როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე გერმანულ და იტალიურ საფეხბურთო სკოლებს შორის მუდამ საინტერესო გადაკვეთებს ვაწყდებით. როგორი სხვაობაც არსებობს ფილოსოფიურად გერმანულ იდეალიზმსა და იტალიურ მაკიაველიანიზმს შორის, ზუსტად ასეთივე განსხვავებებია ფეხბურთშიც. ეს ერთგვარი იდენტობის რეპლიკაციაა. ბაიერნი ისტორიულად ასეთი გუნდია, ბორდმა როგორი მწვრთნელიც არ უნდა დანიშნოს, ასეთად დარჩება. ინტერი კი წარმატებას სწორედაც რომ ულტრაპრაგმატული, მაკიაველიანისტური სტრატეგიით აღწევდა. ელინიო ერერას დაწყებული კურსი ღირსეულად გააგრძელა ჟოზე მოურინიომ, ხოლო სიმონე ინძაგი თავისუფლად შეგვიძლია მივიჩნიოთ კიდევ უფრო მოდერნიზებული, სრულებით ახლებური იტალიური საფეხბურთო რენესანსის ავტორად, რომელმაც არა მარტო შეინარჩუნა მიზნისა და საშუალების მაქსიმები, არამედ წმინდად ტაქტიკური კუთხით, უამრავი სიახლე დანერგა ჯერ კიდევ ლაციოში მუშაობისას, ხოლო მისი მილანის ინტერი დღეს სრულებით სამართლიანად წარმოადგენს იტალიისა და სერია A-ს სახეს.
ბაიერნსა და ინტერს ერთმანეთთან საკმაოდ დიდი და არც თუ ისე მეგობრული ურთიერთობა აქვთ, 2010-ის ფინალისა და დიეგო მილიტოს ბენეფისის შემდგომ ინტერმა მომდევნო სეზონშივე მიაყენა ტკივილი „რეკორდმაისტერს“ - გორან პანდევის საშუალებით ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, ბაიერნს ინტერი ორი მატჩის ჯამში არასდროს დაუმარცხებია და თანაქალაქელთან ერთად მისთვის ძალიან უსიამოვნო მეტოქედ ითვლება, როგორც სტილისტურად, ისე შედეგების თვალსაზრისით.
ეს უსიამოვნო ტრადიცია ამ სეზონშიც გაგრძელდა, ინტერმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა, რომ აბსოლუტურად ყველა სიტუაციასთან ადაპტირება შეუძლია, რაც ინძაგის კოლექტივს ფინალურ ოთხეულში ტაქტიკურად ყველაზე მოქნილ გუნდად აქცევს. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ დამარცხდა მორიგ ჯერზე გერმანული იდეალიზმი იტალიურ მაკიაველიანიზმთან და როგორ იქცა მილანის ინტერი ძალიან ჩუმად და სტაბილურად ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ და შეიძლება მთავარ ფავორიტადაც.
პირველი მატჩი: ინძაგი — თამაშის არქიტექტორი
თამაშამდე რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ თომას მიულერი სეზონის ბოლოს ბაიერნს დაემშვიდობებოდა — 25-წლიანი სიყვარულის ისტორია სრულდება. და მაინც, ამ თამაშშიც სწორედ ის მიაბიჯებდა საჯარიმოს გარშემო ძველებური ინსტინქტით, თითქოს სისხლი უნდა ეგრძნო. მეორე ტაიმის ბოლოსკენ მან მოასწრო, სივრცე იპოვა, დრო გამონახა და ბურთიც მოათავსა კარში — თითქოს პოეტური პასუხი საკუთარ სიტყვებზე: „Ich bin ein Raumdeuter“ — „მე ვარ სივრცის მთარგმნელი“. ამ მხრივ, მუხტი თითქოს ბაიერნის მხარეს იყო, თანაც გადატენილი ალიანც არენა, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას იძლევა და ბაიერნის სათამაშო სტილს პრაქტიკულად ასუნთქებს, თუმცა ინძაგი სწორედაც რომ ამ ნარატივში არ აჰყვა ბაიერნს, რადგან ამ მატჩში მას ძალიან გამოკვეთილი მიზნები გააჩნდა.
