მსოფლიო ისტორიაში სულ რამდენიმე ქვეყანაა ისეთი, რომელმაც იტალიის მსგავსად მსოფლიოს ამდენი საფეხბურთო ვარსკვლავი აჩუქა. იტალიელ მოთამაშეებს ყოველთვის ჰყავდათ წინა დეკადებში წინამორბედები, რომელთა ჩრდილიდან გამოსვლაც უწევდათ, რათა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ასპარეზზე აღიარება მოეპოვებინათ. ყველა ამ ფეხბურთელს დაჰყურებდა ერთი მოთამაშე, რომელიც ქვეყნიერებას, დაახლოებით, 115 წლის წინ მოევლინა. მოთამაშე, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ორჯერ მომგები სამი იტალიელიდან ერთ-ერთია. მოთამაშე, რომელმაც რიგით მეორე (რიგითობით და არა მისთვის) მსოფლიო ჩემპიონატი საკუთარსავე მოედანზე მოიგო. მოიგო დუჩესთვის, მოიგო იტალიისთვის. ფეხბურთის ყველა გულშემატკივარი მარტივად მიმიხვდებოდა, რომ საუბარი ლეგენდარული ბომბარდირის სახელისკენ - ჯუზეპე მეაცასკენ მიმყავს. ზოგადად, მეაცას პერიოდის ფეხბურთი ჩვენმა თუ წინა თაობებმაც მხოლოდ გადმოცემით ვიცით. ფეხბურთელის ისტორია რაც უფრო მეტადაა ბურუსით მოცული, მით მეტი შანსია დაიფაროს მისი ნაკლოვანებები თუ სისუსტეები. ჯუზეპეც ჩვენამდე სწორედ ასე მოვიდა, ყველა კითხვისნიშანშემოძარცვული, მასზე უზომოდ შეყვარებული იტალიელებითა და მისი სახელობის ლეგენდარული სტადიონით.

როგორც მოგეხსენებათ, სტადიონს, რომელსაც სამი ყველაზე დიდი იტალიური გრანდიდან ორი - მილანი და ინტერი იყოფენ - ჯუზეპე მეაცას სახელს ატარებს. სუბიექტურობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ ჩვენთვის, მილანის ფანებისთვის, სტადიონს სან სირო ჰქვია, ხოლო ინტერის ფანებისთვის კი ჯუზეპე მეაცა. მიუხედავად იმისა, რომ ჯუზეპემ კარიერის განმავლობაში ორივე კლუბის მაისური მოირგო (და ასევე იუვენტუსისაც), თავს არ ვიტყუებთ და ვაღიარებთ, რომ მეაცა მხოლოდ და მხოლოდ ინტერისა და იტალიის ნაკრების სრულიად დამსახურებული ლეგენდა გახლავთ. იტალიელმა ფორვარდმა კარიერა სწორედ „ნერაძურის“ რიგებში დაიწყო და ნაბიჯ-ნაბიჯ კლუბის უცვლელ წევრად და წარმატების მთავარ გასაღებად იქცა. თუმცა, იქამდე მას ურთულესი ცხოვრების გამოვლაც მოუწია.
იტალიელი ფორვარდი 1910 წელს დაიბადა. ჯუზეპეს მამა პირველ მსოფლიო ომს ემსხვერპლა, თუმცა იქამდე მისი მონაწილეობით ერთი იმდენად საინტერესო ისტორია გათამაშდა, რომ ამ ყველაფერმა მომდევნო წლებში მარტივად გამოაჩინა ის სიყვარული, რაც უმცროს მეაცას ფეხბურთის მიმართ ამოძრავებდა. მას მამამ საჩუქრად თოფი მოუტანა, თუმცა საპასუხოდ დიდი აგრესია მიიღო, გაკვირვებულმა ოჯახმა აღმოაჩინა, რომ მათ შვილს საჩუქრად ბურთის გარდა სხვა არაფრის გაგონება არ სურდა. ასეთი ეპიზოდები არც დედასთან ურთიერთობისას აკლდა. ჯუზეპეს ოჯახს ისე უჭირდა, მას მცირეწლოვნობიდან ბაზარში მუშაობა და ხილის გაყიდვა უწევდა. დედას შვილის ფეხბურთით გატაცება გულზე სულაც არ ეხატებოდა და იმისათვის, რომ პატარა ჯუზეპეს ფეხბურთი აღარ ეთამაშა, მას ფეხსაცმელს უმალავდა. თქვენი აზრით, შეაჩერებდა ეს ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ ბიჭს?! - ნურას უკაცრავად. ჩვენი ისტორიის გმირმა ფეხზე ტანსაცმლის შემოხვევა და ფეხბურთის ასე თამაში დაიწყო, მას ფეხებიდან სისხლი სდიოდა, თუმცა მეაცასთვის ეს მეორეხარისხოვანი გახლდათ. დედის გაბრაზებამ ისეთ პიკს მიაღწია, რომ მან შვილს ფეხბურთის თამაში პირდაპირ აუკრძალა, პასუხად კი მისგან სამდღიანი შიმშილი მიიღო და დედამაც დათმო. ჯუზეპემ პირველ გამარჯვებას მიაღწია. მას ფეხბურთის თამაშს უკვე აღარ უშლიდნენ.

