
კვირას გასამართ მატჩში მინდორზე ბევრ ასეთ მოთამაშეს შეხვდებით - მეკარე ნელსონ დიდას, მცველებს: კაფუს, ალესანდრო კოსტაკურტას, სერჟინიოსა და მასიმო ოდოს, ნახევარმცველებს: კლარენს ზეედორფს, კრისტიან ბროკის, მასიმო ამბროზინისა და რიკარდო კაკას, ფორვარდს: მარკო ბორიელოსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს - კახა კალაძეს. სწორედ ეს გახლავთ არასრული ჩამონათვალი იმ ფეხბურთელებისა, რომლებმაც მილანის რიგით მეშვიდე ჩემპიონთალიგური ტიტული იზეიმეს. ბევრ საინტერესო საკითხთან ერთად, ჩემს ყურადღებას იპყრობს ის ფაქტი, თუ ვინ დაარტყამს მილანის კარში დანიშნულ პოტენციურ თერთმეტრიანს. ამ კითხვის საფუძველს ბრაზილიელი მეკარე ნელსონ დიდა და ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელის, მარჩელო ლიპის, კომენტარი მაძლევს. ამ უკანასკნელის თქმით, 2002/03 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვენტუსის ოთხმა ფეხბურთელმა თქვა უარი პენალტის შესრულებაზე, დიდას ფაქტორიდან გამომდინარე (აღნიშნულ ფინალში ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მეკარემ ხუთი დარტყმული ბურთიდან სამის მოგერიება შეძლო). საინტერესოა, საქართველოს ნაკრებში თუ აღმოჩნდება ის ფეხბურთელი, რომელიც ამ წნეხს მარტივად გაუმკლავდება. ახლა კი, მცირე ლირიკული გადახვევის შემდეგ, დავბრუნდეთ 18 წლით უკან და მივყვეთ იმ რთულ და ძნელად სავალ გზას, რომელიც კარლო ანჩელოტის დამოძღვრილმა გუნდმა ქალაქ ათენამდე განვლო.
2005/06 წლების სეზონში კალჩოპოლის სკანდალის შემდეგ „წითელ-შავები" მესამე ადგილამდე ჩამოაქვეითეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად ფლეიოფის ეტაპის გავლა დასჭირდებოდათ. კენჭისყრის შედეგად მეტოქეც გაირკვა - ძლიერი ქომაგებითა და საკმაოდ კარგი შემადგენლობით დაკომპლექტებული სერბული "რედ სტარი" (ცრვენა ზვეზდა). ორივე მატჩმა საკმაოდ დიდი დაძაბულობით ჩაიარა. პირველი შეხვედრა სან სიროზე გაიმართა, სადაც ფავორიტად შერაცხულმა მილანმა, მძიმე ბრძოლაში 1:0 იმარჯვა, ფილიპო ინძაგის ერთადერთი გოლის წყალობით. ლეგენდარულმა იტალიელმა ცხრიანმა გუნდი არც სერბეთში დააღალატა. მის გოლს მატჩის მიწურულს კლარენს ზეედორფის გასროლაც დაემატა, რომელსაც სულ რაღაც 1 წუთში დუშან დუკიჩმა უპასუხა, თუმცა ეს გოლი მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ. პროგრამა მინიმუმი შესრულდა, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.
ჯგუფურ ეტაპზე, იტალიურ გრანდს საკმაოდ გაუმართლა. ისინი ჯგუფში ფრანგულ ლილთან, ბერძნულ აეკთან და ბელგიურ ანდერლეხტთან ერთად მოხვდნენ. ჯგუფში „წითელ-შავების" ფავორიტობა მხოლოდ ფიქცია არ აღმოჩნდა და 4 ტურის შემდეგ გუნდი 10 ქულით მყარად იკავებდა პირველ ადგილს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ათენში სტუმრად აეკთან და შემდეგ სახლში ლილთან გუნდმა მატჩები ისე დათმო, რომ გოლიც ვერ გაიტანა, ეს ყველაფერი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მათ ფლეიოფში ადგილი ჯგუფის ლიდერის რანგში დაებევებინათ. ჯგუფურ ეტაპზე გამორჩეული, რა გასაკვირია, რომ რიკარდო კაკა გახლდათ, რომელმაც აღნიშნულ ეტაპზე 4 გოლის გატანა შეძლო.

