ჩვენი ნაკრების სავარაუდო მოწინააღმდეგეები არიან ბულგარეთი, სლოვაკეთი, კოსოვო და სომხეთი. ჯგუფური ეტაპის დასრულებასთან ერთად, შევაჯამოთ "თეთრ-წითლების" მიერ განვლილი გზა, თავისი დადებითი და უარყოფით მხარეებით. ათვლას ერთა ლიგის პირველი ტურიდან ვიწყებთ.

იდეალური სტარტი
საქართველოს ნაკრების პირველი მოწინააღმდეგე იყო ჩეხეთის ეროვნული გუნდი, რომელთან შეხვედრაც განვლილ ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ფრედ 1:1. ერთა ლიგის მატჩის წინ, ფავორიტის სტატუსი შინაურ კედლებში თამაშის გათვალისწინებით იხრებოდა "ჯვაროსნებისკენ", მაგრამ შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ჩვენმა ნაკრებმა აჩვენა ტაქტიკურად სრულყოფილი ფეხბურთი და "ბოჰემიელები" უშანსოდ დაჯაბნა. განსაკუთრებით ყურადღებას იმსახურებს მასპინძლების მე-3 ბურთი, როდესაც საკუთარი საჯარიმოდან დაწყებული შეტევა 8 პასის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძის გოლით დაგვირგვინდა. "წითლები" ამ შეტევის დროს უბრალოდ სტატისტების როლში იყვნენ.
გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქოჩორაშვილის მიერ გამომცხვარი შედევრი კი გვახსენებს თბილისის დინამოს ოქროს ეპოქას, როდესაც დავით ყიფიანი მსგავსი ულამაზესი საგოლე პასებით რამაზ შენგელიასა და ვლადიმერ გუცაევს ამარაგებდა. ერთი სიტყვით, 7 სექტემბერს გამართულ მატჩში მოხდა ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც "თეთრ-წითლებმა" ევრო 2024-ზე ვერ შეძლეს.

ერთა ლიგის მეორე ტურის წინ, ალბანელი გულშემატკივრები ვილი სანიოლის გუნდს ტირანაში ჯოჯოხეთს ჰპირდებოდნენ. ადგილობრივი ფანები ხაზს უსვამდნენ იმ ფაქტსაც, რომ "არწივებს" ევრო 2024-ის შესარჩევზე საშინაო მატჩებში გოლი გაშვებული არ ჰქონდა. საქართველოსთვის კი აღნიშნული ქვეყნის ეროვნულ გუნდთან მოგება უცხო სულაც არ იყო.
უკანასკნელი შეხვედრის დაწყებამდე, "ჯვაროსნებს" გამარჯვება მოპოვებული ჰქონდათ 15-დან რვა შეხვედრაში, ბალკანელებს კი მხოლოდ სამი თამაში ჰქონდათ მოგებული. დღეს, ჩვენი ეროვნული გუნდის ანგარიშზე "შავ-წითლებთან" 16 მატჩში უკვე 9 მოგებაა. ამის გარდა, ჯოჯოხეთს შეპირებულმა მეტოქემ შინ ბურთიც გაუშვა.

"თეთრ-წითლების" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი უდავოდ არის ქოჩორაშვილი, რომელსაც აქამდე ეროვნულ ნაკრებში გოლი გატანილი არ ჰქონდა. დღეს, ქართველი შუახაზელის ანგარიშზე სანიოლის გუნდში უკვე 2 ბურთია. "ლომებთან" მატჩში ჩაკვეტაძის ულამაზესი საჰაერო გადაცემით სწორედ გიორგიმ ისარგებლა.
სილვინიო მენდესის გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში კი ვიხილეთ ლევანტეს ცენტრალური ნახევარმცველის ყუმბარისებული გასროლა 24 მეტრიდან, რომელიც გამარჯვების მომტანი გამოდგა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა სწორედ 25 წლის შუახაზელი, რომლის ანგარიშზე იყო გატანილი ბურთი, 104 შეხება ბურთთან, 86-დან 80 ზუსტი პასი, 7 მოგებული ორთაბრძოლა და 2 დრიბლინგი.