მეორე გამარჯვებამდე კი მას დიდი იმეგაცრუება ელოდა. მეაცამ მილანის სინჯებამდე მიაღწია, თუმცა, კლუბმა დაიწუნა, ფეხბურთის სათამაშოდ საკმარისი მასა არ გაქვსო. არადა ჯუზეპე „როსონერის“ თავგადაკლული გულშემატკივარი ყოფილა. ასე წინდაუხედავად არ მოიქცა მილანის მეზობელი ინტერი, რომლის სკაუტმაც ძველი ტანსაცმლისგან შეკრული ბურთით მოთამაშე ჯუზეპე ქუჩაში შეამჩნია. მან ბიჭში დაინახა ის ნაპერწკალი, რომელიც სწორი მიმართულების მიცემის შემთხვევაში დიდ ცეცხლად იქცეოდა, ცეცხლად, რომელიც ინტერის მეტოქეებს მწვანე მინდორზე ცუდ დღეს უქადდა. მართლაც, ყველაფერი სწორედ ასე მოხდა. მეაცამ ინტერის მაისურით 348 შეხვედრა ჩაატარა, 241 გოლი შეაგდო, გუნდს კი სამი სკუდეტო და ერთი იტალიის თასი მოაგებინა. ჯუზეპეს მოსვლამდე გუნდს მხოლოდ ორი ტიტული ჰქონდა მოგებული, მისი მოსვლის შემდგომ კი ტიტულებმა მნიშვნელოვნად იმატა. რომ არა იმ დროის იუვენტუსი, რომელმაც სკუდეტო ზედიზედ ხუთ სეზონში მოიგო, ვინ იცის, იქნებ მეაცას საკლუბო კარიერა ტიტულებით ბევრად მდიდარიც ყოფილიყო, რადგან ხუთიდან სამ შემთხვევაში მეორე ადგილის მფლობელი სწორედ „ნერაძური“ გახლდათ.
პეპეს დებიუტი „შავ-ლურჯებში" 1927 წლის 12 სექტემბერს შედგა, როგორც მოგვიანებით მეაცა იხსენებდა, იმ მატჩში ვერც კი იფიქრებდა, რომ ითამაშებდა, ამიტომ თამაშის წინ ძალიან ბევრი უჭამია (სიგამხდრის გამო ინტერს იგი სპეციალურ კვებაზე ჰყავდა გადაყვანილი, წონაში მატების მიზნით). მწვრთნელს მინდორზე შესაყვანად, რომ უხმია, ეს ამბავი გაუმხელია, თუმცა მთავარი მწვრთნელის რჩევით მინდორზე მაინც შესულა. გუნდმა 6:2 მოიგო, ხოლო 17 წლის ფორვარდმა დუბლი გაიფორმა. ამ თამაშში იგი ისეთ სისწრაფეებზე თამაშობდა, რომ მისთვის „ტყვია“ შეურქმევიათ, ხოლო მეორე დღის გამოცემაში კი La Gazzetta Dello Sport-ს იგი დადებითი სიტყვებითაც შეუმკია. გაზეთის თქმით, ახალგაზრდა ფორვარდი ჭკვიანი, სწრაფი და თამაშში სიახლის შემტანიც გახლდათ. მიუხედავად ამისა, მისი დებიუტით ყველა თანაგუნდელი კმაყოფილი ნამდვილად არ გახლდათ. ერთ-ერთ გუნდელს, ლეოპოლდო კონტის, სარკასტულად უთქვამს - მოთამაშეებს ახლა საბავშვო ბაღიდანაც ვიყვანთო. მიუხედავად ამისა, ჯუზეპე გუნდში ფეხს დღიდან დღემდე იკიდებდა და მალევე გუნდის შეუცვლელ წევრად იქცა. მინდორზე მისი ოსტატობის მხილველმა გულშემატკივარმა მეტსახელი „ტყვია“ მალევე გადააკეთა „გენიოსად“. ითვლება, რომ ჯუზეპეს შესანიშნავი დარტყმა ჰქონდა და პასის კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ტანდაბალი გახლდათ, კერძოდ კი 169 სანტიმეტრი, ასევე შესანიშნავად