პირველი ქართველი ფეხბურთელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში
საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჩემპიონატი გაიმართა 1990 წელს, მისი საუკეთესო ბომბარდირი კი 23 ბურთით, მამუკა ფანცულაიასთან ერთად, სწორედ გურული გახდა. ამის გარდა, მან გაიტანა პირველი გოლი დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული გუნდის ისტორიაში.
ეს ყველაფერი მოხდა ასევე 1990 წელს, ლიეტუვის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში. სამწუხაროდ, ეს იყო ქართველი თავდამსხმელის პირველი და ბოლო ბურთი "ჯვაროსნების" შემადგენლობაში. გიას სანაკრებო კარიერა დასრულდა 1994 წელს, მან სულ რაღაც 4 მატჩის ჩატარება მოასწრო.
დავუბრუნდეთ თბილისის დინამოს აღზრდილი თავდამსხმელის საკლუბო კარიერას, რომელიც სამშობლოს დატოვების შემდეგ, გაგრძელდა პოლონეთში, კატოვიცეში, მოგვიანებით კი უკვე საფრანგეთის ჩემპიონატის ბინადარ ლე ავრში. გურულმა ევროპის ტოპ 5 ლიგამდე მიაღწია 1992 წლის ზაფხულში და როგორც აღვნიშნეთ, დიდ ევროპულ საფეხბურთო ოჯახში ის პირველი ქართველი იყო.

ისიც უნდა ითქვას, რომ "ლურჯებში" გადასვლამდე, გიას უკვე ჰქონდა ტიტულების სოლიდური კოლექცია - საქართველოს პირველობის საუკეთესო ბომბარდირობას მან მიაყოლა ჩემპიონობაც, პოლონეთში კი ის ქვეყნის თასსა და სუპერთასს დაეუფლა. ასეთი იყო დინამოს ყოფილი ფორვარდის მიერ განვლილი გზა ნორმანდიაში გადასვლამდე.
რაც შეეხება გურულის ლიგა 1-ში გატარებულ პერიოდს - ორი სეზონი, 48 შეხვედრა და 12 გოლი. მისი ფრანგული კარიერის ყველაზე დასამახსოვრებელი შუალედი თარიღდება 1992 წლის ნოემბრით, როდესაც ქართველმა ფორვარდმა გოლის გატანა ზედიზედ 3 მატჩში შეძლო. მისგან იზარალა პარის სენ-ჟერმენმა, ლიონმა და მეცმა.
განსაკუთრებული ყურადღება გვინდა დავუთმოთ პსჟ-სთან გამართულ შეხვედრას, რომელშიც გიას მოწინააღმდეგეები იყვნენ ისეთი ლეგენდარული მოთამაშეები, როგორებიც არიან ჯორჯ ვეა, დავიდ ჟინოლა, პოლ ლე გუენი, ბერნარდ ლამა და სხვები. დინამოს ყოფილი ფორვარდის მხარეს ნამდვილად არ შეინიშნებოდა მსგავსი ვარსკვლავთცვენა, შეგვიძლია გამოვარჩიოთ მხოლოდ პიერ-ემერიკ ობამეიანგის მამა და თავად ჩვენი სტატიის გმირი.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, ანგარიში 28-ე წუთზე გახსნა სწორედ "დრაკონების" ცხრიანმა, რომელსაც 13 წუთში ლიბერიელმა ოქროს ბურთის მომავალმა მფლობელმა ფორვარდმა უპასუხა. ის მატჩი დასრულდა 1:1, გურულმა მოედანზე 76 წუთი გაატარა. როგორც აღვნიშნეთ, პარიზელთა კარის აღების შემდეგ, ქართველმა ფორვარდმა მოგვიანებით ოლიმპიკსა და "ლეს გრენატსსაც" გაუტანა.
გიამ სხვადასხვა დროს ასევე შეუგდო ნანტს, სტრასბურგს (ორჯერ), კაენს (სამჯერ), ტულუზას, ტულონსა და კიდევ ერთხელ, რონელებს. სტად ჟიულ დეშასეზე გატარებული 2 სეზონის შემდეგ, დინამოს ყოფილმა ფორვარდმა გადაინაცვლა საფრანგეთის ქვედა ლიგებში, სადაც 90-იანების ბოლოს კარიერაც დაასრულა.
ბოლოსთვის კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ლე ავრის ყოფილი ცხრიანის შესახებ - ლიგა 1-ის 1992/1993 წლების სეზონში მან 30 შეხვედრაში გაიტანა 9 ბურთი, რაც თავისი დროის რეკორდი იყო. საუბარია ქართველ მოთამაშეებს შორის ევროპის ტოპ 5 ლიგის 1 სეზონში გატანილი ბურთების რაოდენობაზე.

