ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალს პარი სენ-ჟერმენი უკვე ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის სტატუსით შეხვდა, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან მან ლივერპულის სახით ასპარეზობას ლიგის ფაზის გამარჯვებული და ტურნირის ერთ-ერთი უმთვრესი ფავორიტი გამოთიშა. შესაბამისად, ფორტუნამ მათ ერთგვარად ხურდა დაუბრუნა და ისევ ინგლისურ გუნდს, (მოცემულ მომენტში, და არა ისტორიულად, ცხადია) ამჯერად ნაკლებად მრისხანე სახელის მქონე ასტონ ვილას შეახვედრა. განსხვავებით წინა ეტაპისა, პარიზელები აქ უკვე სხვა დონეზე იყვნენ, როგორც მენტალურად, ისე ტაქტიკური მომზადების კუთხით. ყველა შესაძლო სცენარი იმას მოასწავებდა, რომ ასტონ ვილას თუ რამე შანსები ექნებოდა, მხოლოდ თეორიული. თუმცაღა, უნაი ემერის შეგირდებმა დაგვანახეს, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არაფერია ლანგარზე მორთმეული და მეტიც, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში სულ ოდნავი ნაივური თავდაჯერებაც კი სავსებით საკმარისია ყველაფერი ძალიან ძვირად დაგიჯდეს. პსჟ ამის ნათელი მაგალითია, რადგან მიუხედავად პირველ თამაშში დამაჯერებელი გამარჯვებისა და მეორე თამაშში საწყისი ორბურთიანი უპირატესობისა, მაინც მოუწიათ საოცარი ემოციური ატრაქციონის გამოვლა და 1/2 ფინალის საგზურის საბოლოოდ მოსაპოვებლად ბოლო წამამდე ნერვიულობა. მიუხედავად ყველაფრისა, პსჟ აქ არის, ნახევარფინალშია. კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სეზონის მილანური სცენარი აღარ განმეორებულა. რამდენად ლოგიკურია საბოლოო რეზულტატი?! - ამას უკვე შემდგომ თავებში მიმოვიხილავთ. ტაქტიკურად და მენტალურად აქ ორი გარემოება გამოიკვეთა.
პირველი მატჩი – პარიზული ინდივიდუალიზმი და ძალიან ფრთხილი უნაი ემერი
პირველი - პარიზული მატჩი გამოირჩეოდა იმით, რომ ასტონ ვილას თამაშში ცხადად გამოჩნდა ის, თუ როგორ გეგმავდა ამ დუელს ბირმინგემული კლუბი. პარიზიდან ემერის რაც შეიძლება მშრალად წამოსვლა სურდა და შემდგომი წარმატებას კი ვილა პარკის ატმოსფერო აგებდა. ერთი შეხედვით, ეს მიდგომა ლოგიკური გახლდათ, მაგრამ გარკვეული ტიპის რისკიან დაშვებებზე იდგა. ერთის მხრივ, ამ მიდგომას სჭირდება ძალიან სტაბილური, პრაქტიკულად ურღვევი დაცვის ხაზი, მეორეს მხრივ, უშუალოდ მცველების მხრიდან უშცედომოდ თამაში. ემერიმ, შეიძლება ითქვას, საკუთარი გუნდის დაცვითი შესაძლებლობებით, საკმაოდ გარისკა. მეორეს მხრივ, პსჟ-მა უკვე თავისთვის კომფორტული სათამაშო ნარატივი შესთავაზა მეტოქეს.