თამაშობდა თავითაც. მისი საფირმო გოლი კი მეკარის ერთი-ერთზე მოტყუება და ცარიელ კარში ბურთის შეგორება ყოფილა. ერთხელ, 1933 წლის სეზონში იუვენტუსის მეკარესთან ჯამპიერო კორბისთან სანაძლეოც დაუდია. კორბის სანაძლეო ორ პუნქტს შეიცავდა, პირველი პუნქტის თანახმად - ჯუზეპე მას ვერ გაუტანდა ზუსტად ისეთ მაკრატელას, როგორიც მან იტალიის ნაკრების ვარჯიშზე, მატჩამდე რამდენიმე კვირით ადრე გაუტანა, ხოლო მეორე პუნქტი კი მოიცავდა იმას, რომ იგი კორბის კარში საკუთარი საფირმო გოლის გატანასაც ვერ შეძლებდა. „პეპემ“ კორბის გული ძალიან დასწყვიტა, რადგან სანაძლეოს ორივე პუნქტი თავად მოიგო. ჯერ მაკრატელა გაუტანა, შემდეგ კი მას ბურთიანად შემოურბინა და დაუცველ კარში ბურთი მშვიდად შეაგორა.

ბრწყინვალე საკლუბო კარიერის მიუხედავად, ჯუზეპე მეაცა ლეგენდად სულ სხვა მოვლენებმა აქცია, ეს მოვლენები კი ცხადია, რომ „სკუადრა აძურასთან“ მჭიდრო კავშირშია. 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, იტალიის მაშინდელმა მმართველმა ბენიტო მუსოლინიმ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა. მისთვის ხომ ამ ღონისძიების უკან სპორტულზე მეტად პოლიტიკური ინტერესები იკვეთებოდა. მას სურდა ფაშისტური იტალია მსოფლიოს წინაშე მთელი თავისი ბრწყინვალებით წარდგენილიყო, ამისთვის კი იმ დროისთვის უკვე პოპულარობის ზენიტში მყოფი ფეხბურთი იდეალური საშუალება გახლდათ. ერთობ სკანდალური გახლდათ უფლების მოპოვების პერიპეტიები. 1932 წელს FIFA-ს კონგრესზე, ბენიტომ დელეგაცია გაგზავნა, რომლის სათავეშიც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და დუჩეს უახლოესი მეგობარი - ჯუზეპე მაურა იდგა. იტალიის გარდა, ტურნირის მასპინძლობის სურვილი ჰქონდა შვედეთსაც, თუმცა სკანდინავიელებმა თავიანთი კანდიდატურა მოხსნეს. მიუხედავად ამისა, პრობლემად რჩებოდა ავსტრია და მათი ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჰუგო მეიზლი. ჰუგო მსოფლიო ჩემპიონატის გადადებას 2 წლით ითხოვდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ამ პერიოდში მუსოლინის მმართველობა იტალიაში დასრულდებოდა. მიუხედავად ამისა, დუჩეს გავლენა ბევრად ძლიერი აღმოჩნდა და მასპინძლების სტატუსი იტალიას ეგო. ამის შემდეგ, ფაშისტური პროპაგანდა, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით ამუშავდა, რათა მსოფლიო ჩემპიონატის ცნობადობა მაქსიმალურად გაეზარდათ. ამისათვის დამზადდა 300 000-ზე მეტი პოსტერი, ქუჩებში იკვრებოდა ჟიულ რიმეს თასის ფოტოები და მეტიც, ქვეყანაში დამზადდა სიგარეტი სახელად - მსოფლიო ჩემპიონატი.
