LaGazzetta.ge პოლონეთის ქალაქ ვარშავაში იმყოფებოდა, სადაც სამეფო კლუბი სუპერთასის მატჩს ატარებდა და საშუალება მოგვეცა მადრიდის რეალის სრულ ვარჯიშს დასწრებოდით. კულისებიდან კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, თუ რატომ არის რეალი ყველაზე წარმატებული გუნდი.
ანჩელოტის მიდგომა ფეხბურთელებთან
ვარჯიშის დაწყების წინ, ანჩელოტი სათითაოდ ყველა ფეხბურთელთან მიდის, მეგობრული საუბრები აქვს და თავიდანვე კარგ განწყობას ქმნის. მაგალითად, იტალიელი სპეციალისტი მბაპესთან მივიდა, გაეხუმრა და მათ შორის საინტერესო დიალოგი შედგა. ამასთანავე, უშუალოდ იყო ჩართული სავარჯიშო პროცესში. ხშირად ისე ხდება, რომ ამა თუ იმ გუნდში, ვარჯიშისას დიდ დატვირთვას მთავარი მწვრთნელის ასისტენტები ითავსებენ, ამ შემთხვევაში, ყველა ფუნქციას ანჩელოტი ითავსებდა. მაგალითად, თუ სათამაშო ეპიზოდში ჯარიმა ინიშნებოდა, თავად მიდიოდა, 9 ნაბიჯს ითვლიდა და თავად ირჩევდა ვის დაერტყა ჯარიმა. კამავინგას მძიმე ტრავმის დროს, პირველი, ვინც მასთან მივიდა, ანჩელოტი იყო. პაპა კარლო გახურების დროსაც კი აქტიურად იყო ჩართული პროცესში.
ვარჯიშის ბოლოს, დარტყმების დროს, ფეხბურთელები ერთმანეთს სანაძლეოს უდებდნენ, ვინ გაიტანდა გოლს, ანჩელოტი თავის მოთამაშეებს თავად სთავაზობდა, თუ ვერ გაიტან აზიდვებს გააკეთებო. როცა ასეთ დიდ სპეციალისტს ყველა ფეხბურთელთან ასეთი მიდგომა აქვს, ეს მოთამაშეებისთვისაც დიდი მუხტია და მეგობრული გარემო იქმნება, რაც შემდეგ მოედანზე და შედეგებზე აისახება. პირობითად, მისთვის კილიან მბაპე და რეალის მესამე მეკარე ერთია და ორივესთან ერთნაირი მიდგომები აქვს. ყველას ერთნაირად აგრძნობინებს, რომ თითოეული ფეხბურთელი გუნდისთვის საჭიროა.
ანჩელოტის რეაქცია კამავინგას ტრავმის დროს
ეს მხოლოდ ანჩელოტისთან ხდება...
სავარჯიშო პროცესი რეალს ისეთივე აქვს, როგორც თითქმის ყველა გუნდს - ვარჯიში ფეხბურთელების გახურებით და ფიზიკური მომზადებით იწყება, შემდეგ არის ე.წ. "კვადრატი", რის შემდეგაც ფეხბურთელები 2 გუნდად იყოფიან და ორ 15 წუთიან ტაიმს თამაშობენ. ბელინგემი და ვინისიუსი, მბაპეს გუნდის წინააღმდეგ იყვნენ. ახალწვეულ მბაპეს ძველმა გვარდიამ უშანსოდ მოუგო. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მატჩის წინა გახურებაზე, მოედანზე მხოლოდ რეალის ის 11 ფეხბურთელი გამოვიდა, რომლებიც ატალანტასთან სასტარტოში იყვნენ, რაც იშვიათად ხდება. როგორც წესი, სათადარიგო ფეხბურთელები სტადიონის ბოლოში ცალკე ხურდებიან ხოლმე. რეალის შემთხვევაში, სათადარიგოს მოთამაშეები გასახდელიდან არც კი გამოსულან - ესეც ანჩელოტის შემოღებული მეთოდია.
ანჩელოტის კიდევ ერთი საინტერესო ინიციატივა ისაა, რომ პაპა კარლო შუა სეზონში ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას აძლევს და ნებას რთავს, რომ ლა ლიგის ტურის შემდეგ, შუა კვირაში დასასვენებლად 3-4 დღით წავიდნენ, რაც არცერთ გუნდში არ ხდება. ანჩელოტი მიიჩნევს, რომ დიდ მარათონში ფეხბურთელისთვის ასეთი დასვენება კარგია და ფიზიკური განტვირთვა აუცილებელია.
სწორი მესიჯები ანჩელოტის რეალისგან
თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ დღესდღეობით, რეალს მსოფლიოს ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი ფეხბურთელები ჰყავს. შესაბამისად, მათ მიმართ ინტერესი ყველაზე დიდია. მიუხედავად ამისა, ანჩელოტი არც თავის თავს და არც ფეხბურთელებს არ ზღუდავს და მედიასთანაც და ხალხთანაც მაქსიმალურად ღიად არიან.
ვარჯიშის შემდეგ, მბაპემ, ბელინგემმა და სხვა ვარსკვლავებმა ავტოგრაფების დარიგებას და ფოტოების გადაღებას უფრო დიდი ხანი მოანდომეს, ვიდრე ვარჯიშს. ანჩელოტიმ კი მედიის კითხვებს ამომწურავად და სიღრმისეულად უპასუხა - გაგვაცნო თავისი გეგმები, ფეხბურთელების მდგომარეობა და უშუალოდ ყველა სიახლე, რაც გუნდის გარშემო ხდება. მსოფლიოს გამორჩეული ფეხბურთელები - ბელინგემი, მბაპე, ვინისიუსი და სხვები აქტიურ კომუნიკაციაში არიან მედიასთანაც და გულშემატკივრებთანაც.

