ინტერი ბაიერნის პრესინგის წინააღმდეგ — ინძაგის უნიკალური ბილდაფი და შედევრალური გოლი
ინტერის ბილდ-აპი სტარტს იღებდა 3-2-5 სტრუქტურით ბურთის ფლობის ფაზაში, რომელიც გადადიოდა 2-3-3-2 ან 2-4-2-2 განლაგებაში, როცა ინძაგის გუნდი დაცვიდან იწყებდა შეტევას. დაცვის სამეული განფენილი იყო ფართოდ — ბასტონი და პავარი გადადიოდნენ ფლანგებისკენ, რათა ბაიერნის პრესინგი გაეწელათ ჰორიზონტალურად. ჩალჰანოღლუ ან ბარელა გვევლინებოდნენ როგორც ღრმა საყრდენები — ერთი ან ორივე ერთდროულადაც, რათა შეექმნათ ორმაგი საყრდენი მოედნის შუა ნაწილში, ან საჭიროებისამებრ უკანა ხუთეულის ნაწილად გარდაქმნილიყვნენ. ბურთის გამართული ცირკულაციის გასაადვილებლად და ბაიერნის მაღალი პრესინგის გასანეიტრალებლად. ეს როტაცია მხითარიანზეც გადადიოდა, რაც დინამიკას კიდევ უფრო ზრდიდა. ინძაგის ფეხბურთში ყველაფერი მოძრაობაზეა დამოკიდებული — და სწორედ აქ გამოჩნდა ინტერის ორგანიზებული დისციპლინა სივრცის გარეშე. უკნიდან თამაშის ფაზაში იტალიელებმა გამოიყენეს როტაციები ბურთის გარეშე მოძრაობის ხარჯზე: დარმიანი და აუგუსტო მაღლა და განზე წასულები იყვნენ, რათა მინდორი გაეწელათ და ბაიერნის ფლანგის მცველები ადგილებზე გაეჩერებინათ — ეს კი სივრცეებს ქმნიდა დიაგონალური გადაცემებისთვის. შესაბამისად, მარტინესი და ტურამი ცენტრალურ ზონაში რჩებოდნენ. მარტინესი ხშირად ჩადიოდა დაბლა, რათა დაკავშირებოდა ნახევარდაცვას, ტურამი კი ცდილობდა ბაიერნის ცენტრალური მცველების ადგილზე შეკავებას და ღრმა ზონებში სივრცეების გახსნას, რათა შემტევ ფაზაში გუნდი სწრაფად გადასულიყო.
მესამე წუთზე აშკარად გამოიკვეთა ინტერის ფლუიდური მოძრაობები ბაიერნის მაღალი პრესისინგის წინააღმდეგ. პავარი ფართოდ განზე იწევა, იმავდროულად დარმიანი უკან იხევს, რათა პოზიციური ბალანსი შეინარჩუნოს. პარალელურად, ბარელა ჩამოდის უკან და უერთდება სამეულს — რის შემდეგაც იგი ბურთს აწვდის ბასტონის. ბასტონი არჩევს უსაფრთხო ვარიანტს და ბურთს უკან აბრუნებს იან ზომერზე. ამ დროს აჩერბი იკავებს საინტერესო პოზიციას — პირველ და მეორე პრესინგ ხაზს შორის სივრცეში, სადაც ის ფარული მიღების ზონას ეძებს. ზომერი პოულობს აჩერბის ზუსტად ამ ზონაში და ბურთს აწვდის. აჩერბი გრძელი დრიბლინგით გადის შუა ზოლისკენ — ბურთით გაჭრილი იერიში, რაც უჩვეულოა ცენტრალური მცველისთვის. ამავდროულად, ჩალჰანოღლუ და ბარელა იკავებენ პოზიციებს ნახევარწრის უკან, მზად არიან ბურთის მისაღებად — სწორედ ის სივრცეები, რომლებიც აჩერბის წინსვლამ გაათავისუფლა. როდესაც აჩერბი სანეს მხრიდან ზეწოლას გრძნობს, იგი პასს ჩალჰანოღლუს უბრუნებს. ჰაკანი კი ერთ შეხებაში აგრძელებს იერიშს წინ — ინტერის შეტევა შეუფერხებლად გადადის მეორე ფაზაში. ამისი ნათელი მაგალითია ინტერის გოლი, რომელიც შეიძლება ითქვას ამ გუნდის ქრესტომატიული აღწერაა.