მიუხედავად იმისა, რომ იტალია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იყო, მათ ტურნირზე მონაწილეობის უფლება მაინც უნდა მოეპოვებინათ (რაც დღემდე ერთადერთი გამონაკლისია მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში). იტალიას პლეი-ოფში საბერძნეთის ნაკრები დაუწყვილდა. ეტაპი შინ და გარეთ თამაშის პრინციპით უნდა გამართულიყო, თუმცა იტალიის ნაკრების მიერ 4:0 გამარჯვების შემდეგ, საბერძნეთი ტურნირს თავისივე ნებით გამოეთიშა. აღნიშნულ მატჩში დუბლის ავტორი კი ჯუზეპე გახლდათ. თამაში სან სიროზე ჩატარდა და მუსოლინის ჩათვლით შეხვედრაზე 200 000-მდე ტიფოზი დაესწრო. მუსოლინის ამ ტურნირის მასპინძლობისთვის იმხელა თანხა ჰქონდა დახარჯული და ისეთი გავლენები გამოყენებული, რომ ახლა უკან ვეღარ დაიხევდა. იტალიის ნაკრებს ეს ტურნირი აუცილებლად და უპირობოდ უნდა მოეგო. მან ხომ ტურინში საკუთარი სახელობის სტადიონიც ააშენა. დუჩემ გადაწყვიტა, რომ იგი გუნდის დაკომპლექტებაშიც უნდა ჩარეულიყო, მან აქტიურად მოიწვია სამხრეთ ამერიკაში მოასპარეზე იტალიური წარმოშობის მქონე ფეხბურთელები, რითაც გუნდი ერთმნიშვნელოვნადაც გააძლიერა. მეტიც, მის დიქტატურისკენ სწრაფვა იქამდე მივიდა, რომ გულშემატივრები გუნდს არა „სკუადრა აძურას" (ლურჯების გუნდს), არამედ მუსოლინის „აძურას“ ეძახდნენ.
ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა. იტალიას კი 1/8 ფინალში აშშ-ის ნაკრები შეხვდა. აღნიშნული ბარიერი გუნდმა მარტივად დაძლია, თამაშში ერთი გოლი კი ჯუზეპემაც გაიტანა. შემდეგ კი ნამდვილი სპექტაკლი დაიწყო. მომდევნო ეტაპზე იტალია ესპანეთს დაუწყვილდა, პირველი მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, მომდევნო დღეს კი გადათამაშება დაინიშნა. გადათამაშებულ მატჩში ტრამვებისა და გადაღლილობის ფონზე ესპანეთის ნაკრებს ძირითად შემადგენლობაში შვიდი ცვლილების გაკეთება მოუწიათ. მატჩის მე-5 წუთზე კი მათი ერთ-ერთი ფეხბურთელი საჯარიმოში მოცელეს, შვეიცარიელმა მსაჯმა, რენე მერსემ, კი ეს მომენტი უკომენტაროდ გაატარა, შედეგად დაზარალებულმა ფეხბურთელმა, ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო და ესპანეთს თითქმის მთელი მატჩის ჩატარება 10 კაცით მოუწია (როგორც იცით, ამ დროს ცვლილების გაკეთება დაშვებული არ იყო). შემდეგ იყო ჯუზეპე მეაცას გოლი, რომელზეც ამბობდნენ, რომ ჩასათვლელი ნამდვილად არ იყო, რადგან ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს. შემდეგ კი ესპანეთმა ორჯერ გაიტანა, თუმცა ორივე გაუქმდა - ორივე საეჭვო ვითარებაში. ცხადია, ტურნირის შემდეგ მერსეს დისკვალიფიკაცია მისცეს, თუმცა დამარცხებულთათვის ამას ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. მიუხედავად ამისა, სიტუაცია არც 1/2 ფინალსა და ფინალში შეცვლილა, სადაც დუჩემ იმდენი მოახერხა, რომ იტალიას ერთი და იგივე მსაჯი, შვედი ივან ეკლინდი დაენიშნა. ნახევარფინალური შეხვედრის წინ დუჩემ ეკლინდი სადილად მიიწვია და მატჩზე ესაუბრა. როგორი შედეგი გამოიღო ამ საუბარმა დღეისათვის უკვე ცნობილია. ავსტრიელებს, ფაქტობრივად, 12 მოთამაშესთან უწევდათ გამკლავება, რაც ცხადია, მათი მარცხით დასრულდა. ფინალში კი იტალიას ჩეხოსლოვაკიის ნაკრები და მსაჯად კვლავ ეკლინდი ელოდა. ამ უკანასკნელმა წინა დღე კვლავ ბენიტოსთან ერთად გაატარა, რათა ახალი დირექტივები მიეღო. მიუხედავად ამისა, იტალია ახლოს იყო მარცხთან, მაგრამ მატჩის უკანასკნელ 10 წუთში თამაშის ბედი შემოატრიალეს და თასი ბენიტო მუსოლინისთვის და შემდეგ იტალიისთვის მოიგეს.