პსჟ-ს ტაქტიკა: მოქნილობა 4-3-3 სქემაში და ცენტრალური ზონის გადატვირთვები
პარი სენ-ჟერმენის ნომინალური 4-3-3 სქემა მხოლოდ საწყის სტრუქტურას წარმოადგენდა — პრაქტიკაში იგი მოქნილობით გამოირჩეოდა. ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ასპექტი პსჟ-ის ტაქტიკურ მიდგომაში უსმან დემბელეს როლი იყო: იგი ხშირად ტოვებდა ფლანგს და ცენტრალურ ზონაში ჩამოდიოდა, თითქოს ცრუ ცხრიანის პოზიციაზე. ამ გადაადგილებით პსჟ-ს საშუალება ეძლეოდა ცენტრალურ ნახევარდაცვაში 4-2 რიცხვობრივი უპირატესობა შეექმნა და გადაეტვირთა ასტონ ვილას შუახაზი, სადაც ბუბაკარ კამარა და იური ტიელემანსი მოქმედებდნენ. ცენტრალური ზონის ამგვარი გადატვირთვები ეყრდნობოდა პსჟ-ის ნახევარმცველების პოზიციურ დისციპლინასა და ტექნიკურ უნარებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფაბიან რუისის როლი, რომელიც ეფექტურად აკავებდა კამარას მის ნახევარზე და სიღრმეში დარჩენას აიძულებდა. ასეთი პოზიციური მანიპულაცია ხელს უშლიდა კამარას, რომ პსჟ-ს თამაშის აწყობის დროს პრესინგისთვის წინ წამოსულიყო, რაც თავის მხრივ ვიტინიასა და ჟოაო ნევესს ბურთზე მეტ დროსა და სივრცეს აძლევდა. მათ საშუალება ჰქონდათ, თამაშის ტემპი სათავისოდ შეერჩიათ.
გარდა ამისა, ნუნუ მენდეშის აგრესიული ჩართვები მარცხენა ფლანგზე ჰორიზონტალურად არღვევდა ვილას დაცვის ხაზს. მისი ეს მოძრაობა სივრცეს უქმნიდა ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც საშუალება ჰქონდა გადმოსულიყო მარცხენა ნახევარსივრცეში და იქ სახიფათო ზონებში მიეღო ბურთი. მენდეშისა და კვარაცხელიას ურთიერთქმედება სიმბოლური მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეუძლია პსჟ-ს პოზიციური მოქნილობა ფართობის დისციპლინირებულ შენარჩუნებასთან გააერთიანოს. შედეგად, პარიზელთა შემტევი სტრუქტურა მუდმივად ინარჩუნებდა სიღრმეს, სიგანესა და თამაშზე კონტროლს — რაც თამაშის ძირითადი პრინციპებია.
პსჟ-ს პრესინგის სტრუქტურა: 3-2-4-1-დან აგრესიულ კაცი-კაცზე მარკირებამდე
პსჟ-ის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ტაქტიკური მახასიათებელი მათი პრესინგის სტრუქტურა იყო — 3-2-4-1 განლაგება, რომელიც მატჩის მიმდინარეობისას თანდათან გადადიოდა აგრესიულ ინდივიდუალურ პრესინგში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვილა ბურთის წინ წაწევას ცდილობდა. ამ პრესინგის სქემის ავანგარდში უსმან დემბელე იდგა, რომლის ნახევარრკალისებური ჩაჭრილი სირბილები დიდ როლს თამაშობდა ვილას ნახევარდაცვაში გადაცემების ჩაჭრისა და არხების ჩაკეტვაში. როგორც ქვემოთ მოცემულ გამოსახულებაზე ჩანს, დემბელეს ეს მოძრაობა აიძულებდა ვილას მცველებს, ან გვერდითი გადაცემებით ეთამაშათ, ანდაც გაერისკათ ვერტიკალური პასით — ორივე შემთხვევაში პსჟ მზად იყო ოპერატიულად რეაგირებისთვის.
