
დასაწყისი
იოჰანეს იაკობუს „იოჰან“ ნეესკენსი 1951 წლის 15 სექტემბერს, ჩრდილოეთ ჰოლანდიის ერთ-ერთ პროვინციაში - ქალაქ ჰემშედეში დაიბადა. ფეხბურთის თამაშიც ადგილობრივ კლუბში დაიწყო, რასინგ ჰეემშტედეში, რომელიც პირველ დივიზიონში გამოდიოდა (ჰოლანდიის რანგით მეორე ლიგა). ჯერ კიდევ ამ კლუბში ავლენდა ნეესკენსი თავის სათამაშო თავისებურებებს. თანაბრად ელეგანტური და აგრესიული - იყო ისეთი ძლიერი უბურთოდ პრესინგში, როგორიც ჯადოქარი ბურთით, რეალურად ასეა შესაძლებელი ნეესკენსის აღწერა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კარიერას იოჰანი სულაც არ იწყებდა ნახევარდაცვის ცენტრალურ ზონაში. თავდაპირველად ის მარჯვენა მცველი იყო. ჯერ კიდევ ამ სათამაშო პროფილითა და პოზიციით მიიპყრო თვით დიადი რინუს მიხელსის ყურადღება, რომელიც დიდი თავგამოდებით ცდილობდა აიაქსის გაახალგაზრდავებას. 1967-68 წლების ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალი აიაქსმა 4-1 დათმო ასევე ლეგენდარული ნერეო როკოს მილანთან, რომელიც ალბათ კატენაჩოს ერთ-ერთი თვალსაჩინო ეპიტომიაა, თავისი 1-3-3-3 ტაქტიკური სქემით - ელენიო ერერას ინტერის მსგავსად. სწორედაც რომ ამ ფინალის მერე მიხვდა მიხელსი, რომ მის შუა ხაზს სჭირდებოდა გაძლიერება, მაგრამ საინტერესოა შეძლებდა კი მარჯვენა მცველი ნეესკენსი ამ ყოველივეს? - ზოგადად, მიხელსი ამ კუთხით ჯიუტი კაცი იყო. ტოტალური ფეხბურთი (Totaalvoetbal) აუცილებლად გულისხმობდა აქტიურ და აგრესიულ პრესინგს, რათა ბურთი სწრაფად დაბრუნებულიყო დაკარგვის შემდგომ. მიხელსი ცდილობდა პრესინგი ექცია ერთგვარ პოზიციურ დაცვად, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს დღეს ეს წინადადება. ამისთვის კი ისეთი კაცი იყო საჭირო, რომელიც ცენტრში ტოტალურად დაფარავდა ყველა ზონას. სწორედ ამ საქმისთვის გამოდგა იდეალური კანდიდატი იოჰან ნეესკენსი.

რატომ აირჩია ნეესკენსი მიხელსმა?
იმ დროს, აიაქსის ნახევარდაცვა შედგებოდა ორი ვეტერანისაგან, ტონ პრონკი და ჰენკ გრუტი 4-2-4 ფორმაციაში ვეღარ ფარავდნენ იმ ძალიან დიდ სივრცეს, რასაც თავად სქემა ტოვებდა. მიხელსი აქ ბალანსს ეძებდა, რადგანაც ფინალში გასვლით, თუმცაღა შემდგომში მილანთან მარცხით, მან დაიჯერა, რომ ევროპული თასის მოგება არ არის შეუძლებელი ამოცანა. გამარჯვებისკენ გზის გასაკვალად გუნდში ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო. პირველ რიგში, მიხელსმა ფორმაცია შეცვალა და გუნდი 4-3-3-ზე გადააწყო, რითაც სივრცითი ბალანსის უზრუნველყოფა მეტად გახდა შესაძლებელი. მიხელსს ნახევარდაცვაში აკლდა ერთი ისეთი ადამიანი, რომელიც თამაშში საჭირო სიხისტესა და ენერგიას შეიტანდა, ირბენდა ძალიან ბევრს და უბრალოდ არ გაჩერდებოდა. "ჩვენ გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც მათი მკვდარი და დაცემული სხეულითაც არ დანებდებიან მოწინააღმდეგეს“ - ამბობდა რინუს მიხელსი.