იტალიამ მსოფლიო ჩემპიონობის დაცვა 4 წლის შემდეგ, ამჯერად საფრანგეთში შეძლო. თანაც ამ დროს ნაკრებს უკვე პეპე კაპიტნობდა. გუნდს ამჯერად დიქტატორი ვეღარ დაეხმარებოდა, თუმცა ამის მიუხედავად „აძურამ" ჯერ ნორვეგია დაამარცხა, შემდეგ 1/4 ფინალში მასპინძელი საფრანგეთი, ხოლო ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრები, რომელთა კარიც პენალტის ნიშნულიდან სწორედ იტალიელთა კაპიტანმა აიღო. ფინალში იტალიას იმ დროისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები, უნგრეთი შეხვდა. მიუხედავად ამისა, ვიტორიო პოცოს ბიჭებმა ფინალში კონცენტრაცია სრულად მოიკრიბეს და ბრაზილიელების დამარცხების შემდეგ იგივე უნგრელებიც დაამარცხეს, რითაც გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ერთადერთი ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა შეძლო. ჟიულ რიმეს თასის აღმართვის პატივი კი კაპიტანსა და გუნდის ნამდვილ ლიდერს - ჯუზეპე მეაცას ერგო.
ყველაფერ ზემოთქმულიდან გამომდინარე, კარგად ჩანს, რომ ჯუზეპეს როგორც ლეგენდის სტატუსის ჩამოყალიბებაში დიდი როლი კორუფციამ და დიქტატორმა დუჩემ ითამაშა, არ უნდა დავივიწყოთ, რომ იგი მართლაც დიდებული ფეხბურთელი იყო, თუმცა მუსოლინის მიერ მოპოვებულმა მსოფლიო ჩემპიონატმა მის კარიერაზეც შესამჩნევად იმოქმედა. საინტერესოა, რომ პეპე ის ერათადერთი ფეხბურთელი იყო, რომელსაც იტალიის ნაკრებში სიგარეტის მოწევის უფლება ჰქონდა. მუსოლინის მიერ უმკაცრესად კონტროლირებად გუნდში რომ ამის უფლებას გაძლევენ, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და საჭირო იყო იტალიის ეროვნულ ნაკრებში დუჩეს გამორჩეული მებრძოლი - ჯუზეპე მეაცა. ისე, სულ მალე - 2 თებერვალს, ჯუზეპეს მშობლიური ქალაქის გუნდები ერთმანეთს დერბი დელა მადონინაში უპირისპირდებიან, საინტერესოა, თუ ვისკენ იქნებოდა ფეხბურთის ლეგენდა, გუნდისკენ, რომლის სიყვარულშიც გაიზარდა და რომელმაც საბოლოოდ დაიწუნა, თუ გუნდი, რომელმაც მას ყველაფერი მისცა. ამ კითხვაზე პასუხი ალბათ მარტივია, თუმცა რთულია თქმა, თუ რას გვიქადის სეზონის რიგით მესამე დერბი. ინტერის მარტივი გამარჯვება, ფრე თუ მილანის კვლავ ბოლო წუთებზე მოგება?!















