
სანამ ამ ფეხბურთელთა მნიშვნელობის, არსებული სიტუაციისა და პრესაში გამოჟონილი სიახლეების დეტალებს ვეკვეთებით, გავიხსენოთ, როგორ მუშაობს ლივერპულის მფლობელი ჯონ ჰენრი და ასევე - პრეისტორია მერსისაიდში. ლივერპული რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, ამის დასადასტურებლად პრემიერ ლიგის ყოველწლიური ფინანსური ანგარიშიც კმარა. კლუბის შემოსავლების ზრდა კონსტანტაა, თან იმგვარი კონსტანტა, რომ ქომაგს მუდამ ტოპ ტრანსფერის მოლოდინი აქვს. რატომ? - მერსისპირელთა ჯიბე იმდენად სქელია, რომ ენფილდ როუდს ორი რეკონსტრუქცია ჩაუტარეს და 61 000 კაციან არენადაც აქციეს. ამერიკელ მფლობელსა და მის გუნდს სიტყვა "პრაგმატული" იდეალურად მიესადაგებათ. FSG-ის სენტიმენტები დიდად არ ადარდებს და ყველაფრის გასაღებად მათემატიკური ალგორითმები მიაჩნია, მაგრამ რამდენად რთულია ამ ალგორითმებისა და “YOU WILL NEVER WALK ALONE”-ის თანაარსებობა? აწმყო გვეუბნება, რომ - საკმაოდ.
ფაბინიოს, ჰენდერსონის, მანეს, ვაინალდუმის, მატიპის, ტიაგოსა და სხვა ფეხბურთელთა გუნდიდან გაშვების ამბავი ქომაგმა შედარებით იოლად გადაიტანა, რადგან ყველაფერი დომინოს პრინციპით აეწყო. ჯინი ვაინალდუმმა გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მაგრამ მომდევნო სეზონში მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშეს და პრემიერ ლიგაში 92 ქულა დააგროვეს, ორივე საშინაო თასი მოიგეს და არნახულ კვადრუპლთან ძალიან ახლოს იყვნენ, ჰოდა, მართლაც, ვიღას ახსოვს ვაინალდუმი?! სადიო მანეს წასვლა შედარებით მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან სენეგალელმა ქომაგს არაერთი დაუვიწყარი მოგონება უსახსოვრა, მაგრამ აქაც ყველაფერი ნათელი იყო. მანე 30 წლის შესრულდა, მისი და სალაჰის კონტრაქტები იწურებოდა და დაუნდობელმა საფეხბურთო რეალობამ არჩევანი თავად გააკეთა - სალაჰი რჩება! ჰენრიმ თითქმის იმდენი გადაახდევინა ბაიერნს, რომ მანეს სანაცვლოდ საუთჰემპტონისთვის გადახდილი თანხა გააბათილა და ცხოვრებაც გაგრძელდა.

მერსისაიდულ რეალობაში კიდევ ერთი წესი არსებობს - 30 წელს რომ უახლოვდები ყველაფერი იცვლება, რადგან ჰენრის ხალხი პოტენციალის დიდ ფანჯარას ვეღარ ხედავს. ფაბინიოსა და ჰენდერსონის გასხვისება კი ყველაზე მოსალოდნელი და ნაკლებად რეზონანსული საქმეები აღმოჩნდა. პირწმინდად ჩაგდებული 2022/23 წლების სეზონში ბრალდებულის სკამზე ნახევარდაცვის ხაზი აღმოჩნდა და მსხვერპლიც განსაკუთრებული განხილვის გარეშე შეირჩა. ორივე მოთამაშემ 30 წელს გადააბიჯა და სანამ მათ სანაცვლოდ ხეირის მიღება შეიძლებოდა, FSG-მა შანსი ხელიდან არ გაუშვა. არაბულმა ბაზარმა ევროპას მძლავრად შეუტია, „წითლებმა" 50 მილიონამდე აიღეს და კაპიტნის წასვლასაც თითქმის ყველა დათანხმდა. რატომ ასეთი შესავალი? პასუხი ტრივიალურია - უნდა ვიცოდეთ ზოგადი ფონი, რომლის მიხედვითაც ბოსები გადაწყვეტილებებს იღებენ. ახლა კი, კონკრეტული საქმეები განვიხილოთ.