დადგა ფლეიოფების დროც და თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მილანს ისევ გაუმართლა. პოტენციური მეტოქეებიდან - ბარსელონა, პსვ, რეალ მადრიდი, სელტიკი და პორტო - როსონერის გლაზგოური გრანდი შეხვდა. მიუხედავად ამისა, თუ გუნდის მიერ ნაჩვენები თამაშითა და შედეგებით ვიმსჯელებთ, ეს იყო ეტაპი, რომლის გადალახვაც „როსონერის" ყველაზე მეტად გაუჭირდა. პირველი მატჩი გლაზგოში, სელტიკ პარკზე ჩატარდა. თითქმის 60 000 მაყურებლის წინაშე, დიდი ბრძოლა გაიმართა, სახიფათო მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ზოგჯერ ზელკო კალაჩი და არტურ ბორუცი იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, ზოგჯერ კი მეტოქეთა შემტევებს უცუდდებოდათ მიზანი. შოტლანდიელები მილანში საბრძოლო ფრით და მომდევნო ეტაპზე გასვლის დიდი სურვილით ჩავიდნენ. გლაზგოელთა მეკარე არტურ ბორუცი გოლის გაშვებას არ აპირებდა. მან ორივე მატჩში ჯამში 12 სეივი განახორციელა და მატჩი პირადად მიიყვანა დამატებით დრომდე. პერიოდამდე, სადაც ისიც კი უძლური აღმოჩნდა ბრაზილიელი ვარსკვლავბიჭუნას - რიკარდო ისექსონ დოს სანტოს ლეიტეს - იგივე კაკას წინაშე. ბრაზილიელმა შემოქმედმა კი ჯადოსნობა კიდევ ერთხელ გამოავლინა და გუნდი 1/4 ფინალში გაიყვანა. აქ კი „როსონერის" პირველი სერიოზული გამოცდა ელოდა - მიუნხენის ბაიერნი.
მიუხედავად იმისა, რომ ფელიქს მაგათის შეგირდები აღნიშნულ სეზონში, წარმატებული შედეგებით ვერ დაიკვეხნიდნენ, შეძლეს და ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - მადრიდის რეალი, სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით გათამაშებას 1/8 ფინალში გამოთიშეს. აღსანიშნავია, რომ სან სიროზე გამართულ შეხვედრაში მიუნხენურ გრანდს საქართველოს ნაკრების ახლანდელმა დამრიგებელმა, ვილი სანიოლმა, უკაპიტნა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მილანელთაგან გოლები ანდრეა პირლომ და კაკამ შეაგდეს, ხოლო ბავარიელებიდან თავი ცენტრალურმა მცველმა - დანიელ ვან ბუიტენმა, თანაც ორჯერ, გამოიჩინა. მათ შორის მეორედ მატჩის კომპენსირებულ დროში და საკუთარ გუნდს საშინაო მატჩის წინ მნიშვნელოვანი ფრე მოუპოვა. მომდევნო ეტაპისკენ მიმავალი გზა მილანისთვის ალიანს არენაზე გადიოდა - სტადიონზე, სადაც თამაში გრანდების უმეტესობას უჭირს, მაგრამ არა მილანს. მატჩის და წყვილის ბედი სულ რაღაც ხუთიოდე წუთში გადაწყდა. კლარენს ზეედორფის 27-ე წუთზე გატანილ გოლს, 31-ე წუთზე პიპო ინძაგიმ კიდევ ერთი დაამატა და გუნდი 1/2 ფინალშიც გაიყვანა. აქ გუნდს ელოდა მეტოქე, რომელმაც სხვა იტალიური გუნდი გზიდან უმარტივესად ჩამოიშორა. საუბარი, ცხადია, რომ მანჩესტერ იუნაიტედზეა. სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა ფლეიოფში ჯერ მილანის ჯგუფური ეტაპის მეტოქის - ლილის ბარიერი დაძლიეს, შემდეგ კი იტალიური რომა უბრალოდ გააცამტვერეს. სტადიო ოლიმპიკოზე 2:1 მარცხის შემდგომ, ოლდ ტრაფორდზე უხვგოლიან მატჩში „წითელმა ეშმაკებმა" 7:1 იმარჯვეს და 1/2 ფინალში ადგილიც მოიპოვეს, სადაც მათი მეტოქე კვლავ იტალიური კლუბი, ამჯერად მილანი გახლდათ. კრიშტიანუ რონალდუ რიკარდო კაკას წინააღმდეგ. ამ მატჩს აფიშად სწორედ ეს დაპირისპირება გასდევდა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ მიუხედავად 3:2 წაგებული მატჩისა, ოლდ ტრაფორდზე შოუ მილანელთა 22-ე ნომერმა მოიპარა და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ესთესტიკური გოლი გაიტანა. საუბარია, რა თქმა უნდა, იმ გოლზე, რომლის საგოლე პასის ავტორადაც მეკარე დიდა მოგვევლინა. მისი პასის შემდგომ კი მისსავე თანამემამულემ მოხდენილი მოძრაობით პატრის ევრა და გაბრიელ ჰაინცე უსაქმოდ დატოვა, შემდეგ კი ბურთი აუღელვებლად შეაგორა ედვინ ვან დერ საარის კარში.