ბაიერნის ბილდაფი და პრესინგის სტრუქტურა
თავის მხრივ, ბაიერნი ბურთის ფლობისას აგებდა თამაშს 2-4-4 სტრუქტურით. ორი ცენტრალური მცველი რჩებოდა უკან – ხოლო ფლანგის მცველები წინ იწეოდნენ და კიმიხისა და გორეცკას დუოს უერთდებოდნენ, რითაც ერთგვარი ოთხეული იქმნებოდა. გარკვეულ ეპიზოდებში, კიმიხი და გორეცკაც ჩადიოდნენ უკან – სტრუქტურას 3-3-4-ში გარდაქმნიდნენ, რათა პირველ ფაზაში ბურთის გადატანაში დახმარებოდნენ. კიმიხისა და გორეცკას როლი გადამწყვეტი იყო ბაიერნის შეტევითი ჯაჭვისთვის — ისინი ცდილობდნენ ბურთის მაქსიმალურად სწრაფად გადატანას წინა ოთხეულისთვის ან დიაგონალებით ფლანგზე, ან ქვედა ზონაში ჩამოსულ ჰარი კეინთან, რომელიც ხშირად ბრუნდებოდა უკან ბურთის მისაღებად. პრესინგის მხრივ, ბაიერნი იყენებდა აგრესიულ, მაღალ წნეხს — როგორც ამას კომპანის საფეხბურთო ფილოსოფია ითვალისწინებს, თუმცა პრესინგი შერჩევით ხასიათს ატარებდა, რაც დიდი პრობლემა გახლდათ. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნმა საშუალოდ 122 მაღალი ინტენსივობის პრესინგის ქმედება განახორციელა ბოლო მესამედში — რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენადაა მათი თამაში პრესინგზე დამყარებული. პრესინგის წინა ხაზს ხელმძღვანელობდა ჰარი კეინი, რომელიც ზეწოლას ახდენდა ინტერის ცენტრალურ მცველებზე, ძირითადად შუა სვიპერ აჩერბიზე. ამავე დროს, გერეირო ცდილობდა ჩალჰანოღლუს ან ბარელას განეიტრალებას, რითიც ინტერის პროგრესი ცენტრში შეზღუდული რჩებოდა. ფლანგებზე პრესის პასუხისმგებლობას ოლისე და სანე კისრულობდნენ — მათ მთავარი ამოცანა იყო დარმიანისა და აუგუსტოზე ზეწოლით იძულებული გაეხადათ ინტერი შეცდომაზე წასულიყო საკუთარ დაცვის ფლანგებზე. შუა ზონაში კიმიხისა და გორეცკას ორმაგი საყრდენი სტრუქტურა კომპაქტურად იჭერდა სივრცეებს — ისინი მზად იყვნენ ჩაჭრებისთვის, ბურთზე გადასასვლელად ან შეცდომის შემდეგ ინტერის ნახევარმცველებისთვის ბურთის ასართმევად.
რეალურად სწორედ ამ ორ ასპექტში შეასკდა ამ თამაშში ორი საპირისპირო ფილოსოფია ერთმანეთს. ინტერი როგორც აღმოჩნდა, მზად აღმოჩნდა ვენსან კომპანის თითქმის პერსონალური პრესინგი გადაელახა და რეალურად, ამისი გამოცდილებაც აქვს, რადგან სერია A-ში არსებობს ასეთი გუნდი ატალანტასა და მისი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის სახით, რომლებიც ძალიან ხშირად მიმართავენ რისკიან, პერსონალურ კაცი-კაცზე პრესინგს. შესაბამისად, ინტერისთვის აქ ახალი დიდად არაფერი აღმოჩნდა.