წარუმატებელი ექსპერიმენტი
უკრაინის ნაკრები არის მოწინააღმდეგე, რომელთანაც საქართველოს უბრალოდ კატასტროფული სტატისტიკა აქვს. თავად განსაჯეთ - 11 შეხვედრა, 0 მოგება, 4 ფრე და 7 წაგება. "ყვითლებთან" დაფიქსირებული შედეგი შეედრება მხოლოდ ირლანდიის ეროვნულ გუნდთან არსებულ უსიამოვნო სტატისტიკას: 2 ფრე და 9 მარცხი.
"ჯვაროსნებს" ჰყავდათ მსგავსი კიდევ ერთი უხერხული მოწინააღმდეგე - საბერძნეთი, რომელთანაც მარტში გამართულ შეხვედრამდე, გამარჯვების გრაფაში 0 ეწერა. "ელადელებთან" პლეი-ოფში მოგებით, ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ერთი უხერხული მეტოქე ჩამოიტოვა, სლავები კი სამწუხაროდ კვლავ გადაულახავ ბარიერად დარჩნენ.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, "თეთრ-წითლების" ფავორიტობის შესახებ საუბრობდა აბსოლიტურად ყველა. გულშემატკივრები "ზბირნასთან" ორ თამაშს განიხილავდნენ როგორც დაგეგმილ 6 ქულას, რაც მცდარი მოსაზრება იყო. გარანტირებული ფავორიტის სტატუსმა სანიოლის გუნდს მისცა არა თავდაჯერება, არამედ ზეწოლა.

ობიექტურად, საქართველოს ნაკრები ფავორიტი სულაც არ იყო. გასაგებია, რომ სერგეი რებროვმა ჩააგდო განვლილი ევროპის ჩემპიონატი, მისი გუნდი ვერც ერთა ლიგაზე ბრწყინავდა და "ჯვაროსნებთან" მატჩში მათ არ ჰყავდათ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ მეტოქე წაგებაზე განწირული იყო.
როგორ შეიძლება იყოს მარცხზე განწირული ის მოწინააღმდეგე, რომელთანაც 10 შეხვედრაში ერთი გამარჯვებაც არ გვქონდა?! დიახ, ჩვენი ნაკრები ნამდვილად არ იმსახურებდა წაგებას და თანაბარი თამაშის გათვალისწინებით, ფრე იქნებოდა ლოგიკური შედეგი, მაგრამ არც მარცხია რაღაც კატასტროფული და ფატალური.
არსებობს მოსაზრება, რომ "თეთრ-წითლებს" გამარჯვებაში ხელი შეუშალა მოედნის საფარმა, რომელიც მართლაც იყო ცუდ მდგომარეობაში, თუმცა უკრაინაც ხომ ანალოგიურ პირობებში თამაშობდა?! ვერ ვიტყვით, რომ "ყვითლებთან" მატჩი ჩააგდო რომელიმე კონკრეტულმა მოთამაშემ, ეს იყო უბრალოდ წაგება, ხდება ხოლმე.

თუ სლავების გუნდი რჩება უხერხულ მოწინააღმდეგედ, ალბანეთთან მიმართებაში არის სრულიად საპირისპირო რამ - 17 შეხვედრა და ყველაზე მეტი, ცხრა მოგება. თუ "ზბირნასთან" მიმართებაში სანიოლის გუნდი ფავორიტობა იყო გაბუქებული, "არწივებთან" ყველაფერი ნამდვილად ადეკვატურობის ფარგლებში იყო.
დიახ, საქართველო იყო ფავორიტი და გამარჯვების მოპოვების ყველა წინაპირობაც არსებობდა. ქოჩორაშვილის არყოფნა ნამდვილად დიდი დანაკლისია, მაგრამ წესით, არა ისეთი, რომ ყველაზე "სასურველ მეტოქესთან" შინ მატჩს აგებდე. ბალკანელებთან თამაშში ვიხილეთ ფრანგი დამრიგებლის ექსპერიმენტი, რომელმაც არ გაამართლა.
ვილიმ არყოფნით შეცვალა ტაქტიკა და უჩვეულო 4-4-2 შემოგვთავაზა. ნახევარდაცვის ცენტრალურ ნაწილში ვიხილეთ კიტეიშვილისა და ჩაკვეტაძის დუეტი: კრეატიული და ტექნიკური ფეხბურთელები, რომლებსაც ზურგს უკან აუცილებლად სჭირდებათ დაცვითი ფუნქციებით დატვირთული მაღალი დონის შუახაზელი.