ასტონ ვილას 6-3-1 სისტემა — ფრთხილი და კონსერვატიული მიდგომა პსჟ-ის შეტევების შესაზღუდად
ბურთის ფლობის გარეშე ასტონ ვილას ტაქტიკა იყო როგორც ფრთხილი, ასევე პრაგმატული. გუნდმა დაცვაში გადაინაცვლა 6-3-1 განლაგებაში — ფლანგის ნახევარმცველები უკან იხევდნენ და მჭიდრო ექვსკაციან დაცვის ხაზს ქმნიდნენ. ეს სტრუქტურა მიზნად ისახავდა პსჟ-ის ფლანგური შეტევების განეიტრალებას, განსაკუთრებით იმ დინამიური კავშირების ჩახშობას, რომლებიც მენდეშს, კვარაცხელიას, აშრაფ ჰაკიმისა და დეზირე დუეს შორის ყალიბდებოდა. ფლანგებზე დამატებითი მოთამაშეების მობილიზებით უნაი ემერის ტაქტიკურმა ჩანაფიქრმა პსჟ-ის ვინგერებზე ორმაგი მარკირება მოითხოვა — რაც მიზნად ისახავდა, რომ პარიზელებს ფლანგებზე რიცხვობრივი უპირატესობა არ ჰქონოდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიდგომამ ნაწილობრივ შეასუსტა პსჟ-ის ფლანგური გაჭრები, ამან მაინც წარმოაჩინა ვილას დაცვითი სისუსტეები, განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო პრობლემები მარჯვენა მცველის პოზიციაზე, სადაც ვერც მეტი ქეში და ვერც აქსელ დისასი ვერ ახერხებდნენ პსჟ-ის მუდმივი როტაციების ადეკვატურ შეჩერებას, სწორედ ამან გამოიწვია კვარაცხელიას გოლიც, რაც პირდაპირ მეტყველებს ერთის მხრივ ქართველის ინდივიდუალურ მაღალ კლასზე, ხოლო მეორეს მხრივ, მეტი ქეშისა და აქსელ დისასის არც თუ ისე მაღალ სათამაშო დისციპლინაზე, თუ ასეთი სქემით გინდა პსჟ-ის ვინგერების როტაციების ერთგვარად სტატიკურ სიტუაციაში მოქცევა და მეტად პროგნოზირებად გადანაცვლებებად გადაქცევა, მაშინ პოზიციური თამაშის თვალსაზრისით ამისთვის გაცილებით მაღალი დონის მცველებია საჭირო, ვიდრე დისასი და მეტი ქეში არიან.
6-3-1-ის სპეციფიკურობა
6-3-1 დაცვის ფორმაცია უკიდურესად კომპაქტური განლაგებაა, რომელსაც თეორიულად რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. ერთ-ერთი მთავარი პლუსი ფლანგების ეფექტიანი გაკონტროლებაა — დამატებითი მცველები გუნდს საშუალებას აძლევს, ორმაგი მეურვეობით გაუმკლავდეს ფლანგური ჩართვებსა და ვინგერების აქტიურობას. გარდა ამისა, სამი ცენტრალური ნახევარმცველი დამატებით დაცვით ბალანსს უზრუნველყოფს — ისინი ეფექტურად აფარებენ ზურგს დაცვის ხაზს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეტოქე ნახევარდაცვის გულიდან შეჭრებით ცდილობს საჯარიმოში მოხვედრას. თუმცა, ამ ფორმაციის ერთ-ერთი მთავარი მინუსი მისივე ბუნებრივი პასიურობაა. როცა ბევრი მოთამაშე მთლიანად დაცვით ფუნქციებზეა ორიენტირებული, გუნდი თითქმის სრულიად თმობს სწრაფად შეტევაში გადასვლის ინიციატივას. ეს განსაკუთრებით პრობლემურია მაშინ, როცა წინ მხოლოდ ერთი ფორვარდია დარჩენილი და ისიც იზოლირებული — როგორც ამ შემთხვევაში იყო მარკუს რეშფორდი. გარდა ამისა, სქემის კომპაქტურობა გუნდს მოწყვლადს ხდის ფლანგების სწრაფი ცვლილებებისადმი (switch of play). პსჟ სწორედ ამ სისუსტეს იყენებდა — მათ ნამდვილად შეუძლიად ბურთი აქტიურად და ფართოდ გადაიტანონ ერთი ფლანგიდან მეორეზე, რის გამოც ბირმინგემელი მცველები იძულებული ხდებოდნენ მუდმივად პოზიციები ეცვალათ.
ვილას შეტევითი სიცარიელე
უშუალოდ დაცვითი სტრუქტურის ენდოგენური პრობლემის გარდა, ვილას პრობლემა იყო ისიც, რომ ასეთი განლაგებით ძალიან რთულია უპასუხო ისეთ, ერთი შეხედვით, ეგზოგენურ საკითხებს, როგორიცაა, შეტევაში თამაში. ვილას ამ თამაშში პრობლემა ისიც ჰქონდა, რომ ძალიან აკლდა ტარანის ტიპის 9 ნომერი (Target Man). რომელიც პირველ რიგში, გადაგდებულ ბურთებზე იბრძოლებდა, ეს საშუალებას მისცემდა ასტონ ვილას პსჟ-ის ამოწეული დაცვის ხაზისთვის შეეთავაზებინა კონტრთამაში, რაც ვერ მოხერხდა. თან მითუმეტეს გასათვალისიწინებელია ისიც, თუ რამდენად შეზღუდა ემერიმ მორგან როჯერსი და ჯონ მაკგინი. პრესინგისას კარგად გამოჩნდა, რომ მაკგინი საერთოდ არ არის პრესინგრეზისტენტული ნახევარმცველი, მორგან როჯერსი ნამდვილად არის ეგეთი, რომელიც რატომღაც ემერიმ არ დაავალდებულა სიღრმეში ჩამოსულიყო და დახმარებოდა გუნდს პრესინგის დაძლევაში. აქედან გამომდინარე ვილას შეტევების აწყობის მცდელობა იყო ძალიან ადვილად წაკითხვადი და პროგნოზირებადი, გარდა იმისა, რომ ტემპის მხრივაც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ტოვებდა.