გურულის მიღწევა 2003/2004 წლების სეზონში გაიმეორა ალექსანდრე იაშვილმა, რომელმაც ბუნდესლიგაში, ფრაიბურგის შემადგენლობაში ასევე 30 შეხვედრაში 9 ბურთი გაიტანა. ვეტერანი ქართველი ფორვარდების რეკორდი ათწლეულების მანძილზე რჩებოდა ხელუხლებელი, იქამდე, სანამ ევროპულ ფეხბურთში ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე არ შემოიჭრნენ.
ნაპოლის ლიდერმა თავის სადებიუტო სეზონში სერია ა-ში გაიტანა 12 გოლი, შემდეგ წელს კი 11. რაც შეეხება ლოთარინგიელების ყოფილ თავდამსხმელს, შარშანდელი სეზონი მან 13 ბურთით დაასრულა. სიმბოლურია, რომ გიას მიერ საფრანგეთის ჩემპიონატში დამყარებული რეკორდი სწორედ საქართველოს ეროვნული გუნდის ამჟამინდელმა მთავარმა გოლეადორმა დაამხო.
ორივე მათგანმა სხვადასხვა დროს გაუტანა "ლურჯ-წითლებს", ეს სტატიაც სწორედ ამის შესახებ არის. როდესაც ვსაუბრობთ ნორმანდიელების ყოფილ ფორვარდზე, უნდა ვახსენოთ მისი ვაჟი სანდროც, რომელიც 2000-იანების დასაწყისში "ლომების" აკადემიაში თამაშობდა. თავისი კარიერის დიდი ნაწილი ქართველმა ვინგერმა გაატარა სწორედ საფრანგეთში, მაგრამ არა ჟერლანზე, არამედ ქვედა დივიზიონის კლუბებში.

ახალი ვარსკვლავის დაბადება
24 წლის თავდამსხმელის პიერ საჟის გუნდში დაბრუნების შესახებ უკვე ბევრი ვისაუბრეთ. მშობლიური კლუბის აკადემიიდან წასვლის შემდეგ, მან გაიბრწყინა "ბროწეულისფრებსა" და სერენში, მოგვიანებით კი ევრო 2024-ზეც, რის შემდეგაც ლიონმა "ჯვაროსნების" 22-ე ნომერი სასწრაფო ტემპით დაიბრუნა.
მიქაუტაძემ ოლიმპიკის გამო უარი მონაკოს, ნიცასა და რენს უთხრა. რაც შეეხება სეზონის მიმდინარეობას, სტარტი გამოდგა მძიმე - ახალგაზრდა ფორვარდი გოლის გატანას ვერ ახერხებდა 8 მატჩის მანძილზე, მაგრამ მოგვიანებით, ქართველმა შემტევმა ნავსის გატეხვა მაინც შეძლო. ოსერის კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, ჟორჟმა 2 ბურთი ევროპა ლიგაზე ყარაბაღსაც გაუტანა.

შემდეგ იყო ულამაზესი გოლი ანჟერის კარში, განვლილ ტურში კი რონელების თავდამსხმელმა ლუის ენრიკეს გუნდსაც გაუტანა. ლიგა 1-ის მთავარი დომინანტის დამწუხრების შემდეგ, 24 წლის ფორვარდს მოუვიდა მცირე კონფლიქტი ჯიჯო დონარუმასთან, რაც ასევე დასამახსოვრებელ მომენტად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
"ლომების" 69-ე ნომერს 20 შეხვედრაში დაუგროვდა ექვსი გოლი, აქედან ოთხი ბოლო 18 დღეში. იმედი დავიტოვოთ, რომ მისი წარმატებული სერია გაგრძელდება და მომავალში მიქაუტაძის კიდევ არაერთ გოლს ვიხილავთ. ერთი სიტყვით, ფრანგული ფეხბურთის ქართული მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია.


