განმერეობით მატჩში კი მოხდა ის, რასაც სან სიროზე შეკრებილი პუბლიკა ელოდა. მილანმა მთლიანი მატჩი დომინანტურად ჩაატარა და ანგარიშით 3:0 მარტივი გამარჯვებაც მოიპოვა. რთულია იმის თქმა, ფიდიპიდესს უფრო რთული და დამქანცველი გზა ჰქონდა ათენამდე თუ მილანს, თუმცა ფაქტია, რომ მიზანს ორივემ მიაღწია.
ლეგენდარულ ათენის ფინალში გუნდს ყველაზე უხერხული მეტოქე შეხვდა - ინგლისური ლივერპული. სტამბოლის ფინალის სიმწარე ჯერ არცერთ მილანელ მოთამაშესა თუ ქომაგს არ განელებოდა. ყველას გონებაში ერთი კითხვა ტრიალებდა - დაძლევდა თუ არა მილანი ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ამჯერად მაინც თუ შეძლებდა რაფა ბენიტესის ბიჭების შეჩერებას. განსხვავებით 2005 წლის ფინალისგან, მატჩის პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა, ტაიმის მიწურულს პიპო ინძაგიმ მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და მატჩში ანგარიშიც გახსნა. პიპო მხოლოდ ერთ გოლზე არ შეჩერდა და მატჩის 82-ე წუთზე მეორე გოლიც შეაგდო. თითქოს ყველაფერი ლოგიკური დასასრულისკენ მიდიოდა, თუმცა „წითლები“ მარტივად დანებებას არ აპირებდნენ. 89-ე წუთზე დირკ კუიტმა შეძლო და ერთი ბურთი გაქვითა. სავარაუდოდ, ყველა მილანელს გულში იმ ფიქრმა გაუელვა, მეორდებოდა თუ არა იგივე და იქცეოდა თუ არა "მერსისაიდული" გრანდი მათ ღამის კოშმარად 2 წლის შემდეგაც. თუმცა, „როსონერის" მოთამაშეებმა დარჩენილ წუთებში სრული კონცენტრაცია მოიკრიბეს და მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს. ინგლისელებისთვის პასუხი დაბრუნებული გახლდათ, ევროპის საუკეთესო კლუბი კი კვლავ მილანი იყო. ვფიქრობ, აღნიშნული საკითხის განვრცობა რეალურ ცხოვრებაშიც შესაძლებელია, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება სტამბოლის ფინალი, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ათენის ფინალიც, მთავარია მოთმინება და საკუთარი მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვა. მილანის ფეხბურთელებმა დაამტკიცეს, რომ ნამდვილი პროფესიონალები იყვნენ და მიზნის მისაღწევად ყველანაირი წინაღობის გადალახვა შეეძლოთ. ამ ყველაფერმა კი, ცხადია, ისინი ლოგიკურ შედეგამდეც მიიყვანა და ჯერჯერობით უკანასკნელად, ჩემპიონთა ლიგის თასიც აღამართვინა.

ამ ამბებიდან 17 წლის შემდეგ კი ისინი ჩვენს დედაქალაქს - თბილისს ესტუმრებიან და კიდევ ერთხელ ეცდებიან თავიანთი თამაშით სიამოვნება მოგვანიჭონ. აღსანიშნავია, რომ გარდა ამ ფეხბურთელებისა, საქართველოს ეწვევა ბევრისთვის საყვარელი ფეხბურთელი - რივალდო. შესაბამისად, ფეხბურთის მოყვარულებისთვის ეს არის მატჩი, რომლის გამოტოვებაც არ ღირს. ორივე გუნდის შემადგენლობაში არიან ფეხბურთელები, რომლებიც გადავსებულ სტადიონს კიდევ ერთხელ და არაერთხელ იმსახურებენ, საქართველო კი ამისათვის, უკვე მრავალჯერ დავრწმუნდით, შესანიშნავი ადგილია, მით უმეტეს მაშინ, როცა ფეხბურთელები მინდორზე ეროვნული ნაკრების მაისურებითა და სახელით იქნებიან წარმოდგენილნი.
ავტორი: ლაშა საცერაძე