დრამატული ფინიში და ინძაგის შეუპოვრობა
ფრატეზის მხრიდან უკვე მეორე გოლის გატანის შემდეგ, სიმონე ინძაგიმ ინტერი გაცილებით უფრო დაცვით რეჟიმში გადაიყვანა. გუნდი დაცვაში 5-3-2 ფორმაციაში ჩადგა, რაც ეპიზოდურად 5-4-1-ად გარდაიქმნებოდა ბურთის გარეშე თამაშისას. ვინგბექები იკავებდნენ შიდა პოზიციებს და დაცვის ხუთკაციან ხაზს ქმნიდნენ, მაშინ როცა სამი ნახევარმცველი საყრდენ ზონაში ჩამწოდებლად ემსახურებოდა უკანა ხაზს. ლაუტარო მარტინესი და ტურამი წინა ხაზში პრესინგის ძირითადი ფიგურები იყვნენ, თუმცა მარტინესი ხშირად ჩამოდიოდა ნახევარდაცვაში, რის გამოც ინტერი ხანდახან 5-4-1 ფორმაციაში გადადიოდა ბურთის არქონისას. ინტერის 5-3-2 დაბალი ბლოკი მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეულად მუშაობდა — გუნდმა 11 მატჩში მხოლოდ სამი გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ 0.28 გაშვებულ გოლს ნიშნავს ერთ მატჩში. ეს სტატისტიკა ნათლად მეტყველებს ინძაგის დისციპლინასა და დაცვით სტრუქტურაში ორგანიზებულ თამაშზე.
საბოლოო ჯამში, პირველი თამაშის დრამატურგიაში ინტერი გამარჯვებული გამოვიდა, რითაც სან სიროზე ძალიან კომფორტული სხვაობა ჩაიტანა. თუმცა ამ მატჩში არაფერი იყო გადაწყვეტილი, რეალურად ინტერს საქმე ბოლომდე ჰქონდა მისაყვანი, თუმცა საშინაო კედლებში - ჯუზეპე მეაცაზე.
მეორე მატჩი: იდენტური სცენარი და ინტერის ტრიუმფი
ამ თამაშში ერთი შეხედვით სცენარი არ შეცვლილა, გარდა იმ ასპექტისა, რომ კომპანის გუნდი გახდა კიდევ უფრო აგრესიული და პრესინგზე ორიენტირებული. ამაში გასაკვირი არც არაფერია, რადგანაც გუნდს მოსაგები ჰქონდა. ბაიერნს, როგორც გუნდს, ნამდვილად აქვს საკმარისი ხარისხი, რათა ინტერის მსგავსი გუნდები გატეხოს, მაგრამ როგორც მეორე, ისევე პირველ თამაშში, ალფონსო დევისისა და ჯამალ მუსიალას არყოფნა ბავარიულ გრანდს ძალიან დაეტყო.
კომპანის ჯიუტად პერსონალური პრესინგი
მსგავსად წინა შეხვედრისა, კომპანიმ ამ თამაშშიც კვლავ პერსონალურ პრესინგზე გააკეთა აქცენტი, რაც ინტერის მსგავსი გუნდებისთვის, რომელიც ძალიან თავისუფლად გადაადგილდება უბურთოდ და ზოგადად უბურთო როტაცია მისი სათამაშო ფილოსოფიის მთავარი ასპექტია, ხელსაყრელი წინააღმდეგობაა. კომპანის ზედმეტად იდეალისტური ნაივურობა ყოველთვის ახასიათებდა, ამით ის პეპ გუარდიოლას ჰგავს. სტრუქტურა არ შეცვალა, შესაბამისად არ შეიცვალა ღია სივრცეები მის ნახევარზე, რომელიც მიიღო. ბაიერნს გაუმართლა, რომ პირველ ტაიმში არ დაისაჯა.
როგორ ვითამაშოთ ფეხბურთი? - სტილური კონტრასტი
მეორე თამაშმა კიდევ უფრო მძაფრად ამოსწია ერთი ასპექტი ზედაპირზე, ეს არის სტილური კონტრასტი ამ ორ გუნდს შორის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, თუ როგორ განსხვავებულად აგებდა ეს ორი გუნდი თამაშს ბურთით. ეს პატერნი პირველ თამაშშიც ზუსტად იგივენაირად მეორდებოდა. საინტერესოა, რომ ერთადერთი სხვაობა ორ თამაშს შორის იყო ის, რომ ინტერი რიგ მომენტებში უფრო ხშირად იხევდა უკან, ხოლო ბაიერნი კიდევ უფრო აგრესიულ პრესინგს მიმართავდა, მაგრამ საინტერესო ასპექტი ამისი ის გახლავთ, რომ ბაიერნმა მოსალოდნელი გოლების მაჩვენებლებით (xG) იმაზე უფრო ცუდი თამაში აჩვენა, ვიდრე პირველში. მომენტები ჰქონდა ბაიერნს, მაგრამ საგოლე მომენტი არ იყო ძალიან ბევრი, განსხვავებით პირველი თამაშისგან.
