ესპანეთი/ნიდერლანდები
2025 წლის 20-23 მარტის შუალედში ესპანეთი და ნიდერლანდები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ერთა ლიგის პლეიოფში, რის შემდეგაც გავიგებთ, თუ ვინ მოხვდება მუნდიალის შესარჩევის ჯგუფში "თეთრ-წითლებთან" ერთად. "ფურია როხა" არის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე: 8 მატჩი, 1 მოგება, 0 ფრე და 7 წაგება.
ერთადერთი გამარჯვება დაფიქსირდა 2016 წლის ივნისში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, რომელშიც ვლადიმირ ვაისის გუნდმა პირენეელებს თორნიკე ოქრიაშვილის გატანილი ბურთით მინიმალური ანგარიშით მოუგო. დანარჩენ 7 შემთხვევაში იგებდნენ ყოველთვის "წითლები", თანაც დამანგრეველი ანგარიშითაც.
2023 წლის სექტემბერში ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა იმარჯვა ანგარიშით 7:1, რაც საქართველოს ნაკრების ისტორიაში დღემდე ანტირეკორდია. რაც შეეხება "მფრინავ ჰოლანდიელებთან" ურთიერთმატჩების ისტორიას: ერთი ამხანაგური თამაში, რომელიც დასრულდა "ჯვაროსნების" წაგებით, 0:3.

თურქეთი
ჩვენი ნაკრების კიდევ ერთი უხერხული მოწინააღმდეგე, რომელთანაც ექვსი შეხვედრა იქნა გამართული. ოთხჯერ იმარჯვა თურქეთმა, ერთი თამაში დასრულდა ფრედ, ერთხელაც "თეთრ-წითლებმა" მოიგეს. აღნიშნული გამარჯვება დაფიქსირდა 2007 წელს, ამხანაგურ მატჩში, რომელშიც დავით სირაძის მიერ გატანილი ბურთით კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა მინიმალური ანგარიშით მოიგო.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მოწინააღმდეგე განვლილ ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ "წითლებიც", რომლებმაც ანგარიშით 3:1 იმარჯვეს. შეგახსენებთ, რომ ეს იყო "ჯვაროსნების" სადებიუტო მატჩი კონტინენტის პირველობაზე. ვნახოთ, რამდენად იქნება რევანშის შესაძლებლობა.

ბულგარეთი
ერთა ლიგის 2022/2023 წლების გათამაშებამდე, ჩვენი ნაკრების უხერხულ მოწინააღმდეგეთა რიცხვში იყო ბულგარეთიც, რომელმაც 2005-2009 წლების შუალედში ანგარიშით 6:2 2-ჯერ მოგვიგო. ურთიერთმატჩების ზოგადი ისტორია კი ასეთია: 8 მატჩი, 2 მოგება, 2 ფრე და 4 წაგება. "თეთრ-წითლების" სასარგებლოდ შეგვიძლია გავიხსენოთ 1995 წელს დაფიქსირებული მოგებაც, 2:1.
ეს ყველაფერი ხდებოდა 1996 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე, "ლომები" კი იმ მომენტში განვლილი მსოფლიო ჩემპიონატის 1/2 ფინალისტების სტატუსით იყვნენ. ბალკანელები იყვნენ პრაქტიკულად იგივე შემადგენლობით, რომლითაც მათ ამერიკაში გამართულ მუნდიალზე დაგვამახსოვრეს თავი.
"თეთრ-მწვანეების" რიგებში ხრისტო სტოიჩკოვიც იყო. მივადექით ერთა ლიგის 2022/2023 წლების გათამაშებას, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა რაზგრადში 5:2 მოიგო. ბულგარეთის ეროვნულ გუნდში გვხდება მოთამაშე, რომელმაც საქართველოს ნაკრებს გაუტანა 5 ბურთი. საუბარია დიმიტარ ბერბატოვის შესახებ, რომელიც საბედნიეროდ აღარ თამაშობს.


