საბოლოო ჯამში, ვილამ ეს თამაში სამართლიანად წააგო, თუმცა არა დრამატულად, რადგან შემდეგი თამაში წინ იყო, აქ გამოჩნდებოდა, თუ რამდენად გამართულებული გახლდათ ემერის ასეთი ფრთხილი და პრაგმატული მიდგომა, წაგების მიუხედავად.
მეორე მატჩი - რისკების გადანაწილება უნაი ემერის შესრულებით და განსაცდელთან ახლოს მყოფი პსჟ
მეორე თამაშს, ცხადია, ასტონ ვილა ძალიან მოტივირებული შეხვდა, ანგარიში ისეთი იყო, რომელიც არ გახლდათ ტრაგიკული და სავსებით შესაძლებელი გახლდათ მისი დაძლევა. უნაი ემერიმ ამ თამაშში კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რომ მისი ჩამოწერა ორმატჩიან დუელებში არასდროს შეიძლება, მით უფრო ისეთი გუნდებით, რომლებიც მთლიანად მასზე არიან მორგებულნი და ერთგვარი დავითის ფუნქციას ასრულებენ გოლიათების წინააღმდეგ. მისი სევილიაც, ვილიარეალიც და ახლა უკვე ასტონ ვილაც, ზუსტად ამ გუნდების კატეგორიას მიეკუთვნებიან. თამაში დასაწყისში არ წავიდა ბასკი სპეციალისტის სასურველი სცენარით, მაგრამ მისმა გუნდმა გულშემატკივრის დამხარებით ისეთი დრამა გვაჩუქა, რომელიც პსჟ-ის პერსპექტივიდან, საერთოდ არ უნდა შემდგარიყო.
ემერის რადიკალური რევიზიონიზმი
ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რაც ემერიმ ამ თამაშში გააკეთა - ეს არის გუნდის რადიკალური ტაქტიკური გადანაცვლება. ვილამ ამ თამაშში პსჟ-ს ძალიან მაღლა აწეული დაცვა და მოულოდნელად ინტენსიური პრესინგი შესთავაზა. ეს ნამდვილად ის ფაქტორი გახლდათ, რისთვისაც პსჟ მზად ნამდვილად არ იყო. ამ გრაფიკზე კარგად ჩანს ემერიმ მოედნის რა ნაწილში გააძლიერა დაცვითი ინტენსივობა, მან მთლიანი დაწოლა მოედნის ცენტრსა და პსჟ-ს საჯარიმოსთან ახლოს მიიტანა, რის გამოც პსჟ-ს მოუწია ღრმად ჩაჯდომა, თუმცაღა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პსჟ-მა ამის გამო შეაგდო 2 გოლი, გამომდინარე იქიდან, რომ ტრაზიციაში კონტრშეტევებში პსჟ ალბათ საუკეთესო გუნდია ამ სეზონში, თუმცა ეს მაინც ერთგვარი სიურპრიზი გახლდათ ლუის ენრიკესთვისაც:
უნაი ემერის რევერსული სტრატეგია
უმთავრესი, რაც ამ ინტენსივობით კარგად იხსნება, არის ის, რომ ემერიმ რეალურად ლუის ენრიკეს ტაქტიკა შეუტრიალდა, როდესაც ნუნუ მენდეშმა მეორე გოლი გაუტანა ასტონ ვილას კონტრშეტევაზე, კარგად ჩანს მიდგომა, თუ როგორ ცდილობენ უკვე საკუთარ ნახევარზევე პარიზელების შევიწროვებას ასტონ ვილას ფეხბურთელები. აქ საქმე იმაში გახლავთ, რომ ასტონ ვილამ ეს სტრატეგია გააგრძელა 2 გოლის გაშვების შემდგომაც, შედეგად პსჟ-მა დაკარგა კონცენტრაცია, რაც სრულიად გასაგებია ორი მატჩის ჯამში 1-5-ს როდესაც იგებ.
