ჯუდ ბელინგემი ერთ-ერთი ბოლო ფეხბურთელია, რომელმაც კარლო ანჩელოტის მიმართ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა:
"მასთან ყოველდღიურად მუშაობა გაზრდაში ძალიან მეხმარება. მისი თითოეული სიტყვა უფრო დიდ თავდაჯერებას მაძლევს. კარლოს დამსახურებაა, რომ განვითარებაზე ფიქრს არ ვწყვეტ. მან დამაჯერა, რომ როგორი ფეხბურთელიც დღეს ვარ, შემიძლია ხვალ და ზეგ ბევრად უკეთესი ვიყო. ის ჩემთვის მამასავით არის."
გუშინ ჯუდმა და კარლომ, მანჩესტერ სიტის ბარიერი დაძლიეს და რეალ მადრიდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანეს. იტალიელი გენიოსის ისტორია გრძელდება... მაგრამ სანამ იქნებოდა ჯუდი, იქამდე იყვნენ სხვა ლეგენდები.
"ის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელია", - ალექს დელ პიერო;
"ის საუკეთესოა, ვისთან ერთადაც კი მიმუშავია", - კაკა;
"კარლო საუკეთესო ლიდერია. მასთან მუშაობა დიდი პატივია", - კრიშტიანო რონალდო;
"ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო", - რონალდო ლუის ნაზარიო;
"#1 მწვრთნელი", - ქარიმ ბენზემა;

მშვიდი ლიდერი.
ვისაც მასთან ერთხელ მაინც უმუშავია, ყველა იმას ამბობს, რომ მასზე მშვიდი ადამიანი არ უნახავთ. მასზე კარგად ბალანსს არავინ იცავს. როდესაც სხვები ყვირიან ან ჩხუბობენ, ის ყოველთვის სიმშვიდეს ინარჩუნებს და ასე ცდილობს წარმატების მიღწევას. საკუთარ თავს ბოლომდე ენდობა, იცის რა შეუძლია მას და მის ფეხბურთელებს. მასთან საუბარს ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, მისი სამოტავაციო სიტყვები ხშირად "გასაღებია" იმ სირთუელეების, რომლებიც მოედანზე წარმოიშვება.
"ფეხბურთელებს საუკეთესო პირობები სჭირდებათ, რათა საუკეთესო პერფრომანსი გვაჩვენონ. მე იმას ვაკეთებ, რაც საჭიროა. კარგად ვიცნობ ყველა მათგანს და ვიცი, როგორ უნდა მივუდგე ჩემს ფეხბურთელებს" - კარლო ანჩელოტი.

მეთოდი: დამოკიდებულება ფეხბურთელებთან და ყველას ჩართულობა.
როდესაც ანჩელოტი მილანში მუშაობდა, ყოველთვის ცდილობდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ფეხბურთელებთან ერთად მიეღო. ის სულ საუბრობდა, რჩევებს იღებდა როგორც ლიდერებისგან, ასევე ახალგაზრდებისგან. პაოლო მალდინი მისი "მთავარი თანაშემწე" იყო. მისთვის პაპას ხშირად უკითხავს: "ახლა რა გავაკეთოთ?", კაპიტანიც შეძლებისდაგვარად პასუხობდა და გუნდიც წარმატებას აღწევდა. მისი მიზანი იყო, რომ ყველას ერთად ემუშავა და არავინ ყოფილიყო პროექტს მიღმა. მისთვის გუნდი ერთ დიდ ოჯახს ნიშნავს. მისი იდეები და მეთოდები ყველას ბოლომდე გააზრებული უნდა ჰქონდეს.

ფეხბურთელებთან მიდგომა: სწორ დროს, სწორ ადგილას.
როდესაც ბელინგემი რეალ მადრიდში გადავიდა, ანჩელოტიმ მის ნიჭსა და შესაძლებლობებს სწრაფად აუღო ალღო და ჯუდი გუნდის პროექტის ცენტრში დასვა. ახალ გუნდელებთან დაახლოებაში, კარლომ დიდი როლი ითამაშა. ჯუდთან ძალიან დიდ დროს ატარებდა, შეიძლება სხვებთან შედარებით, ბევრად დიდ დროსაც, მაგრამ ამან შედეგი გამოიღო - სწრაფი ადაპტაცია, გოლები, საგოლე გადაცემები... ეს რეალ მადრიდის ახალი 5 ნომერია, რომლის უკანაც ანჩელოტი დგას. მან ჯუდს ვინისიუსთან და როდრიგოსთან ერთად, სრული თავისუფლება მისცა მოედანზე, ეს ტრიო კი ევროპას და ესპანეთს აზანზარებს. სამივე მათგანს ბოლომდე ენდობა, ისინი ახალი რეალის წამყვანი ფეხბურთელები არიან და მათ ეს კარგად აქვთ გააზრებული.