პოზიციის ძიება და ნეესკენსი, როგორც საჩუქარი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნეესკენსი თავდაპირველად მიხელსთანაც მარჯვენა მცველად ოპერირებდა. ის მეტად დინამიკურ ოფციად მიიჩნეოდა დაცვით ოთხეულში, მით უფრო ლეგენდარული ვეტერანის, სერბი ველიბორ ვასოვიჩის ფონზე, რომელიც მიხელსის აიაქსში ლიბეროსა და კაპიტნის როლს ირგებდა. ზოგადად, ნეესკენსის ფრიად ყოვლისმომცველმა და უნიკალურმა უნარებმა, მალევე განაპირობა ის, რომ აიაქსში სასტარტოს ფეხბურთელი გახდა. ნეესკენსის უნარი, თამაშგარის ხაზზე აწეულიყო, თან იმის ფონზე, რომ მას ვასოვიჩი უეჭველად დააზღვევდა - უნიკალური გახლდათ. ამ მეთოლოგიით მიხელსმა მიაღწია ერთგვარად იდეალურ ხელოვნურ თამაშგარე მდგომარეობას. პირველ სეზონში, აიაქსმა ვერ მოიგო ერედივიზიონი და მხოლოდ ფეიენოორდს ჩამორჩა, მაგრამ გაშვებული გოლების რაოდენობით ასევე მეორენი იყვნენ და ამ კუთხით მხოლოდ ტვენტეს ჩამორჩნენ. მიუხედავად საშინაო არენაზე მარცხისა, ამ სეზონში აიაქსმა ბოლო სამ წელში, მეორე ევროპული ფინალი ითამაშა ბერძნულ პანათინაიკოსთან, სადაც გაიმარჯვა და თასსაც ძველ უემბლიზე დაეუფლა. ნეესკენსის ტრანსფერი რა მიზნითაც იყო განხორციელებული, ის ფაქტია შესრულდა. გამომდინარე ამ წარმატებისა, მიხელსი მიხვდა, რომ ფაზლის სწორედ ის ნაწილი იპოვნა, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, მიხელსი მიხვდა, რომ ნეესკენსის გამოყენება უკეთესად შეიძლებოდა, ის უფრო მრავალმხრივადაც დატვირთვასაც გაუძლებდა და აქედან გამომდინარე, მიხელსმა გადაწყვიტა ნეესკენსი არი ჰაანთან და გერიე მიურენთან მესამე ნახევარმცველად გაემწესებინა. ამ გადაწყვეტილებით, მიხელსმა ნამდვილად იპოვნა ის საჭირო ბალანსი, რომელსაც ამდენი ხანი გამალებით ეძებდა.

აიაქსი და ოქროს ხანა
ნეესკენსის ახალი პოზიცია მაშინვე აისახა აიაქსის თამაშზე და იგი კიდევ უფრო ბრუტალურ ძალად გადაიქცა ევროპაში. ამას მოჰყვა ბენფიკასთან მოგებული ჩემპიონთა თასიც და ნეესკენსის უკვე ვარსკვლავად შედგომაც. ფაქტი იყო, რომ აიაქსმა საკლუბო დონეზე ტოტალური ფეხბურთით უკვე დააავადა როგორც გუნდები, ასევე ცალკეულად ინდივიდები. ამ ყოველივეში კი ნეესკენსს საკვანძო როლი ჰქონდა, სწორედ იგი ამუშავებდა იმ მომაკვდინებელ პრესინგს, რითაც აიაქსი მოწინააღმდეგეებს ახრჩობდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. „მას ჰქონდა ცხენის ფილტვები, დაუჯერებელად დარბოდა მთელი თამაშის განმავლობაში. იოჰანი ფიზიკურად ძალიან ძლიერი, მაგრამ ამავდროულად ბანდიტური მენტალიტეტის მატარებელი ფეხბურთელი გახლდათ. ამასთანავე, ძალიან ჭკვიანიც იყო და დიდი უნარებით დაჯილდოვებული, რომელსაც გოლების გატანაც შეეძლო.“ - ასე იხსენებს აიაქსის ისტორიკოსი მენო პოტი ნეესკენსს.
