პირველი მცდელობა - ზლატანის გარშემო აწყობილი გუნდი
"ლურჯ-წითლების" აღმასვლა დაიწყო 2010-იანების დასაწყისში, როდესაც ფრანგულ კლუბში კატარელი ინვესტორები მივიდნენ. იმის შემდეგ, მთავარი გეგმა იყო პირველობა, როგორც ლიგა 1-ში, ისე ევროპაშიც. ძველ კონტინენტზე დომინირებისთვის აუცილებელ პირობად ითვლება ჩემპიონთა ლიგის მოგება და უნდა ითქვას, რომ პარკ დე პრენსის ბინადრებისთვის მთავარი საკლუბო ტიტული ჯერ კიდევ მიუღწეველია.
ადრინდელი პარის სენ-ჟერმენი პირველ რიგში ასოცირდება იბრაჰიმოვიჩთან, რომელსაც გვერდს მის მსგავსად, სერია ა-დან გადმობირებული ვარსკვლავები უმშვენებდნენ. ტიაგო სილვა, ედინსონ კავანი, ეზეკილ ლავესი, ხავიერ პასტორე და სხვები. ისინი დომინირებდნენ საფრანგეთის ჩემპიონატში, მაგრამ არა ევროსარბიელზე.
ვარსკვლავური შემადგენლობის მიუხედავად, პსჟ-ს მაქსიმუმი თითქმის ყოველთვის მეოთხედფინალი იყო. დედაქალაქური გუნდი სხვადასხვა დროს მარცხდებოდა ბარსელონასთან, მანჩესტერ სიტისთან და ლონდონის ჩელსისთან. შვედი ფორვარდი თავს უწოდებდა პარიზისის მეფედ, მაგრამ ფაქტია, სანატრელი ტიტული კლუბს ვერც მან მოაგებინა.

მეორე მცდელობა - სატრანსფერო რეკორდები და მესი
ზლატანის "ლურჯ-წითლებიდან" წასვლის შემდეგ, დედაქალაქურმა გუნდმა გადმოიბირა ახალი გმირები - ნეიმარ ჟუნიორი და კილიან მბაპე. ორივე მათგანი რეკორდულ ფასად იქნა გაფორმებული. ბრაზილიელი ფორვარდის სანაცვლოდ პარკ დე პრენსის ბინადრებმა გადაიხადეს €222 მილიონი, რაც დღემდე ნომერ პირველი ტრანსფერია.
ალ ჰილალის თავდამსხმელის შემდეგ მოდის სწორედ ფრანგი შემტევი, რომლის სანაცვლოდ პარის სენ-ჟერმენმა 180 მილიონი ევრო გადაიხადა. დედაქალაქური კლუბი რამდენიმე სეზონის მანძილზე ვერ სცდებოდა 1/8 ფინალს, მაგრამ შემდეგ მოხდა აშკარა პროგრესი: თავდაპირველად 1/2 ფინალი, შემდეგ კი ფინალიც.
პსჟ ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს იყო 2019/2020 წლების სეზონში, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა. დედაქალაქური კლუბი სანატრელ ტიტულამდე ვერც მესიმ მიიყვანა. ოქროს ბურთის 8-გზის მფლობელი ფლეიმეიქერის პარიზში თამაშის დროს, ამ გუნდმა მადრიდის რეალთან და "რეკორდმაისტერთან" წააგო.

მესამე მცდელობა - ახალი ერა
მესი ინტერ მაიამიშია, ნეიმარი რიადში, მბაპემ კი თავისთვის საოცნებო "სამეფო კლუბს" მიაშურა. "ლურჯ-წითლებს" აღარ ჰყავთ დიდი ვარსკვლავი და როდესაც საქმე მიდგა ახალი სახის არჩევაზე, ფრანგულმა კლუბმა კვარა აირჩია. ლუის ენრიკეს გუნდი ახალგაზრდა ვინგერის გადმობირებას ცდილობდა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს, მაგრამ იმ დროს ქართველი ფლანგელი ანტონიო კონტემ არ გაუშვა.
იტალიელი მწვრთნელის გვერდით გატარებულმა ნახევარმა სეზონმა აჩვენა, რომ ნაპოლისა და ხვიჩას შორის ყველაფერი დასრულებულია. ეპატაჟურმა სპეციალისტმა აღარ დააკავა ახალგაზრდა ვინგერი, "პარტენოპეიმ" კი პარტ დე პრენსის ბინადრების წინადადება ამჯერად სიამოვნებით მიიღო. დედაქალაქური კლუბის ისტორიაში ახალი ერა იწყება.
ლიგა 1-ში ჩემპიონობით, 24 წლის შემტევი ვერ გააკვირვებს პარის სენ-ჟერმენის გულშემატკივრებს, ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფის შემთხვევაში კი ის კლუბის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. ვნახოთ, როგორ წარიმართება საქართველოს ეროვნული გუნდის მე-7 ნომრის თავგადასავალი პსჟ-ში.


















