1940-იანი წლები







პირველ ქართველ ფეხბურთელად ევროპაში ითვლება 1924 წელს დაბადებული ოთარ დონდუა, რომელიც საფრანგეთში მოხვდა 1946 წელს, შოტლანდიური ნორმანდი სტარიდან. პოზიციით შუახაზელმა ქართველმა მოთამაშემ პარიზის რედ სტარში ითამაშა ერთი სეზონი, შემდეგ კი ასევე ერთი სეზონით ის ლე ავრში გადავიდა.
რედ სტარის ყოფილი ნახევარმცველის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან საფრანგეთში ჩაატარა 12 მატჩი და გაიტანა 2 ბურთი, მათ შორის ერთი მარსელის ოლიმპიკის კარში. დონდუა გარდაიცვალა 2005 წელს, 81 წლის ასაკში.

1990-იანი წლები
საბჭოთა კავშირიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ, პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში შეაბიჯა გია გურული იყო. 1992 წლის ზაფხულში ის პოლონური კატოვიცედან გადავიდა ზემოთხსენებულ ლე ავრში, რომლის შემადგენლობაში მან ორი სეზონის მანძილზე ჩაატარა 51 მატჩი და გაიტანა 12 ბურთი.
ქართველმა თავდამსხმელმა ქვედა ლიგებში ასევე დანკირკისა და კალეს რიგებშიც ითამაშა. 69 შეხვედრა და 6 გოლი - ასეთი იყო მისი მონაგარი. სხვადასხვა დროს თბილისის დინამოს ყოფილ ფორვარდს გაუტანია პარის სენ-ჟერმენისთვის, მარსელისთვის, ლიონისთვის, ნანტისა და მეცისთვის. 1999 წელს, გურულმა კარიერა დაასრულა.

2004 წლიდან, პირველ საფეხბურთო ნაბიჯებს საფრანგეთში დგამდა ყოფილი ქართველი თავდამსხმელის შვილიც, ალექსანდრე გურული, რომელიც ბულონისა და ლიონის აკადემიებში ვარჯიშობდა. მოზარდობაში ქართველი ვინგერის თანაგუნდელები იყვნენ კარიმ ბენზემა და ლოიკ რემი, 2004-2005 წლებში. ოლიმპიკის ყოფილმა ფლანგელმა კარიერის სტარტზე და ბოლოს ასევე საფრანგეთის ქვედა ლიგის რამდენიმე ნაკლებად ცნობილი კლუბიც მოიარა.
2000-იანი წლები
21-ე საუკუნის დასაწყისში პსჟ-ში სინჯებზე იმყოფებოდა ლაშა ჯაკობია, რომელმაც კლუბში დამკვიდრება ვერ მოახერხა. მიზეზი - საზარდულის ტრავმა, რომლის გამოც ქართველმა ფორვარდმა პარიზში ერთი მატჩის ჩატარებაც ვერ შეძლო. მოგვიანებით, კარიერის საუკეთესო წლები მან ბელგიასა და უკრაინაში გაატარა.
2009 წლის დასაწყისში ლე მანის აკადემიაში მოხვდა გიორგი მაკარიძე და მალევე ის მთავარ გუნდამდეც აღზევდა. მან საფრანგეთში საერთო ჯამში 4 წლის მანძილზე ჩაატარა 47 მატჩი, გაუშვა 50 ბურთი და 16-ჯერ კარი მშრალად შეინახა. ქართველმა კარის დარაჯმა დროის უმეტესი ნაწილი გაატარა ლიგა 2-ში, მაგრამ 2 მატჩის ჩატარება მან ლიგა 1-შიც მოასწრო.

კიდევ ერთი საინტერესო ფიგურა 2000-იანი წლების ბოლოდან - მიხეილ ბარაბაძე, რომელმაც 2009-2010 და 2012-2015 წლებში საფრანგეთის მესამე ლიგაში ორ კლუბში იასპარეზა. ქართველმა ფორვარდმა ითამაშა რუანსა და ოსელში, მაგრამ მძიმე ტრავმის გამო, პოტენციალის სრულად გამოვლენა მან ვერ მოახერხა.
2010-იანი წლები
ყველაზე მეტი ქართველი საფრანგეთში სწორედ აღნიშნულ დეკადაში იყო. პირველ რიგში გამოსარჩევია ჯაბა კანკავა, რომელიც 2015-2017 და 2021 წლებში რეიმსისა და ვალენსიენის ღირსებას იცავდა. ქართველმა ჩამშლელმა ითამაშა როგორც ლიგა 1-ში, ისე ლიგა 2-შიც. 65 მატჩი და 2 ასისტი, ასეთი სტატისტიკა ჰქონდა "ჯვაროსნების" ყოფილ კაპიტანს საფრანგეთში.