ინტერის ბილდაფში კარგად ჩანს ბასტონის ე.წ ცრუ მცველობის როლი. რეალურად ბასტონი ამ სისტემაში არის რეჯისტა, რომლისგანაც მიმდინარეობს თამაში. ანუ, საინტერესო ასპექტი ინძაგის ფეხბურთში ის გახლავთ, რომ ნახევარდაცვა არ არის ის რგოლი, რომელიც თამაშს წარმართავს, ეს ცალსახად ბასტონის დავალებაა, რითაც ნახევარმცველებს, ასევე პავარს და დარმიანს ხელ-ფეხი ეხსნებათ თავისუფლად იმოძრაონ.
ბაიერნის მიდგომა რადიკალურად განსხვავებულია, აქ იოზუა კიმიხის როლი უბრალოდ განუზომელია, როგორც კლასიკური რეჯისტასი. თანაც ბაიერნი ძალიან მაღლა თამაშობს და ბილდაფიც შესაბამისია. ინტერთან რა როტაციებიც ვიხილეთ, ამას ბაიერნის სტრუქტურაში ვნახავთ უფრო ზემოთ, თომას მიულერისა და ჰარი კეინის შემტევ დუოში. ბაიერნის პრობლემა ამ შემთხვევაში ის გახლდათ, რომ ჯამალ მუსიალა რომ მდგარიყო უკვე ასაკში შესული თომას მიულერის ნაცვლად, ინტერის დაცვას გაცილებით დიდი ჯაფა დაადგებოდა, რადგანაც მასეთი რთული სტრუქტურის ჩამოშლას, სწორედაც რომ ძლიერი ვინგერის ყოლა სჭირდება.
ინტერი სტანდარტებზეც სტანდარტულად ძლიერია
კიდევ ერთი ასპექტი, რაც ამტკიცებს ინტერის უნიკალურ სიძლიერეს ეს არის მისი სტანდარტების შესრულების უნარი და აშკარად ეტყობა გუნდს ამ მხრივ ძალიან დიდი მომზადება, ბაიერნმა ორივე გოლი სტანდარტიდან გაუშვა, როცა მისი სტანდარტები ამხელა ხიფათს ნამდვილად არ ქმნიდა. აშკარად ჩანს, რომ სტანდარტული სიტუაციების მნიშვნელობა დღევანდელ ფეხბურთში კიდევ უფრო სხვა კუთხითაა მნიშვნელოვანი, ამიტომაცაა, რომ დღეს ვაწყდებით ცალკეულად სტანდარტების თეორისტებსა და მწვრთნელებს.
რამაც ამ თამაშში ინტერის მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი აამაღლა, სწორედაც რომ სახიფათოდ შესრულებული სტანდარტებია. ამ გუნდს ნებისმიერი უნდა უფრთხოდეს კუთხურებისა თუ საჯარიმო დარტყმების შესრულებისას.
საბოლოო სიტყვა
ინტერმა და მისმა მაკიაველისტმა თეორეტიკოსმა მწვრთნელმა გერმანული იდეალიზმის ერთი ნაწილი დაამარცხეს. მიზანმა ნამდვილად გაამართლა საშუალება. ნახევარფინალში კიდევ ერთ გერმანულ იდეალიზმს უნდა ელოდოს, რომელსაც თან მოჰყვება კრუიფიზმთან შეხამებული დიალექტიკური აზროვნება. ჰანსი ფლიკი სიმონე ინძაგის წინააღმდეგ ძალიან კარგი აფიშის მქონე ნახევარფინალია. ბარსელონამ ფეხი უკვე ერთხელ მოითრია დორტმუნდის ბორუსიასთან, აქედან ინტერს დასკვნების გამოტანა შეუძლია, რადგან მეტოქის შეცდომების შეცნობა, ეს მაკიაველიანიზმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რომელსაც სიმონე ინძაგი აუცილებლად გაითვალისწინებს და დაიცავს. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, ამ სანახაობას დიდი მოთმინებით ველოდოთ.