საქმე N1 - ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
ხომ იცით ლივერპულში სქაუზერები როგორ უყვართ? - სტივენ ჯერარდი ამის მშვენიერი ილუსტრაციაა. ამ ფორმაციის ლივერპულს ორი სქაუზერი ანუ დაბადებით ლივერპულელი ჰყავს: ტრენტი და კერტის ჯონსი. ენდემურ და ინგლისური ენის სენტიმენტს რომ შევეშვათ, 25 წლის ალექსანდერ-არნოლდი პრემიერ ლიგის ისტორიაში თანასაუკეთესო ასისტენტი მცველია - 59 საგოლე გადაცემით (ენდრიუ რობერსტონსაც ამდენივე აქვს). მოიგო ყველა დიდი ტიტული და გასცქერის გარდამავალ პერიოდს: რა იქნება მომავალში? ჰო, ეს შეკითხვა მოვინიშნოთ, ვირჯილ ვან დაიკის საქმეშიც გამოდგება. მილანთან მოგებული მატჩის შემდეგ ბრიტანულ პრესას ვირუსულად მოედო ტრენტის სიტყვები: „ჩემს გადაწყვეტილებაში ტიტულები უმთავრესი ფაქტორი იქნება." ყველაფერი რომ მოიგო კი ვახსენეთ, მაგრამ ტრენტს მადრიდის რეალი აქტიურად ეპოტინება, თან იქ მისი საუკეთესო მეგობარი ჯუდ ბელინგემიცაა.

ჰოდა, ხალხი აღელდა, მაგრამ თავად 25 წლის მცველმა დაამატა: „20 წელია კლუბში ვარ და აქამდე 4 ან 5 კონტრაქტი ისე გავახანგრძლივე მედიას არაფერი გაუგია, ჰოდა, ახლაც ასე იქნება."
ყველა დაიბნა, ექსპერტთა ნაწილი გაიძახის, რომ ტრენტის გული ისე ეკუთვნის ლივერპულს, როგორც დეივი ჯოუნსის - „მფრინავ ჰოლანდიელს", მაგრამ ყოფილმა ლივერპულელმა ჯეიმი რედნაპმა თქვა, როგორია რეალს უარი უთხრაო? ხმები არ წყდება, „წითლების" მომავალი კაპიტნის კონტრაქტი კი 2025 წლის ივნისში იწურება და საქმე ბურუსითაა მოცული. ჩვეულებრივი ბიჭი, რომლის ოცნებაც რეალობად იქცა, არ ჩქარობს, ფანები კი მის წასვლას ნამდვილად ვერ შეეგუებიან...
საქმე N2: ო, კაპიტანო! ჩემო კაპიტანო!
2018 წლის სუსხიან იანვარში, როცა მერსისაიდელთა ქომაგი ფილიპე კოუტინიოს ბარსაში ტრანსფერზე ბობოქრობდა, ერთმა ტანადმა და ათლეტურმა ნიდერლანდელმა საშობაო ნაძვის ხის ფონზე ფოტო ლივერპულის მაისურით გადაიღო და მედიას ახალი გასართობი მიეცა: 80 მილიონი ვირჯილ ვან დაიკისთვის? დაუჯერებელია... ჩვენ მაინც გავიხსენოთ, თორემ ეს თანხა სამარადისო დავიწყებას მიეცა. პირველივე მატჩში ევერტონს გაუტანა, ექვსი თვის თავზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, მომდევნო სეზონში არავის მოუტყუებია, ჩემპიონთა ლიგა მოიგო, პრემიერ ლიგაში 97-ქულიანი გუნდის ლიდერი იყო, მაგრამ სიტისთან დასანანად დამარცხდა სატიტულო რბოლაში, პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, უეფას წლის საუკეთესოს ჯილდოც დააჭაშნიკა და ოქროს ბურთის გათამაშებაში შვიდი ქულით დამარცხდა ლიონელ მესისთან.