რადიკალურად განსხვავებული ორი ტაიმი
თუ ეს სეზონი ნამდვილად ის დროა, როცა პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის თასს ბოლოს და ბოლოს მოიგებს, ვილა პარკზე გამართული შეხვედრა აუცილებლად დარჩება მეხსიერებაში, როგორც კიდევ ერთი სიმწიფის მომენტი ამ გზაზე. პირველი ნახევარი საათი თითქოს მათი ტექნიკური ბრწყინვალებისა და კონტრშეტევების ოსტატური შესრულების ჩვენება იყო — ისინი სწრაფადვე გაიჭრნენ წინ - 5:1 ორი მატჩის ჯამში, გოლები კი გაიტანეს ფლანგის მცველებმა, აშრაფ ჰაკიმიმ და ნუნუ მენდეშმა. თუმცა, მეორე ტაიმი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა — ის პსჟ-ის გამძლეობის ნამდვილი გამოცდა აღმოჩნდა ვილას წინააღმდეგ, რომელმაც რამდენიმე წუთში ორი გოლი გაიტანა და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, რითაც საკუთარი გულშემატკივრის იმედიც გააღვივა ყველაზე დრამატული დაბრუნების შესაძლებლობაზე.
ორი ფეხბურთელი, რომელთაც ინტრიგა გვაჩუქეს
ემერისთვის ერთგვარად ეს ორი ჯოკერი მარკუს რაშფორდი და ჯონ მაკგინი გამოდგნენ. ვილა პარკზე ატმოსფერომ პსჟ დააბნია და ამ დაბნეულობით სწორედაც რომ ამ ორმა ფეხბურთელმა ისარგებლა. მარკუს რაშფორდის ისტორია ძალიან საგულისხმოა. ეს ის კაცია, რომლის გოლმაც მანჩესტერ იუნაიტედის მაისურით ერთ დროს ასტონ ვილა ჩემპიონშიფში გაუშვა, ახლა კი იგი მანჩესტერიდან იჯარით, სწორედაც რომ ასტონ ვილაში თამაშობს და მეტიც, მან ერთგვარად ისიც კი შეძლო, რომ კარიერა შემოეტრიალებინა, აშკარაა, რომ მის ნიჭს ბირმინგემში აფასებენ, განსხვავებით მანჩესტერისგან. ემერიმ იგი ძალიან ეშმაკურად, ნახევრად ცენტრალურ როლზე გამოიყენა, რითიც პსჟ-ს ერთის მხრივ ტაქტიკურად შეუტრიალა თამაში პირველი თამაშის ფონზე. ძალიან ხშირად პსჟ თავს საჯარიმოსთან ბევრი კაცით იცავდა, თანაც ამას არ აკეთებდა ყველაზე დამაჯერებლად და რეალურად გაძლებაზე იყო მთელი მეორე ტაიმი. პსჟ-მა ამას გაუძლო, მაგრამ რაშფორდი პირველი ტაქტიკური იარაღი იყო, რითაც ასტონ ვილა თამაშში დაბრუნდა:
ამ ფოტოზე კარგად ჩანს თუ რამხელა დაშორებაა აქ ვიტინიასა და ფლანგის მცველს შორის, რეშფორდთან სივრცის დატოვება არის უბრალოდ დანაშაული, მისი აჩქარების მქონე ფეხბურთელი ამას აუცილებლად გამოიყენებდა.
მეორე ფოტოზე უკვე კარგად არის აღბეჭდილი მომენტი, როდესაც ვიტინიაც გადასულია რეშფორდზე, ხოლო საჯარიმოში ეზრი კონსა უბრალოდ მარტო ელოდება როდის მიაწვდის მას ბურთს. 3-დან 2 გოლის მომენტში ნათლად მტკიცდება ერთი რამ - პსჟ ძალიან ცუდად იცავს ზონა 14-ს, ანუ საჯარიმოს მისადგომებს. რაზეც, მეორე სუპერგმირსაც ვახსენებთ.
