდან", მაგრამ ამაოდ, რის შედეგადაც მას პორტუგალიელთა შემოთავაზების მიღება მოუწია. 41 წლის ყოფილი უკანახაზელი დაწერს პირენეელთა ისტორიას, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით.

ტრანსფერი რეალში
პორტოში ჩატარებული სამი წარმატებული სეზონის შემდეგ, პეპე 2007 წლის ზაფხულში 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ რეალში გადადის. ბევრი აღნიშნულ ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდა, მაგრამ პორტუგალიელმა უკანახაზელმა დროთა განმავლობაში დაამტკიცა, რომ მადრიდელებმა ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეს.

დისკვალიფიკაცია, დაბრუნება, დამკვიდრება
2009 წლის 21 აპრილს კეპლერი ეუხეშა ხავიერ კასკეროს, რის შედეგადაც ის 10-თამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. მან გამოტოვა 2008/2009 წლების სეზონის დასკვნითი ნაწილი და შემდეგი სეზონის სტარტი, მაგრამ დიდხნიანი შესვენება მის თამაშის ხარისხზე არ ასახულა. "სამეფო კლუბის" უკანახაზელმა სერხიო რამოსთან ერთად ეპოქალური დუეტი შექმნა.

ჩემპიონთა ლიგის 3 თასი
41 წლის ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, "ბლანკოსთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგის სამი ტიტული მოიპოვა. მათ შორის ყველაზე გამორჩეული პირველი, 2014 წელს მოპოვებული გამარჯვება იყო, ბერნაბეუს ბინადრების 12-წლიანი მშრალი სერიის შემდეგ. ლეგენდარულმა 3-იანმა იმ სეზონში ჩაატარა 48 მატჩი და 5 ბურთი გაიტანა.

რეალიდან წასვლა, ეპოქის დასრულება
რეალში გატარებული 10 სეზონის შემდეგ, პეპე ახალი თავგადასავლების ძიებას შეუდგა. თავისი კარიერის მთავარ გუნდში მან საერთო ჯამში ჩაატარა 334 მატჩი და გაიტანა 15 ბურთი. ყოფილმა პორტუგალიელმა უკანახაზელმა მადრიდში მოიგო 13 ტიტული, მათ შორის პრიმერა დივიზიონის ჩემპიონობა 3-ჯერ.

ევროპის ჩემპიონი
მთავარი ტიტული როგორც კეპლერის კარიერაში, ისე ზოგადად "ევროპელი ბრაზილიელებისთვის". მან უმაღლეს დონეზე ჩაატარა 2016 წლის კონტინენტის პირველობა და ფინალის საუკეთესო მოთამაშის პრიზიც სწორედ მას ერგო. ცნობისთვის, 3 წლის შემდეგ, "სამეფო კლუბის" ყოფილმა უკანახაზელმა ერთა ლიგაც მოიგო.

ბარათების მოყვარული
41 წლის ყოფილი ცენტრალური მცველი ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული და ხისტი ფეხბურთელი. თავად განსაჯეთ - მან კარიერის მანძილზე მიიღო 210 ყვითელი ბარათი, 17 წითელი და სხვადასხვა დისკვალიფიკაციის გამო ლეგენდარულმა 3-იანმა 40 მატჩი გამოტოვა.

კარიერის ბოლოს დამყარებული რეკორდები
პეპე კარიერის ბოლომდე ინარჩუნებდა უმაღლეს დონეს, რაც რამდენიმე რეკორდშიც აისახა. ის არის ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც ითამაშა და გაიტანა როგორც ევროების პლეიოფში, ისე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზეც. ყოფილი პორტუგალიელი უკანახაზელი, იმ დროისთვის უკვე 41 წლის იყო.

კრიშტიანუ რონალდუსთან მეგობრობა
კეპლერმა და რონალდუმ ერთმანეთი ლისაბონის სპორტინგში გაიცნეს. ჩვენი სტატიის გმირი აღნიშნულ კლუბში ორი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა, მაგრამ კონტრაქტის გაფორმებამდე საქმე არ მისულა. მომავალში ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორც "ბლანკოსში", ისე "ლუზიტანებშიც". მათი თავგადასავალი საერთო ჯამში, გვერდიგვერდ გატარებულ 348 მატჩს ითვლის.

















