ამ ტიტულიდან უკვე თითქმის ნახევარი საუკუნე იყო გასული და იტალიელები კვლავ "იმ ერთადერთს" ელოდნენ. ამ საუკუნეში, ყველაზე ახლოს მიზანთან 2021 წელს მატეო ბერეტინი გახლდათ, მან მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის - უიმბლდონის ფინალში ითამაშა, თუმცა მძიმე ბრძოლაში ლეგენდარულ ნოვაკ ჯოკოვიჩთან ანგარიშით 3-1 დამარცხდა.
ზემოხსენებულ ამბებამდე 20 წლით ადრე კი, დაიბადა ის ადამიანი, რომელმაც იტალიურ ჩოგბურთს ახალი სული შთაბერა. ადამიანი, რომელიც თავის შანსს ელოდა. ელოდა ისე მშვიდად, როგორც ჩასაფრებული მელა ელის თავის მსხვერპლს. იანიკ სინერი 2001 წლის 16 აგვისტოს დაიბადა, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, კერძოდ კი სამხრეთ ტიროლში. აღსანიშნავია, რომ საწყის ეტაპზე ჩოგბურთი მისი ერთადერთი გატაცება ნამდვილად არ ყოფილა და მისი პირველი არჩევანი - თხილამურებით სრიალი - მეტად იტაცებდა. 2012 წელს, სულ რაღაც 11 წლის ასაკში, ახალგაზრდულ ტურნირში ვიცეჩემპიონობაც მოიპოვა. ალბათ იფიქრებთ, რომ ჩოგბურთი მისი მეორე გატაცება მაინც იყო, თუმცა არც ასეა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ მამის დაჟინებული მოთხოვნის გამო, იანიკი ჩოგბურთზე სიარულს აგრძელებდა, პარალელურად იგი საფეხბურთო კლუბ სექსტენშიც ირიცხებოდა. 13 წლის ასაკში, ახალგაზრდა იანიკის ცხოვრებაში გარდამტეხი ეტაპი დადგა, მას ერთ-ერთი სპორტი უნდა აერჩია. არჩევანი ალბათ ძალიან რთული, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაზე სწორიც აღმოჩნდა. რეიტინგის ამჟამინდელმა პირველმა ნომერმა ჩოგბურთი აირჩია.

იანიკის დებიუტი პროფესიონალურ დონეზე 2018 წელს შედგა, 2019 წელს კი პირველი მნიშვნელოვანი ტიტული სიმბოლურად სამშობლოში, ქალაქ მილანში მოიგო. წლის ბოლოს, აწ უკვე ტრადიციად დამკვიდრებული ATP NEXT GEN-ის ფინალში ერთმანეთს 18 წლის იანიკ სინერი და 20 წლის ავსტრალიელი ალექს დე მინო დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს აღნიშნულ დონეზე გამოცდილების თამაში უკვე ჰქონდა, წააგო რა წინა წლის დაპირისპირება ბერძენ სტეფანოს ციციპასთან. მიუხედავად ამისა, მან სინერის თამაშს ვერაფერი დაუპირისპირა და სატიტულო ბრძოლა უშანსოდ დათმო. შემდეგ იყო 2020 წელი და პირველი სერიოზული ტიტული „დიდებშიც“. ბულგარეთში, ქალაქ სოფიას პირველობაზე, იანიკის გამარჯვება 250 ქულით შეფასდა. მიუხედავად იმისა, რომ მან შეძლო და 2021-2022 წლების ჯამში, 4 ტიტული მოიპოვა, ფანები მისგან ბევრად მეტს ელოდნენ. ჩვენი ისტორიის გმირის კარიერაში ვერც 2023 წელი დაიწყო დადებითად, მიუხედავად 250-ქულიანი ტურნირის მოგებისა. თებერვალსა და მარტში, იანიკმა ზედიზედ ორი ფინალი დათმო მისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან - დანიილ მედვედევთან. თითქოს რთულ პერიოდს ბოლო აღარ უჩანდა, თუმცა მოვიდა 2023 წლის აგვისტოც და კანადის მასტერსიც. სიმბოლურია ისიც რომ, ახალგაზრდა იტალიელის მეტოქე ფინალში კვლავ ალექს დე მინო იყო. ავსტრალიელი კვლავ უშანსოდ, სეტის მოუგებლად მარცხდება. ფაქტია, რომ დე მინოსთან ფინალები სინერისთვის გარდამტეხი მნიშვნელობის მატარებელია. სწორედ ეს ტურნირი იქცა „მელას“ ტიტულებისკენ გზის გამკვალავი.
დადგა 2023 წლის ოქტომბერი. თვე, რომელიც აწ უკვე ორგზის დიდი სლემის ჩემპიონს არასდროს დაავიწყდება. ორი ფინალი, ორივეჯერ მეტოქედ დანიილ მედვედევი და ორი ტიტული. კი, სწორად გახსოვთ, ეს ის დანიილ მედვედევია სინერს პირად შეხვედრებში ანგარიშით 6-0-ს რომ უგებდა.
ამ წარმატებებმა იანიკი წლის შემაჯამებელ ფინალამდე მიიყვანა, სადაც ფინალამდე ყველა და ყველაფერი მარტივად გაიარა. ციციპასთან, ჯოკოვიჩთან, რუნესთან და მედვედევთან მოგებებმა მას გზა სასურველ ფინალამდე გაუხსნა, თუმცა აქ მან გამოცადა ის, რასაც ბევრი ლეგენდარული ჩოგბურთელი ვერ გადაურჩა - ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხების სიმწარე. ვერ ვიტყვით, რომ ამ ყველაფერმა ახალგაზრდა იტალიელს მოგებისადმი ლტოლვა გაუნელა. პირიქით, ის, ორმაგად მოტივირებული, დევისის თასის გათამაშებაში ჩაერთო და თითქმის 50-წლიანი მოლოდინი დაასრულა. 1976 წლის შემდეგ, იტალია პირველად დევისის თასის გამარჯვებული გახდა. ვის მოუგო იანიკმა გადამწყვეტ შეხვედრაში? რასაკვირველია, ალექს დე მინოს, კვლავ დომინანტური ანგარიშით.
ამ წარმატებებმა იანიკი წლის შემაჯამებელ ფინალამდე მიიყვანა, სადაც ფინალამდე ყველა და ყველაფერი მარტივად გაიარა. ციციპასთან, ჯოკოვიჩთან, რუნესთან და მედვედევთან მოგებებმა მას გზა სასურველ ფინალამდე გაუხსნა, თუმცა აქ მან გამოცადა ის, რასაც ბევრი ლეგენდარული ჩოგბურთელი ვერ გადაურჩა - ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხების სიმწარე. ვერ ვიტყვით, რომ ამ ყველაფერმა ახალგაზრდა იტალიელს მოგებისადმი ლტოლვა გაუნელა. პირიქით, ის, ორმაგად მოტივირებული, დევისის თასის გათამაშებაში ჩაერთო და თითქმის 50-წლიანი მოლოდინი დაასრულა. 1976 წლის შემდეგ, იტალია პირველად დევისის თასის გამარჯვებული გახდა. ვის მოუგო იანიკმა გადამწყვეტ შეხვედრაში? რასაკვირველია, ალექს დე მინოს, კვლავ დომინანტური ანგარიშით.