"შავ-წითლებთან" შეხვედრაში კი ასეთი ნახევარმცველი მოედანზე სამწუხაროდ არ ყოფილა. თუ "ჯვაროსნების" მწვრთნელისთვის ორი ცენტრალური ნახევარმცველის თამაში იყო აუცილებლობა, ერთ-ერთი მათგანი ასევე აუცილებლად უნდა ყოფილი ე.წ. "ჩამშლელი" ან "ექვსიანი", რაც გნებავთ, ის უწოდეთ.
არსებობდა უფრო მარტივი გამოსავალიც - ჩვეული ტაქტიკის დატოვება და მხოლოდ ლევანტეს ნახევარმცველის ჩანაცვლება სხვა შუახაზელით. მსგავსი რამ ჩვენი ეროვნული გუნდის ახალ ეპოქაში უკვე მოხდა, თანაც პირდაპირ ევრო 2024-ზე, როდესაც ნაკლებს გამოაკლდა ოთარი, რომლის ნაცვლადაც ანზორ მექვაბიშვილმა ითამაშა.
კრაიოვას ნახევარმცველს ნამდვილად არაფერი გაუფუჭებია და რატომ არ შეიძლებოდა კიდევ ერთი ახალი შუახაზელის ინტეგრირება?! ერთი სიტყვით, 47 წლის დამრიგებლის ორ ნახევარმცველიან სუპერ შემტევმა ტაქტიკამ არ გაამართლა, რის შედეგადაც "თეთრ-წითლები" ჯგუფში მე-4 ტურისთვის მე-2 პოზიციამდე ჩამოქვეითდნენ.

პრობლემური ფინალი
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ნაწილისთვის საქართველოს ნაკრებს ჰქონდა შემორჩენილი ორი შეხვედრა - საშინაო თამაში უკრაინასთან და გასვლა ჩეხეთთან. "ყვითლებთან" პირველი მატჩის მსგავსად, მოედნის ცუდი საფარი იყო საპასუხოშიც, მაგრამ ცხადია, ეს ფაქტორი გადამწყვეტი არ ყოფილა.
რა შეიძლება ვთქვათ სლავებთან შეხვედრაზე? სწრაფი გაშვებული გოლის შემდეგ, "ჯვაროსნები" არ გატყდნენ, მათ ანგარიშზე იყო არაერთი შეტევა, 76-ე წუთზე კი წონასწორობა აღდგა. იქამდე, ხვიჩა კვარაცხელიას ჰქონდა ორი შესანიშნავი მომენტი: პირველ შემთხვევაში "ზბირნა" გადაარჩინა ანატოლი ტრუბინმა, მეორე შემთხვევაში კი ხარიხამ.
ცალკე გამოსარჩევია გიორგი მამარდაშვილის ორმაგი სეივი შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე. ჩვენს ნაკრებს შეეძლო როგორც გამარჯვების მოპოვება, ისე წაგებაც და ფრეს თამაშიც, საბოლოოდ ყველაფერი მე-3 სცენარით დასრულდა. მატჩის შემდეგ, სანიოლმა განაცხადა, რომ მისი გუნდი არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც რებროვის შეგირდების წინააღმდეგ მე-2 ტაიმში.