და თან როგორ? თავად ლეოს მისცა ხმა, ლეო ასე არ მოიქცა, არგენტინელებმა მეხუთე ადგილზე გაიყვანეს და მოკლედ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტმა სწორედ ვირჯილი დაასახელა პირველ ადგილზე, მაინც დამარცხდა. 2020 წელს ჯორდან პიკფორდმა ისე ჩაარტყა მუხლში სეზონი დაუსრულა და როგორც რონალდო ნაზარიოზე ამბობენ, მუხლის ოპერაციის შემდეგ ის რონალდო აღარ ყოფილაო, ისეა ვირჯილის ამბავიც. სამი წლის განმავლობაში ნიდერლანდელი სრულყოფილების ნიმუში იყო, მაგრამ გავეშვათ წარსულს, ვირჯილი ახლაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო (ბევრის აზრით საუკეთესო) მცველად ითვლება და გუნდის კაპიტანიცაა.
მისი კონტრაქტიც მომდევნო წლის ზაფხულში იწურება და აქაც დიდი გაურკვევლობაა. „მინდა ამ სეზონით ვისიამოვნო, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.“ - ასე თქვა მანჩესტერ იუნაიტედის განადგურების შემდეგ 33 წლის ნიდერლანდელმა, რომელიც კვირაში 220 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. ქომაგი აქაც შეუვალია: მიეცით ახალი კონტრაქტი! ოცდაათიან ნიშნულს კი გადააბიჯა, მაგრამ ცენტრალური მცველია და შემტევებთან შედარებით მისი ყავლი გაცილებით ნელა გადის, თან სტატისტიკურად პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მცველია. ზაფხულში თქვა - არ ვიცი რამდენად მაქვს ახალი პროექტების დრო, ტიტულები მწყურია და კლუბთან ერთად განვიხილავ რას ვიზამო. ესეც გასაგებია, ნელ-ნელა ვირჯილს ტიტულების მოხვეჭა სურს, მაგრამ ისიც გააცხადა, რომ დარჩენაზეა მოწადინებული. ვან დაიკის შეცვლა წარმოუდგენლად მოჩანს. ის არის მემარჯვენე, რომელიც მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს და ცაცია ცენტრალური მცველის საჭიროებას შთანთქავს.
საქმე N3: ეგვიპტელი ფარაონი
„შეიძლება, ჩემთვის ბოლო მატჩი იყო ოლდ ტრაფორდზე.“ - მანჩესტერ იუნაიტედთან 3:0 გამარჯვების შემდეგ, სალაჰის სიტყვები ასეთი გახლდათ. 161 გოლი პრემიერ ლიგაში და ვინგერისთვის შეუსაბამო სტაბილურობა - ეს ყველაფერი 40 მილიონ გირვანქად. ისე, იურგენ კლოპს იულიან ბრანდტის მოყვანა სურდა, მაგრამ მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა, მაიკლ ედვარდსმა, ფეხები გაბოტა, ან სალაჰი ან არავინო. ედვარდსი ლივერპულში დაბრუნდა, ოღონდ გაცილებით აღმატებითი როლით - ჰენრის გუნდის საფეხბურთო ოპერაციების დირექტორია, გნებავთ პროექტის თავიკაცი ვუწოდოთ. 32 წლის ეგვიპტელი კი, ბურგუნდიული ღვინის მსგავსად, ფასს იმატებს და იმატებს. 6 მატჩი პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში და 8(!) საგოლე მოქმედება. ფენომენალურია. მო ყველაზე მეტსაც იღებს - 350 ათასი კვირაში და ცხადია, რომ მისი დარჩენის შემთხვევაში, ეს რიცხვი დრამატულად შემცირდება, მაგრამ სალაჰს წასვლა არ სურს, მას რეკორდების საქმე ბოლომდე აქვს მისაყვანი. შირერის 260-გოლიან ნიშნულს ვერ, მაგრამ პრემიერ ლიგის ისტორიაში TOP 5 ბომბარდირში შესვლა შეუძლია.

ისეთი სწრაფი ვეღარაა, ფლანგის მცველებს გრიგალივით რომ ჩაუქროლებდა ხოლმე. გასული სეზონიც კარიერაში ყველაზე „ცუდი" ჰქონდა: 18 გოლი და 10 ასისტი პრემიერ ლიგაში. ამას რომ ცუდი ეთქმის დანარჩენები ხომ წარმოგიდგენიათ? სალაჰმა ღიად თქვა, რომ დარჩენა სურს - საბოლოო სიტყვა კი მფლობელებზეა. გაუშვებენ ეგვიპტელს უფასოდ და ეცდებიან კუდუსის ან რომელიმე სხვა მოთამაშით მის ჩანაცვლებას, თუ გადაუხვევენ ნაცად გზას და კარიერის დაისის გზაზე ახალ კონტრაქტს გამოჭედავენ. სისწრაფის კლებას კი „ფარაონი" იმით აბალანსებს, რომ გასულ სეზონში ყველაზე მეტი საგოლე შანსი შექმნა TOP 5 ლიგაში. მისი დარტყმები ლეტალური აღარაა, მაგრამ საფეხბურთო ინტელექტში იმხელა პროგრესი აქვს - რბილი შეხებაც საკმარისია ხოლმე.
დადასტურებულად ვიცით, რომ რიჩარდ ჰიუზი (ლივერპულის ახალი სპორტული დირექტორი) სამივე მოთამაშესთან მოლაპარაკებებს გააჩაღებს და შედეგებს, როგორც კლუბის ინსაიდერები - ასევე დევიდ ორნსტინი და ფაბრიციო რომანო ერთხმად გვაუწყებენ.
ავტორი: KOP