დადგა 2024 წელი. სეზონი განახლდა, მედიისა და გულშემატკივრებისგან წნეხი გაიზარდა, პერსპექტიული იტალიელისგან ყველა ხელშესახებ წარმატებას ელოდა რაც, რასაკვირველია, დიდი სლემის ტურნირის მოგებას ნიშნავდა.
2024 წლის 25 იანვარი. ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალი. მისია თითქმის შეუძლებლად მოსჩანს, დაამარცხო ნოვაკი იქ, სადაც ისტორიულად თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. არადა სინერიც შესაშურ ფორმაშია, ხუთი მეტოქე ისე დაამარცხა სეტიც კი არ წაუგია. ორი სეტი მიილია და ანგარიში 6-1, 6-2-ია სინერის სასარგებლოდ! მესამე სეტი ნოლემ ტაი-ბრეიკში გადაიყვანა და მოიგო, თუმცა ახალგაზრდული სატიტულო წყურვილის ჩასაქრობად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მეოთხე სეტი და ფინალის საგზური იანიკ სინერისაა. ფინალის, სადაც მას ისევ და ისევ, ძველი მეტოქე, რუსი დანიილ მედვედევი ელოდა.
ყველასათვის მოულოდნელად ორი სეტის შემდეგ ამ უკანასკნელს თამაში 2-0 ანგარიშით მიჰყავდა, თუმცა იანიკმა აქ გამოაჩინა ის, რასაც ამ დღემდე მას ყველა უწუნებდა - ხასიათი - და თამაში შემოატრიალა. ზედიზედ მოგებული სამი სეტი ყველაზე უხერხულ მეტოქესთან და თანაც სად? ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში. 48-წლიანი ლოდინი დასრულდა. იტალიას კვლავ ჰყავს ჩემპიონი, რომელიც გაჩერებაზე საერთოდ არ ფიქრობს. ჩემპიონი, რომელმაც წლევანდელ დიდ სლემებზე, ყველგან, სულ მცირე 1/4 ფინალს უწია. ჩემპიონი, რომელმაც წელს ორი ამერიკული მასტერსი - მაიამი და ცინცინატი მოიგო. ჩემპიონი, რომელმაც ერთ კალენდარულ წელში ერთი სლემი არ იკმარა და ახლა უკვე ამერიკის ღია პირველობის ტიტულითაც იწონებს თავს. იანიკ სინერი და მისი ფანები ახლა ზღაპარში ცხოვრობენ, რომელიც იმედია, დიდხანს გაგრძელდება. ზღაპარი, სადაც ორი მთავარი გმირი იქნება - კარლოს ალკარასი და იანიკ სინერი. თუ ვინ იქნება მათ შორის გამარჯვებული, ამას მრავალი წლის შემდეგ, მათი კარიერის მიწურულს გავიგებთ, მანამდე კი დავტკბეთ იმით, რასაც ეს ორი მოთამაშე ჩოგბურთის მოყვარულებს გვთავაზობს.

იტალიური ჩოგბურთი კი უკვე საიმედო ხელშია - იანიკ სინერს თაობაში ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ჰყავს, რომელთაც დიდი თუ მცირე სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლიათ. მთავარია ის, თუ როგორ განვითარდება მათი კარიერა - ლორენცო მუსეტი (წლევანდელი ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი), ფლავიო კობოლი, მატეო არნალდი, ლუსიანო დარდელი და ლუკა ნარდი. ფაქტია, იტალიურ ჩოგბურთს რენესანსის ეპოქა უდგას, ჯოტოსა დი ბონდონეს როლი კი, 23 წლის ბიჭს - იანიკ სინერს აქვს მორგებული.
ავტორი: ლაშა საცერაძე