ჩვენი ნაკრების ყოფილ შვიდიანამდე რამდენიმე წლით ადრე საფრანგეთში წავიდა ამირან სანაია, ლე მანის აკადემიაში, მაკარიძის მსგავსად. 2010 წლიდან - 2023-მდე, ანუ კარიერის ბოლომდე, ქართველმა განაპირა მცველმა ითამაშა ზემოთხსენებულ ლე მანში, ბასტიაში, ლუზნაკში, პარისში, ლეს ჰერბიერსა და როდეზში. 160-ზე მეტი მატჩი საერთო ჯამში.
2010-იანების ბოლოს (2018-2019), საფრანგეთში დამკვიდრების მცდელობა ჰქონდა ჯაბა ჯიღაურს, რომელმაც ლიგა 2-ის ბინადარ გრენობლში ჩაატარა 16 შეხვედრა და 1 ასისტიც გაიფორმა. "თეთრ-ლურჯებში" გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ქართველი შუახაზელი დაბრუნდა სამშობლოში, სადაც ბათუმის დინამოს შეუერთდა.
გვახსოვს ნიკოლოზ ქუთათელაძეც, რომელიც 2016-2018 წლებში პარის სენ-ჟერმენისა და ლილის 17-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. ცოტა ხნის წინ, ქართველი ფორვარდის კარიერაში როდეზიც ფიგურირებდა. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ დავით ქავთარაძე, ლუკა კიკაბიძე და გიორგი ჯობავა, რომლებიც საფრანგეთის ქვედა ლიგებში თამაშობდნენ.

2020-იანი წლები
სანამ ვისაუბრებთ საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი ლიდერების შესახებ, უნდა აღვნიშნოთ გიორგი კოხრეიძეც, რომელიც 2021 წლის ზაფხულში ჯიღაურის მსგავსად გრენობლში გადავიდა. საფრანგეთში ჩატარებული 8 მატჩის შემდეგ, ქართველი ვინგერი საბურთალოში დაბრუნდა. ის დღემდე თბილისურ კლუბში თამაშობს.
მოვიდა ზურიკო დავითაშვილის დროც, რომელიც ცოტა ხნის წინ, ექვს მილიონ ევროდ ბორდოდან სენტ-ეტიენში გადავიდა. ახალგაზრდა გარემარბმა საფრანგეთის ერთ დროს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ქართველი ვინგერი იქამდე თამაშობდა ჟირონდელებში, მისი მონაგარი შეადგენდა 71 მატჩს, 14 ბურთსა და 12 ასისტს.

ბოლოს კი ფრანგული ფეხბურთის მთავარი ქართველი მოთამაშე - გიორგი მიქაუტაძე. ლიონის აკადემიაში დაწყებული საფეხბურთო გზა, რომელიც მოგვიანებით ძალიან წარმატებულად მეცში გაგრძელდა. ქართველმა ფორვარდმა საფრანგეთში უკვე მოასწრო 64 მატჩში 38 ბურთის გატანა და 13 ასისტის გაკეთება.
"ჯვაროსნების" თავდამსხმელისთვის გარდამტეხი გამოდგა გასული სეზონის მეორე ნახევარი და წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი. როგორც გვახსოვს, ზამთარში ამსტერდამის აიაქსიდან "ლეს გრენატსში" დაბრუნების შემდეგ, 23 წლის ფორვარდმა ნახევარ სეზონში 11 ბურთის გატანა შეძლო. ამას დაემატა ევრო 2024-ზე გატანილი 3 გოლი, რის შედეგადაც ჟორჟი ახალ სეზონს უკვე მონაკოში დაიწყებს.
ლოთარინგიელები ჩვენი ნაკრების 22-ე ნომრის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით საერთო ჯამში 25 მილიონ ევროს მიიღებენ. როგორც ვხედავთ, საქმე ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ ტრანსფერთან გვაქვს. ბოლოს კი ერთი საინტერესო ფაქტიც: ლიგა 1-ის ახალი სეზონის პირველ ტურში მიქაუტაძის "მონეგასკები" დავითაშვილის სენტ-ეტიენს მიიღებენ.


