მიხელსის წასვლა და ნეესკენსის პიკი აიაქსში
რინუს მიხელსი ამბიციური კაცი გახლდათ, შესაბამისად, ამ წარმატებით კმაყოფილებას არ დაჯერდებოდა და საკუთარი თავი სხვაგან მოსინჯვაც მოინდომა. ზედიზედ მოგებილი 4 ერედივიზიონისა და ევროპული ტიტულების შემდგომ, მიხელსი მიხვდა, რომ სწორი დრო იყო ბარსელონაში გასამგზავრებლად. შესაბამისად, დადგა დრო შტეფან კოვაჩის, რუმინელი სპეციალისტის, რომელმაც აიაქსში მიხელსის მიერ დანერგილი გზა გააგრძელა და არა მარტო, მან ფეხბურთელებს კიდევ უფრო დიდი თავისუფლება მიანიჭა, რამაც ნეესკენსი მართლაც ტოტალურ ფეხბურთელად აქცია. მისი თანაგუნდელები ხშირად იხსენებდნენ ხოლმე, რომ იგი ორი კაცის მაგივრად თამაშობდა ნახევარდაცვაში და ყველა სივრცეს ავსებდა, რისი ამოვსებაც შესაძლებელი თუ შეუძლებელი იყო. შტეფან კოვაჩის გუნდს 1971-72 წლების სეზონში, ალბათ, ყველაზე დიდი გამოცდა ელოდა. ისინი უნდა დაპირისპირებოდნენ მილანის ინტერს, კატენაჩოს ერთ-ერთ ეპიტომიას, თანაც სად - დე კუიპზე. ეს სტადიონი ხომ მოსისხლე მტრის, ფეიენოორდის ციხესიმაგრეა. ამ თამაშში აიაქსმა 2-0 გაიმარჯვა. ბევრის აზრით, ეს იყო საუკეთესო თამაში, რომელიც უჩვენებია ტოტალურ ფეხბურთს, რომელმაც კატენაჩოს საკეტი არა მარტო გააღო, არამედ უბრალოდ შეანგრია. არაფერი აკლდა იმ აიაქსს, არც კლასი და არც სილამაზე, ეს იყო ალბათ სრულყოფილი გუნდი, რომელსაც ყველაზე უკეთ ნეესკენსი გამოხატავდა.

როდესაც არც დაცვა გეშლება, არც სიხისტე და არც ბურთთან მოპყრობა. შემდეგ წელს, ამსტერდამელებს კიდევ უფრო რთული და ხისტი გამოცდა ელოდათ იუვენტუსის წინააღმდეგ. ამ თამაშში ერთადერთი გოლი ჯონი რეპმა გაიტანა - დაწყებიდან 8 წუთში. საერთო ჯამში, მძიმე თამაში აიაქსმა მოიგო და პირველი გუნდი გახდა მადრიდის რეალის შემდგომ, როდესაც ზედიზედ 3-ჯერ იზეიმა ჩემპიონთა თასის ტიტული. ნეესკენსის თავგანწირული თამაში აქ საკვანძო რამ იყო, სწორედ ასეთ დაძაბულ თამაშებში ავლენდა ხოლმე იგი თავს. თვით იოჰან კრუიფის გუნდში ყოფნის დროს ჰქონდა უფლება პენალტებიც კი შეესრულებინა. ეს იყო მწვერვალი, რომელსაც ნეესკენსმა ძალიან ახალგაზრდამ მიაღწია.
ინი და იანი
ინი და იანი
იოჰანების კავშირს ხშირად როგორც ინისა და იანის კავშირს, ისე აღწერდნენ მოედანზე. ერთთან მეტად ბურთით სილამაზე ასოცირდებოდა, ხოლო მეორესთან უბურთოდ თამაში და შავი სამუშაო. არ ვიცი, რამდენად სწორია ასეთი შეფასება, რადგან ნეესკენსის თამაშიც ძალიან ლამაზი და თვალისმომჭრელი გახლდათ. ამიტომაც ჩემთვის ეს უფრო თეზისისა და ანტი-თეზისის საკითხია, რომელიც იდეალურ სინთეზისს ქმნიდა მოედანზე. დღეს ამ სინთეზის ორივე ნაწილი ღმერთმა დაისაკუთრა. აიაქსი ამ სინთეზზე დგას უკვე დიდი ხანია. თანამედროვე ფეხბურთმა კი კიდევ უფრო დაამტკიცა, რომ ნეესკენსის მემკვიდრეობა არასდროს მოკვდება, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ პოზიციის ხალხი უფრო მეტად დაფასდა ამ თამაშში.
ავტორი: ანდრია პროსტოსერდოვი