ამ თამაშში მეორე საკვანძო პერსონა, რომელმაც ასტონ ვილას იმედი დაუბრუნა, ჯონ მაკგინია. თუ წინა შეხვედრაში მას რეჯისტობა მოეთხოვებოდა და მორგან როჯერსისგან მიტოვებული ერთგვარად შარში აღმოჩნდა, საპასუხო მატჩი უკვე მისი სცენარით წარიმართა. გულითა და სულით „ვილანი" აკეთებდა იმას, რაც საუკეთესოდ გამოსდის. ენერგიულ გარბენს აკეთებს პსჟ-ის ნახევრისკენ და გააქვს ულამაზესი შორეული დარტყმით გოლი. ამ გოლზეც ჩანს ისიც, რომ პსჟ-ის საყრდენი ზონა ჩავარდა და ზონა 14-ის დაცვა ისევ პრობლემას წარმოადგენს, მაკგინს დასარტყმელად სივრცე საკმაოდ გვიან შეუზღუდეს პარიზელებმა. როცა შოტლანდიელი ზონა 14-ის მისადგომებთან გაჩნდა მანაც ყუმბარისებულად გაისროლა.
წყვილის ავტორისეული შეფასება და არშემდგარი სცენარი
ამ წყვილში იმაზე ბევრად საინტერესო დაპირისპირება მივიღეთ, ვიდრე წარმოგვედგინა. ასტონ ვილამ გვანახა ერთი ჭეშმარიტი რაღაც, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გუნდი ტყუილად ვერ მოხვდება, ეს თითქმის შეუძლებელია. თანაც მთელი სეზონის განმავლობაში, ვილა პარკზე ეს გუნდი უბრალოდ არ აგებს და თავად ეს სტადიონიც ერთგვარად ჯოჯოხეთად აქვს ნაქცევი სხვა გუნდებისთვის. სუფთა სტატისტიკურად, ეს თამაში დასრულდა ლოგიკურად:
ასტონ ვილამ გადააჭარბა მოსალოდნელ სტატისტიკას, გამომდინარე იქიდან, რომ ჯონ მაკგინმა გაიტანა ის გოლი, რაც გაიტანა. თუმცაღა, პოტენციურად, ამ თამაშში ნამდვილად არსებობს ის სცენარი, სადაც პსჟ დაემშვიდობებოდა ჩემპიონთა ლიგას, რომ არა ერთი კაცი, და ეს ჯიჯო დონარუმაა, რომელმაც შეიძლება ითქვას, პირადად გააძლებინა პსჟ-ს და ნახევარფინალში გაიყვანა. დამატებითი დროის შემთხვევაში, ასტონ ვილას მენტალურად ნამდვილად ექნებოდა საკმარისზე მეტი მუხტი, რათა რევანში სრულფასოვნად შემდგარიყო - უნაი ემერის მხრიდან 2017 წლის მერვედფინალის გამო, ლუის ენრიკესთან მიმართებაში. მაშინ ემერი სწორედაც რომ პსჟ-ს წვრთნიდა, ხოლო ლუჩო პსჟ-ს 6-1-ის მოგებას ჰპირდებოდა, როგორც ბარსელონას მწვრთნელი. პენალტების სერიაში დონარუმაც კი არ იქნებოდა მონოპოლიურ პოზიციაში, რადგან ერთის მხრივ კი არის ევროპის ჩემპიონი - პენალტების სერიაში გამარჯვებით ინგლისელების წინააღმდეგ, მაგრამ მეორე მხარეს იყო ემი მარტინესი, მსოფლიო ჩემპიონი ფრანგების წინააღმდეგ. როგორც მაყურებელი, ვიტყოდი, რომ ვწუხვარ. დიდი სანახაობა არ შედგა, მაგრამ ქება და ქება ასტონ ვილას, რომელსაც ცოტა დააკლდა, ხვიჩა კვარაცხელიას პარიზული ოცნება კი აგრძელებს მიუნხენისკენ სვლას, სადაც პარიზელებს უკვე აღარ ექნებათ მსგავსი შეცდომის დაშვების მინიმალური უფლებაც კი. ბოლოს, ჩემი კომპლიმენტები უნაი ემერის, მისი „პატარა“ გუნდები არის ის, რის გამოც ფეხბურთი რეალურად გვიყვარს და ვაღმერთებთ ამ თამაშს.