ამ ყველაფერში ნამდვილად არის სიმართლის მარცვალი, თანაც ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც "თეთრ-წითლებმა" გოლის გაშვების შემდეგ, თამაშში დაბრუნება შეძლეს. რაც შეეხება "ბოჰემიელებთან" მატჩს, ჯგუფში 1-ელი ადგილის დასაკავებლად ვილის გუნდს სჭირდებოდა მხოლოდ მოგება, მაგრამ სამწუხაროდ, სასურველი შედეგისგან ძალიან შორს აღმოვჩნდით.
მესამე წუთზე გაშვებული გოლი, კრეატივისა და სახიფათო მომენტების დეფიციტი - "წითლებთან" მატჩი დაიწყო კატასტროფულად. ყველაფერი იყო იმდენად სავალალოდ, რომ ფრანგმა დამრიგებელმა პირველი ცვლილება გააკეთა 30-ე წუთზე, როდესაც გიორგი გველესიანის ნაცვლად მოედანზე ზურიკო დავითაშვილი შემოიყვანა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თამაშიდან მოხსნა სამი ცენტრალური მცველიდან ერთ-ერთი, მის ნაცვლად კი შემოიყვანა გარემარბი, რითაც სტუმრები შეტევაზე გადააწყო. შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველი ცვლილების მომენტში "ჯვაროსნები" უკვე 0:2-ს აგებდნენ. როდესაც მარცხდები, ვეტერანი მე-3 უკანახაზელის ნაცვლად შესანიშნავ ფორმაში მყოფი ახალგაზრდა ვინგერის შემოყვანა გამართლებულია, მაგრამ რა იყო შემდეგ?

ჩვენი ნაკრების 47 წლის მწვრთნელი მე-60 და 61-ე წუთებზე თამაშიდან ხსნის კიტეიშვილსა და ჩაკვეტაძეს, რითაც მოედნის ცენტრს ფაქტიურად თვითნებურად თმობს. გასაგებია, რომ ქართველი შუახაზელები არ ატარებდნენ თავიანთ საუკეთესო მატჩს, მაგრამ ორივეს ერთდროულად გაყვანა? ასეთი კარდინალური ცვლილებებისთვის "თეთრ-წითლები" არ იყვნენ მზად, მითუმეტეს ასეთ პრინციპულ მატჩში.
სანიოლის ტაქტიკური გადაწყვეტილებები იწვევს ბევრ კითხვას და ერთ-ერთი მთავარი ლუკა ლოჩოშვილს ეხება. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს, ქართველ უკანახაზელს მარცხენა განაპირა მცველობა გამოყვა ინერციით, ევრო 2024-ზე, პორტუგალიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩის შემდეგ.
კრემონეზეს ლეგიონერის იდეალური პოზიცია არის სამმცველიან ტაქტიკაში მარცხენა ცენტრალური მცველობა, მაგრამ არა ფლანგზე თამაში, როგორც ეს ვილის გუნდშია დამკვიდრებული. კიდევ ერთი უარყოფითი მხარე: დამოკიდებულება ერთ კონკრეტულ სქემასა და 11-ეულზე. არ გვაქვს როტაციისა და "ბ" გეგმის გამოყენების საშუალება.

ამ ყველაფერს ეწირება ფეხბურთელი, რომელიც ლიგა 1-ში ოქტომბრის თვეში იყო საუკეთესო. საუბარია დავითაშვილის შესახებ, რომელსაც საქართველოს ეროვნული გუნდის ძირითადში ადგილი ვერ მოუძებნეს. ობიექტურად, ზურიკოზე კარგი სეზონი ქართველი ლეგიონერებიდან არავის აქვს, მაგრამ "ჯვაროსნებში" ის მაინც სათადარიგო მოთამაშედ რჩება.
თეორიაში ძალიან შთამბეჭდავად ჩანს კვარაცხელიას, მიქაუტაძისა და სენტ-ეტიენის გარემარბის შემტევი ტრიო, თუმცა სამწუხაროდ, არ ვიცით, თუ როგორია ეს ყველაფერი პრაქტიკაში, რადგან ფრანგი დამრიგებელი ვერ ახერხებს ნაცნობი მექანიზმის გადაწყობას. ერთი სიტყვით, ჩვენს ეროვნულ გუნდში ბევრი პრობლემაა, რომლის გამოსასწორებლად დრო გაზაფხულამდე არის.


















