საფეხბურთო კარიერა - საგოლე გადაცემა საქართველოს ნაკრებთან
დერბი ქაუნთის აღზრდილ საყრდენ ნახევარმცველს საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები გატარებული აქვს ევერტონში. მან 2002-2008 წლებში 198 მატჩში 13 ბურთი გაიტანა. კარსლის, ასევე უთამაშია ბლექბერნში, ქოვენთრისა და ბირმინგემში. ამ უკანასკნელში ის სეზონის საუკეთესო მოთამაშეც გახდა.
რაც შეეხება სანაკრებო კარიერას, 40 შეხვედრა, 1997-2008 წლებში. ირლანდიელ საყრდენ ნახევარმცველს ორი შეხვედრა ჩატარებული აქვს "ჯვაროსნების" წინააღმდეგაც. ეს ყველაფერი ხდებოდა ევრო 2004-ის შესარჩევის ჯგუფში, რომელშიც ირლანდიის ეროვნულმა გუნდმა ჩვენს ნაკრებს ორივე მატჩი მოუგო. ცნობისთვის, დუბლინში გამართულ მატჩში ლიმ ასისტიც გააკეთა რობი კინზე.

სამწვრთნელო კარიერა - ჩემპიონობა ბათუმში
"სამყურების" ყოფილმა საყრდენმა ნახევარმცველმა საფეხბურთო კარიერა 2011 წელს დაასრულა, ერთი წლის შემდეგ კი ის სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. 2020 წლისთვის კარსლიმ მიაღწია ფეხბურთის ფუძემდებელთა ახალგაზრდულ გუნდამდე, ჯერ 20-წლამდელებამდე, შემდეგ კი 21-წლამდელებამდეც.
ირლანდიელი მწვრთნელის ხელში სხვადასხვა დროს გაიარეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან: ფილ ფოდენი, ჯეიდონ სანჩო, კოულ პალმერი, ჯერემი ფრიმპონგი, ენტონი გორდონი, კონორ გალაგერი და სხვები. ლიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა ბრიტანელთა ეროვნული გუნდის მომავალი თაობის შემადგენლობის ფორმირებაში.
არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ გასულ ზაფხულს საქართველოში გამართული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სწორედ კარსლის გუნდის ტრიუმფით დასრულდა. ბათუმში ჩატარებულ ფინალში ინგლისმა მინიმალური ანგარიშით ესპანეთს მოუგო.

კარსლი სვანაძის წინააღმდეგ
2021 წლის 16 ნოემბერს გაიმართა ამხანაგური შეხვედრა რამაზ სვანაძის შეგირდებსა და "სამი ლომის" 21-წლამდელთა იუნიორებს შორის. გამარჯვებულები გამოვიდნენ "თეთრ-წითლები", რომლებიც 65-ე წუთისთვის ბრიტანელებს ანგარიშით 3:0 ანადგურებდნენ. მატჩი საბოლოოდ 3:2 დასრულდა. გოლები გაიტანეს გიორგი გულიაშვილმა (დუბლი) და გიორგი გოჩოლეიშვილმა. ფეხბურთის ფუძემდებლების მხრიდან კი სემ გრინვუდმა და მარკ გეჰიმ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო - მამარდაშვილი, გელაშვილი, კალანდაძე, ხვადაგიანი, ხარაბაძე, გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი, ლ. გაგნიძე, მოისწრაფიშვილი, გაგუა, გულიაშვილი. შეცვლაზე შემოვიდნენ ჯინჯოლავა, კაპანაძე, დარცმელია და ნ. გაგნიძე.
კარსლის გუნდი - გრინი, კრესუელი, მოლა, დრეიმი, ტომასი, დოილი, გარნერი, გიბს-უაიტი, ბრიუსტერი, გომესი, ბალოგუნი. შეცვლაზე შემოვიდნენ გეჰი, ჰარვუდ-ბელისი, აარონსი, სკიპი, რემსი, გრინვოდი.

















