26 მარტი ქართულ ფეხბურთში
ისტორიულ გამარჯვებამდე 13 წლით ადრე, საქართველოს ნაკრებმა 26 მარტს დიდი სიხარული ერთხელ უკვე მოგვიტანა - ამ დღეს, 2011 წელს ხორვატიის ეროვნული გუნდი იქნა დამარცხებული. ლევან კობიაშვილის მიერ ბოლო წუთებზე გატანილი ბურთით, "ჯვაროსნებმა" მოუგეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ნაკრებს, რომელიც წლების შემდეგ, მუნდიალის ფინალში გავიდა.
ბალკანელების შემადგენლობაში თამაშობდნენ ლუკა მოდრიჩი, ივან რაკიტიჩი, ივან პერიშიჩი, დეიან ლოვრენი და სხვები. 13 წლის შემდეგ, ამ დღეს, ჩვენმა გუნდმა უკვე ევრო 2024-ის შესარჩევის პლეიოფის ფინალი ითამაშა. საინტერესოა, რომ "თეთრ-წითლებს" უნდა გადაელახათ ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქის ბარიერი.

უხერხული მეტოქე
საქართველოს ნაკრებს ფინალში ელოდებოდა საბერძნეთის ეროვნული გუნდი - სწორედ ის, რომელიც 2024 წლის 26 მარტამდე ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე იყო. აღნიშნულ მატჩამდე, "ჯვაროსნებისა" და "ელადელების" ურთიერთდაპირისპირებების ისტორია მოიცავდა 9 თამაშს: 7-ჯერ მოგებული ჰქონდათ სწორედ "ლურჯებს", 2-ჯერ დაფიქსირდა ფრე, ჩვენი გუნდის ანგარიშზე კი 0 მოგება იყო.
"მეკობრეებზე" ხშირად "თეთრ-წითლები" დამარცხებული ჰყავს მხოლოდ ირლანდიის ნაკრებს, ცხრაჯერ. საინტერესოა ისიც, რომ ის ორი ფრე მოპოვებული იქნა სტუმრად, 2010 და 2021 წლებში. გუს პოიეტის გუნდი ერთი წლის წინანდელ მატჩშიც მოიაზრებოდა ფავორიტად, რადგან ფაქტია, საქართველოსთან წაგება მათ ისტორიაში არასდროს ყოფილა.

მატჩის დღე
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წარმატებით დაძლევის შემდეგ, საქართველომ ნახევარფინალში ბუდუ ზივზივაძის დუბლით დაამარცხა ლუქსემბურგი, საბერძნეთმა კი 5-ბურთიანი სხვაობით ყაზახეთი. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძირითადი დროის გოლების გარეშე დამთავრების შემდეგ, დაინიშნა 11-მეტრიანები, რომელშიც "ჯვაროსნებმა" "ელადელებს" აჯობეს.
პირველი პენალტი გაიტანა გიორგი ქოჩორაშვილმა, რასაც მოყვა გიორგი მამარდაშვილის მიერ ანასტასიოს ბაკასეტასის დარტყმის მოგერიება. "ლურჯების" კარი შემდგომ აიღეს ზურიკო დავითაშვილმა და ლაშა დვალმა, გიორგი მიქაუტაძემ კი თავისი შანსი ვერ გამოიყენა. ეს არ იყო საგანგაშო იმის გათვალისწინებით, რომ "მეკობრეების" მხრიდან 11-მეტრიანი გეორგიოს გიაკუმაკისმაც გააცუდა.

რაც შეეხება გადამწყვეტ დარტყმას, ეს მისია საკუთარ თავზე აიღო ნიკა კვეკვესკირმა და უნდა ითქვას, რომ მან დაკისრებულ მისიას თავი ბრწყინვალედ გაართვა. 4:2 ჩვენი გუნდის სასარგებლოდ, რაც ნიშნავდა იმას, რომ გზა ევრო 2024-სკენ ხსნილი იყო. ერთი წლის წინ, დაიწერა ქართული ფეხბურთის თანამედროვე ისტორია, დაიწყო ახალი ათვლა და თავგადასავალი.
ეს იყო ნიშნული, რომლისკენაც "თეთრ-წითლები" 30 წელიწადზე დიდხანს მიდიოდნენ. შვიდი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მიზნამდე მისვლა მაინც მოხერხდა. იყო მომენტები, როდესაც საქართველოს ევროზე გასვლამდე აკლდა სულ ცოტა, მაგალითად 1996 წლის კონტინეტის პირველობის შესარჩევში, როდესაც ჯგუფში მე-3 პოზიცია დავიკავეთ.
ასევე გვახსოვს შემთხვევები, როდესაც "ჯვაროსნები" საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე კარგავდნენ ევროპის ჩემპიონატზე გასვლის თეორიულ შანსს. 2024 წელს კი მოხდა გარდატეხა, ჩვენმა გუნდმა კონტინენტის პირველობის სამყაროში შეაბიჯა. დანარჩენი უკვე ისტორია არის.


















