ინგლისის ნაკრები - მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი, ვარსკვლავური შემადგენლობით, თუმცა ძალიან უღიმღამო თამაშით. ბევრი ვარაუდობდა, რომ დანიასთან მატჩი ინგლისისთვის მარტივი გასეირნება იქნებოდა, მაგრამ "სამმა ლომმა" ქულები დაკარგა და ჯგუფში მდგომარეობა გაირთულა. რა არის წარუმატებლობის მიზეზი?
ბრიტანელთა მთავარ მწვრთნელს, გარეტ საუთგეიტს აქვს შემდეგი ვერსია - "ინგლისს არ ჰყავს ნაკრების საუკეთესო მარცხენა მცველი, შოუ და მასთან ერთად არც ფილიპსი თამაშობს. დიახ, მისი წაყვანა ვერ მოხერხდა, მაგრამ ეროვნულ გუნდს სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს. გვიწევს სხვადასხვა ვარიანტების მოსინჯვა.
ალექსანდერ-არნოლდის ნახევარდაცვაში დაყენება არის უბრალოდ ექსპერიმენტი, რადგან კალვინი არ გვყავს", - განაცხადა ინგლისელმა მწვრთნელმა სკანდინავიელებთან მატჩის შემდეგ.
ბრიტანელთა თავკაცის სიტყვები ბევრმა იუმორით მიიღო, რადგან ის საუბრობდა მოთამაშეზე, რომელიც უკვე 2 წელია, რაც დიდ ფეხბურთს არის ჩამოშორებული.

მანჩესტერ სიტიში გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, ინგლისელი საყრდენი ნახევარმცველი გადავიდა ვესტ ჰემში, სადაც ასევე ჩაიკარგა. პრემიერ ლიგის ბოლო 2 სეზონში "სამი ლომის" ყოფილმა ჩამშლელმა ჩაატარა სრულფასოვანი 2 მატჩი, "ქალაქელებში" თამაშის დროს კი პეპ გვარდიოლა პერიოდულად აკრიტიკებდა მას ზედმეტი წონის გამო.
ლონდონში გადასვლის შემდეგ, 28 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მოედანზე სულ რაღაც 396 წუთი გაატარა. საუთგეიტის სიტყვები ხდება ორმაგად აბსურდული მას შემდეგ, რაც გავიხსენებთ მის მიერ მარტში გაკეთებულ კომენტარს, როდესაც ის ფილიპსს თავადაც აკრიტიკებდა. ინგლისელი თავკაცი კალვინის "სამ ლომში" გამოძახებას არ მიესალმებოდა:
"კალვინს ყველანაირად ვედექით გვერდში. როდესაც ის ფორმაშია, დიდი ძალაა, თუმცა ახლა ის ნაკრებისთვის საკმარისად კარგი არ არის", - აცხადებდა გარეტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე დიდი ხანია, რაც ინგლისელი ჩამშლელი ეროვნული გუნდის ძირითადის წევრი აღარ არის. დიახ, მან სრულად ითამაშა ევრო 2020-ზე, მაგრამ განვლილ მუნდიალზე "ჩაქუჩების" შუახაზელმა სულ რაღაც 40 წუთი გაატარა.

28 წლის საყრდენ ნახევარმცველს ანაცვლებდნენ ჯორდან ჰენდერსონი და ჯუდ ბელინგემიც კი, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ წარმატებულადაც. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ფილიპსს "სამ ლომზე" არ ჰქონდა არავითარი გავლენა და იმის შემდეგ, ეროვნული გუნდი უკვე 2 წელზე მეტია, რაც პრაქტიკულად მის გარეშე თამაშობს.
კალვინის არყოფნა თუ არა, მაშინ რა არის ბრიტანელთა უფერული თამაშის მიზეზი? მწვრთნელი, რომელიც ვერ ახერხებს ვარსკვლავური შემადგენლობის სათანადოდ ათამაშებასა და რესურსის მაქსიმალურად გამოყენებას. დასკვნების გამოტანა ჯერ ადრეა, წინ მთელი ტურნირია, მაგრამ უკვე ნათელია, რომ სპორტული "სუპერმანქანა" მოპედივით არ უნდა დადიოდეს.


