ინტუიცია:
იუვენტუსიში მუშაობის დროს, კარიერის საწყის წლებში, მან დელ პიეროსთან არ იჩქარა და მის ბოლომდე გამოჯანმრთელებას დაელოდა. კარლომ კარგად იცოდა, რომ ამას დიდი დრო დასჭირდებოდა და ალექსის გარეშე იუვეს ცხოვრება რთული იქნებოდა, მაგრამ გრძნობდა, რომ თუ ბოლომდე გამოჯანმრთელებას დაელოდებოდნენ, დელ პიერო საუკეთესო ფორმაში დაბრუნდებოდა. შემდეგ პაპამ იუვე დატოვა, რამდენიმე თვის წინ დელ პიერომ ინტერვიუში იტალიელ მწვრთნელზე ისაუბრა: "ის საუკეთესო მწვრთნელია, მადლობა მას ყველაფრისთვის". ეს მადლობა კარლოს მოთმინებისთვის ეკუთვნოდა.
შემდეგ იყო კაკა, ბრაზილიელი ჯადოქარი, რომელიც იტალიას პირველივე დღიდან კარგად შეეგუა. ანჩელოტიმ ფეხბურთელის შესაძლებლობები მალევე დაინახა და იტალიური გრანდი მილანი, ახალგაზრდა ბრაზილიელის გარშემო ააშენა, რასაც მალევე შედეგიც მოჰყვა. ბერლუსკონის სურვილით, ანჩელოტი რიკარდოს ორი ფორვარდის უკან ათამაშებდა, კარლომ კარგად იცოდა, რომ ის შეტევაში ბევრად კარგი იყო და დაცვაში თამაშით დროს არ აკარგვინებდა. მის იტალიურ ფეხბურთთან ბოლომდე შეგუებას, დრო დასჭირდა, მაგრამ არა დიდი ხანი, კაკამ მალევე დაიპყრო არა მხოლოდ იტალია, არამედ მთელი მსოფლიოც.

მოტივატორი:
როდესაც ფლორენტინო პერესმა ანჩელოტის დაურეკა, მან თანხმობა მალევე განუცხადა, რადგან სჯეროდა, რომ ესპანეთში წასვლა სწორი ნაბიჯი იქნებოდა. პერეზს ბევრი ტიტულის მოგება ჰქონდა მიზნად დასახული, რისთვისაც ანჩელოტი იდეალური კანდიდატი იყო. პაპა ამაზე არ ნერვიულობდა, რადგან იცოდა რისი გაკეთებაც შეეძლო ისეთ გუნდში, როგორიც რეალ მადრიდია.
როდესაც სამეფო კლუბმა კრიშტიანო რონალდო შეიძინა, ანჩელოტის პორტუგალიელთან საუბარი ჰქონდა - "მე შენ მსოფლიოში საუკეთესოს გაგხდი, მოემზადე ტიტულების მოსაგებად." ეს სიტყვები, ისეთი ფეხბურთელისთვის როგორიც კრიშტიანოა, დამატებითი მოტივაცია იყო, იმის მიუხედავად, რომ რონალდოს სხვებისგან მოტივაცია არ სჭირდებოდა. მალევე გუნდმა ტიტულების მოგება დაიწყო და ჩვენ ვიხილეთ შეუჩერებელი რონალდო. "კარლო საუკეთესო ლიდერია. მასთან მუშაობა დიდი პატივია", - ეს კრიშტიანოს სიტყვებია, რომელიც დღემდე მადლობას უხდის ანჩელოტის მასთან გაწეული სამუშაოს გამო.
Andrea Schianchi © RCS MEDIAGROUP
















